article-img

ჩვენი ჩინური პრობლემა

მაიკლ რაისი

როგორ შევაფასოთ ის საფრთხეები, რომლებსაც ჩინეთის გაძლიერება გვიქმნის? არის თუ არა საჭირო ხისტი საპასუხო ზომების მიღება თუ ვითარება მშვიდი დამოკიდებულების საშუალებას იძლევა? ოთხი ახალი კვლევა ორივე მოსაზრებას უმაგრებს საფუძველს.

მაიკლ ბ. რაისი კისინჯერის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარია. 2003-2005 წლებში ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის განყოფილების დირექტორი იყო. მისი ახალი წიგნია „მოლაპარაკებები ბოროტებასთან: როდის ვესაუბროთ ტერორისტებს“.

კორონავირუსის პანდემიამ ყველა წარსულ კრიზისზე მეტად გამოაშკარავა თუ რამდენად რთული გახდა ჩინეთისა და შეერთებული შტატებს შორის ინტერესთა თანხვედრა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოს ორ უძლიერეს სახელმწიფოს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ნაცვლად ურთიერთბრალდებებისა და კრიტიკული შენიშვნების სერია ვიხილეთ. შეუძლებელია არ აღინიშნოს ის განსხვავება, რომელიც ამ ქცევასა და 11 სექტემბრის ტერაქტებისა და 2008 წლის ფინანსურ კრიზისის შემდეგ ამ ქვეყნებს შორის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მოქმედებას შორის იკვეთება.

რატომ შეიცვალა ასე მკვეთრად ამ ქვეყნების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება?

1970-იანი წლების დასაწყისში დაწყებული ჩინეთთან დაახლოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ძირითადი მიზეზი ცივი ომისთვის დამახასიათებელი რეალპოლიტიკა იყო. ურთიერთობების მომდევნო ფაზა დენ სიაოპინის „სამხრეთის ტურის“ და ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 2001 წელს გაწევრიანების შემდეგ დაიწყო. მაშინ არავინ მალავდა აღტაცებას სიღარიბესთან ბრძოლაში ჩინეთის მიერ მიღწეული შედეგებისა და ამერიკული კომპანიებისთვის ჩინური ბაზრის გახსნის გამო, რამაც ამ უკანასკნელებს იაფი წარმოების უპრეცედენტო შესაძლებლობებზე მისცა წვდომა. ჩინეთის გამდიდრებასა და გაძლიერებასთან ერთად, იკვეთებოდა ის პრობლემები, რომლებსაც პეკინის სტრატეგიული ამბიციები ამერიკის მრეწველობის კონკურენტუნარიანობას, შეერთებული შტატების მიერ აზიაში გარანტირებულ უსაფრთხოებას და ზოგადად, დემოკრატიული განვითარების პროცესებს უქმნიდა. მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ ვაშინგტონის საყურადღებოდ გაკეთებული შესაბამისი გაფრთხილებები ძირითადად შეუმჩნეველი რჩებოდა. მთავრობისა და საზოგადოების მეტი კეთილგანწყობით სარგებლობდნენ ისინი, ვინც ვარაუდობდა, რომ გამდიდრებასთან ერთად, ჩინეთი დემოკრატიულ ნორმებს მიიღებდა, მსოფლიოს ლიბერალურ წესრიგში ინტეგრაციას შეძლებდა, რითაც ამერიკის გლობალური ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებდა. ეს იმედები არ გამართლდა.

ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედების შემდეგ ვაშინგტონმა ჩინეთისადმი მიდგომა შეცვალა და უფრო ხისტი პოზიციები დაიკავა. „ზესახელმწიფოებს შორის კონკურენციის“ ეპოქაში ჩინეთი თითქმის თანაბარი შესაძლებლობების მქონე მეტოქედ განიხილება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, პეკინის მიზანი „საერთაშორისო ასპარეზზე დომინირებაა“. უფრო ზომიერ ვარაუდებს გამოთქვამენ ჩინეთთან ურთიერთობების ვეტერანები, გამოცდილი მეცნიერები და პოლიტიკური მიმომხილველები, რომლებიც პეკინის ქცევის ბევრი პრობლემატური ასპექტის ხაზგასმის მიუხეადავად, ჩინეთს შეერთებული შტატების სასიცოცხლო საფრთხედ არ განიხილავენ და არც მის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებული შტატების ჩანაცვლების შესაძლებლობის სჯერათ. ისინი მიიჩნევენ, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება მათ თანამშრომლობის გაღრმავებას აიძულებს.

ამ დებატების ორივე მხარეს ჩართულებს შორის გამოჩნდნენ ისინი, ვინც მიკერძოებულად არჩეულ ისტორიულ მაგალითებს უკვე დამკვიდრებული საკუთარი შეხედულების დასამტკიცებლად იყენებენ. ძირითადი ყურადღებას დამკვიდრებული ჰეგემონებისა და მათი ახალი მეტოქეების მეტოქეობისა და ურთიერთობების ისტორიულ მაგალითებს ეთმობა. ათენი, სპარტა, ვილჰელმის გერმანია ეს შემთხვევები მათთვის დამახასიათებელი სპეციფიკით არიან საინტერესოები.

სამწუხაროდ, ეს ანალოგიები ვერაფრით გვეხმარება, როცა მთავარ სტრატეგიულ კითხვებზე პასუხის გაცემას ვცდილობთ: რამდენად შესაძლებელია ჩინეთისა და შეერთებული შტატების რეგიონული და საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული შეხედულებების შეჯერება? მოლაპარაკების შესაძლებლობის შემთხვევაში, როგორ ხედავს ვაშინგტონი ჩინეთის როლს რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკაში? როგორ შეიძლება ამ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა? როგორ უნდა შეძლოს შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის გლობალურ ამბიციებთან გამკლავება ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით მიღებული სარგებლის შენარჩუნების, სამხედრო ესკალაციის რისკების შემცირებისა და ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის ფონზე?
ამ დებატებს ოთხი ახალი კვლევა დაემატა. ამ კვლევებში მათი მოსაზრების სასარგებლო არგუმენტებს ჩინეთთან ურთიერთობის მომავალ სტრატეგიებზე მოკამათე ორივე ბანაკი იპოვის.

 

აზიის სტრატეგიული კვლევის ეროვნული ბიუროს ყოველწლიურ გამოცემაში „აზია“, ეშლი ტელისი იმ ცვლილებებზე მიგვანიშნებს, რომლებსაც ჩინეთის გაძლიერება საერთაშორისო სისტემაში იწვევს. მისთვის დამახასიათებელი სიცხადითა და ლაკონურობით, ტელისი ჩინეთის მიერ შეერთებული შტატების მიმართ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯების სხვადასხვა მაგალითს გვთავაზობს, რომლებმაც სხვადასხვა დროს საფრთხე შეუქმნეს შეერთებულ შტატებსა და მათ აზიელ მოკავშირეებს, სამხედრო ასპარეზად გადააქციეს სამხრეთ ჩინეთის ზღვა, დაასუსტეს გლობალური ვაჭრობის სისტემა, ხელი შეუწყვეს პროტექციონიზმის განვითარებასა და სავაჭრო ომების დაწყებას. მის ნაშრომში, „სტრატეგიული ამბიციების გაფართოება“, ტელისი მიიჩნევს, რომ ჩინეთი შეერთებული შტატების ჩანაცვლების პროცესის დაწყებას ჯერ რეგიონულ, შემდეგ კი გლობალურ დონეზე გეგმავს. უშუალო სამეზობლოში პეკინის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ორივე კორეის კონტროლი, იაპონიაზე უპირატესობის მოპოვება და შეერთებული შტატების გაძევებაა.

ჩინეთის სტრატეგიულ ამბიციებში არ შედის ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხში ვაშინგტონის დახმარება ან ამ მიმართულებით დამოუკიდებელად მოქმედება. პატრისია კიმი განმარტავს, რომ ჩინეთის მიზანი მის საზღვრებთან სტაბილურობის შენარჩუნება, ამერიკის გავლენის შემცირება და საბოლოო ჯამში, რეგიონში არსებული შეერთებული შტატების ალიანსების სისტემის მოშლაა. მეზობელი სახელმწიფოების ქცევაზე გავლენას პეკინი ამ ქვეყნების ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე დაშვებით და მათი ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაძლიერებით ცდილობს. როგორც კიმი აღნიშნავს, მიზნები ჯერ მიუღწეველია: „ჩინეთმა ვერც უპირობო მორჩილება მოიპოვა და ვერც ამერიკის რეგიონული ალიანსები დაასუსტა.“

ჩინეთის ექსპანსიის შეკავების ძირითადი მიზეზი იაპონიის მტკიცე პოზიციაა, რომელსაც ტოკიო ალიანსების “შენახვის სიძვირეზე“ ტრამპის ორაზროვანი მინიშნებებისა და პრემიერ-მინისტრის, სინძო აბესადმი მისი ორაზროვანი დამოკიდებულების მიუხედავად არ ცვლის. ტოკიო ჩინეთის მთავარი რეგიონული მეტოქეა. მიუხედავად პოლიტიკურად ხისტი პოზიციისა, იაპონიამ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების მაღალ დონეზე შენარჩუნება მოახერხა. 2012 წლის შემდეგ ჩინეთმა იაპონიის საჰაერო სივრცეში და ტერიტორიულ წყლებში შეჭრას მოუხშირა, ამასობაში აბემ იაპონიის თავდაცვის ძალების ბიუჯეტი გაზარდა და მათთვის იაპონიის კონსტიტუციით დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა. იაპონია აგრძელებს იქ განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მომსახურე 54000 ამერიკელი ჯარისკაცის მასპინძლობასაც.

იაპონიის მსგავსად ჩინეთის რეგიონულ ჰეგემონიასთან შეგუების ნიშნებს არც ტაივანი ამჟღავნებს. მაიკლ ჩეიზი აღნიშნავს, რომ სი ძინპინი ჯერ კიდევ შორსაა მის მიერ დასახული „ეროვნული გაერთიანების“ მიზნის განხორციელებისგან. 2016 წლის არჩევნებში „დემოკრატიული პროგრესის პარტიის“ გამარჯვების შემდეგ პეკინის ტაივანისადმი პოლიტიკას ხელშესახები შედეგი აღარ მოუტანია. ჩინეთი ტაივანზე „მრავალგანზომილებიან წნეხს ახორციელებდა, მათ შორის დიპლომატიურ იზოლაციას, სამხედრო ძალის გამოყენების მუქარასა და წვრთნებს, ეკონომიკურ ზეწოლას და ფარულ ოპერაციებს.“ როგორც ჩანს, ჩინეთი წინასწარ წაგებულ ომში იბრძვის. აშკარაა, რომ პეკინის მიერ ტაივანელთა სიმპათიის მოპოვებისთვის გამოყენებული ინსტრუმენტები ჯერ უსარგებლო გამოდგა. 2019 წელს ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების დარბევამ და უიგურთა წინააღმდეგ გატარებულმა მასშტაბურმა რეპრესიებმა ხაზი გაუსვა პეკინის სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლებისადმი, კანონის უზენაესობისა და ტაივანელებისთვის მნიშვნელოვანი სხვა დემოკრატიული ნორმებისადმი მიუღებლობას.

ია იან ჩონგი მიიჩნევს, რომ მეტ წარმატებას ჩინეთმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრებთან ურთიერთობაში მიაღწია. „ტრამპის ადმინისტრაციის ორაზროვანმა და არაპროგნოზირებადმა ქცევამ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნების ამერიკისადმი ნდობა დაასუსტა.“ საკვანძო ფაქტორები აქ სიახლოვე და ძლიერებაა, რომლებსაც პეკინი ასოციაციის წევრებზე გავლენის მოსახდენად წარმატებით (ინდონეზიის გამოკლებით) იყენებს. ასოციაციის თანდაყოლილი ნაკლი კონსენსუსის მიღწევა და კოლექტიური მოქმედების უნარია. ამ მხრივ ვითარება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება. ჩონგი ასოციაციის „ავტონომიისა და ინიციატივების დასუსტებას“ ვარაუდობს და იქვე აღნიშნავს, რომ „ვაშინგტონი ამ ჯგუფისგან არ უნდა ელოდოს ჩინეთის პოლიტიკაზე აქტიურ რეაგირებას, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობებში მონაწილეობას.“

ჩინეთის „ახალი გლობალური ღირებულებების“ განხილვისას ფრანსუა გოდმანი განმარტავს, თუ რამდენად შეზღუდულია ისინი ადამიანთა უფლებებისა და პირადი ღირსების ჩვენს ფასეულობებთან შედარებით. ჩინეთი ცდილობს „ნაკლებად ამბიციური, ფასეულობებისგნა დაცლილი საერთაშორისო წესრიგის განვითარების ხელშეწყობას, რომელშიც სახელმწიფოები მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ.“ ასეთი წესრიგი სუვერენიტეტსა (საშინაო საქმეებში ჩაურევლობას) და თავისუფალ ვაჭრობას ეყრდნობა. როგორც ჩანს, გოდმანი სათანადოდ არ აფასებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ამბიციებსა და გავლენას. „ფრიდომ ჰაუსის“ 2019 წლის მოხსენების თანახმად ჩინეთი ინტერნეტის შეზღუდვისა და ცენზურის მსოფლიოს ყველაზე ხშირი და მასშტაბური გამოყენების ქვეყანაა. ის ამ პოზიციას ოთხი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, თუმცა ცენზურა „უპრეცედენტოდ“ ტიანანმენის მოვლენების 30 წლისთავის და ჰონგ-კონგში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე გამკაცრდა. სოციალური ქსელების მოხმარებისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვასთან ერთად, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ „სოციალური კრედიტის“ სისტემა აამოქმედა, რომელიც ჩინეთის თითოეულ მოქალაქეს მისი პოლიტიკური სანდოობის მიხედვით აფასებს. მოქალაქის მიერ დაგროვებული ქულები გავლენას ახდენს დასაქმების, მოგზაურობის თუ განათლების მიღების შესაძლებლობებზე.

ეს სისტემა ჩინეთის საზღვრებს გაცდა და პეკინი ახლა „ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და ცვლილების შესაძლებლობებს სხვა ქვეყნებშიც ზრდის.“ განსაკუთრებული ყურადღება ტაივანის, ტიბეტის და ჩინეთში ადამიანის უფლებების მსგავს მგრძნობიარე თემებს ეხება. ექსტრა-ტერიტორიალური ცენზურის სამიზნეებს შორის აღმოჩდნენ ავიაკომპანიები „დელტა“ და „ამერიკის ავიახაზები“, „მერიოტი“, ჰოლივუდის წამყვანი კინოსტუდიები, მაღაზიების იაპონური ქსელი „მუჯი“ და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდებიც კი. გოდმანი აღნიშნავს, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიის ძალისხმევა ჩინეთისადმი „დამოკიდებულების შეცვლაზეა“ განსაკუთრებით კონცენტრირებული, თუმცა, ამავე დროს, თვალშისაცემია მათი უფრო აგრესიული მოქმედება იმ უცხოური კომპანიების მიმართ, რომლებიც მათ დადგენილ წესებს არ იცავენ.

სტრატეგიული აზია 2019:
ჩინეთის სტრატეგიული ამბიციები
ეშლი ტელისი, ელისონ შლავინსკი და მაიკლ უილსი

National Bureau of Asian Research, 2019

შეერთებული შტატების სტრატეგია ჩინეთის მიმართ:
22 პოლიტიკური რეკომენდაცია
რობერტ ბლეკვილი

Council on Foreign Relations, 2020

სახელმწიფო ბრუნდება: ეკონომიკური რეფორმის დასასრული ჩინეთში
ნიკოლას ლარდი
Peterson Institute for International Economics,
2019
ჩინეთის ახალი წითელი გვარდია: მაო ძედუნისა და რადიკალიზმის დაბრუნება
ჯუდ ბლანშეტი
Oxford University Press, 2019

ცალკე აღნიშვნის ღირსია, ის გავლენა, რომელსაც ჩინეთი რეგიონულ ინფრასტრუქტურაზე და ფინანსურ სისტემაზე ახდენს. ჯოელ ვუსნოუ განმარტავს, რომ „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა“, რომლის ფარგლებში ჩინეთი კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ევროპაში სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სამ სხვადასხვა სტრატეგიას შეიცავს. ეს სი ძინპინისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პრესტიჟის გაზრდა, ჩინეთის სამრეწველო სიმძლავრეების განტვირთვისთვის ახალი შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო კომპანიების დახმარება, მოკავშირეების შეძენა და დიპლომატიური გავლენის გაძლიერებაა. ვუსნოუ მიიჩნევს, რომ „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა“ ამ მიზნებს ნაწილობრივ თუ მიაღწევს. ის აღნიშნავს, რომ ინიციატივის პროექტების ზუსტი რიცხვი უცნობია, ხოლო გეგმები მუდმივად იცვლება.

„ინიციატივის მასშტაბებს ჩინეთის რესურსების ნაკლებობა, სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები ზღუდავენ“, წერს ავტორი. ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების დაფინანსების სტრატეგიის შესახებ დაწერილ თავში სამანტა კასტერი და მაიკლ ტირნი მიუთითებენ, რომ „პეკინის უნარი გამოიყენოს ფინანსური ინვესტიცია ჩინეთის შესახებ შეხედულებების გამოსწორებისთვის ან უცხო ქვეყნების მთავრობებისგან ეკონომიკური და პოლიტიკური დათმობების მიღებისთვის შეზღუდული და არასტაბილურია.“ რთული წარმოსადგენია ამ უნარის კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ გაუმჯობესება.

ჩინეთმა მეტ წარმატებას მიაღწია ალტერნატიული საერთაშორისო ფინანსური სისტემის შექმნაში, რომელიც შეერთებული შტატების ინტერესებს საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში უქმნის. რაშ დოში განმარტავს, რომ „ჩინეთის მიზანი გლობალური ეკონომიკაში დოლარის მიერ დაკავებული ცენტრალური პოზიციის ეტაპობრივი დასუსტებაა.“ პეკინმა საფუძველი ჩაუყარა ფინანსურ სქემებს, რომელთა მიზანი დოლარის გლობალური მნიშვნელობის შემცირებაა: შეიქმნა შჭIFთ-ის ალტერნატიული ფინანსური ტრანზაქციის სისტემები, დაარსდა ახალი საკრედიტო რეიტინგის შეფასების სააგენტოები და ა.შ. დოში გვაფრთხილებს, რომ „პეკინი ახლო მომავალში უფრო ღიად შეეცდება შეერთებული შტატების ფინანსური ბერკეტების დასუსტებას, პარალელურად კი გააძლიერებს საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს, რომელთა საფუძველზე საკუთარი ინტერესების შესაბამის წესრიგს ქმნის აზიაში.“ ჩინური იუანი რეგიონის წამყვანი ვალუტა მომდევნო ათწლეულშივე შეიძლება გახდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში შეერთებული შტატების ფინანსური გავლენის დასუსტება უფრო რთული ამოცანად იქცა.

 

„სტრატეგიული აზია 2019“-ში რამდენიმე პოლიტიკური გზამკვლევიც გვხვდება, თუმცა განსხვავებულ სიმაღლეზეა რობერტ ბლეკვილის, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ინდოეთში და გამოცდილი ამერიკელი პოლიტიკოსის მიერ შემოთავაზებული 22 კონკრეტული რეკომენდაცია, რომლებიც ვაშინგტონს ჩინეთთან ურთიერთობაში უნდა დაეხმაროს.

ბლეკვილს მიაჩნია, რომ ჩინეთს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება სურს. მისი აზრით, ვაშინგტონი პეკინის ნამდვილ ამბიციებს ათწლეულების განმავლობაში ვერ ხვდებოდა. დაიკარგა ძვირფასი დრო, რითაც ჩინეთმა ისარგებლა და რეგიონში საკუთარი თამაშის წესები დააწესა. შესაბამისად, თუ შეერთებულ შტატებს აზიაში სტაბილურობის, ხოლო გლობალურად ლიდერის პოზიციის შენარჩუნება სურს, სჭირდება ახალი სტრატეგია, რომელიც ამერიკის მიერ პოზიციების დათმობას შეაჩერებს და გააძლიერებს ლიბერალური ღირებულებების დამცველ და სხვა ძალთა გამაწონასწორებელ ალიანსებს.

ამ რეკომენდაციათა დიდი ნაწილი ექსკლუზიურად ჩინეთს არ ეხება, მაგრამ აზრიანი და დროული რჩევებია ამერიკის ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის, იმიგრაციისა და განათლების სისტემის რეფორმისთვის, უთანასწორობის შემცირებისთვის, შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიის გაძლიერებისთვის. მათი განხორციელება როგორც ბაიდენის ახალ ადმინისტრაციაში, ისე ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაშია შესაძლებელი.
ბლეკვილის 2020 წლის მონოგრაფია მის წინა წიგნთან შედარებით მის აზროვნებაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს ასახავს. 2015 წელს მან ჩინეთის გამოწვევების შესახებ ეშლი ტელისთან ერთად დაწერილი წიგნი გამოსცა. ავტორები საუბრობდნენ „ამერიკის უპირატესობის შენარჩუნებაზე“, „გლობალური იერარქიის უმაღლეს საფეხურზე“ და ა.შ. ხუთი წლის შემდეგ, ბლეკვილი შეერთებული შტატების ჰეგემონიაზე აღარაფერს წერს და აღნიშნავს, რომ ამერიკის დომინირება აზიაში ახლა „ილუზორულია“. საუკეთესო გამოსავალი ახლა ჩინეთთან ძალთა სწორი ბალანსის დაჭერაა. ბლეკვილი არაფერს ამბობს იმ ვითარებაზე, რომელიც მისი რეკომენდაციების არგათვალისწინების შემთხვევაში გველის.

ვაშინგტონის მიერ წარსულში დაშვებული შეცდომების გარდა, ავტორის კრიტიკული ანალიზი ჩინეთის ეკონომიკაზე დაკვირვებიდან გამოტანილ დასკვნებსაც ეყრდნობა. „სახელმწიფო ბრუნდება: ეკონომიკური რეფორმის დასასრული ჩინეთში“ ნიკოლას ლარდი მიგვანიშნებს, რომ ვაშინგტონს ჩინეთთან სიფრთხილის კიდევ მეტი მიზეზი შეიძლება გამოუჩნდეს.

ლარდი ნათელს ჰფენს ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ბოლო რამდენიმე ათწლეულს, მისი შენელების მიზეზებს და იმ ზომებს, რომლებიც სი ძინპინმა და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის უნდა მიიღონ. ლარდი პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის უფროსი მკვლევარი და ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია. ის აკვნის, რომ 2012 წლის შემდეგ დაწყებული ჩინური ეკონომიკის შენელება პეკინის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რომელთა შედეგად ჩინეთი ბაზრის მიერ წარმართული ეკონომიკური ზრდის და კერძო სექტორის წამყვანი როლის მოდელს მოშორდა. პეკინმა არჩევანი სახელმწიფოს მიერ მართული წარმოებისა და კომპანიების სასარგებლოდ გააკეთა. მცირე სახელმწიფო კომპანიების გაერთიანებით შეიქმნა არაეფექტური მონოპოლიები, ჩრდილი მიადგა კერძო საკუთრების ფლობის უფლებას. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პროცესები უარყოფითად აისახა ინვესტიციებზე.

2016 წელს ჩინური სახელმწიფო კომპანიების 43% წამგებიანი იყო. ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მათ მიერ ნანახი ზარალი 2005 წლის მაჩვენებელს 7-ჯერ აღემატებოდა. სახელმწიფო ბანკებისგან ადვილად მიღებული კრედიტები, კორუფცია და კაპიტალის არასწორი მართვა ამ არასახარბიელო შედეგების მხოლოდ რამდენიმე მიზეზია. ლარდი აღნიშნავს, რომ ეს ზარალი არასწორადაა დათვლილი, რადგან სახელმწიფოს მიერაა სუბსიდირებული. ამან სახელმწიფო ბანკებს წამგებიანი სახელმწიფო კომპანიების დაფინანსების გაგრძელების საშუალება მისცა. წინა წელს, ჩინეთის მშპ-მ 1990-იანი წლების დასაწყისის შემდეგ ზრდის ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა. სახელმწიფო კომპანიებში და კერძო სექტორში დაბანდებული ინვესტიციის დივიდენდებმა რეკორდული განსხვავება აჩვენეს.

„მასშტაბური ეკონომიკური რეფორმის გარეშე, რომელიც ჩინეთის ეკონომიკაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების მნიშვნელობას გააძლიერებს, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდება, ეჭვქვეშ დადგება პეკინის ამბიციური გეგმების შესრულება“, წერს ლარდი. ის მიიჩნევს, რომ წლიური 8%-იანი ზრდა ჩინეთისთვის მიღწევადია და სხვა ანალიტიკოსებისგან განსხვავებით თვლის, რომ ამ მაჩვენებელის შენარჩუნებას ჩინეთი მომდევნო ათი ან ოცი წლის განმავლობაში შეძლებს. ლარდი გაზრდილ სახელმწიფო ვალს ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად არ განიხილავს და ჩინეთის ეკონომიკის კრიტიკულ საფრთხედ არც დემოგრაფიულ საკითხს თვლის, რომლის ნაწილობრივ გადაწყვეტას ის განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში მეტი ინვესტირებით ეკონომიკის წარმადობის გაზრდით და საპენსიო ასაკის ამაღლებით თვლის შესაძლებლად. ლარდის მიერ პეკინისთვის გაცემულ რეკომენდაციებს შორის წამგებიანი სახელმწიფო კომპანიების გაკოტრება და პრივატიზაციაა, რამაც სახელმწიფო კაპიტალის უკეთესი გადანაწილება და კერძო კომპანიებისთვის საბანკო და ლოგისტიკურ სექტორებში ოპერირების გაადვილება უნდა გამოიწვიოს.

ლარდი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები „ყველაფრის თავმჯდომარე“ სიმ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს. გაძლიერებული ეკონომიკა პეკინს სტრატეგიული მიზნების მიღწევასაც გაუადვილებს.
ლარდი ეკონომისტია და არა პოლიტიკის მეცნიერი, შესაბამისად, მისგან ვერ მოვითხოვთ იმ შეკითხვებზე პასუხებს, რომლებიც მისი ანალიზის კითხვისას გვიჩნდება: რატომ არ ატარებს სი ძინპინი ასეთი ეკონომიკურ რეფორმებს თუ ისინი ჩინეთის პოტენციალს გაზრდის? რატომ თქვა უარი სიმ მის 2013 წელს გაცემულ დაპირებაზე, რომლის თანახმად „რესურსების გადანაწილებაში გადამწყვეტ როლს ბაზარი ითამაშებს“? რატომ გადაწყვიტა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ დაემუხრუჭებინა ჩინეთის ეკონომიკური დინამიკა, მიუხედავად იმ რისკებისა, რომლებსაც ეს სოციალური მღელვარების გამოწვევის და პარტიის მმართველობის დისკრედიტაციის კუთხით შეიცავდა?

ამ კითხვებზე პასუხებს ჯუდ ბლანშეტის შესანიშნავ კვლევით ნაშრომში „ჩინეთის ახალი წითელი გვარდია: მაო ძედუნის და რადიკალიზმის დაბრუნება“ ვპოულობთ. ბლანშეტი მაო ძედუნის შემდგომი ეპოქის ინტელექტუალურ ისტორიას გვთავაზობს და იმ გავლენას გვაცნობს, რომელსაც იდეოლოგია პეკინში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ახდენს. ავტორმა გამოკვეთა მეცნიერების, ინტელექტუალებისა და პარტიის კონსერვატორული ფრთის წევრების ფრაქცია, რომელმაც „დასავლეთის ლიბერალურ-დემოკრატიული კაპიტალიზმის ტრიუმფალური გამარჯვება დაგმო, უარი თქვა ამერიკაცენტრულ გლობალიზაციაზე და მხარი ეგალიტარული სოციალიზმის მოდელის განვითარებას დაუჭირა.“ ისინი თავს „ნეო-მაოისტებს“ უწოდებენ, რითაც ცდილობენ ნაწილობრივ მაინც დაიცვან თავი სახელმწიფო რეპრესიებისგან. მაოს ეპოქისადმი ნოსტალგიური ფრაქციის წევრები უპირისპირდებიან პარტიის კაპიტალისტურ გადახრას და კორუფციას მათ რიგებში, „მუშების, გლეხებისა და სხვა მარგინალური ჯგუფების ექსპლუატაციას.“

ისინი ჩინეთის საზოგადოებაში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებსა და უკმაყოფილებაზე საუბრობენ, გამოხატავენ იმ ჩინელების განწყობას, რომლებიც ჩინეთის დასავლეთთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმებით მოტანილი კეთილდღეობის მიღმა დარჩნენ. მათთვის ცხოვრების დონის ამაღლების „ჩინური ოცნება“ მირაჟად დარჩა.

ბლანშეტი განმარტავს, თუ რატომ დაუშვა სი ძინპინმა და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ასეთი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება, რატომ მიაქცია ყურადღება მათ მოთხოვნებს და გაითვალისწინა კიდეც მათი ნაწილი. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ლეგიტიმაციის ქრონიკული ნაკლებობა აქვს. მაო ძედუნის სოციალიზმთან და რადიკალური თანასწორობის დაპირებაზე დაფუძნებული „იდეოლოგიურად დაბნეული კომუნისტური პარტიის“ პოპულარობა 1980-იანი წლების ბოლოდან ცხოვრების დონის ამაღლებასთან და მატერიალურ კეთილდღეობის უზრუნველყოფასთანაა კავშირში. პეკინის მთავარი ამოცანა ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნისტური პარტიის „უპირობო მმართველობის“ (მათ შორის მაოს მემკვიდრეობის) შეჯერებაა. ამ შეუძლებელმა ამოცანამ პარტია მშრომელთა და სოციალისტურ ფასეულობების ღალატის ბრალდებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე გახადა.

სი ძინპინი დიპლომირებული მარქსისტია, მან იდეოლოგიური და პოლიტიკური განათლება ცინხუას უნივერსიტეტში მიიღო. მისი მმართველობისას გაძლიერდა პარტიული კონტროლი და პეკინის პოლიტიკა ნეო-მაოისტთა შეხედულებებს დაუახლოვდა. „სი ძინპინი კომუნისტური პარტიის ლეგენდარული ლიდერის შვილია და საკუთარი პოლიტიკური კარიერაც პარტიულ სტრუქტურებში შექმნა. მისი უპირველესი პრიორიტეტი ძალაუფლების პარტიის ხელში შენარჩუნებაა.“ მისი რეფორმისტული პოლიტიკა დიდი ხნის განმავლობაში არასწორად იყო გაგებული: „სი ძინპინისთვის რეფორმები ეკონომიკაზე არა თავისუფალი ბაზრის, არამედ პარტიის გავლენისა და კონტროლის დამყარების საშუალება იყო. სის მთავარი პრობლემა არა ეკონომიკური რეფორმების დამუხრუჭება და სახელმწიფო კომპანიების მიერ მიყენებული ზარალი, არამედ კომუნისტური პარტიის სტრუქტურებში დაწყებული პოლიტიკური კრიზისია.“

ბლანშეტის ანალიზიდან გამომდინარე პოლიტიკურ შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სი ძინპინის მმართველობისას თავისუფალ ბაზარზე წინ ყოველთვის პარტიის ინტერესები დადგება. ამ პირობებში ჩინეთი ვეღარ გაიმეორებს 1980-იან და 1990-იან წლებში მიღწეულ ეკონომიკურ შედეგებს. პარტიის კონტროლის შესუსტებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინების გარეშე დღეს არსებული ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეკონომიკურად დასუსტებული ჩინეთი კორუფციის, უმუშევრობისა და სოციალური მღელვარების მსგავსი საშინაო პრობლემების ტყვეობაში აღმოჩნდება და ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ ინტერესებსა, მის აზიელ მოკავშირეებს და კონკურენციას ვაშინგტონს ვეღარც საერთაშორისო ასპარეზზე გაუწევს.

ეს წინააღმდეგობრივი ლოგიკა მხოლოდ ერთ-ერთია იმ დამაბრკოლებელი ფაქტორებიდან, რომლების პეკინის ამბიციებზე მომავალ წლებში იმოქმედებენ. შესაძლოა ჩინეთს ძალიან სურდეს შეერთებული შტატების ადგილის დაკავება გლობალურ პოლიტიკაში, თუმცა უახლოეს მომავალში ეს ნაკლებად სავარაუდოა. ჩინეთის კომუნისტური პარტია სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯების ნახევარზე მეტს კვლავაც შიდა უსაფრთხოებაზე ხარჯავს. ჩინეთს მეგობრები და მოკავშირეები სჭირდება, თუმცა ამჟამად რუსეთის იმედი თუ ექნება და ისიც მხოლოდ მის ინტერესთა გათვალისწინების შემთხვევაში. მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა მერკანტილური ბუნებით უფრო ხასიათდება, ვიდრე საერთო პრინციპებითა და ფასეულობებით. მეზობელი ქვეყნების უმრავლესობისთვის ჩინეთის რეგიონული ჰეგემონია არასასურველი შედეგია. ჩინეთი გააგრძელებს ბრძოლას აზიაში საკუთარი წესრიგის დასამყარებლად, თუმცა ამის გაკეთებას შეერთებული შტატებისა და მისი რეგიონული მოკავშირეების პროვოცირების გარეშე შეეცდება.

პეკინის აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზიის ქვეყნებისგან ძლიერი უკურეაქცია გამოიწვია და მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უბიძგა. „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის“ ფარგლებში პეკინის ფინანსურ აქტივობას აფრიკის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებათა საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ისინი მევახშეობის, კორუფციისა და ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების გაზრდილ რისკებზე საუბრობენ. დიდია ალბათობა კოვიდ-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეპიდემიის საწყის ეტაპზე ჩინეთის მოქმედებების კრიტიკული შეფასებისა.

მომდევნო ათი წლის განმავლობაში შეერთებული შტატებისთვის სუსტი ჩინეთიც საშიში იქნება. პეკინი გაბედულ და მიზანდასახულ მეტოქედ დარჩება, გაგრძელდება კიბერ-თავდასხმები შეერთებული შტატების სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებზე. როგორც კოვიდ-19-ის კრიზისმა აჩვენა პეკინი გააგრძელებს საკუთარი ავტორიტარული კაპიტალიზმის მოდელის ლიბერალურ დემოკრატიებთან დაპირისპირებას.

რეგიონული და საერთაშორისო წესრიგის ამერიკული და ჩინური კონცეფციების შეჯერება უახლოეს მომავალში ვერ მოხდება. ვაშინგტონმა და პეკინმა შეიძლება ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესები აღიარონ, მაგრამ ვერასდროს მიიღებენ მათ. შესაბამისად, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობას საუკეთესო შემთხვევაში ანტაგონისტური ხასიათის იქნება, უარეს შემთხვევაში კი ღია კონფლიქტში გადაიზრდება.

ვაშინგტონში უნდა გაერკვნენ თუ რას ელიან ჩინეთისგან. ნათელია, რომ ჩინეთი უარს არ იტყვის სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე. ეს ნიშნავს, რომ პეკინი გააგრძელებს ალტერნატიული რეგიონული ორგანიზაციების შექმნას, ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების უკანონოდ დაუფლებას, ამერიკის ალიანსების დასუსტებას და საკუთარი სამხედრო ძალების მოდერნიზაციასა და შესაძლებლობების გაძლიერებას. ვაშინგტონი არ უნდა ელოდოს ჩინეთისგან ლიბერალურ მსოფლიო წესრიგში ინტეგრაციის მოსურნე სახელმწიფოს ქცევას. პეკინი მხარს დაუჭერს იმ საერთაშორისო ინიციატივებს, რომლებსაც საკუთარი ინტერესებისთვის საჭიროდ ჩათვლის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას, სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობას და ა.შ., თუმცა დაუპირისპირდება ადამიანის უფლებების ან სიტყვის თავისუფლების დაცვის პრინციპებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები შეამცირა, საჯაროდ დაუპირისპირდა ამერიკის ტრადიციულ მოკავშირეებსა და მეგობარ ქვეყნებს, დააკნინა ალიანსების მნიშვნელობა, დაუახლოვდა დიქტატორებსა და ავტორიტარებს და საგარეო პოლიტიკაში იმპულსური ქცევის ელემენტი შემოიტანა. ამ ცვლილებების პარალელურად ვაშინგტონი ხისტ პოზიციას ინარჩუნებს ჩინეთის მიმართ.

ჩინეთთან ურთიერთობაში წარსულში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობა წარმატების გარანტია ვერ იქნება, თუმცა საჭიროა თვალი გადავავლოთ იმ შედეგებს, რომლებიც წარსულში გატარებულმა ამა თუ იმ პოლიტიკამ მოიტანა. ჩინეთის ეკონომიკური გაძლიერება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, წარუმატებლობის შემთხვევაში მოსალოდნელია პეკინის მიერ ნაციონალისტური განწყობების გაღვივება, თუმცა წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად მოახერხებს კომუნისტური პარტია ყურადღების გადატანითა და რეპრესიებით ძალაუფლების უსასრულოდ შენარჩუნებას. თავდაჯერებული ამერიკა, უფრო სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების მოდელით, მძლავრი ალიანსებითა და შეიარაღებული ძალებით, თავისუფალი ვაჭრობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პრინციპების დაცვის ვალდებულებით ისტორიულად გამოცდილი წარმატებული ფორმულაა.

სამწუხაროდ, ეს ოთხი საინტერესო კვლევა ჩინეთისა და შეერთებული შტატების მომავლის ზუსტ წინასწარმეტყველებად არ გადმოდგება, თუმცა ჩინეთისგან განსხვავებით, ამერიკელ ხალხს საკუთარი მომავლის თავად გადაწყვეტის შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობის ბევრი ასპექტიც იმ არჩევანზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ამერიკელები შემოდგომაზე გააკეთებენ.

 

მაიკლ რაისი