დატუქსული ჩინეთი კონფლიქტისთვის ემზადება
სის რეჟიმი კოვიდ-19-ის კრიზისს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა, რაც ჩინეთის ელიტებმაც იციან. ახლო მომავალში პეკინისგან უფრო აგრესიული და მერყევი საგარეო პოლიტიკაა მოსალოდნელი.
ჟაკლინ დილი გრძელვადიანი სტრატეგიის ჯგუფის პრეზიდენტი, სტრატეგიული განათლების ამერიკული აკადემიის თანადამაარსებელი და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველმა ელიტამ იცის, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის. კოვიდ-19-მა პარტიული მმართველობის ფუნდამენტური, ღრმად ფესვგამდგარი სისუსტეები გამოაშკარავა. პანდემიამ ჩინეთში არსებული ეკონომიკური პრობლემები და სოციალური არასტაბილურობის რისკი კიდევ უფრო გაამწვავა. სი ძინპინის მმართველობის ეფექტურობის კითხვის ქვეშ დაყენებამ, რეჟიმის მძაფრი საპასუხო რეაქცია გამოიწვია როგორც ჩინეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფსონების ზრდასთან ერთად, შიდაპარტიული დებატებიც გამძაფრდა. სი ძინპინისთვის კიდევ უფრო რთული ხდება დათმობებზე წასვლა ან ალტერნატიული კურსის მომხრეების აზრის გათვალისწინება. განჭვრეტად მომავალში, ამერიკელი პოლიტიკოსები უფრო კონფრონტაციული პეკინისთვის უნდა მოემზადონ. შეტევაზე გადმოსული პეკინის აგრესიის შეკავებისა და ძალაუფლების შესაძლო ცვლილების საუკეთესო გზა ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევაა.
შიდა საუბრებში პარტიული ელიტა გლობალური რეცესიისა და ლოგისტიკური ჯაჭვების დარღვევის პირობებში დასაქმების დონის შენარჩუნებაზე ღელავს. პანდემიით გამოწვეული საზღვრების დაკეტვა საფრთხეს უქმნის ჩინეთის ეკონომიკის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის საჭირო ნედლეულის მიწოდებას. ამ სირთულეების გათვალისწინებით ჩინეთის კომუნისტური პარტიის ექსპერტები გაჭირვებით, თუმცა მაინც აღიარებენ პეკინის მიერ გამოვლენილ სისუსტეებს. ადგილობრივი ინოვაციის განვითარებაში განცდილი მარცხის, ეპიდემიაზე დაგვიანებული რეაქციის ფონზე გამოჩნდა საგანგებო სიტუაციისადმი მზაობის დაბალი დონე. აღმოჩნდა, რომ ეს გლობალური ამბიციების მქონე რეჟიმის არა შეცდომა, არამედ თვისება ყოფილა. სის მოსახლეობაზე კონტროლის გამკაცრებისა და საერთაშორისო ასპარეზზე კონფრონტაციული მოქმედების ვიწრო არჩევანი დარჩა. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი მოქმედება პრობლემების გამწვავებას შეუწყობს ხელს. აზრთა სხვადასხვაობის მიუღებლობა სისტემის შიგნით არსებულ დაძაბულობას ზრდის.
ექსპერტებისა და მკვლევარების გახშირებული კრიტიკა პარტიის უმაღლეს ეშელონებში არსებულ მღელვარებაზე მიუთითებს. იუ იონგდინგი, სოციალური მეცნიერებების ჩინეთის აკადემიის წამყვანი ეკონომისტი, ბლუმბერგის ჩინურ ექვივალენტში გამოქვეყნებულ სტატიაში ვირუსის გავრცელებით ჩინეთის საწარმოო შესაძლობლობებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ წერს: შრომისა და სამუშაო ძალის დანაწილების მაღალი ხარისხის გამო, ჩინეთში მოქმედი საწარმოების ლოგისტიკური ჯაჭვი ჩინეთის სხვადასხვა რეგიონს შორის, დიდ მანძილებზეა გაფანტული. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიით ნაკლებ დაზიანებულ რეგიონებში მდებარე საწარმოებმა მეტ-ნაკლებად სტაბილური ფუნქციონირება შეინარჩუნეს, ჯაჭვის ერთი რგოლის გაწყდომის შემთხვევაშიც კი, მთლიანი საწარმოო ქსელი ფუნქციონირებას შეწყვეტს. იუ კომუნისტური რეჟიმის კრიტიკოსთა რიგებს არ ეკუთვნის. ის ჩინეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მრჩეველი და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრია, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მისი ქვეყნის სახელით აცხადებდა, რომ ჩინეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებას იწყებდა. ახლა ის ნაკლებად კატეგორიული და გაბედულია.
იუს სიფრთხილესა და შეშფოთებას იზიარებენ რეჟიმისადმი ლოიალობით გამორჩეული მაღალტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები. ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრისა და ალიბაბას დამფუძნებლის ჯეკ მას მფლობელობაში მყოფი საუს ჩაინა მორნინგ პოსტი სარედაქციო სტატიაში წერდა, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც კი, ჩინეთის ეკონომიკა უპრეცედენტო წნეხის ქვეშ იყო. ქარხნების გახსნის შემდეგაც კი ეკონიმიკა შტორმის ზონაშია… პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის მასშტაბი მიანიშნებს იმ მნიშვნელოვან სიძნელეებს, რომლებიც გაყიდვების წინა-პანდემიურ დონეზე დასაბრუნებლად იქნება გადასალახი. ევროზონის წამყვანი ეკონომიკები, საფრანგეთი და გერმანია, უკვე რეცესიაში არიან, მთლიან ბლოკს ძალიან მტკივნეული კონტრაქცია ელის. ამასობაში, ტოკიო და ვაშინგტონი იაპონურ და ამერიკულ კომპანიებს წარმოების ჩინეთიდან გამოტანისთვის ხელშეწყობასა და დახმარებას ჰპირდებიან. ეს ორი ქვეყანა იმ საერთაშორისო კოალიციაშიც შედის, რომელიც პეკინის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. სარჩელის მიზანი ჩინეთის მიერ პანდემიის შესახებ არასრული და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება იქნება.
კიდევ ერთმა წამყვანმა ჩინელმა ეკონომისტმა, ჩენ უენლინგმა, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პანდემიით გამოწვეული დაყოფა კაცობრიობრის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის იყო. მან აღიარა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჩინეთისგან მეცნიერულ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განცალკევებას პანდემიამდეც ვარაუდობდა. მისი რჩევა ამ შემთხვევაში ჩინური მრეწველობისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და დასაქმების დონის სტაბილიზაციაა. ჩინეთის სტაბილურობას ხომ საფრთხე მხოლოდ მის საზღვრებს გარედან არ ემუქრება. შემცირებულია შიდა მოხმარებაც. საფულის გახსნას არც ჩინელი მომხმარებლები ჩქარობენ არავინ იცის როდის დაბრუნდება ვირუსის მეორე ტალღა. უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა 6%-იან ნიშნულზეა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-იან ზრდას აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი არ ასახავს იმ მილიონობით მიგრანტს, რომლებიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში არალეგალურად ცხოვრობს და რომლებმაც პირველებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები.
სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი, იანგ ბინი, პეკინს ეკონომიკური ქაოსისა და ბიზნეს-სექტორის განადგურების საფრთხეზე აფრთხილებს. ჩენისგან განსხვავებით, ის დანაკარგების შემცირებისთვის აგრესიული საპასუხო მოქმედებისკენ მოუწოდებს: შეერთებული შტატების, ინდოეთის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც კომპენსაციისთვის სამართლებრივ დავას აპირებს, ჩინეთიდან ბიზნეს-აქტივების გატანა უნდა აეკრძალოს, ხოლო ჩინეთში წარმოებული სამედიცინო დანიშნულების საქონლის შეძენა მხოლოდ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ უნდა შეეძლოთ.
გადარჩენის პრობლემაზე ზემოხსენებული იუც ღელავს: გაგვაჩნია თუ არა საკვებისა და საწვავის მსგავსი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროდუქტების სტრატეგიული მარაგი, რომელიც საკმარისი იქნება წარმოების გრძელვადიანი შეჩერების შემთხვევაში გადარჩენისთვის? კითხულობს ის და საკუთარ შეკითხვას თავადვე პასუხობს:
ვაჭრობის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩინეთს საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგი გააჩნია, რაც ნამდვილად კარგი ამბავია. თუმცა ჩვენ მაინც ვღელავთ. გვახსენდება უამრავი ამბავი წარსულიდან, რომელიც ხორბლის მარაგებთან დაკავშირებულ დანაშაულებს ეხებოდა. რამდენად შესაძლებელია ხორბლის სახელმწიფო საცავების შემოწმების მოწყობა ახლა? 2019 წელს ჩინეთმა 500 მილლიონ ტონამდე საწვავის იმპორტი განახორციელა. საწვავის იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში, რამდენი ხნის მარაგი გვაქვს ხელთ?
იუ ასკვნის, რომ კოვიდ-19-ის კრიზისას გამოვლენილი თანამედროვე ურბანული ცხოვრების დაუცველი ხასიათის გამო, პეკინმა საინვესტიციო პრიორიტეტები უნდა შეცვალოს და ელექტრომანქანების, ხელოვნური ინტელექტის, 5G-ის და სხვა მაღალტექნოლოგიური დარგების ნაცვლად ყურადღება ტრადიციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მრეწველობის ლოგისტიკური ქსელების განახლებას უნდა დაუთმოს.
იუს რჩევების ლოგიკას მხარს უჭერს და პეკინს პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ურჩევს ჩენგ გუოჟენგი, ტუნცზის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორი: პანდემიაზე კონტროლის დაკარგვა სურსათ-სანოვაგის გლობალური მასშტაბის კრიზისის გამომწვევი იქნება. როცა დასავლურმა მედიამ ყაზახეთის, ვიეტნამის და ჩინეთში საკვები პროდუქტების სხვა ძირითადი მომწოდებლების მიერ სოფლის მეურნოების იმპორტის შეჩერებაზე დაწერა, ჩინური მედია საშუალებების ყურადღების ცენტრში ის ექსპერტები მოექცნენ, რომლებიც მოვლენების ამგვარად განვითარებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ. ყველა ასეთი ინტერვიუს დედააზრი ანალოგიური იყო: ჩინეთში საკვები პროდუქტების დეფიციტს არავინ განიცდის, პანიკის შედეგები შეიძლება უარესი აღმოჩნდეს. ამ გზავნილის მქონე სტატიების გამოქვეყნების სიხშირე ჩინეთის კომუნისტური პარტიიის პროპაგანდის ბიუროს მიერ ორგანიზებულ კამპანიაზე მიუთითებდა. ასეთ ხრიკებს მიჩვეული ჩინური ელიტები ამ კამპანიებს საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ და სის რეჟიმის ნამდვილ ზრახვებს ხვდებიან.
თებერვლის შემდეგ თავად სიმ გაუსვა რამდენჯერმე ხაზი გაზაფხულის თესვის დაუბრკოლებლად ჩატარების მნიშვნელობას. ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ვუჰანში, მარტის დასაწყისში სტუმრობისას, მან საჯაროდ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების რეგიონში ჩატარება ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. სოფლის მეურნეობის სამუშაოების კოორდინირება ვირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს შორის იყო ნახსენები ახალ გამოსვლებშიც, თუმცა, როგორც იუ ინტერვიუში ამბობს, მთავრობის მიერ ყველაფერი კარგადაას დაჟინებული მტკიცება სკეპტიციზმის გაღვივების მიზეზი შეიძლება გახდეს.
სი ძინპინის ბოლოდროინდელ გამოსვლებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ კრიზისული სიტუაციაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობა არაეფექტური აღმოჩნდა. ვერ შესრულდა რეჟიმის მიერ საკუთარი თავისთვის დასახული ამოცანები ადგილობრივი ინოვაცია ჩანასახოვან სტადიაში აღმოჩნდა, არ იმუშავა საგანგებო სიტუაციის მართვის მექანიზმებმა. პეკინის მიერ საკუთარი თავის კორონავირუსთან ბრძოლის გლობალურ ლიდერად გამოცხადებისა, სინამდვილე საპირისპიროა: ჩინეთის სამედიცინო სფეროს შესაძლებლობები მსოფლიოს ბევრ ქვეყნაზე შეზღუდული აღმოჩნდა. ამაზე ნაწილობრივ თავად სი ძინპინის სიტყვები მეტყველებს. 2 მარტს ის პეკინში, სამხედრო მედიცინის აკადემიას სტუმრობდა. სიტყვით გამოსვლისას, ვაქცინაზე და ახალ მედიკამენტებზე მუშაობის დაჩქარებისკენ მოწოდების შემდეგ, მან შედეგის უფრო სწრაფად მისაღწევად ექიმებსა და მეცნიერებს სხვა ქვეყნებში მიმდინარე კვლევებსა და ცდებზე მუდმივი დაკვირვება, თანამშრომლობის გაღრმავება და ვაქცინების კლინიკური გამოცდების დაჩქარება ურჩია. როგორც ჩანს, სი ძინპინს თავადაც არ სჯერა, რომ ჩინელ მეცნიერებს შედეგისთვის მიღწევა დამოუკიდებლად შეუძლიათ და მათ უცხოელი კოლეგების კვლევაში ჩართვას ურჩევს. სხვა ქვეყნებში შექმნილი მოწინავე ტექნოლოგიების ხელში ჩაგდება და მათი კომუნისტური პარტიის საჭიროებებისთვის გამოყენება პეკინისთვის მსოფლიოს ლიდერებისგან ჩამორჩენის ანაზღაურების მიღებული და მრავალნაცადი მეთოდია.
როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ სი ძინპინს სწორედ ეს გზა აქვს არჩეული? ამ გამოსვლამდე 10 დღით ადრე, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ჩინელი მეცნიერების დაწინაურებისა და დაჯილდოების მეთოდოლიგია რადიკალური შეცვალა. 20 წლის განმავლობაში მეცნიერული ციტირების ინდექსზე (SCI) დაყრდნობის შემდეგ, ჩინეთის განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტროებმა გამოაცხადეს, რომ ისინი სამეცნიერო ღირებულების ახალი კრიტერიუმების ძიებას იწყებდნენ, რომლებმაც სამეცნიერო ჟურნალებთან დაკავშირებული ცალხმრივი და დამახინჯებული შეფასებების სისტემა უნდა ჩაანაცვლოს. პარტიის მიერ მეცნიერული და ტექნოლოგიური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ცვლილების მიზეზად საუს ჩაინა მორნინგმა კოვიდ-19-ის ეპიდემიისას სამეცნიერო საზოგადოების პასიურობა დაასახელა. ანალოგიური დასკვნა გამოაქვს ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს ყოფილ მოხელესა და ჩინეთის წამყვან ეკონომიკურ მიმომხილველს, ია კანგს: სარს-ის ვირუსებისა და ახალი კორონავირუსის ეპიდემიის უდიდესი გაკვეთილი ჩვენი სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების დაბალი დონის აღიარება უნდა იყოს.
ვუჰანიდან გავრცელებული ვირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის არაეფექტური მართვის გარდა, ჩინეთიდან ეპიდემიოლოგიური საფრთხის გავრცელება მომავალშიც მოსალოდნელია. საერთაშორისო აუდიტორიისთვის რეჟიმის პროპაგანდა ხაზს უსვამს, რომ ვუჰანის სრული ბლოკადითა და დრაკონული შეზღუდვებით პეკინმა დანარჩენი მსოფლიოსთვის ვირუსთან გამკლავებისთვის მოსამზადებლად საჭირო დრო მოიგო. თუმცა ჩინური აუდიტორიის წინაშე პარტიის ხელმძღვანელობა ნაწილობრივ აღიარებს, რომ მათი საპასუხო ნაბიჯები არაეფექტური და უკუპროდუქტიული იყო. ამაზე თავად სი ძინპინიც საუბრობს და ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის აუცილებელი ადრეული შეტყობინებისა და პროგნოზირების მექანიზმების გაუმჯობესების, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უკეთესი მეთოდოლოგიის, საპასუხო ზომების დროულად მიღების უზრუნველყოფის საჭიროებას აღიარებს.
17 წლის წინ სარს ვირუსის ეპიდემიის შემდეგ, პარტიამ ჩინეთის ტერიტორია მცირე სადგურებით დაფარა, რომელთა ფუნქცია დაავადებების ლოკალურად გავრცელებაზე რეაგირება და ცენტრისთვის ინფორმაციის გადმოცემა იყო. მიუხედავად ამისა, კოვიდ-19-ის ადრეულ ეტაპზე დეტექცია და შეკავება ვერ მოხერხდა. ეს კატასტროფა პეკინის მიერ კრიზისების კოორდინირებული და ეფექტური მენეჯმენტის ხარისხს კიდევ უფრო გააუარესებს. როგორც ერთმა ჩინელმა სამხედრო სტრატეგიის ექსპერტმა განაცხადა, რომელი დაბალი თანამდებობის პირი გაბედავს გადაწყვეტილების მიღებას კორონავირუსის კრიზისის შემდეგ?
სი ძინპინი ეპიდემიის დასაწყისისთანვე მას პოლიტიკური და სოციალური მღელვარების რისკს უკავშირებდა. იანვრის ბოლოს გავრცელებული მისი პირველი მითითებები ეპიდემიის გავრცელების შეკავებასა და პაციენტების მკურნალობასთან ერთად ყურადღებას საზოგადოებრივი აზრის კონტროლსა და საზოგადოების ზოგადი სტაბილურობის უზრუნველყოფაზე ამახვილებდა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში, პარტიის მმართველობისადმი მიმართვებში სი ძინპინი ვირუსის მიერ გამოწვეული საზოგადოებრივი მღელვარების და ფსიქოლოგიური პრობლემების მიერ სოციალური სტაბილურობისთვის შექმნილ საფრთხეზე საუბრობდა, რაც ჩვეულებრივ ენაზე პარტიის მმართველობისთვის მოსალოდნელ საფრთხეს ნიშნავს.
საგარეო პოლიტიკაში სი ძინპინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ელჩების მიერ წარმოებული მგელი-მეომარის ტიპის დიპლომატია არჩია. ნაკლები ყურადღება ექცევა ჩინეთის შეიარაღებული ძალების სადავო საჰაერო და საზღვაო სივრცეში გახშირებულ შეჭრებს ტაივანიდან და სამხრეთ ჩინეთის ზღვამდე. ამ ღია და დაუფარავ იერიშებს უფრო დახვეწილი მეთოდებით მოქმედებაც სდევს თან. ჩინეთის კომუნისტური პარტიის დიპლომატები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩინური ტრადიციული მედიცინის სიკეთეებზე და ჯანმრთელობის დაცვის აბრეშუმის გზის აუცილებლობაზე საუბრობენ. პეკინი ცდილობს სხვადასხვა ქვეყნებს ჩინური კომპანიების (ბაიდუს, ალიბაბას, ტენსენტის) მიერ შექმნილი ჯანმრთელობის დაცვის ციფრული პროდუქტებით სარგებლობისკენ უბიძგოს. ამ ციფრულ პროდუქტებს პეკინი ინფორმაციის მოსაპოვებლად და სხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების ხელში ჩასაგდებად იყენებს. ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიებისთვის არსებობის ერთადერთი გზა პარტიის სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის, ყველა მონაცემისა და ინფორმაციის მიწოდებაა. თუ პეკინის პროპაგანდას დავუჯერებთ ეს კომპანიები ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ, როცა რეალობა მათ მიერ შექმნილი აპლიკაციებისა და ჯანმრთელობის დაცვის სხვა ციფრული პროდუქტების არაეფექტურობაზე მეტყველებს.
სიფრთხილე მართებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც მათ მეცნიერებსა და პაციენტებს მათი მონაცემების იმ მხრისთვის გადაცემას უშვებს, რომელიც სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის მოპოვებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობს.
სი ძინპინის საშინაო პოლიტიკის მსგავსად, მის მიერ საგარეო პოლიტიკაში ბოლო ხანებში მიღებული გადაწყვეტილებები ჩინეთის ელიტებს მისი სტრატეგიის ეფექტურობაში აეჭვებს. გახშირდა მოწოდებები დენ სიაოპინის ფარულად გაძლიერების სტრატეგიასთან მიბრუნებისა და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობების სტაბილიზაციისკენ. სახეზეა სი ძინპინის პოლიტიკისა და მიდგომების მიმართ ღია წინააღმდეგობა, თუმცა შედეგებზე საუბარი ჯერ ზედმეტია. მიზანშეწონილი იქნება, თუ ვაშინგტონი პეკინის მიერ შიდა პოლიტიკაში დრაკონული ზომების მიღებისთვის და აგრესიული საგარეო პოლიტიკისთვის მოემზადება. არსებული ვითარებიდან გამოსასვლელად ერთადერთი ალტერნატიული გზა სი ძინპინის ძალაუფლებიდან ჩამოშორება ან პარტიის მიერ ცვლილებების განხორციელების ინიციატივაა.
ჟაკლინ დილი