არის თუ არა სი ძინპინი იმაზე სუსტი, ვიდრე გვგონია?
გერი შმიტი: გაბატონებულია აზრი, რომ პრეზიდენტი სი ძლიერი ფიგურაა. რატომ თვლით, რომ ეს ასე არ არის?
მინსინ პეი: ძალაუფლებას ბევრი ასპექტი აქვს, პრეზიდენტი სი ძლიერი მხოლოდ ერთ ასპექტშია. მის კოლეგებთან შედარებით სის უპირატესობა მისი ხელში კონცენტრირებული ძალაუფლებაა: მისი გვერდზე გაწევა არავის შეუძლია. სიზე მეტი ძალაუფლება ჩინეთის ლიდერებს შორის ალბათ მარტო მაო ძედუნს ჰქონდა. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ძალაუფლების სხვა ასპექტები: საქმის ბოლომდე მიყვანა, სწორი პოლიტიკის წარმოება და თანამიმდევრულობა. სწორედ აქ იწყება აზრთა სხვადასხვაობა ჩემსა და კოლეგებს შორის. ეფექტური პოლიტიკის წარმოებისთვის შეუზღუდავი ძალაუფლება ნაკლია. ამ შემთხვევაში მმართველის ნება-სურვილები გადაწყვეტილების მიღების პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენს: შესაძლო რისკებისა და შეცდომების გათვალისწინების ნაცვლად პრიორიტეტი მმართველის ნების შესრულებაა. ამაზე ბევრი მიღებული გადაწყვეტილება მეტყველებს. ჩემი საყვარელი მაგალითი „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივაა“. ნებისმიერი კუთხით, ეს ინიციატივა უაზრობაა. ჩნდება კითხვა: რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული ასეთი ზარ-ზეიმით ჩინეთში?
გ.შ.: როგორ შეაფასებდით ჩინეთისა და სი ძინპინის მიერ ვირუსით გამოწვეული კრიზისის მართვას?
მ.პ.: პანდემიასთან დაკავშირებით ჩინეთში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დიდი არაფერი ვიცით. თუმცა რაც ვიცით, ის რამდენიმე საფუძვლიანი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას გვაძლევს. კომუნისტურ პარტიაში მთავარი ლოიალობა და მორჩილებაა. ეს პოლიტიკური სტაბილურობის ფასადის შენარჩუნების საშუალებაა. ეს თანამდებობის პირებისთვის საკუთარი აზრის გამოთქმის და გამჭვირვალეობის შესაძლებლობას უზღუდავს. პოლიტიკური გადარჩენისთვის ისინი იძულებულები არიან თავი კონსერვატორებად წარმოაჩინონ, არ ისაუბრონ არსებულ პრობლემებზე, რათა არაკომპეტენტურებად ან ურჩებად არ გამოჩნდნენ. კრიზისის დაწყებისთანავე სისტემამ სრული და ობიექტური ინფორმაციის გავრცელება გამორიცხა.
ამ სისტემის მეორე პრობლემა ერთპიროვნული მმართველობაა. ყველაფერი დამოკიდებულია ბელადის ცოდნაზე, როგორ გადაწყვეტილებებს იღებს იგი. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სი ძინპინის მსგავს ლიდერებს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე მისდით ინფორმაცია. ვუჰანში შექმნილ სიტუაციაზე სის მაგიდაზე დადებულ ცნობაში სავარაუდოდ ეწერა რომ „იმატა პნევმონიით დაავადებულ პაციენტთა რიცხვმა“. როგორც ჩანს, ამ ცნობებმა სათანადო ყურადღება ვერ მიიქცია. ცნობილია, რომ 7 იანვარს შეკრებილმა პოლიტბიუროს კომიტეტმა კორონავირუსის შესახებ გარკვეული მითითებები გაავრცელა. ამ მითითებებზე არაფერი ვიცით, თუმცა იყო გარკვეული პაუზა 7 იანვარსა და 20 იანვარს შორის, როცა სი ძინპინმა უკვე აგრესიული ზომების მიღება გადაწყვიტა. 22 იანვარს მან ვუჰანის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ორი კვირა ბევ კითხვას აჩენს. როცა სი ძინპინის გადაადგილების გრაფიკს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ 17 და 18 იანვარს ის ბირმაში იყო, შემდეგ კი იუნანში რეგიონის ორ დღიანი ინსპექტირებისთვის ჩავიდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ დროს მას ჯერ არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია მომავალ კრიზისზე.
სისტემის მობილიზაციის შემდეგაც კი, სი საჯაროდ ორი კვირის განმავლობაში არ გამოჩენილა. ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს ვირუსთან ბრძოლისთვის მის მზადყოფნაზე და სურვილზე აეღო პასუხისმგებლობა ამ საკითხზე. სრული პასუხისმგებლობა მან პოლიტბიუროს 7 თებერვალს გამართულ კრებაზე იტვირთა ანუ ერთი თვის შემდეგ. სწორედ ამ დროს დაიწყო მან თანამდებობებიდან საჯარო მოხელეების გათავისუფლება.
ამის შემდეგ ჩინეთში შექმნილი მძიმე ვითარება გამოსწორებისკენ წავიდა. ახლა შევხედოთ რეჟიმის მიერ მიღებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმდინარე პროცესების ოფიციალურ ვერსიას ეხებოდა. ჩემი აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც ჩინეთისთვის კარგი არაფერი მოიტანა. საერთაშორისო აუდიტორიის გულის მოგების ნაცვლად, ჩინეთმა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში და ევროპაში.
გ.შ.: თქვენს სტატიაში რეჟიმს აღწერთ, როგორც „სუსტს“. სი ძინპინის გარდა, რას იტყვით პარტიულ მმართველობაზე, მის სტაბილურობაზე? რა სჭირდება მას საკუთარი არსებობის გახანგრძლივებისთვის?
მ.პ.: მიღებული აზრია, რომ კომუნისტური პარტია მედიას, საზოგადოებრივ აზრსა და უკმაყოფილების გამოთქმის ყველა მცდელობას მკაცრად აკონტროლებს. თებერვალში ასეთი რამ მოხდა: ექიმი ლი ვენლიანგის გარდაცვალების შემდეგ მედიამ, მათ შორის ოფიციალურმა, პარტიულ ხაზს დემონსტრაციულად გადაუხვია. გარდაცვლილი ექიმის სურათები ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე გამოჩნდა, ცნობილმა ბიზნესმენებმა პარტიის მიერ კრიზისის მართვა საჯაროდ გააკრიტიკეს. ამას უპრეცედენტო მასშტაბის სამოქალაქო აქტივობა მოჰყვა, აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ ბიუროკრატიას საავადმყოფოების კრიტიკული მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფაც კი არ შეუძლია. ასპარეზზე სამოქალაქო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები გამოვიდნენ.
როგორც კი სისტემას ბზარი გაუჩნდა, გამოჩნდა, რომ ქვეყანაში უზარმაზარი რაოდენობის ენერგიაა დაგროვებული, რომელსაც გამოსვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.
თავად სისტემას რაც შეეხება, ვფიქრობ, ის გადაგვარების გზაზეა, თუმცა ჯერ სასიცოცხლო ძალებს ინარჩუნებს და ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. გადაგვარების იმ ეტაპამდე, როცა ის დისფუნქციური გახდება და ჩინური ელიტების ნდობას დაკარგავს, ჯერ კიდევ შორია. ანტი-კორუფციულმა კამპანიამ, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომმა, ეკონომიკური განვითარების შენელებამ სისტემას მძიმე დარტყმები მიაყენა. ამ ყველაფერს ახლა კორონავირუსი დაემატა.
გ.შ.: თქვენი საუბარი რუსული პოლიტიკის ცნობილი სპეციალისტის, მირონ რაშის ნათქვამს მახსენებს. მან ერთხელ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა, როცა ის მოხდა, გარდაუვალი არ ყოფილა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი რეჟიმი კიდევ 25 ან 30 წელს გაძლებდა. მაგრამ როცა სისტემა იხსნება, უკვე სამოქალაქო ენერგია თავისუფლდება, რომელიც ძნელი გასაკონტროლებელია. თქვენ სწორედ ამას ყვებით და ვფიქრობ ამიტომაც სცადეს მათ სასწრაფოდ ჩაეხშოთ ეს ენერგია.
მ.პ.: დავამატებდი, რომ როცა ეს ცვლილებები ხდება, პროცესები შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს. ეს ყველა დიქტატურას ეხება. ცვლილებების პირველი ტალღა უსასრულოდ იწელება ხოლმე, ის შეიძლება ათ ან ოც წელს გაგრძელდეს. თუმცა ბოლო ეტაპზე ყველაფერი ერთ-ორ წელში ხდება. ჩინეთის შემთხვევაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი მემკვიდრეობის საკითხია. საპრეზიდენტო ვადების რიცხვის შეზღუდვის მოხსნის შემდეგ სი ძინპინმა მნიშვნელოვნად გაზარდა იმის რისკი, რომ სისტემა მემკვიდრეობის კიდევ ერთ კრიზისს ვერ გადაიტანს. კომუნისტურმა პარტიამ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარება მხოლოდ სამჯერ შეძლო, თუმცა არასდროს გადაუბარებია ძალაუფლება ბელადისგან კოლექტივისადმი კატაკლიზმების გარეშე.
გ.შ.: არის თუ არა დარჩენილი პარტიული ოპოზიცია?
მ.პ.: ძნელი სათქმელია, რადგან ამ სისტემაში, როგორც კი ვინმე ოპოზიციად ითვლება, ქრება. იმაზე დაყრდნობით რასაც ჩინურ პრესაში ვკითხულობ და იქაური კონტაქტებისგან მესმის პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელობით უკმაყოფილება საკმაოდ ძლიერია. ოპოზიციის ჩამოყალიბება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ. მიმაჩნია, რომ საჭირო მომენტში ოპოზიცია გამოჩნდება. შეხედეთ ეგვიპტეს. როგორც კი სამხედროები ხმას იმაღლებენ და აცხადებენ „ძირს სისტემა“, სისტემა დაუყოვნებლივ ეცემა.
გ.შ.: თქვენს წიგნში ამტკიცებთ, რომ პარტიულმა მმართველობამ თავი ძირითადად კორუფციით გადაირჩინა. ეს სისტემა ეკონომიკის ზრდაზეა დამოკიდებული, როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდა. რამდენად შეუძლია პარტიას ამ პირობებში თავის გადატანა?
მ.პ.: ეს ახლა უფრო რთული იქნება. ამ სიტუაციას გახვრეტილ კალათს შევადარებდი. ეკონომიკის ზრდა ის წყალია, რომელსაც კალათში ვასხამთ. ახლა ნაკლებ წყალი გვაქვს, თუმცა კალათს მაინც ისევე გასდის წყალი როგორც უწინ. შესაბამისად, დგება ნახვრეტების ამოვსების საკითხი. სწორედ ამიტომაა ფუნდამენტურად კონსერვატორული პარტიის საგარეო პოლიტიკა ზომიერი. პარტიის გადარჩენა საგარეო პოლიტიკაზე არ არის დამოკიდებული, მას აგრესიული პოლიტიკის გატარება არაფერში სჭირდება. რეჟიმის გადარჩენა პატრონაჟის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და ეკონომიკური რეფორმების დამაკმაყოფილებელ დონეზე შენარჩუნებაზეა დამოკიდებული.
დღეს არსებულ სისტემაში არის ერთი სფერო, რომლიდანაც პარტიას მეტის გამოწურვა შეუძლია. ეს სახელმწიფო კომპანიების რეფორმაა. ჩემი აზრით, პარტიამ გააზვიადა ის რისკები, რომლებიც სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციას შეიძლება მოჰყვეს. პარტია თვლის, რომ პირდაპირი კონტროლი ირიბ კონტროლზე უკეთესია. აქ არ ითვალისწინებენ იმ ფასს, რომლის გადახდა პირდაპირი კონტროლისთვის უწევთ. ჩემმა კოლეგამ ნიკოლას ლარდიმ გამოითვალა, რომ სახელმწიფო კომპანიების რეფორმის შემთხვევაში მშპ-ს წელიწადში 2% შეიძლება დაემატოს. ეს უზარმაზარი ციფრია. დღევანდელი 6%-ის ნაცვლად ჩინეთის ეკონომიკა წელიწადში 8%-ით გაიზრდება. ეს კალათში მეტ წყალს ნიშნავს. თუმცა თუ ეკონომიკური რეფორმები არ ტარდება და ეკონომიკური ზრდა არ იმატებს, პარალელურად კი ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკა გრძელდება, ეს კალათში ახალი ნახვრეტების გაკეთებას ნიშნავს.
გ.შ.: როგორც აღნიშნეთ, ჩინეთმა ამერიკა და ევროპა ვერაფრით მოხიბლა, თუმცა შეეცადა მაინც. ტაივანის მიმართ და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინი ძალიან აგრესიულია. ხომ არ გეჩვენებათ რომ ასეთი ქცევით პეკინი თავად უშლის საკუთარ საგარეო პოლიტიკას ხელს? რა ლოგიკას ხედავთ სი ძინპინის ასეთ გაორებულ ქცევაში?
მ.პ.: ჩემი აზრით, პრეზიდენტ სის ერთ-ერთი პრიორიტეტი ძლიერი ლიდერის რეპუტაციის შენარჩუნებაა. ამაში ის დონალდ ტრამპს ჰგავს. როცა სი ძინპინს ჩინურ მედიაში უყურებთ, გესმით „დრეს სი ამ ქვეყნის ლიდერს ესაუბრა, ხვალ იმ ლიდერს ესაუბრება.“ ჩინურ მედიას თუ დაუჯერებთ, შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ მსოფლიოს კორონავირუსთან ბრძოლას სათავეში სი ძინპინი უდგას. ეს ყველაფერი შიდა მოხმარებისთვისაა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ის როლია, რომელსაც სის ძალაუფლების შენარჩუნებაში სამხედროები თამაშობენ. ეკონომიკის ზრდა შენელებულია, მნიშვნელოვან გარღვევებზე ვერც საგარეო პოლიტიკაში ვისაუბრებთ, სი ძინპინის სადაზღვევო პოლისი სამხედროები არიან, ეს მისი ძალაუფლების საძირკველია. სამხედროებს ნეგატიური რეაქციები არ ადარდებთ, მათ ტაქტიკური უპირატესობა სჭირდებათ. მათი ლოგიკა მარტივია: შეერთებული შტატების ყოველ ნაბიჯზე საპასუხო რეაქციაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში პეკინი საკუთარ სისუსტეს აჩვენებს. ეს სამხედროებსა და სი ძინპინს შორის ურთიერთობის ფარული დინამიკაა.
გ.შ.: გამოდის, რომ ეს ერთდროულად სუსტი და აგრესიული რეჟიმია. თეთრ სახლში რომ იყოთ, სისუსტეს მიაქცევდით ყურადღებას, იტყოდით „ახლა მიწოლის დროა“ თუ აგრესიას და იტყოდით „არ ღირს ასეთ რისკზე წასვლა“?
მ.პ.: პირველ რიგში საჭიროა მკაფიო სტრატეგიული მიზნის დასახვა. ცოტა ხნის წინ „ბლუმბერგისთვის“ დავწერე სტატია, სადაც ასეთ კითხვებს ვსვამდი: რის მიღწევას ვცდილობთ? როგორ ვაფასებთ ჩვენს წარმატებას? ვცდილობთ თუ არა რეჟიმის შეცვლას? ჩინეთის სამხედრო საფრთხის განეიტრალებას?
მიზნები სამ დონეზე შეგვიძლია გავანაწილოთ. ყველა მათგანი, გარკვეულწილად, ერთმანეთთანაცაა დაკავშირებული. პოლიტიკას საფუძვლად იდეოლოგიური შეხედულებები უდევს, მის განსახორციელებლად კი შესაბამისი საშუალებებია საჭირო. თუ პეკინის რეჟიმთან დაპირისპირების ლოგიკას მივყვებით, მაშინ საუბარი განუსაზღვრელი ხანგრძლივობის პროცესზე გვაქვს. როგორ უნდა შევაფასოთ ჩვენი პროგრესი ამ მიმართულებით?
საჭიროა მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების დასახვა. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთთან მეტოქეობა ორ სისტემას შორის მეტოქეობად უნდა შევაფასოთ. ერთ მხარეს ჩინეთია, მეორე მხარეს ლიბერალურ-დემოკრატიული მსოფლიო. ამ დონეზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ შეერთებული შტატების პოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს. გვჭირდება მეტი მოკავშირე, მეტო მოთმინება და ზომიერება. საშუალო ვადიან პერსპექტივაში უნდა გამოიკვეთოს ჩინეთის ყველაზე სახიფათო ნაბიჯები და მათზე შესაბამისი პასუხი გაიცეს. მოკლევადიან პერსპექტივა კონკრეტული ნაბიჯებით უნდა იყოს გაჯერებული, რომლებმაც კონკრეტული მიზნებს უნდა მიაღწიოს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს სტრატეგიული მეტოქეობაა, რომლის მიზანი დასავლეთის დემოკრატიული ალიანსის ერთობის, ამერიკის ეკონომიკური ზრდისა და სტრუქტურული სტრატეგიული უპირატესობის შენარჩუნებაა.
დღევანდელი პოლიტიკა ჩინეთის დასუსტებაზეა მიმართული, ნაკლები ყურადღება ეთმობა იმ ფაქტს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, არა მეტოქის დასუსტებით, არამედ საკუთარი თავის გაძლიერებით იმარჯვებ.
გ.შ.: როგორც ჩანს, ჩინეთთან ურთიერთობაში პოზიტიური დღის წესრიგის თაობაზე ევროპაში შემდგარი კონსენსუსი აღარ არსებობს. როგორ უნდა აისახოს ეს ცვლილება ჩინეთისადმი ახალი ევროპული პოლიტიკის შემუშავებაში? და მეორე, რამდენად შესაძლებელია ასეთი ცვლილება ვაშინგტონთან თანამშრომლობის გარეშე?
მ.პ.: მეორე კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ამ პროცესს სათავეში შეერთებული შტატები უნდა ჩაუდგეს. ამ ბოლო დროს ვხედავთ, რომ ამერიკა ჩინეთთან საქმის გარკვევას მარტო აპირებს. რა თქმა უნდა, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, ამერიკას სრული საფუძველი გააჩნია, ასე იფიქროს. მას ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. თუმცა თვითონაც დიდ ფასს გადაიხდის. მოკავშირეებთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ასეთი ძვირი ფასის გადახდა აღარ მოუწევს. თავის მხრივ, ჩინეთიც ყველაფერს აკეთებს ევროპის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის. ევროპასთან ურთიერთობაში დიდია პეკინის მიერ თვითდაზიანების მიყენების წილიც. შეერთებულმა შტატებმა ამ მოცემულობით უნდა ისარგებლონ. ამისთვის ევროპისადმი ქცევა უნდა შეიცვლოს, შეწყდეს ევროპის ლანძღვა, ევროკავშირის დაშლაზე საუბარი, უსამართლო ტარიფების დაწესება და ა.შ. პანდემიის განმავლობაში ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეებისადმი დამოკიდებულება და ქცევა კრიტიკას ვერ უძლებს.
გ.შ.: თქვენი პირველი წიგნი, „რეფორმიდან რევოლუციამდე: კომუნიზმის დაცემა ჩინეთსა და საბჭოთა კავშირში თქვენსავე დისერტაციას ეყრდნობოდა. თუ სწორად მახსოვს, თქვენ აცხადებდით, რომ საბჭოთა კავშირმა პოლიტიკური რეფორმის გატარება იჩქარა და არ დაფიქრებულა იმ სოციალურ და ეკონომიკურ ელემენტებზე, რომლებიც თან უნდა სდევდეს ასეთ რეფორმას. ჩინეთის კომუნისტური პარტიის გადარჩენის მიზეზად ეკონომიკური რეფორმის გატარების პარალელურად დახურული სისტემის შენარჩუნებას ასახელებენ. რამდენად შესაძლებელი იმის თქმა, რომ განვითარების ამ ეტაპზე ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მიაღწია იმ წერტილს, რომლის შემდეგ პოლიტიკური რეფორმის გარეშე, საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს?
მ.პ.: ეს დისერტაცია 1991 წელს დავასრულე. წიგნი 1994 წელს გამოიცა. ამ დროს ჩინეთის მიერ არჩეულ გზას ოპტიმისტურად ვაფასებდი. შევეცადე შემესწავლა საბჭოთა პოლიტიკური და ჩინური ეკონომიკური რეფორმები, რის შედეგადაც მივედი დასკვნამდე, რომ ასეთი სისტემის გარესამყაროსთვის გახსნისთანავე სისტემის დამამხობელი რევოლუციური ძალები თავისუფლდებიან. ჩინეთის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე ეკონომიკური რეფორმა ძალიან ზომიერი იყო. კაპიტალისტური რევოლუცია შემდგომში თავად ჩინელებმა მოახდინეს. ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდა ჩემი გათვლა, რომლის მიხედვით ეკონომიკური ცვლილებები პოლიტიკური სისტემის ცვლილების საწინდარი იყო.
გ.შ.: ჩინეთთან გაღრმავებული სავაჭრო და კომერციული კავშირების მომხრე რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მიერ წარსულში მოყვანილი ხშირი არგუმენტი ჩინეთის სწრაფად ზრდადი საშუალო კლასი განვითარების აუცილებლობა იყო. საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ, მათ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვაც უნდა მოეთხოვათ. როგორ აღწერდით საშუალო კლასის მდგომარეობას დღეს ჩინეთში? რამდენად შესაძლებელი მათ მიერ გამოწვეული რეფორმების ხილვა?
მ.პ.: ეს ძალიან ორაზროვანი სტატუსია. საშუალო კლასის რაოდენობრივი ზრდა სახეზეა. განათლების დონით, შემოსავლით თუ სხვა პარამეტრებით ჩინეთის საშუალო ფენაში 300 მილიონი ადამიანია, რაც მისი მოსახლეობის მხოლოდ 20%-ია. ამგვარად, ჩინეთს საკმაოდ მრავალრიცხოვანი საშუალო კლასი ჰყავს, თუმცა ისინი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. კიდევ ერთი საკითხი საშუალო ფენის პოლიტიკური აქტიურობაა, რომელიც ხშირად მატერიალური რესურსებს მიეწერება. ამ ყველაფერს პოლიტიკური და ინტელექტუალური გამოღვიძება სჭირდება.
ცენზურისა და რეჟიმის რეპრესიების გამო ჩინეთის საშუალო ფენას ინტელექტუალური “განმანათლებლობის“ გამოცდილება არ ჰქონია. ამის ნაცვლად ის ნაციონალისტური ინდოქტრინაციის მსხვერპლი გახდა. ამგავარად, პოლიტიკური ცვლილებებისთვის მათ რომელიმე უმნიშვნელო ადგილი შეიძლება დაიკავონ. ახლა იმედი მხოლოდ მეორე ნაწილზე თუ გვექნება. ეს ის საშუალო ფენაა, რომელთა ცხოვრება არასდროს გაუარესებულა, თუმცა ახლა ყველა წინაპირობაა ხსენებული.
რეფორმების ნაკლებობას, გარემოს დაბინძურებას, კორონავირუსის შოკს და ჩინეთის გაუარესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, წინ მოსაწყენი დრო არავის გვექნება.
გ.შ.: და ბოლო კითხვა, სანამ დავასრულებთ. ახალ წიგნზე ხომ არ მუშაობთ?
მ.პ: ახალ ჩინეთის სახელმწიფოს თვალთვალზე და ზედამხედველობაზე ვწერ. მასალის მოპოვება ძალიან, ძალიან რთულია და ბევრი დრო მიაქვს. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი წიგნი იქნება, რადგან პარტიის მომავალი მისი რეპრესიული აპარატის ეფექტურობაზეა დამოკიდებული.
გ.შ.: დაველოდებით მოუთმენლად მის გამოცემას. ჩვენთან საუბრისთვის კი მადლობას გადაგიხდით.
მინსინ პეი და გერი ჯ. შმიტი
მინსინ პეი კლერმონ მაკკენას კოლეჯის პროფესორია. 2016 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტმა მისი წიგნი „ჩინეთის ქრონი-კაპიტალიზმი: რეჟიმის გადაგვარების დინამიკა“ გამოსცა. გერი ჯ. შმიტი „ამერიკის საწარმოო ინსტიტუტის“ სტრატეგიული საკითხების მკვლევარი და „ამერიკული ინტერესის“ ავტორია.