article-img

არ თქვათ უარი კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპით გადაწყვეტაზე

დენის როსი დევიდ მაკოვსკი

ჩვენი წიგნის დაწერის მიზეზი ისრაელის მიერ „ერთი სახელმწიფოს“ პრინციპის არჩევის შიში იყო. ხელი თუ არავინ შეუშალა, ეს თავისთავად მოხდება: ახალი დასახლებების ფარგლებს გარეთ დაწყებული მშენებლობები ებრაული და პალესტინური დასახლებების განცალკევების შესაძლებლობას აქრობს. შედეგი ორი ხალხის ერთ სახელმწიფოში იძულებითი თანაცხოვრება იქნება. ჩვენ გვსურდა მკითხველებისთვის გვეჩვენებინა, თუ როგორ განსაზღვრავდნენ ისრაელის ყველაზე გამორჩეული ლიდერები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს, იღებდნენ რთულ გადაწყვეტილებებს და ერის ინტერესებს ყოველთვის პოლიტიკური ინტერესების წინ აყენებდნენ. იმედი გვქონდა ამით ისრაელის დღევანდელ ლიდერებს შევახსენებდით მათ პასუხისმგებლობას გაეგრძელებინათ ასეთი რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. გადაწყვეტილებების, რომლებიც დღეს ახალმოსახლეების უკმაყოფილებასა და პროტესტის გამომწვევი იქნება.

ამ ეტაპზე ეს იმედი არ გამართლებულა. პირიქით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპის გეგმით სარგებლობას და დასავლეთის ნაპირის დამატებითი 30% ანექსირებას გეგმავს. ამ განზრახვას შეერთებული შტატების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკული რეაქციების დიდი ნაწილი ლეგიტიმურია, თუმცა მათ შორის ისეთებიც გვხვდება, რომლებიც, სამწუხაროდ, რეალობასთან კავშირს მოწყვეტილია. ერთი მხრივ, შეგვიძლია დავასახელოთ პიტერ ბაინარტი, რომელმაც 7 ივლისს „ჯუიშ ქარენთში“ გამოქვეყნებულ ესეში ბი-ნაციონალური, ებრაულ-არაბული, სახელმწიფოს შექმნის საკითხი წამოჭრა. მეორე მხრივ, ყურადღებას გავამახვილებდით ჩვენი მეგობრის, ილან გოლდენბერგის მოსაზრებაზე, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთ სწორ გადაწყვეტას „ორი სახელმწიფოს“ პრინციპზე დაფუძნებით ხედავს. გოლდენბერგი მიიჩნევს, რომ ანექსიის შემდეგ პალესტინელებისთვის მომავლის იმედის შენარჩუნების ერთადერთი გზა პალესტინური სახელმწიფოს აღიარება იქნებოდა.

ჩვენ არ გვიკვირს, რომ ანექსიის გაგრძელების შესაძლებლობას ასეთი რეაქციები მოჰყვა. ისრაელის ეს ცალხმრივი ინიციატივა ოსლოს შეთანხმების მთავარ პირობას არღვევს, რომლის მიხედვით ტერიტორიების სტატუსის შეცვლაზე ორივე მხარე უარს ამბობს. ეს ნიშნავს, რომ ისრაელი თავს იკავებს ანექსიისგან, პალესტინა კი დამოუკიდებლობის გამოცხადებისგან. ტერიტორიების პერმანენტული სტატუსი მოლაპარაკებების საგანია. ახლა მოლაპარაკებები შეჩერებულია, შეერთებული შტატების მიერ 2000 წლის შემდეგ განხორციელებული სამივე მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

მიუხედავად ამისა, ისრაელის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ანექსირება არასწორ ნაბიჯად რჩება. ეს ისრაელის უსაფრთხოებას არ გააუმჯობესებს. არავინ იცის გადაურჩება თუ არა ანექსიით გამოწვეულ ხალხის რისხვას პალესტინის ხელისუფლება, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და პალესტინელების უსაფრთხოების ძალებს შორის თანამშრომლობა. ეს ჰეზბოლას ან ჰამასის ახალი სარაკეტო შეტევების და შემდგომი ესკალაციის საფუძველსაც ქმნის. რაც ვიცით, ისაა, რომ ანექსია დასავლეთის ნაპირზე ისრაელის პოზიციის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

 

პიტერ ბაინარტის მიერ პოზიციის დაფიქსირებას და ისტორიის სამართლიან მხარეს ყოფნის მცდელობას დიდი კმაყოფილებით შევხვდით. ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებაზე ზრუნვაში გატარებული 30 წლის შემდეგ ორივე მხრისთვის სამართლიანი და ღირსეული შედეგის მიღწევა ჩვენც ძალიან გვსურს. სამწუხაროდ, ბაინარტის მიდგომა სამართლიანობის ნაცვლად მეტი სისხლისღვრის გამომწვევი იქნება. მის მიერ მხარდაჭერილი „ერთი სახელმწიფოს“ პრინციპი ახლო აღმოსავლეთთან შეუთავსებელია: რეგიონი დემოკრატიის ტრადიციების გარეშე, სადაც ჯერაც სექტარული დაპირისპირებების ეტაპი ჯერაც არ დასრულებულა; სადაც, ომებს დასასრული არ უწერია; სადაც, უმცირესობათა უფლებების აღიარების ან დაცვისთვის მზად დღესაც არავინაა.

ახლო აღმოსავლეთში ამა თუ იმ სახის ცენტრალური რეჟიმის მიერ ეთნო-სექტარული ჯგუფების დამორჩილება ყოველთვის ბრძოლით მთავრდება. ნუთუ ისრაელსა და პალესტინას ერაყის, სირიის, ლიბანისა და ლიბიის მსგავსი მომავალი უნდა შევთავაზოთ?

ბაინარტს, როგორც ჩანს, სჯერა, რომ პალესტინელებისა და ებრაელების ეროვნული იდენტობები დიდს არაფერს ნიშნავს და დროთა განმავლობაში ერთმანეთს შეერწყმება. რეალობიდან ასეთი მოწყვეტა მართლაც ძნელი საპოვნელია. როგორც ებრაელებმა, ისე პალესტინელებმა მათი იდენტობის დასაცავად უპრეცედენტო მსხვერპლი გაიღეს. ისრაელმა სახელმწიფო ააშენა გარემოში, სადაც ის მისაღები არავისთვის იყო და მრავალი ომი დაატყდა თავს. რამდენად სავარაუდოა ძლიერი კულტურის მქონე, მილიონობით საბჭოთა, ეთიოპიელი, სირიელი, იემენელი და ახლო აღმოსავლეთის სხვა კუთხეების ებრაელების მიმღებმა ქვეყანამ უარი თქვას თავის იდენტობაზე? რამდენად შესაძლებელია 7 მილიონი ებრაელისა და 2 მილიონი ისრაელის არაბი მოქალაქის ქვეყანამ, რომელმაც უამრავი ომის მიუხეადავად საფრანგეთისა თუ იაპონიის დონის ეკონომიკა შექმნა, განაცხადოს, რომ მათი სახელმწიფოს და იდენტობის შექმნის მცდელობა მარცხით დამთავრდა? ქნესეთის 120 დეპუტატიდან 105 სიონისტია, მოიძებნება მათ შორის თუნდაც ერთი, რომელიც უარს იტყვის ისრაელის იდენტობაზე?

 

დათმობებზე წასვლას არც პალესტინელები აპირებენ. ინტიფადებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმოფანტული ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრების მიუხედავად, იდენტობაზე უარი არც მათ უთქვამთ. „ფატას“ აქტივისტი აჰმედ გნაიმმა ახსნა, თუ რატომ უჭერდა მხარს ის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპით მოგვარებას: „ერთ სახელმწიფოში დროს ერთმანეთის ჩაგვრის მცდელობებში გავატარებთ.“ ის მართალია. ბაინარტის ბი-ნაციონალური ქვეყნის შექმნის შედეგი კონფლიქტის სახელმწიფოს შიგნით გადატანის გარანტიაა. ის ვარაუდობს, რომ ისრაელის „ალიის“ კანონი პალესტინური ანალოგით უნდა გაწონასწორდეს, რაც მილიონობით პალესტინელის დაბრუნების საწინდარი იქნება. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობას სხვადასხვა ენა, რელიგია ან წარსული აქვს ასეთი მიდგომა კოშმარად ძალიან სწრაფად იქცევა. ეს უსასრულო კონფლიქტის გარანტირებული წყარო იქნება.

გარდა ამისა, ბაინარტი ისრაელის მტრები ხაზგასმით წარმოსახვით ხედვას ავლენს. ისრაელში კარგად იცია, რომ ეს ასე არ არის. რომელი ქვეყანა ანდობდა საკუთარ არსებობას ირანის, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ ან „ისლამური ჯიჰადის“ მიერ დადებულ პირობას? რამდენად შესაძლებელი ებრაელთა გამო არაბი არაბს ან მუსლიმი მუსლიმს ეომოს? ძნელად მოსაძებნი იქნება ებრაელი, რომელიც ამას დაიჯერებდა. სიონიზმის საფუძველთა საფუძველი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და თვითკმარობა იყო. 2000 წლიანი დევნის შემდეგ ებრაელთა სახელმწიფო დაეფუძნა აზრს, რომლის მიხედვით საკუთარი ბედის გადაწყვეტა ებრაელებს თავად უნდა შეძლებოდათ.

აქ დედააზრი ნათელია. ამ ორი ხალხის მიერ საკუთარი ნაციონალისტური მისწრაფებების განხორციელების შესაძლებლობას ვერაფერი ჩაანაცვლებს. მათ შორის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა მათი განცალკევებაა. უნდა ვაღიაროთ, რომ „ორი სახელმწიფოს“ შექმნის პერსპექტივა ჯერ კიდევ შორსაა, ანექსიის გაგრძელება მის გამოჩენასაც კი საფრთხის ქვეშ აყენებს. ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ადმინისტრაცია ანექსიის ლეგიტიმურობას არასდროს აღიარებს. იმედი გვაქვს, ახლადარჩეული პრეზიდენტი დრეს არსებულ რეალობას შეცვლის, ისრაელსა და პალესტინას წინსვლის შესაძლებლობებს დაანახებს და ორივე მხარეს მშვიდობისადმი ერთგულებისკენ უბიძგებს. მაგალითად, უსაფრთხოების ბარიერების გარეთ მშენებლობაზე ისრაელის მიერ უარის თქმა გაადვილებს ორ სახელმწიფოს შორის ტერიტორიების განაწილებას. თავის მხრივ, პალესტინის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ან ძალადობის ჩამდენთა ოჯახის წევრების დასაჩუქრება და დანარჩენ გაჭირვებულ პალესტინელებზე უკეთესი პირობების შექმნა.

რადგან კონფლიქტის მოგვარების აუცილებელ პირობად იმ გზით სიარულს მივიჩნევთ, რომელიც ორი სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, მოგვწონს გოლდენბერგის სურვილიც ასეთი გადაწყვეტის შესაძლებლობა შეინარჩუნოს. გოლდენბერგს ეშინია, რომ ანექსია პალესტინელებს მომავლის იმედს დააკარგინებს და ერთადერთ გამოსავლად ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას დაუტოვებს. ის მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება იქნება ერთგვარი კომპენსაცია, რომელიც ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე საკუთარი სუვერენიტეტის თვითნებურად გავრცელებისთვის უნდა “გადაიხადოს“.

სამწუხაროდ, სურვილებზე დამყარებული პოლიტიკა მარცხისთვისაა განწირული. უპირველეს ყოვლისა, პალესტინელებმა, რომლებიც ისრაელთან მოლაპარაკებაზე კატეგორიულ უარს უკვე დიდი ხანია აცხადებენ, უნდა გაითავისონ, რომ დიალოგზე უარის თქმა მათ კარგს არაფერს მოუტანს. თუმცა გოლდენბერგის მიდგომის სხვა ნაწილი უფრო პრობლემატურია: მისი შეთავაზება არანაირ წინაპირობას არ გულისხმობს და პალესტინელებისგან სანაცვლოდ არაფრის მიღებას ითვალისწინებს. იქნება თუ არა ისრაელის მიერ აღიარებული პალესტინური სახელმწიფო ისრაელთან მშვიდობის დამყარებისთვის მზად? შეძლებს თუ არა ეს სახელმწიფო შიდა დაპირისპირებების გადალახვას და ძალადობაზე უარის თქმას? უნდა მოეთხოვოს თუ არა ამ სახელმწიფოს კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციური მმართველობის უზრუნველყოფა? უნდა აღმოიფხვრას თუ არა ფართომასშტაბიანი კორუფცია, რომელმაც პალესტინელებსა და მათ მმართველებს შორის სრული გაუცხოება გამოიწვია? შეძლებენ სიტყვის თავისუფლების დაცვას? რამდენად დაცული იქნება უმცირესობების უფლებები?

 

გოლდენბერგის მიდგომას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ახლავს თან. რა მოხდება აღიარების შემდეგ? რა შეიცვლება რიგითი პალესტინელების ცხოვრებაში? დიახ, გაჩნდება ფუჭი იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ან შეერთებული შტატები პალესტინის დახმარებას აიღებენ თავზე. გარე დახმარების სწორედ ასეთი უსასრულო მოლოდინი იყო პალესტინის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ჩვენს რიტორიკასა და ჩვენს მოქმედებას შორის სხვაობა მაშინვე გამოჩნდება, როცა სახელმწიფოებრიობის უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს დღეს არსებული რეალობის შეცვლის რეალური პერსპექტივისა და იმედის შექმნაში. პალესტინელები ჩიხში არ უნდა მოვაქციოთ. ადრე თუ გვიან ეს აფეთქებით დასრულდება.

ჩვენთვის ახლოა გოლდენბერგის მიზნები და „ორი სახელმწიფოს“ პრინციპისადმი მისი ერთგულება, თუმცა მას საერთო ბაინარტთანაც აქვს. ორივე მათგანისთვის კონფლიქტზე პასუხისმგებელი ისრაელია. პალესტინელები მათი აზრით მხოლოდ მსხვერპლის როლს თამაშობენ და კონფლიქტის გაგრძელებასა და გაღრმავებაში წვლილი არ მიუძღვით. თითქოს 2000 წლის დეკემბრის კლინტონის, 2008 წლის აგვისტოს ოლმერტის, 2014 წლის მარტის ობამას შეთავაზებებზე პალესტინელებს თანხმობა ჰქონდეთ ნათქვამი. თითქოს არასდროს დაწყებულა მეორე ინტიფადა. თითქოს პალესტინელებს არ გადაეყენებინათ პრემიერ-მინისტრი სალამ ფაიადი, რომელსაც ქმედითი და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება ჰქონდა განზრახული.

გოლდენბერგის წინადადების მიმართ ჩვენ მიერ გამოთქმული კრიტიკა მასზე უარის თქმას არ ისახავს მიზნად. კარგად გვესმის, რომ იერუსალიმისა და ლტოლვილების მსგავსი ემოციურად დატვირთული და კომპლექსური საკითხების მოგვარება ასე მარტივად არ გამოვა. ჩვენ გვჭირდება ეტაპობრივი პოლიტიკა, რომელიც ორი ერის სეპარაციის პრინციპზე იქნება დაფუძნებული და რომლის საბოლოო მიზანი მათთვის ორი სხვადასხვა სახელმწიფოს შექმნა იქნება. ამ მიზნის შესრულებისკენ მიმავალი გზა შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი იყოს, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობისაა.

დიახ, თითქმის ასი წელი დასჭირდა ებრაელებისა და პალესტინელების ეროვნულ მოძრაობებს რათა ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა შესძლებოდათ. ეს უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში ხდებოდა, რომლებსაც ახლა, კოვიდ-19-ის პანდემიისას, ჯანდაცვის სფეროც დაემატა. ეს ყველაფერი სრულყოფილებისგან ჯერ ძალიან შორსაა, მაგრამ ახალი კონსტრუქციის აგების იმედად მიღწეულის დანგრევა უპასუხისმგებლობისა და დაუშვებელი გულუბრყვილობის გამოხატულებად მიგვაჩნია.

ანექსიით დაშვებული შეცდომა არ უნდა გახდეს ახლო აღმოსავლეთის რეალიების უგულებელყოფის გამამართლებელი მიზეზი. ამ რეგიონში ერთ შეცდომაზე მეორეს დამატება დამღუპველი იქნება. მოგიწოდებთ, არ შევწყვიტოთ სეპარაციაზე, მოლაპარაკებებზე და პრი ერისთვის ორი სახელმწიფოს შექმნის იდეაზე ფიქრი. მოდით ნუ დავდგებით ისეთ პოზიციებზე, რომლებიც, ერთი შეხედვით, მომხიბვლელია, თუმცა რეალობისგან შორსაა.

 

დენის როსი და დევიდ მაკოვსკი
ისრაელის მიერ ანექსირება შეცდომაა, თუმცა ერთი სახელმწიფოს პრინციპის დამკვიდრება ერთ შეცდომას მეორეს დაუმატებს.

დენის როსი პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური განყოფილების ყოფილი დირექტორია. ის იყო პრეზიდენტ ბილ კლინტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის კოორდინატორი და სახელმწიფო მდივნის, ჰილარის კლინტონის, მრჩეველი სპარსეთის ყურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საკითხებში.

დევიდ მაკოვსკი „ვაშინგტონის ინსტიტუტის“ მკვლევარი, არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის ურთიერთობების პროექტის დირექტორია.
დენის როსი და დევიდ მაკოვსკი ავტორობით 2019 წელს გამოიცა „იყავი ძლიერი და მამაცი: როგორ შექმნეს ისრაელის ყველაზე მნიშვნელოვანმა ლიდერებმა მისი ბედი“.