ამერიკის პოლიტიკური დაღმასვლის საფასური
კაცობრიობის ისტორიაში ერისათვის შექმნილი საფრთხე ომით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, მტრის შემოჭრით, ფინანსური კრიზისითა თუ ეპიდემიით ხშირად იწვევდა პოლიტიკურ რეფორმებს. პოლიტიკური სისტემა იჭედებოდა ისეთ სიტუაციაში, როცა უკიდურესად სჭირდებოდა რეფორმები, მაგრამ ინსტიტუციური მექანიზმები ამის საშუალებას არ აძლევდა და პრობლემებიც გადაუჭრელად რჩებოდა. დიდი შოკია საჭირო, რათა ხალხი მიხვდეს, რომ მათი პრობლემა საერთოა და განსაკუთრებული ზომებია საჭირო მის მოსაგვარებლად.
აი, ეს მოხდა დიდი დეპრესიის დროს, რომელიც 1929 წელს საფონდო ბირჟის კრახით დაიწყო. ბევრ ამერიკელს სჯეროდა ჰერბერტ ჰუვერის მსგავსი ლიდერებისა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ფისკალური შეზღუდვები და სუფთა ფული იყო საჭირო ეკონომიკის ზრდისათვის. 1931 წელს კი, საბანკო კრიზისის შედეგად, უმუშევრობის დონე 20%-ით გაიზარდა და გაკოტრებების სერია დაიწყო მთელ ქვეყანაში. ამ პროცესის პირდაპირი შედეგი იყო 1932 წელს ფრანკლინ რუზველტის არჩევა და კონგრესში დემოკრატების უმრავლესობით მოსვლა.
რაღაც მსგავსი შეიძლება მოხდეს 2020 წელსაც. ტრამპის მხრიდან კრიზისის არასათანადოდ შეფასებამ და შესაბამისი ზომების დროულად გატარებაზე უარის თქმამ მრავალი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ახლანდელი დეპრესია კი შესაძლოა 1930 წლისასაც შევადაროთ. მაშინ, როცა საერთაშორისო თანამშრომლობა იყო საჭირო პანდემიასთან საბრძოლველად, რომელიც ეროვნულ საზღვრებს არ სცნობს, შეერთებულმა შტატებმა საერთოდ აიღო ხელი გლობალურ ლიდერობაზე. რაციონალური პასუხი ამ კრიზისზე ის იქნებოდა, მმართველი გუნდები რომ შეგვეცვალა უფრო დიდი პასუხისმგებლობის მქონე, უფრო საიმედო გუნდებით, რასაც ხანგრძლივი პოლიტიკური რეფორმები მოჰყვებოდა, მაგალითად, ჭეშმარიტად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შექმნა, უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის დანერგვა და ახალი საერთაშორისო ინსტიტუციების გაჩენა მომავალ კრიზისებთან საბრძოლველად.
შესაძლოა იმედიც გვაქვს, რომ ყველაფერი ამ ოპტიმისტური სცენარის მიხედვით წარიმართება. მაგრამ ბევრი მიზეზია, რომლებიც გვარწმუნებს, რომ არა, ასე არ მოხდება. ჩვენი პრობლემები ორ სტრუქტურულ მოცემულობას უკავშირდება და პოლიტიკურ დაღმასვლაზე მიანიშნებს.
ერთი მოცემულობა ძალაუფლების გადანაწილების ამერიკული სისტემაა, რომელშიც ხელისუფლების სამი შტოა ჩართული სხვადასხვა დონეზე ფედერალურ, საშტატო და ადგილობრივ დონეებზე. ძალაუფლების ამგვარი გადანაწილება ნაკლებად მოსალოდნელს ხდის ტირანიას, მაგრამ ამავე დროს ართულებს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი ინსტიტუციური წესებიდან კი ბევრია ისეთი, რომლის შესაცვლელადაც კონსტიტუციაში დამატებითი ჩანაწერის გაკეთებაა აუცილებელი, რაც მეტისმეტად რთულია.
მე-20 საუკუნეში ეს სისტემა გადაულახავ დაბრკოლებად არ ქცეულა, ასეთად მის გახდომას კი მეორე მოცემულობამ შეუწყო ხელი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გაჩენილ, უკიდურესად გამწვავებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას ვგულისხმობ, რასაც მრავალი მიზეზი აქვს. ძალაუფლების გადანაწილების ჩვენეულ სისტემასთან ერთად ამ პოლარიზაციას პოლიტიკურ სტაგნაციამდე მივყავართ, როცა ყოველწლიური ბიუჯეტის დამტკიცებაც კი პრობლემად იქცევა.
ბოლო წლებში ეს უუნარობა ერთგვარად სიკეთის მომტანიც კი გამოდგა. ტრამპი ბევრს იმუქრებოდა, ქვეყანაში მუსლიმებს აღარ შემოვუშვებ, საზღვარზე კედელს ავაშენებო, მაგრამ ეს ინიციატივები სასამართლომ თუ კონგრესმა შეაჩერეს. დღევანდელი ეპიდემიური კრიზისის დროს კი ამერიკულმა ფედერალიზმმა ნება დართო შტატების გუბერნატორებს, ემოქმედათ საკუთარი შეხედულებისამებრ მაშინ, როცა ვაშინგტონიდან არაფერი ისმოდა.
სრულყოფილ სამყაროში ეს უპრეცედენტო პანდემია ამერიკელებს განსხვავებებს გვერდზე გადაადებინებდა და დროშის გარშემო შემოკრებდა. პანდემია, როგორც ომი ასეთი მეტაფორაც ხომ გაჩნდა. რა თქმა უნდა, ორ პარტიას შორის თანამშრომლობის შემთხვევებიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა და რაც დრო გადის, სიტუაცია სულ უფრო უარესდება.
დასაწყისში მკვეთრი პარტიული დაყოფა გამოიწვია იმან, თუ როგორ უნდა აეხსნათ მოვლენები. იანვარსა და თებერვალში პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ პანდემიის მნიშვნელობა დაეკნინებინა, აცხადებდა, ყველაფერს ვაკონტროლებთ და ვირუსი სწრაფად გაქრებაო. უბრალოდ იმეორებდა იმას, რასაც კონსერვატორ მიმომხილველთა ლეგიონები ღაღადებდნენ კოვიდ-19 სეზონური გრიპის გამომწვევ ვირუსზე უარესი არაფრით არისო. მარტის შუა რიცხვებშიც კი, როცა ტრამპმა ვირუსის სერიოზულად აღქმა დაიწყო, კონსერვატორები ისევ ძველებურად უტევდნენ სახალხო ჯანდაცვის ისეთ ექსპერტებს, როგორიც ენტონი ფაუჩია. როცა ეკონომიკა გაუარესდა, მტკიცებას მოჰყვნენ, რომ გამოსავალი შეზღუდვების სწრაფად მოხსნაში, შინ გამოკეტილი ხალხის გარეთ გამოყვანაში იქნებოდა. ლიბერალებმა საპირისპირო პოზიცია დაიკავეს: სამედიცინო კვლევები მოითხოვეს და აგრეთვე მთავრობის მხრიდან უფრო აქტიურ ჩარევა რიგ საკითხებში.
კამათის საფუძველი ახლა ის გახდა, თუ როდის და როგორ უნდა მოხსნილიყო შეზღუდვები. კონსერვატორებმა ბევრ შტატში დარაზმეს ხალხი კარანტინის წესების გასაპროტესტებლად. ლიბერალები კი უფრო სიფრთხილეს იჩენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური პროცესების აღდგენის მნიშვნელობას არ უარყოფდნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა გასაოცარი რამ გააკეთა: ერთ დღეს განაცხადა, რომ სურდა, გუბერნატორებს თავად გადაეწყვიტათ, როდის და როგორ გაეხსნათ შტატები, მეორე დღეს კი დემონსტრანტები წაახალისა ფაქტობრივად მოუწოდა, არ დამორჩილებოდნენ გუბერნატორებს, თუ მიიჩნევდნენ, რომ წესები მეტისმეტად მკაცრი იყო.
ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით, მათ შორის, არც ის, რა დონის სოციალური დისტანციაა საჭირო ინფექციის გასაკონტროლებლად. ნაკლებად პოლარიზებულ სამყაროში ამის თაობაზე ემპირიული შეფასებები და დასკვნები გაჩნდებოდა. თუ ინფიცირებულთა მაჩვენებელი მოულოდნელად გაიზრდებოდა ისეთ შტატებში, როგორიც ფლორიდაა, ან ისეთ ქვეყნებში, რომლებმაც შვედეთის მსგავსად უარი თქვეს კარანტინის ადრევე გამოცხადებაზე, მაშინ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნებოდა პოლიტიკისა და შესაძლო გამოსავლის ურთიერთმიმართებაზე. ასეც შეიძლება შევაბრუნოთ: თუ სხვებზე ადრე გახსნილ შტატებსა და ქვეყნებში ინფექციის მაჩვენებელი მკვეთრად არ გაიზრდებოდა, მაშინ გამოვიდოდა, რომ ჩვენ ზედმეტი სიფრთხილე გამოგვეჩინა.
თუმცა ბევრი მიზეზია საიმისოდ, რომ ახალი მტკიცებულებები მიუკერძოებლად არ განსაჯონ, პარტიული პოლიტიკა კი ამ სიის სათავეშია. არსებული დაყოფა აშკარად იმ ფაქტმაც გააუარესა, რომ ნოემბერში არჩევნებია. ტრამპისა და მისი მხარდამჭერების ერთგვარი უდარდელობა იმ შიშით უნდა ყოფილიყო განპირობებული, რომ ეპიდემიასა და ეკონომიკურ კოლაფსს შეეძლო არჩევნებში მისი გამარჯვების შანსი შეემცირებინა. ამ დროს დემოკრატებმა ნათლად დაინახეს პრეზიდენტის სისუსტეები. ორივე მხარეს ბევრი მსჯელობდა იმაზე, თუ რა იყო, მათი წარმოდგენით, საუკეთესო ხალხსათვის. ამ მსჯელობაზე კი უფრო და უფრო დიდ კვალს ტოვებდა კიდევ ერთი ფაქტორი, რაც რაციონალურ ახსნას ერთგვარად ეწინააღმდეგებოდა კულტურული იდენტობა.
ბევრ ეკონომისტსა და თავგამოდებულ რეფორმისტს სჯერა აღქმის ამ მოდელის რომ ადამიანი ემპირიულ ინფორმაციას იღებს სამყაროს შესახებ, აკეთებს დასკვნას, შემდეგ კი ფაქტებს გულმოდგინედ ამოწმებს და საბოლოო არჩევნამდეც მიდის. თუ ადამიანები არასწორ არჩევანს აკეთებენ, მაგალითად, თუ სკეპტიკურად უყურებენ კლიმატის ცვლილებას, ან სჯერათ, რომ კოვიდ-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხელოვნურადაა გაზრდილი, მიზეზი ისაა, რომ ისინი ცუდ ინფორმაციას იღებენ (ე.წ. გაყალბებული ამბები), ან მათი განათლების დონე დაბალია და მიღებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი არ შეუძლიათ.
ინტერნეტი წალეკა ცუდმა ინფორმაციამ, შეთქმულების თეორიებმა და რუსულმა ბოტებმა, რომლებიც ხალხის აზრის მანიპულირებას ცდილობენ. ონლაინ მოპოვებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის უნარი კი ასაკის მიხედვით განსხვავდება ახალგაზრდები უფრო სკეპტიკურად განწყობილნი არიან იმის მიმართ, რასაც ინტერნეტში ხედავენ, ვიდრე მათი ბებიები და ბაბუები, რომლებსაც ამ მხრივ ნაკლები გამოცდილება აქვთ.
თუმცა ადამიანის შემეცნების პრობლემა უფრო ღრმაა. ჯონათან ჰეიდტმა და სოციალური ფსიქოლოგიის სხვა მკვლევრებმა ნათლად აჩვენეს, როგორ ითავისებს ხალხი სასურველ მორალურ თუ პოლიტიკურ შედეგებს და შემდეგ მთელი ძალით იცავს საკუთარ პოზიციას. აი, ამ დროს შემოდის სცენაზე კულტურული იდენტობა: კოვიდ-19-ისადმი შენს დამოკიდებულებას ფაქტები კი არ განსაზღვრავს, არამედ ის, თავს დემოკრატად აღიქვამ თუ რესპუბლიკელად, და ამ იდენტობის შენარჩუნების სურვილი უფრო დიდია, ვიდრე პირადი უსაფრთხოებისა თუ ჯანმრთელობის დაცვისა. ამ ყველაფრის შერბილებული ფორმა კი უკვე ვნახეთ ობამას დროს, როცა სამხრეთში მუშებმა გამოთქვეს პროტესტი ჯანდაცვის რეფორმის მიმართ, იმის მიუხედავად, რომ პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარები თავად იყვნენ.
დღეს ერთგვარად თავის გაწირვაა იმ გამოსვლებში მონაწილეობა, კარანტინის წინააღმდეგ რომ იმართება.
ამგვარ ატმოსფეროში უკეთესი ფაქტების მოძებნა ან მედიაწიგნიერებისათვის ხელის შეწყობა სულაც არ აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. კვლევები აჩვენებს, რომ პარტიული ინტერესების მქონე ადამიანები, რომლებსაც უკეთესი განათლება აქვთ და რომლებმაც უფრო მეტი ფაქტიც იციან, ამ ყველაფერს ისევ პარტიისათვის იყენებენ ისევ ძველ პოზიციას იცავენ. ამიტომაა, რომ ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაციების მონათხრობს არც არავინ უსმენს და შესაბამისად, მათი გავლენა მეტად სუსტია იმ ადამიანებზე, ვისაც ალტერნატიული ნარატივების დაჯერება უნდათ.
სოციალურ ქცევაში მიზეზშედეგობრიობის ჩვენება ყოველთვის რთული იყო, იმ სოციოლოგებისთვისაც კი, რომლებსაც მძლავრ სტატისტიკურ ტექნიკაზე მიუწვდებოდათ ხელი. ბევრი კონსერვატორი დღესაც ამტკიცებს, რომ ეპიდემიამ `მხოლოდ~ ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, რაც სეზონური გრიპის მაჩვენებელს უთანაბრდება და არ ღირდა კარანტინით ეკონომიკის დაზარალება. მრავალ შტატში აღმოაჩინეს, რომ თურმე იმდენი სავენტილაციო აპარატი არ სჭირდებოდათ, რამდენიც თავიდან ეგონათ და მათ სხვა ადგილებში აგზავნიან. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, კარანტინი რომ არ გამოცხადებულიყო, საავადმყოფოები კი პაციენტებით გადაივსებოდა. პრობლემა ისაა, რომ საპირისპიროს ვერ დავამტკიცებთ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, რომლებითაც მიღებული შედეგი აიხსნება. მით უფრო ვერაფერს დაუმტკიცებთ პარტიის წევრს, რომელიც ყველაფერს თავისებურად ხსნის.
ბევრი რამ გვაფიქრებინებს, რომ პოლარიზაცია უფრო და უფრო გაღრმავდება კრიზისის განვითარებასთან ერთად. ამერიკელები სწრაფად გადაერთვნენ დასნეულების შიშიდან სამსახურის დაკარგვის შიშზე. ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ უკან, კორონამდელ დროში ვეღარ აღმოვჩნდებით წინ ექსპერიმენტების, აღმოჩენების, ინფექციის გამეორებების ხანგრძლივი პერიოდია. მთელ ქვეყანაში დიდი კამათი იქნება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აიხსნას ეს გამოცდილება. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ გამართულ ცხარე საუბრებს ეკონომიკური დებატები ჩაანაცვლებს, იმის შესახებ, რამდენად გამართლებული იყო მთავრობის ექსტრაორდინალური პასუხი პანდემიისადმი.
პოლიტიკოსებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ ვინ უნდა მიიღოს დახმარება და ვინ არა? უდიდესი მნიშვნელობა ექნება გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობის გამოჩენას, თუ ფული მიუკერძოებლად უნდა განაწილდეს, მაგრამ ეს ადმინისტრაცია მაინცდამაინც ცნობილი არ არის ამ მისწრაფებებით. ეს ყველაფერი საფუძველს ქმნის პარტიული დაპირისპირების გამწვავებისთვის, ცხარე სასამართლო პროცესებისთვის, მტრობისთვის, რომელიც ვინ იცის, როდის დასრულდება.
შეუძლებელია ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური კრიზისების შორეული შედეგების წინასწარ დანახვა. 11 სექტემბრის შემდეგ ვერავინ იტყოდა, რა სახეს მიიღებდა ახლო აღმოსავლეთი და ვერც ვინმე ივარაუდებდა, რომ 2008 წლის ფინანსურ კრიზისს გლობალური პოპულიზმის გაჩენა მოჰყვებოდა. შეთქმულების თეორიები კრიზისამდეც ფართოდ იყო გავრცელებული შეერთებულ შტატებში, სტრესისა და ტკივილის გაძლიერებასთან ერთად კი ადვილი წარმოსადგენია ახალი პოლიტიკური მოძრაობებისა და თვით ახალი რელიგიების გაჩენაც.
სავსებით შესაძლებელია, დემოკრატები ისევ ხმაურით დაბრუნდნენ ნოემბერში, რადგან ამომრჩევლები ახლანდელი ადმინისტრაციით დაღლილნი იქნებიან. მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ისინი დაჩოქილ, იდენტობის ხაზებით უმოწყალოდ დასერილ ქვეყანას ჩაიბარებენ. კეთილ, კრიზისამდელ დროში ტრამპის ადმინისტრაციამ ისეთ ნიშნულზე აიყვანა სახელმწიფო ვალი, 2008 წლის კრიზისის მერე რომ არ ყოფილა, ახლა კი ის მოულოდნელად გასამმაგდა. ამ ტვირთის ზიდვა მხოლოდ მომდევნო ადმინისტრაციას კი არა, მომდევნო თაობას მოუწევს. დემოკრატიული პარტიის მარცხენა ფრთა გადასახადების მკვეთრად გაზრდაზე მსჯელობდა, რაც ისეთი ამბიციური სოციალური პროგრამების განხორციელების საშუალებას მისცემდა, როგორიცაა უფასო კოლეჯები და საყოველთაო ჯანდაცვა. ეს თანხა ახლა იმ ვალდებულებების შესასრულებლად უნდა იყოს მიმართული, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში ავიღეთ კოვიდ-19-თან საბრძოლველად.
თუ სხვადასხვა ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეულ სხვადასხვაგვარ წარმატებას შევხედავთ, ორი კრიტიკული ფაქტორი გამოიკვეთება. პირველია სახელმწიფოს შესაძლებლობა სამედიცინო მუშაკთა რიცხვი, საგანგებო სიტუაციების მართვის მექანიზმები, ინფრასტრუქტურა და ხელმისაწვდომი რესურსები. მეორე კრიტიკული ფატორი კი ნდობის ის ხარისხია, რომელსაც მოქალაქეები მთავრობის მიმართ იჩენენ. ყველა ქვეყნისთვის დემოკრატიული იქნება თუ ავტორიტარული მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ნებაყოფლობით დაიცვან სახელმწიფოს წესები. საქმე ცუდადაა, თუ სხვა გზა აღარ რჩება იძულების გარდა აი, ეს კი მუდამ უნდა ახსოვდეთ ამერიკელ გუბერნატორებს. გერმანია და სამხრეთ კორეა ის დემოკრატიული ქვეყნები არიან, სადაც ნდობის ამგვარი ხარისხი არსებობს და მათი შედეგებიც მათივე მეზობლებისაზე უკეთესია.
შეერთებული შტატები უდიდეს სახელმწიფოებრივ პოტენციალს ფლობს ფედერალურ, საშტატო თუ ადგილობრვ დონეებზე, რომლის დიდი ნაწილიც ამ მომენტისათვის გამოყენებული არ არის. რაც ამ ქვეყანას არა აქვს _ სოციალური თუ პოლიტიკური ნდობის მაღალი ხარისხია. აქ გაჩენილი უკიდურესი პოლარიზაცია ამერიკის უდიდეს სისუსტედ რჩება, რასაც სიხარულით იყენებენ მისი მოწინააღმდეგეები, მაგალითად, რუსეთი. პოლარიზაცია დრამატულად გაიზარდა ტრამპის მმართველობის დროს და არაფერი მიანიშნებს მის შესუსტებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე ყველა ამერიკელს თანაბრად ემუქრება. და თუ მომავალზე დავფიქრდებით, შეიძლება ვთქვათ, რომ შეერთებული შტატები ვერ შეძლებს სერიოზული პრობლემების მოგვარებას, თუ კულტურული იდენტობების ფუნდამენტურ დაყოფას საშველი არ მოეძებნა.