article-img

რუსული ფული და დასავლეთის ორმაგი სტანდარტები

ფრენკ ვოგლი

პუტინის ხალხი: როგორ დაიბრუნა კგბ-მ რუსეთი და მოიცალა დასავლეთისთვის
ქეთრინ ბელტონი

Farrar, Straus and Giroux, 2020

ბორის ჯონსონის მთავრობას არ სჯეროდა. „ბრექსიტის“ რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის კვალზე არაფერი გვსმენია,“ აცხადებდა ჯონსონი. როცა საპარლამენტო კომისიამ დაასკვნა, რომ შესაძლო ჩარევის გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არსებობდა, ჯონსონმა უპასუხა, რომ რეფერენდუმის რეტროსპექტული შეფასების საჭიროება არ არსებობდა.

თემთა პალატის უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნის მიხედვით დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლით დამთავრებულ რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის კვალი საკმარისზე მეტია. მტკიცებულებებს შორისაა კიბერ-თავდასხმები ვებსაიტებზე, დეზინფორმაციის მიზანმიმართული კამპანიები როგორც 2014 წლის შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისას, ისე 2016 წელს „ბრექსიტის“ რეფერენდუმისას.

2020 წლის ივლისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში კომიტეტის წევრები წერდნენ: „ჩვენთვის წარდგენილი წერილობითი მტკიცებულება გვაფიქრებინებს, რომ მისი უდიდებულესობის მთავრობამ ვერ დაინახა დიდი ბრიტანეთის დემოკრატიულ პროცესებში გარე ძალების ჩარევა, რომელმაც მიზანს მიაღწია და გავლენა მოახდინა არჩევნების პროცესზე და შედეგებზე… ჩვენ ხელთ არ ვფლობთ რუსული ჩარევის რეფერენდუმის შემდგომ შეფასებას.“

მოხსენების საჯარო განხილვისას, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ არაფერი თქვა შოტლანდიურ რეფერენდუმზე. რატომ არ ისურვა პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის მთავრობამ ამ რეფერენდუმში რუსული ჩარევის შესაძლო შემთხვევების გამოძიება მისი დასრულების შემდეგ? რატომ არ ისურვა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ „ბრექსიტის“ რეფერენდუმის დასულების შემდეგ ანალოგიური მოკვლევის ჩატარება? რატომ არ აფასებს სერიოზულად ამ საფრთხეს ახლა ბორის ჯონსონი? რა აქვს ბრიტანეთის მთავრობას დასამალი?

ანალოგიური შეკითხვები ისმის ატლანტიკური ოკეანის მეორე მხარესაც. დონალდ ტრამპი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევის ამბავს „ჭორი“ და „ფეიკ ნიუსი“ უწოდოს. გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ტრამპის შეფასების დასადასტურებელ გამოძიებას სათავეში ჯო დარემი, კონეკტიკუტელი პროკურორი, ჩაუყენა. დარემი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ამ მიზნის მისაღწევად მას სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ რუსეთის ჩარევის შესახებ 2019 წელს ჩატარებული გამოძიების დეტალური ანგარიშის უარყოფა მოუწია. მიულერის გამოძიების შედეგად ბრალი რუსული სპეცსამსახურების 12 აგენტს წარედგინა.

თემთა პალატის უსაფრთხოების კომიტეტს მოხსენებაზე მუშაობის დაწყება რუსეთის მიერ დიდი ბრიტანეთის მიმართ აგრესიული სადაზვერვო ღონისძიებების გატარებამ გამოიწვია. მყარდებოდა ვარაუდი, რომ ლონდონი კრემლის საიდუმლო სამსახურების პრიორიტეტული სამიზნე იყო. რუსეთის სპეცსამსახურების ძირითადი მიზნები დასავლეთში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია, მოწინავე ტექნოლოგიების ხელში ჩაგდება და დასავლეთის ქვეყნებს შორის ალიანსების და შესაბამისად თანამშრომლობის შესუსტებაა. არჩევნებში ჩარევა, ამ შემთხვევაში, აისბერგის წვერია.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ახალი არაფერია. აქ ყველაზე საინტერესო იმის გაგებაა, თუ როგორ მოახერხა კრემლმა დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე ისეთი გავლენის მოხდენა, რომ ამ უკანასკნელს რუსეთის ბრიტანეთის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის გამოძიებაზე ხელი ააღებინა (ანალოგიური კითხვა ისმის შეერთებული შტატების მიმართებითაც, სადაც ტრამპმა ძალისხმევა არ დაიშურა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის უარსაყოფად და შესაბამისი გამოძიების შესაფერხებლად).

უსაფრთხოების კომიტეტის მოხსენება ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო ელემენტებს გვაწვდის, რომელსაც ამდიდრებს „ფაინენშალ თაიმსის“ მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, ქეთრინ ბელტონის, ახალი წიგნი „პუტინის ხალხი: როგორ დაიბრუნა კგბ-მ რუსეთი და მოიცალა დასავლეთისთვის“.

ერთი რამ ახლა ნათელია: 20 წლის განმავლობაში კრემლი მისდევდა კომპლექსურ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მიზანი დასავლეთის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებზე გავლენის დამყარება იყო.

თემთა პალატის მოხსენების ერთ-ერთი თავის სათაურია „ოლიგარქებისთვის ღია კარი“. იქ ვკითხულობთ, რომ წლების განმავლობაში ბრიტანეთის მთავრობა სხვადასხვა სახით ახალისებდა რუსი ოლიგარქების დიდ ბრიტანეთში გადმოსახლებას და ხელს უწყობდა მათ ინვესტიციებს ბიზნესსა და უძრავ ქონებაში (რაც შემდგომში ტერმინი “ლონდონგრადის“ გაჩენას განაპირობებს). მოხსენებაში ვკითხულობთ:

„ფული ასევე იხარჯებოდა ბრიტანული საზოგადოების სხვადასხვა წრეებში გავლენის დასამყარებლად და გასაძლიერებლად. ამისთვის ფინანსური ინვესტიცია ხდებოდა საზოგადოებრივი ურთიერთობის კომპანიებში, საქველმოქმედო ფონდებში, პოლიტიკურ ჯგუფებში, საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებში, რომლებიც სიამოვნებით თანხმდებოდნენ რუსული ფულის მიღებას და ამით, ოლიგარქების „რეპუტაციის გათეთრების“ პროცესში მონაწილეობდნენ. რუსული გავლენა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, პუტინთან დაახლოებული ბევრი რუსეთის მოქალაქე ბრიტანული საზოგადოების კარგად ინტეგრირებული წევრი გახდა, რაც, პირველ რიგში, მათმა შეუზღუდავმა ფინანსურმა შესაძლებლობებმა განაპირობა.“

ქვეყანაში, რომელშიც პარლამენტის ზედა პალატის წევრებს მათი ბიზნეს და ფინანსური ინტერესების დეკლარირება არ უწევთ, „ლორდთა პალატის წევრთა გარკვეულ ნაწილს რუსეთთან ბიზნეს ინტერესები აკავშირებთ, ზოგიერთი მათგანი კი პირდაპირაა დაკავშირებული რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან.“

ბელტონის წიგნი წყაროებითა და დადასტურებული ინფორმაციის სიმდიდრით გამოირჩევა, ეს შეუძლებელს ხდის ავტორის ძირითადი თეზისების შეთქმულების თეორიებად მონათვლას. მოსკოვში გატარებული წლების განმავლობაში ის უამრავ რუსს ესაუბრა, მათ შორის მათაც, ვინც პუტინის აღზევებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში რუსული გავლენის ანალიზისას ბელტონი იმ ფაქტობრივი მასალით მდიდარ ცნობებს ეყრდნობა, რომლებიც კგბ-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ რუსული სახელმწიფოს სადავეების ხელში ჩაგდებას მიუთითებენ. სახეზეა მათი პარტნიორული ურთიერთობები კრიმინალური სამყაროს გავლენიან ჯგუფებთან. აქვეა პუტინიც, რომლის კრიმინალთან კავშირები 1990-იან წლებში სანკტ-პეტერბურგის მერიაში მუშაობის პერიოდიდანვე იკვეთება.

რუსეთის სახელმწიფოს კორუფციასთან და კრიმინალთან შერწყმის უამრავი მაგალითი მოჰყავს კერენ დევიშსაც მის ცნობილ კვლევაში „პუტინის კლეპტოკრატია: ვისია რუსეთი?, რომელიც მან 2014 წელს გამოსცა.
დევიშის წიგნის შესავალში ვკითხულობთ:

„პუტინის რუსეთი „მაფიოზურ სახელმწიფოდ“ იქცა. სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში, საერთო სარგებლის მიღებისთვის მოქმედებენ. კრიმინალები კრემლის მიერ დაწესებული წესებითა და მითითებებით მოქმედებენ და პუტინის ძალაუფლების დაცვის, მისი რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილთა გაჩუმების და საერთო ეკონომიკური ინტერესების დაცვის ფუნქციებს ასრულებენ.“

ბელტონი ამ შეხედულებას იზიარებს და მკითხველებს იმ პირების პორტრეტებს სთავაზობს, რომლებმაც „მაფიოზური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, მისგან უზარმაზარი ფინანსური სარგებელი მიიღეს და ახლა ძალაუფლებას ფლობენ. 1990-იანი წლების განმავლობაში და 21-ე საუკუნის დასაწყისში პუტინი ამ ხალხიდან ერთ-ერთია. ის მის ზემდგომთა მითითებებს ასრულებს, ამყარებს საქმიან კავშირებსა და მეგობრულ ურთიერთობებს. ის ძალაუფლებას ხელში მოგვიანებით ჩაიგდებს.

გარდამტეხი მომენტი პუტინის მიერ ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის, მიხეილ ხოდორკოვსკის დაპატიმრება იქნება. 2003 წლის ოქტომბერში ამ უკანასკნელს შემდგომში ციმბირში იძულებით გატარებული ათი წლის თავიდან აცილება ვერ კიდევ შეეძლო. ამისთვის ის კრემლისთვის უზარმაზარი თანხის გადახდას და მის მფლობელობაში არსებული რუსეთის უდიდესი ენერგო-კომპანია „იუკოსის“ პუტინის გარემოცვისთვის დათმობას უნდა დათანხმებულიყო.
ხოდორკოვსკიმ, რომელიც ამ დროს რუს ოლიგარქებს შორის უმდიდრესი იყო, სათანადოდ ვერ შეაფასა პუტინის ხელთ არსებული ბერკეტები და მისი დაუნდობლობა. ის ღიად დაუპირისპირდა პუტინს და კრემლში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე წარსდგა პრეზენტაციით „კორუფცია რუსეთში: ეკონომიკური ზრდის მუხრუჭი.“
კგბ-ს ყოფილი კოლეგებისა და ახალი ბიზნეს-პარტნიორების მიერ შეგულიანებულმა პუტინმა დაიჯერა, რომ მას რუსეთის წარსული დიდების დაბრუნება, პეტრე პირველის იმპერიის აღდგენა შეეძლო. ამ კუთხით, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებზე გავლენის დამყარება მისი გეგმის ნაწილი თავიდანვე იქნებოდა.

ამ გეგმის წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ორი საკვანძო ამოცანის შესრულებას ჰქონდა: პუტინის რეჟიმის ყველა შესაძლო ოპონენტების განადგურება და კრემლის სრული კონტროლის დამყარება რუსეთის ნავთობისა და გაზის უზარმაზარ რესურსებზე. ხოდორკოვსკის დაჭერამ გზა არა მარტო „იუკოსის“ ხელში ჩაგდებას, არამედ დანარჩენ ოლიგარქთა დამორჩილებასაც გაუკვალა. გზავნილი მარტივი და გასაგები იყო: პუტინთან წინააღმდეგობას სავალალო შედეგები მოყვებოდა. თუმცა პუტინთან გარიგების მეორე ნაწილი, რომელიც დღესაც ძალაშია, ნიშნავდა, რომ ოლიგარქების გამდიდრებას ხელს არაფერი შეუშლიდა იმ პირობით, თუ ისინი პუტინის დახმარებისთვის ნებისმიერ დროს იქნებოდნენ მზად. მათი “დახმარება“ მოიცავდა ყველაფერს რაშიც პუტინის რეჟიმს სარგებელი შეეძლო ენახა: მნიშვნელოვანი ბიზნეს აქტივების პუტინის მეგობრებისთვის დაბალ ფასად დათმობიდან შეერთებულ შტატებში მათი კონტაქტების კრემლისთვის სასურველი შედეგების მისაღებად გამოყენებამდე.

ბელტონის ინფორმაციით, 1980-იანი წლების დასასრულს, როცა საბჭოთა კავშირის დაშლას წინ აღარაფერი ედგა, კგბ დასავლეთში გაგზავნილ აგენტებს ბიზნეს-საქმიანობის დაწყებას, ფინანსური აქტივების დაგროვებას და ბიზნეს-წრეებში სანაცნობო ქსელის შექმნას ავალებდა. ამ ყველაფრისთვის აგენტებს ნაღდი ფულის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით ამარაგებდა. პუტინის მიერ საპრეზიდენტო სავარძლის დაკავების შემდეგ, კრემლმა ამ სტრატეგიის ახალ სიმაღლეზე აყვანა გადაწყვიტა. ოლიგარქებს აღარაფერი დარჩენოდათ გარდა ამ თამაშში ჩართვისა და პუტინის გეგმების მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით მხარდაჭერისა.

ოლიგარქი, რომელიც პუტინის გარემოცვაში თავიდანვე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რომან აბრამოვიჩი იყო. მან პირველი მილიონები 1990-იანი წლებში ნავთობით ვაჭრობით დააგროვა და სხვა ოლიგარქებისგან განსხვავებით, მალევე მიხვდა, თუ რას მოასწავებდა პუტინის მიერ ძალაუფლების ყველა ბერკეტის ხელში ჩაგდება. 2003 წელს აბრამოვიჩმა გამოაცხადა, რომ ლონდონის „ჩელსის“ ყიდულობდა. საფეხბურთო კლუბში მან 240 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. „პუტინის გარემოცვამ სწორად ივარაუდა, რომ ბრიტანული საზოგადოებისთვის თავის მოწონების უმოკლესი გზა ბრიტანელების საყვარელი ეროვნული სპორტის გამოყენება იყო.“

წიგნში ვხვდებით საუბრებს სერგეი პუგაჩოვთან, პუტინთან დაახლოებულ და მის აღზევებაში აქტიურად მონაწილე ოლიგარქთან. პუტინის გაძლიერების შემდეგ მას რუსეთიდან გაქცევა მოუწია, მან თავი ჯერ დიდ ბრიტანეთს, შემდეგ კი საფრანგეთს შეაფარა. პუგაჩოვის თქმით, პუტინმა მას პირადად უთხრა, რომ აბრამოვიჩის მიერ „ჩელსის“ შეძენა დიდ ბრიტანეთში რუსეთის პოზიციების გაძლიერების გეგმის ნაწილი. ამ დასკვნას ნაწილობრივ თემთა პალატის მოხსენებაც ადასტურებს: „დიდი ბრიტანეთი ოლიგარქების მიმართ კეთილგანწყობილი იყო.“

დიდ ბრიტანეთში, განსაკუთრებით კი ლონდონში, უძრავი ქონების შეძენა მდიდარი „ახალი რუსების“ ტრადიციად იქცა. უძრავ ქონებას ბიზნეს საქმიანობა დაემატა, რუსული კომპანიები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოჩნდნენ, დამყარდა კავშირები მათსა და დასავლურ ბანკებსა და საინვესტიციო ფონდებს შორის. ნავთობის ფასების ზრდასთან გაიზარდა რუსეთიდან გატანილი კაპიტალის მოცულობაც. ეს ფული დასავლეთში, საინვესტიციო ფონდებში დაილექა. დასავლეთი რუსებს და მათ კაპიტალს გაშლილი ხელებით შეხვდა. ეს ბანკირებისა და ინვესტორებისთვის ფინანსური მოგების გაზრდის ახალი საშუალება იყო, ეს ყველას აწყობდა. ლონდონში ცხოვრობს ამჟამად მიხეილ ხოდორკოვსკიც, რომელიც მისი დაპატიმრებისას და „იუკოსის“ პუტინის გარემოცვის მიერ მისაკუთრებისას დასავლეთის პასიურობას მძიმე შეცდომად აფასებს: „დასავლეთის ინსტიტუტების სტრატეგიული შეცდომა იყო იმის დაშვება, რომ პრინციპების დავიწყება უკვალოდ ჩაივლიდა.“

ბელტონი ამ მოსაზრებას ეთანხმება: „პუტინს აზრი არასდროს შეუცვლია. ის დარწმუნებულია, რომ დასავლეთში ნებისმიერის ყიდვა შეიძლება, ხოლო კომერციული და ფინანსური ინტერესი საკითხის მორალურ მხარეს ყოველთვის გადაწონის.“

სწორედ ასეთი მსოფლმხედველობის დასავლელ ბიზნესმენზე საუბრობს ბელტონი მისი წიგნის ბოლო თავში. ამბავი შალვა ჩიგირინსკის გაცნობით იწყება – ის ერთ-ერთია 1980-იანი წლების ბოლოს შეერთებულ შტატებში გაგზავნილი იმ აგენტებიდან, რომლებიც კგბ-მ დასავლეთში ბიზნესის დასაწყებად საჭირო ფინანსური რესურსებით უზრუნველყო. ჩიგირინსკი ტრამპს 1990 წლის ნოემბერში, ატლანტიკ-სიტიში, ამერიკელი ბიზნესმენის ერთ-ერთ კაზინოში ხვდება. წლების განმავლობაში ტრამპი მის გარდა ბევრ რუს ბიზნესმენს შეხვდება და დაუმეგობრდება. მათი ნაწილი ტრამპის ორგანიზაციასთან საქმიან ურთიერთობას გააგრძელებს და მის დეველოპერულ პროექტებს დააფინანსებს.

ასეთი გარიგებების ნაწილი საჯარო იყო, ნაწილი ოფშორული და ფიქტიური კომპანიების მეშვეობით კეთდებოდა, რაც მათი საბოლოო ბენეფიციარების დადგენას შეუძლებელს ხდიდა. ფინანსური ტრანზაქციების ნაწილი „დოიჩე ბანკის“ მეშვეობით ხორციელდებოდა. ამ გარიგებებს შორის საინტერესოდ გამოიყურება კაზინო „თაჯ-მაჰალის“ გაკოტრებისგან გადარჩენა. ტრამპი მისმა კრედიტორებმა გადაარჩინეს, ისინი მათ მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების გადავადებას დათანხმდნენ. მათ შორის მრავლად იყვნენ რუსები ან რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენები. ერთ-ერთ მათგან ინვესტორი უილბურ როსი იყო.

უცნაურია, მაგრამ ტრამპის რუსეთთან ურთიერთობების გამოძიებებში როსის გვარს არსად გამოჩენილა. ტრამპის პრეზიდენტობისას ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნად დაინიშნა. 2017 წლამდე, სანამ თანამდებობაზე დანიშვნის გამო მის ბიზნეს საქმიანობაზე უარის თქმა მოუწევდა, როსი „კვიპროსის ბანკის“ თანამფლობელი იყო. ბანკი მის ხელში 2013 წელს გაკოტრების შემდეგ ჩავარდა. როსთან ერთად ბანკის მფლობელი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ფინანსისტი, ვიქტორ ვექსელბერგი გახდა. ვექსელბერგი შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის მიერ სანქცირებულთა სიაში 2018 წელს მოხვდება.

ვაშინგტონის მიერ კრემლის აგრესიული ქმედების საპასუხოდ მიღებული ამ იშვიათი გადაწყვეტილების შედეგად ვექსელბერგთან ერთად სანქციები ექვს რუს ოლიგარქს, მათ 12 კომპანიას და რუსეთის მთავრობის 17 წევრს დაეკისრა. შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი დიდი ბრიტანეთიდან 30 რუსი დიპლომატის გაგდების შემდეგ გადადგა. ლონდონის მიერ ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღება მოსკოვის მიერ სოლსბერიში მცხოვრები ყოფილი რუსი ჯაშუშის და მისი შვილის აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებით მკვლელობას მოჰყვა.
თემთა პალატის მოხსენება 2018 წელს მიღებულ ამ გადაწყვეტილებას განსხვავებულ კონტექსტში გვაჩვენებს და მიგვანიშნებს, რომ ბრიტანელები რუსეთის მიერ მათ წინააღმდეგ მოქმედების მასშტაბებს ხვდებოდნენ. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ როცა საქმე „ბრექსიტის“ რეფერენდუმს შეეხო, ჯონსონმა კატეგორიულად გამორიცხა რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების აუცილებლობა.

დღეს აღარავის ეპარება ეჭვი, რომ განგაშის ზარს გაცილებით ადრე უნდა დაერეკა, როცა მოსკოვი ფინანსური ინვესტიციებითა და ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ფეხის მოკიდებას ცდილობდა.

ამ უყურადღებობის ერთ-ერთი მიზეზი იმ ფულის უზარმაზარი რაოდენობა იყო, რომლებსაც რუსები უნივერსიტეტებისგან, კვლევითი ინსტიტუტებისგან და საქველმოქმედო ფონდებისგან ნდობის მოსაპოვებლად იყენებდნენ. ამ დროს დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების ძირითადი ყურადღება და რესურსები 11 სექტემბრის შემდეგ ტერორიზმთან დაწყებულ ომზე იყო გადართული. ცივი ომის დამთავრების შემდეგ ათი წელი იყო გასული და რუსეთის მიმართ განწყობა გაცილებით მეგობრული იყო, დასავლეთი მზად იყო რუსეთთან უფრო ღრმა სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები დაემყარებინა. ასეთ შესაძლებლობას როგორც ბრიტანეთი, ისე შეერთებული შტატები ხედავდა, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ამერიკელი და ბრიტანელი პოლიტიკოსები პუტინის გლობალური ამბიციების მასშტაბს სათანადოდ ვერ აფასებდნენ.

მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურები ბრიტანელებთან შედარებით უკეთესად მომზადებულები და უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ. თუმცა ვერავინ უარყოფს იმ მოცემულობას, რომლის მიხედვით მოსკოვის მიერ ამერიკისა და ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან და მდიდარ წრეებზე გავლენის დამყარება შესანიშნავ შედეგებს აჩვენებდა.

ტრამპი და ჯონსონი რუსეთის გლობალურ თამაშში ხშირად პაიკებად ჩანდნენ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მოსკოვის მიერ დასავლეთის დემოკრატიული სისტემის საფრთხეში ჩაგდების მიუხედავად, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები მათ წინაშე არსებული პრობლემის სიმძიმეს ვერ აღიქვამდნენ. კრემლი უკვე დაუფარავად აფინანსებს დასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმებისადმი კეთილგანწყობას იჩენენ და მოსკოვს ურთიერთობების გამოსწორებას პირდებიან.

ბელტონის წიგნის დამამთავრებელ ნაწილში ამტკიცებს, რომ კრემლში არსებული შიდა დაპირისპირებები პუტინის რეჟიმის დასასრულს დააჩქარებს, თუმცა ამ თეორიას მყარი არგუმენტებით ვერ ამაგრებს. თემთა პალატის მოხსენებაში მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, ერთადერთი რის გაკეთებაც ამჟამად დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ დემოკრატიული პროცესებში ავტორიტარული რეჟიმების მომავალი ჩარევის პრევენციაა. პუტინის რეჟიმის მიერ წარსულში გატარებული ღონისძიებების ზიანის გამოსწორებას წლები დასჭირდება. თემთა პალატის მოხსენება ასე მთავრდება:

„უპირველესი პრიორიტეტი ახალი კანონმდებლობის დაწესებაა: უსაფრთხოების სამსახურებს უნდა მიეცეთ არსებული გამოწვევების შესაბამისი ბერკეტები და ყველა რესურსი, რომელიც მათ ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან გამკლავების საშუალებას მისცემს. ეს გულისხმობს პუტინის რეჟიმის აგენტებთან და რუსული ელიტის ფინანსურ მაქინაციებთან ეფექტური ბრძოლის და მათი დამხმარე “შუამავლების“ გაუვნებელყოფისთვის საჭირო სამართლებრივ ბაზას.“

დიახ, დასაწყისისთვის ეს კარგი იქნება. მაგრამ მხოლოდ დასაწყისისთვის.

ფრენკ ვოგლი
ფრენკ ვოგლი ფონდი „პარტნიორობა გამჭვირვალეობის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და „საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ თანადამფუძნებელია.