პოსტ-პანდემიური უსაფრთხოების სისტემის შექმნა
დაგვეხმარება თუ არა კორონავირუსი სოციალური უსაფრთხოების სისტემასა და კეთილდღეობის პოლიტიკაში ხანგრძლივი ცვლილებების განხორციელებაში? ისტორია გვეუბნება, რომ აქტიური პოლიტიკური ძალისხმევის გარეშე ეს შეუძლებელია.
“ნიუ-იორკ-თაიმსში» ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც შრომის ბაზრის მომავალზე კორონავირუსის გავლენას ეხება, ჟურნალისტ მირიამ პაუელს მაგალითად მოაქვს უპრეცენდენტო აყვავება, რომელიც კალიფორნიას II მსოფლიო ომმა მოუტანა; ავტორი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა, პანდემიამაც მსგავსი მნიშვნელობის ცვლილება გამოიწვიოს. ისეთი სარგებელი, როგორიცაა ანაზღაურებადი შვებულება, ან უსახლკაროთათვის თავშესაფრის გამონახვა, რაც პანდემიამ მის შტატს მოუტანა, პაუელის ვარაუდით, მუდმივი იქნება. მის მსგავსად, «ვაშინგტონ-პოსტის» ჟურნალისტი ჯადა იუანი და ადამ ჰარისი ჟურნალ «ატლანტიკიდან» ვარაუდობენ, რომ თითოეული მოქალაქისთვის 1200 დოლარის ოდენობის დახმარება პანდემიის დროს ენდრიუ იანგის უნივერსალური საბაზისო შემოსავლის იდეის გამართლებაა და შესაძლოა, მისი ფართოდ დანერგვის წინაპირობად იქცეს.
როგორც ძლიერი სოციალური უსაფრთხოების სისტემის მომხრეს, ძალიან მინდა მათი ოპტიმიზმი გავიზიარო, მაგრამ ისტორია და კრიზისული პოლიტიკის საბოლოო შედეგები სხვაგვარად მაფიქრებინებს.
განვიხილოთ II მსოფლიო ომის მაგალითი. ომი, როგორც პაუელი წერს, ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის ძლიერი ბიძგი იყო, არა მხოლოდ კალიფორნიაში, არამედ ქვეყნის სხვა ნაწილებშიც, მაგრამ მისით ყველას თანაბრად და ხანგრძლივად არ უსარგებლია, განსაკუთრებით ქალებს, მათ შემთხვევაში ომისდროინდელი ცვლილებები ხანმოკლე აღმოჩნდა. სულ რამდენიმე წელს გაგრძელდა ქალებისთვის კარგად ანაზღაურებად ინდუსტრიულ სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობა და მათი აღმასვლით გულმხურვალე აღტაცება, მაგალითისთვის მემოქლონე როუზის გახსენებაც კმარა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფრო-ამერიკელ ქალებს კარგად ანაზღაურებად, მაღალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, ხოლო იაპონური წარმოშობის ამერიკელმა ქალებმა ქონების ექსპროპრიაცია და მასობრივი დისკრიმინაცია გამოიარეს). იმაში დასარწმუნებლად, რომ ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად დრო საკმარისი რაოდენობის ქალს ექნებოდა, ფედერალურმა მთავრობამ 3000-ზე მეტი ბაღისთვის დაფინანსება გამოყო, რაც ქვეყნის მასშტაბით 600 000 ბავშვს გულისხმობდა.
მსგავსი დასაქმების შესაძლებლობები და საზოგადოებრივი შეღავათები არა მხოლოდ უმაგალითო იყო, არამედ დამკვიდრებულ გენდერულ ნორმებსაც არყევდა. ბოლოს და ბოლოს, ქალის ადგილი შინ იყო. ამერიკულმა საზოგადოებამ მიიღო ეს სიახლეები იმ დათქმით, რომ ისინი საომარ ვითარებაში იყო საჭირო და მხოლოდ გარკვეულ ხანს გასტანდა. და მართლაც, ეს პრივილეგიები გამარჯვების გამოცხადებისთანავე გაქრა. საბავშვო ბაღების ფედერალური დაფინანსება შეწყდა, რამაც ბევრი მათგანის დახურვა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ასიათასობით დედა განაგრძობდა სამსახურში სიარულს. მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიული სამუშაოები ქალებისთვის აღარ იყო. ეს ადგილები დემობილიზებულმა კაცებმა დაიბრუნეს. კანონმა, რომელიც ომის მონაწილეთათვის შეღავათების მინიჭებას გულისხმობდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუწყო ხელი გარეუბნებში ბინათმშენებლობას. მილიონობით ამერიკელს შანსი მიეცა, ცხოვრებაში პირველად, საკუთარი სახლი ჰქონოდა, მილიონობით ქალი კი საკუთარი შემოსავლის არმქონე დიასახლისად იქცა. ქალების ნაწილი მიესალმა ამ როლს, ბევრი მათგანი კი იმ სინდრომით იტანჯებოდა, რომელსაც ბეტი ფრიდანმა მოგვინებით უწოდა «პრობლემა, რომელსაც სახელი არ აქვს».
როგორც ფემინისტს, არაერთხელ დამისვამს შეკითხვა, რატომ არ აჯანყდა ყველა ეს როუზი, რათა თავიანთი მაღალანაზღაურებადი სამსახურები შეენარჩუნებინათ, ფედერალურ მთავრობას კი ბავშვებზე ზრუნვა განეგრძ? ამის სანაცვლოდ მათმა ქალიშვილებმა წამოიწყეს 1960-70-იანი წლების ქალთა მასობრივი მოძრაობა და ბრძოლა გააჩაღეს სამუშაო ადგილებზე თანასწორობისა და ისეთი შეღავათებისთვის, როგორიც, მაგალითად, ბავშვების ბაღით უზრუნველყოფაა, რათა განათლების მიღებისა და კარიერის შექმნის საშუალება ჰქონოდათ და ოჯახები ერჩინათ. ეს ბრძოლა კვლავაც გრძელდება. ცხადია, აშშ-ში დღესაც საბავშვო ბაღების არნახული ნაკლებობაა, ხოლო ამერიკელმა ქალებმა თავიანთი შემოსავლის გაზრდა, საშუალოდ, კაცების შემოსავლების მხოლოდ 82 პროცენტამდე შეძლეს.
როგორც ისტორიკოსმა, დავასკვენი, რომ ომისშემდგომი უკუსვლა სტატუს ქუო ანტე ბელლუმ-ის ყოვლისმომცველი სურვილით იყო განპირობებული. ამერიკელი კაცები ვაჟკაცურად იბრძოდნენ და თავს დებდნენ, ბევრი მათგანი შინ ომის ჭრილობებით დაბრუნდა. ისინი იმსახურებდნენ ყველა იმ ჯილდოს, რომლის მიცემაც მათთვის მადლიერ ქვეყანას შეეძლო. იმის დასტურად, რომ ინდუსტრიულ სამუშაოებზე ქალების დასაქმება და დაფინანსებული საბავშვო ბაღები მხოლოდ დროებითი ზომა იყო, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს კაცების უწინდელ, ოჯახის მთავარი მარჩენლის პოზიციაზე დაბრუნებას – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალები გამალებით შეუდგნენ პოპულაციის ზრდას ბეიბი-ბუმერებით. ქალებს გაწეული სამსახურისთვის ფორმალური მადლობა გადაუხადეს, ამის შემდეგ კი პროფკავშირებმა მათი მშვიდობიანი დროის რეჟიმს დაბრუნებულ ქარხნებში კაცებით ჩანაცვლება უზრუნველყო.
აქ როლს ასრულებდა როგორც ეკონომიკური მოსაზრებები, ისე გენდერული შეხედულებები. ამერიკული პოლიტიკური კულტურაც ხელს უშლიდა გრძელვადიანი სოციალური ცვლილების მიმართულებით წინსვლას. კონგრესს ჯერ კიდევ წინ ჰქონდა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის საწინააღმდეგო კანონის მიღება და არავის სურდა ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის შემოღება, მითუმეტეს, საბავშვო ბაღების დაფინანსება. ვეტერანებისთვის დაწესებული შეღავათები საგულისხმო გამონაკლისი იყო, რომელიც მომენტის უნიკალურობით აიხსნება, პატრიოტული გრძნობა ისეთი მძაფრი იყო, რომ პოლიტიკური თავშეკავება გადაწონა.
საინტერესოა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს განვითარების შედარება 1940-იანი წლების მიწურულის ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში. მარშალის გეგმის მეშვეობით ფიზიკური და ეკონომიკური აღდგენის კვალდაკვალ, 1950-იანი წლებისთვის რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას ჰქონდა საყოველთაო ჯანდაცვის გარკვეული მოდელი, უმუშევართა და საპენსიო დაზღვევა და უფასო განათლება (უნივერსიტეტების ჩათვლით). ყველაზე საგრძნობი პროგრესი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მოხდა, სადაც სოციალ-დემოკრატიამ ფეხი უკვე ომებს შორის პერიოდში მოიკიდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქალებისთვის განკუთვნილი შეღავათები ბევრი არც იქ ყოფილა. ჩრდილოელი ქალები 1930-იანი წლებიდან სარგებლობდნენ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, შეღავათით, რომელიც ერის გამრავლებით უფრო იყო ნაკარნახევი, ვიდრე ეგალიტარიზმით, მაგრამ სხვა პოლისები იგვიანებდა. შვედეთმა, რომელიც ბავშვთა დაზღვევის შესანიშნავი სისტემითაა განთქმული, ეს სერვისი მხოლოდ 1970-იან წლებში შემოიღო, როცა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქალთა სხდომამ ეს მოთხოვნა წამოაყენა. ბავშვთა დაზღვევის პოლიტიკა ჩრდილოეთის სხვა ქვეყნებშიც მსგავსი იყო, მაგრამ არცერთი მათგანი არ უთმობდა ყურადღებას ქალთა დისკრიმინაციას სამუშაო ადგილებზე, რის შედეგადაც სამუშაო ძალის გენდერული სეგმენტაცია ამ ქვეყნებში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
რა შეიძლება ისწავლოს პოსტ-პანდემიურმა აშშ-მ ამ ისტორიიდან? ერთი რამ ცხადია – საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი უფლებები და შეღავათები შემდგომ პერიოდზე ავტომატურად არ გავრცელდება.
ზემოთ განხილულ შემთხვევებში სოციალური მოძრაობები გადამწყვეტი ფაქტორი იყო საკითხების დღის წესრიგში დაყენებისა და მათი წამოწევისთვის საჭირო პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. უსახლკაროთათვის თავშესაფრის უზრუნველყოფისა და უნივერსალური საბაზისო შემოსავლის შემთხვევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ კლიმატზე (პოლიტიკური კლიმატის შექმნა კი, ნაწილობრივ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება პანდემია და მიღებულთაგან რომელი ზომები აღმოჩნდება ქმედითი).
პანდემიამდელი სტატუს-კვოსამი ნოსტალგია შესაძლოა შემცირდეს იმის გააზრების შედეგად, თუ როგორი მოუმზადებელი შეხვდა ჯანდაცვის ასეთ მასშტაბურ კრიზისს მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა მისი უსაფრთხოების სისტემაში არსებული სისუსტეების გამო. მაგრამ მიგვიყვანს კი ეს უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებისა და გაძლიერებისთვის საჭირო ფედერალური კოორდინაციისა და ინტერვენციის აუცილებლობის გააზრებასთან?
ჩვენ უკვე ვიხილეთ პოლიტიკურ ძალთა წინასწარი პოსტ-პანდემიური გადანაწილება კონგრესში ჩAღEშ-ის კანონპროექტის გარშემო გამართული დებატების დროს. მაშინ, როცა რესპუბლიკელები მხარს უჭერდნენ დიდი ბიზნესებისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფას, მინიმალური წინაპირობებითა და კონტროლით, დემოკრატები იბრძოდნენ მუშახელის დასაცავი ზომების მისაღებად, შტატებისა და ქალაქების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დიდი და მცირე ბიზნესების ქმედითუნარიანობის შესანარჩუნებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად.
თუკი CARES-ის აქტი, ან სხვა ფედერალური კანონი, რომელიც შესაძლოა მის კვალდაკვალ მიიღონ, წარმატებული აღმოჩნდება, არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ პანდემიასთან უკეთ გამკლავებას შეუწყობს ხელს, არამედ ეკონომიკის კოლაფფსაც აგვარიდებს თავიდან, დემოკრატები მზად უნდა იყვნენ, თავიდან გაიაზრონ მისი მნიშვნელობა და მის ფუძემდებლურ პრინციპებს დაეყრდნონ, რათა წარმატებას მიაღწიონ. ტრამპი, ეჭვი არაა, ამ წარმატების ნაწილად გამოაცხადებს თავს და იტყვის, რომ შედეგი ამართლებს მმართველობისადმი მის ქაოტურ მიდგომას, მაგრამ დემოკრატები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ საზოგადოებას ესმის ძლიერი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მნიშვნელობა _ მოქნილი სახელმწიფოსი, რომელიც საგანგებო სიტუაციებზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს და რომლის საფუძველიც ის სახელმწიფო ინსტიტუციები იქნება, რომლებიც ხანგრძლივი პოლიტიკური და მონეტარული მხარდაჭერით სარგებლობენ, ისევე, როგორც _ საუკეთესო სამეცნიერო ექსპერტიზით. ანაზღაურებადი შვებულება და უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა სარგებელთაგან მხოლოდ ორი იქნება, რომლებსაც ასეთი სახელმწიფო შემოგვთავაზებს.
სონია მიშელი
სონია მიშელი, მერილენდის უნივერსიტეტის კოლეჯ პარკის საპატიო პროფესორი, ავტორია წიგნისა «ბავშვების ინტერესები/დედების უფლებები: ბავშვთა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავება ამერიკაში» (Yale University Press, 1999)