article-img

პასუხი პრეზიდენტ პუტინს

ფილიპ დ. ზელიკოვი

ევროპარლამენტი და პრეზიდენტი პუტინი მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილებს ამახინჯებენ, მაგრამ მათი დებატები ნათელს ჰფენს შეკითხვებს მსოფლიო წესრიგის მომავალზე 2020-იან წლებში.

წელს ამერიკელები რამდენიმე კრიზისს უმკლავდებოდნენ. ერთ-ერთი იყო საჯარო დებატები ისტორიასა და საერთო მეხსიერებაზე, განსაკუთრებით კი – სამოქალაქო ომსა და მონობისა და რასიზმის მემკვიდრეობაზე. ამასობაში ევროპაში კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ისტორიული დებატები მიმდინარეობს, რომელიც ევროპის ისტორიაში ყველაზე სასტიკი კატაკლიზმის მიზეზებსა და გაკვეთილებს ეხება. ეს დებატები ამერიკელებსაც უნდა აღელვებდეთ.

2019 წლის 20 დეკემბერს, პარასკევს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგში სამიტის მრგვალ მაგიდას მიუჯდა. მასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა რვა სახელმწიფოს მეთაური დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნაწილისაგან შედგება. საათზე მეტხანს პუტინი მრისხანე ლექციას კითხულობდა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაზე.

რამდენიმე თვით ადრე, სექტემბერში, ევროპარლამენტმა იმავე საკითხზე საგულისხმო რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ცხადდებოდა, რომ გერმანია და საბჭოთა კავშირი, როგორც თანაავტორები, თანაბრად პასუხისმგებელნი იყვნენ მეორე მსოფლიო ომზე – ევროპული და მსოფლიო ისტორიის ყველაზე კატასტროფულ ეპიზოდზე.

ეს ომი, აცხადებდა ევროპარლამენტი, “გამოწვეული იყო 1939 წლის 23 აგვისტოს ნაცისტებსა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული თავდაუსხმელობის ავადსახსენებელი შეთანხმებით – რომელიც ასევე ცნობილია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით – და ამ შეთანხმების საიდუმლო პროტოკოლებით, რამაც საშუალება მისცა ორ ტოტალიტარულ რეჟიმს, რომლებსაც მსოფლიოს დაპყრობის საერთო მიზანი ამოძრავებდა, დაეყოთ ევროპა გავლენის ორ ზონად”.

ევროპარლამენტმა დასძინა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობდა ამ ომზე ისტორიული პასუხისმგებლობისთვის თავი აერიდებინა და, ამის ნაცვლად, თითს დასავლეთისა და პოლონეთისაკენ იშვერდა. რუსეთი ამ “პროპაგანდის ბაზას” ქმნიდა, რათა “გაეგრძელებინა თავისი აგრესია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ”.

ვლადიმირ პუტინის მამა ამ ომში მძიმედ დაიჭრა და ეს ჭრილობა თავს მთელი ცხოვრება ახსენებდა. პუტინის ოჯახმა ლენინგრადის ბლოკადა გამოიარა, რომელსაც მისი უფროსი ძმა, ვიტია, ემსხვერპლა. იგი ათობით მილიონი საბჭოთა მოქალაქიდან ერთ-ერთი იყო, იმ ომს რომ შეეწირა, რომელზე პასუხისმგებლობაც ევროპარლამენტმა საბჭოთა ხელისუფლებას დააკისრა.

მოკლედ, პუტინი სახალხო ისტორიკოსად იქცა. მან დეტალური ისტორიული ანალიზი წარმოადგინა, რომლის მსგავსიც დიდი სახელმწიფოს არცერთ ლიდერს არ შემოუთავაზებია. პუტინმა მოიხმო ამონარიდები სხვადასხვა საარქივო დოკუმენტებიდან და შეხვედრაზე მიწვეული ექსპერტებიც დაიხმარა. რუსულ მედიაში ეს განცხადება შეფასდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი, პრეზიდენტის 2007 წლის თებერვალში გაკეთებული ცნობილი განცხადების შემდეგ, როცა მან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, დასავლეთის ქცევა დაგმო.

პუტინი ამტკიცებდა, რომ სწორედ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკამ წარმოშვა ნაცისტური გერმანია. შემდეგ ეს ქვეყნები ცდილობდნენ, ნაცისტები არ გაეღიზიანებინათ, ბოლოს კი – 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის “მიუნხენში დაღალატებით” – ხელი აიღეს კოლექტიური უსაფრთხოების საერთო საქმეზე. ამ ღალატში პოლონეთს დიდი წვლილი მიუძღოდა, აღნიშნა მან. პოლონელები ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდნენ, რათა ჩეხეთის სახელმწიფო გაეყოთ. საბჭოთა კავშირმა ყველაფერი გააკეთა, რათა ამ “ღალატის” შედეგებისაგან თავი დაეცვა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა პუტინს მოუწოდა, ეს ყველაფერი გაესაჯაროებინა. პუტინმა დაარწმუნა, რომ ასეც მოიქცეოდა და უფრო მეტსაც იზამდა. მან განაცხადა, რომ სურდა “ამ ყველაფრისთვის სათანადოდ მოეყარა თავი და სტატია დაეწერა”.
მისი 9 000 სიტყვიანი სტატია 2020 წლის 19 ივნისს გამოქვეყნდა. სტატია “დიდ სამამულო ომში” – როგორც მას რუსები უწოდებენ – გამარჯვების 75-ე წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა. მისი ინგლისურენოვანი ვერსია, “მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები”, ამერიკულმა ჟურნალმა The National Interest-მა დაბეჭდა.

სტატიაში პუტინმა დეკემბრის განცხადების ძირითადი დებულებები გაიმეორა და გვარიანად განავრცო. მან უფრო ფართო ხედვა ჩამოაყალიბა იმაზე, თუ როგორ გაქრა მსოფლიოს მშვიდობიანი წესრიგი და როგორ ფიქრობდა იგი მის აღდგენას.

*
ევროპარლამენტის განცხადება მეორე მსოფლიო ომის მიზეზზე მცდარია. ის თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის ფუნდამენტურად არასწორ ვერსიას გვთავაზობს. პრეზიდენტ პუტინის უარყოფა სერიოზულია, მაგრამ მასაც შეცდომაში შევყავართ. საბოლოო შედეგი ევროპაში უთანხმოებების გაღრმავებაა და არა მათი მოგვარება. პუტინი სხვა მსოფლიო წესრიგისაკენ მოწოდებით ამთავრებს, რომელიც უნდა განსხვავდებოდეს 1930-იან წლებში არსებულის თუ დღევანდელისაგან.

პუტინი მართალია, როცა მეორე მსოფლიო ომის შესახებ ამ ისტორიულ კამათს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. შესაძლოა, ამ ომის გაკვეთილების მიმართ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება არსებობდეს, მაგრამ იმაში, რომ ეს დღევანდელი მსოფლიო წესრიგის გაკვეთილებია, პუტინი ასევე არ ცდება. ეს საერთო უსაფრთხოების, განზე დგომის საშიშროების, შეკავების პოლიტიკის გამოწვევების და დიდ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ღირებულების გაკვეთილებია.

ევროპარლამენტის მიერ ისტორიის გადახედვა

2004 წელს ევროკავშირს ათი ახალი ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის შვიდი ქვეყანა საბჭოთა კავშირის ან მისი სამხედრო გაერთიანების – ვარშავის ხელშეკრულების – ყოფილი წევრი იყო. მას შემდეგ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობდნენ, ევროპული ინტეგრაციის საფუძვლების შესახებ ნარატივი გაეფართოებინათ.

ძველი ნარატივი ევროინტეგრაციას წარმოაჩენდა როგორც პასუხს მეორე მსოფლიო ომის კატასტროფასა და ნაციზმის ტირანიის საშინელებებზე, რაც ჭკუიდან გადამცდარი ნაციონალიზმის გამოხატულება იყო. ახალ ნარატივს ასევე უნდა მოეცვა და შეეხსენებინა კომუნისტური ტირანია, მაგრამ ევროპარლამენტის 2019 წლის რეზოლუციამ სცადა, ისტორია გადაეწერა და ორი ომი ერთად ექცია – მეორე მსოფლიო ომი და მმართველობის კომუნისტური სისტემების უფრო ხანგრძლივი და ფართო ბრძოლა გაეერთიანებინა. 1917-1990 წლებში კომუნიზმსა და ანტიკომუნიზმს შორის გლობალური ომი მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად “ცივ ომად” მოიხსენიებენ და 1945 წლის შემდეგ დაწყებულად თვლიან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს მის შესახებ უკეთ მოეხსენება. 1945 წლამდე ამ ომში მთელი თაობა იყო ჩართული. ხშირად ის ძალზე სასტიკი ხდებოდა და სამოქალაქო თუ საერთაშორისო ომებში, წითელ და თეთრ ტერორში, აჯანყებებსა და სასტიკ რეპრესიებში გამოიხატებოდა.

მაგალითად, 1939 წლის რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობა გაუგებარი იქნება, თუ არ გავიხსენებთ, რომ ეს ქვეყნები, ფაქტობრივად, მათი განახლებიდან მოყოლებული, ერთმანეთთან ომობდნენ. ახლიდან დაბადებულმა პოლონეთმა შეძლო რუსეთის იმპერიის მემკვიდრე საბჭოთა კავშირის მოგერიება, შემდეგ კი აღმოსავლეთის ტერიტორიები 1921 წლის რიგის ხელშეკრულებაში შეთანხმებულ საზღვრებამდე გააფართოვა. 1939 წლისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიები აღარ დარჩა. არსებობდა მხოლოდ კომუნისტური საბჭოთა კავშირი, რომელიც ანტიკომუნისტურ დიქტატურებს უპირისპირდებოდა.

ხანგრძლივი, გლობალური ომი კომუნიზმსა და ანტიკომუნიზმს შორის მეორე მსოფლიო ომთან არ უნდა გავაიგივოთ. მთელი 1930-იანი წლები – 1939 წლამდე – საბჭოთა კავშირი ომობდა. ოღონდ ეს იყო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. როგორც პუტინმა აღნიშნა 2020 წლის ივნისის სტატიაში, “სტალინი და მისი გარემოცვა მართლაც იმსახურებს ბევრ სამართლიან ბრალდებას. ჩვენ გვახსოვს რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულები და მასობრივი რეპრესიების საშინელება”. მაგრამ საბჭოთა კავშირი არ შეჭრილა დამოუკიდებელ ქვეყნებში და არც დაუგეგმავს მსგავსი რამ. იაპონია, იტალია და გერმანია კი, უცხო ქვეყნების დაპყრობით, ახალი დიდი იმპერიების შექმნაზე ფიქრობდნენ.

1939 წლის სექტემბრამდე საბჭოთა კავშირი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც დაპყრობის ამ პროგრამას სამხედრო წინააღმდეგობას უწევდა. საკუთარი უსაფრთხოებისთვის საბჭოთა კავშირმა 1938-39 წლებში იაპონიასთან ორი პატარა ომი აწარმოა. ჩინეთისთვის, იაპონიის მთავარი სამიზნისთვის, საბჭოთა კავშირი, 1937-1941 წლებში, წარმოადგენდა სამხედრო დახმარებისა და მრჩეველების მთავარ საგარეო წყაროს. ის, რასაც სტალინმა 1939 წლის მარტში “მეორე იმპერიალისტური ომი” უწოდა, მისი აზრით 1937 წელს დაიწყო – ძირითადად ჩინეთსა და საბჭოთა შორეულ აღმოსავლეთში, მაგრამ ასევე – ესპანეთში, ასტურიასა და ჩეხოსლოვაკიაში.

ამ “მეორე იმპერიალისტური ომის” გაფართოება ევროპაში მთლიანად გერმანიის მიერ იყო ჩაფიქრებული და დაგეგმილი. გეგმა, რომელმაც პოლონეთში შეჭრით ომის დაწყება განაპირობა, 1939 წლის გაზაფხულზე, ბერლინში დაიბადა. იმავე გაზაფხულზე გერმანიამ დაიპყრო ჩეხოსლოვაკიის ნარჩენები და აიძულა ლიტვა, დაეთმო საპორტო ქალაქი მემელი (კლაიპედა). გაზაფხულზევე, იტალიელებმა ადრიატიკის ზღვა გადასერეს და ალბანეთი დაიპყრეს. წარმოუდგენელი სისხლისღვრის ფასად, იაპონია ჩინეთის გულისაკენ მიიწევდა, რათა ძიანსის პროვინცია და მისი მთავარი ქალაქი ნანჩანი დაეპყრო.

ამგვარად, კომუნიზმისა და ანტიკომუნიზმის დაპირისპირების გაერთიანება გერმანიის, იტალიისა და იაპონიის აგრესიასთან, რამაც მეორე მსოფლიო ომის დაწყება განაპირობა, ისტორიის საფუძვლიანი და შემაშფოთებელი რევიზიაა. რატომ აკეთებს ამას ევროპარლამენტი?

ყველაზე კეთილგანწყობილი პასუხი ისაა, რომ კომუნიზმის მსხვერპლებს სურთ სრულად ეკუთვნოდნენ ტოტალიტარული ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის კოლექტიურ ევროპულ მეხსიერებას. დასავლეთ ევროპას ნაცისტებსა და ჰოლოკოსტზე სურდა საუბარი. ახლა აღმოსავლეთ ევროპას სურს ამას კომუნისტები და გულაგიც დაუმატოს. ეს სამართლიანია.

მაგრამ განახლებული ევროპის აღმოსავლეთით გაფართოება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ნაყოფი არ ყოფილა. ეს მეორე, კომუნიზმის წინააღმდეგ ომის შედეგი იყო. ეს გამარჯვება 1990 წლის ნოემბერში პარიზის ქარტიის ხელმოწერითა და შემდეგ სახეცვლილი ევროკავშირის შექმნით აღინიშნა, რომელმაც, საბოლოოდ, ახალი წევრები მიიღო.

არსებობს ევროპარლამენტის რეზოლუციის სხვა, უფრო ცინიკური ახსნა. ზოგიერთი მემარჯვენისთვის ეს რეზოლუცია იმ ნარატივის ნაწილია, რომლის მიხედვითაც პუტინი ახალ სტალინად უნდა მოგვევლინოს – ნარატივის, სადაც ისტორიული ფიგურები, რომელთა ანტიკომუნიზმმაც ისინი ნაცისტებთან თანამშრომლობასთან მიიყვანა, რეაბილიტირებულნი არიან, როგორც გმირები. ამ ნარატივში ანტიკომუნიზმი (ძალზე ფართოდ გაგებული) კვლავაც რელევანტური იდეოლოგიაა და, სავარაუდოდ, ნაციონალისტური ანტიკომუნისტური დიქტატურების ხელახლა გამართლებაც.

*
ევროპარლამენტის რეზოლუციისთვის ერთადერთ ისტორიულ არგუმენტად ის გამოდგება, რომ რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის გარეშე პოლონეთში შეჭრა არ მოხდებოდა. ამ არგუმენტის მიხედვით, სტალინს რომ ეს შეთანხმება არ დაედო, გერმანია შეჭრისაგან თავს შეიკავებდა, რადგანაც ორ ფრონტზე ომის გაჩაღებისა შეეშინდებოდა – დასავლეთში ბრიტანეთთან და საფრანგეთთან გამკლავების, აღმოსავლეთში კი – საბჭოთა კავშირთან. ამგვარად, არგუმენტის მიხედვით, რომ არა ეს ხელშეკრულება, ევროპაში ომი არ იქნებოდა.
ამ არგუმენტს სიმყარე აკლია. 1939 წლის აგვისტოში ჰიტლერს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა ომის რისკი ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რომლებიც გაზაფხულზევე შეჰპირდნენ, რომ პოლონეთზე თავდასხმის შემთხვევაში, ისინი ომში ჩაებმებოდნენ. ის მინიმუმი, რაც ჰიტლერს სტალინისაგან ესაჭიროებოდა, ამ უკანასკნელის უმოქმედობა იყო. უკეთეს შემთხვევაში საბჭოთა კავშირი კვლავაც განაგრძობდა ორმხრივ სასარგებლო ვაჭრობას და თავის ნედლეულს გერმანულ საქონელში გაცვლიდა. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი რომ არ დადებულიყო, სავარაუდო ალტერნატივა სწორედ ეს იქნებოდა.

შეგვიძლია ის არგუმენტიც მოვიტანოთ, რომ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან საბჭოთა კავშირის ნამდვილი, ქმედითი სამხედრო ალიანსი ჰიტლერს შეაკავებდა, მაგრამ არცერთი სერიოზული ისტორიკოსი, რომელიც 1939 წლის ამბებს იკვლევს, არ საუბრობს მსგავსი ქმედითი ანტიჰიტლერული სამხედრო კოალიციის შექმნის რეალური პერსპექტივის არსებობაზე. ფრანგები სერიოზულად იყვნენ განწყობილები, მაგრამ ბრიტანელები, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი – არა. ხოლო პოლონელებს, მათი ისტორიიდან გამომდინარე, არ სურდათ უფლება მიეცათ წითელი არმიისთვის, “დაცვის” მიზნით, მათ ქვეყანაში შესულიყო და ამის შესახებ ცხადად თქვეს.

ამგვარად, 1939 წლის ზაფხულში ბრიტანეთმა საფრთხე შეუქმნა საბჭოთა კავშირთან მსგავსი ალიანსის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს. ბრიტანელებს და ფრანგებს პოლონეთის დაცვის მყისიერი გეგმა არ გააჩნდათ. მათი საომარი გეგმა თავდაცვით ნაგებობებსა და გერმანიის ბლოკადით დასუსტებას გულისხმობდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ომის საფრთხე გერმანიას შეტევაზე უარს ათქმევინებდა და დაარწმუნებდა ჰიტლერს (მიუნხენის მსგავსად), შეთანხმება დაედო, რაც პოლონეთის ხარჯზე ომის თავიდან აცილებას ნიშნავდა. ბრიტანელებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი საბჭოთა კავშირთან თამაში დაარწმუნებდა ჰიტლერს, მიეღო მათი მოწვევა და, იოახიმ ფონ რიბენტროპის მოსკოვში მივლინების ნაცვლად, ჰერმან გერინგი საიდუმლო დავალებით ლონდონში გაეგზავნა, რათა პრემიერმინისტრ ნევილ ჩემბერლენთან დაედო ხელშეკრულება.

საბჭოთა კავშირს კარგად მოეხსენებოდა, რომ ბრიტანეთი რეალური ალიანსით არ იყო დაინტერესებული, რამაც მხოლოდ გააღრმავა მისი უნდობლობა მსგავსი თანამშრომლობისადმი. საბჭოთა კავშირმა მოჩვენებითად კიდევ უფრო გაააქტიურა ალიანსის შესახებ მოლაპარაკება ბრიტანეთთან და საფრანგეთთან. ეს ჰიტლერის დასარწმუნებლად განკუთვნილი თამაში იყო, რათა მას რიბენტროპი მოსკოვში გაეგზავნა და შეთანხმება სტალინთან დაედო.

ჰიტლერმა არჩია, საქმე სტალინთან დაეჭირა, რითაც აშკარად კმაყოფილი იყო. იგი იმედოვნებდა, რომ ამით დაარწმუნებდა ბრიტანეთსა და საფრანგეთს, ხელი აეღოთ პოლონეთზე და თუკი ასე არ მოიქცეოდნენ, უზრუნველყოფდა საფუძვლიან მომარაგებას, რაც გერმანიის სავაჭრო ბლოკადას უშედეგოს გახდიდა. თუმცაღა საბჭოთა კავშირის ნეიტრალიტეტიც საკმარისი იქნებოდა და ჰიტლერს ამის იმედი ჰქონდა.

1939 წლის 12 აგვისტოს, სანამ ჰიტლერი შეიტყობდა, რომ რუსები რიბენტროპსაც კი დაელაპარაკებოდნენ, ფიურერი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, გრაფ ჩიანოს შეხვდა, რომელმაც დაუდასტურა მოკავშირეს, რომ იტალია, გერმანიასთან ერთად, თვის ბოლოს პოლონეთში უყოყმანოდ შეიჭრებოდა. ჰიტლერი ფიქრობდა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი განზე გადგებოდნენ, მაგრამ, რაც არ უნდა მომხდარიყო, შეჩერებას მაინც არ აპირებდა. ჩიანომ, რომელიც მუსოლინის არწმუნებდა, რომ იტალია არ უნდა დახმარებოდა გერმანიას ამ ომში, დღიურში ჩაწერა: “რამის გაკეთება უკვე შეუძლებელია. მან (ჰიტლერმა) გადაწყვიტა დაარტყას და დაარტყამს კიდეც”.

ერთი კვირის შემდეგ, როცა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ჯერ კიდევ არ დადებულიყო, ჰიტლერმა ორმოცზე მეტი გენერალი შეკრიბა მთებში განლაგებულ რეზიდენციაში. 22 აგვისტოს ფიურერმა მათ მოხსენება წაუკითხა და დაახლოებით იგივე უთხრა, რაც ჩიანოს, რომ მზად იყო პოლონეთი გაენადგურებინა. მან გენერლები ომისთვის შეამზადა – უთხრა, რომ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან მყისიერ ომს არ ელოდა, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი მაინც მალე გაჩაღდებოდა და ფიურერი გრძნობდა, არ უნდა დაეყოვნებინა. ჰიტლერმა აგვისტოს ბოლო კვირა იყუჩა და ამ დროს შეიტყო, რომ ბრიტანეთი, დიდი ალბათობით, იომებდა, ხოლო მისი მოკავშირე იტალია – არა (იტალია ჰიტლერს მხოლოდ 1940 წლის ივნისში შეუერთდა). ჰიტლერმა კიდევ ერთი დღე დააყოვნა. ომის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკმა, ერნსტ ფონ ვაიცზეკერმა აღნიშნა, რომ ჰიტლერი საკუთარი ქმედებების ტყვედ იქცა. პოლონეთში შეჭრის იმპულსი, გაზაფხულიდან მოყოლებული, სულ უფრო ძლიერდებოდა. გერმანული არმია ამისათვის მზად იყო. ჰიტლერის პრესტიჟი ამაზე ეკიდა. აგვისტოს მიწურულს “ჰიტლერი ეკიპაჟს ისე ვეღარ შემოაბრუნებდა, თავად რომ არ გადმოვარდნილიყო”.

რაც შეეხება ბრიტანეთსა და საფრანგეთს, ისინი “ამ თამაშს ბოლო წუთამდე ნერვების ომად აღიქვამდნენ, – განმარტავს დონალდ კემერონ უოტი, – რომელშიც სიმტკიცე და სიჯიუტე იქნებოდა გადამწყვეტი… ამ თვალსაზრისს პოლონელებიც იზიარებდნენ. იმას, რომ ჰიტლერის მიზანი არა დიპლომატიური თამაშის მოგება, არამედ მოლაპარაკების მაგიდის აყირავება, იარაღის ამოღება და სროლა იყო, ისინი გონებით ხვდებოდნენ, მაგრამ გულში არ სჯეროდათ”.

უოტი განაგრძობს: “ჰიტლერის ჩივილი, რომ ბრიტანულ დიპლომატიას ერთი სული ჰქონდა, როგორმე ის დაედანაშაულებინა ომის გაჩაღებაში, საფუძველს მოკლებული არ იყო. მოგვიანებით კი მას მართლაც მოუნდა ომის დაწყება”. ჰიტლერმა მიიღო რაც სურდა. 1939 წლის აგვისტოს შუა რიცხვებისთვის აღარ არსებობდა სცენარი, რომელიც ევროპას ომს ააცილებდა.

პრეზიდენტ პუტინის მიერ შერჩევითად წაკითხული ისტორია

თუკი ევროპარლამენტი ცდება, როდესაც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას, გერმანიასთან ერთად, საბჭოთა კავშირსაც აბრალებს, მაშინ რამდენად მართალია პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების მარცხის ძირითადი მიზეზი დასავლეთია? პუტინის საბრალდებო დასკვნის ცენტრალურ ელემენტს 1938 წლის სექტემბერში “მიუნხენში ღალატი” (როგორც თავად უწოდებს) წარმოადგენს. ამ საბრალდებო დასკვნაში ბევრი რამ ტრაგიკული სიმართლეა. საფრანგეთმა ჩეხოსლოვაკიას დაცვა აღუთქვა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერის გარეშე ამ თამაშს ვერ გააგრძელებდა. საბჭოთა კავშირი ჩეხოსლოვაკიის დაცვის შეთანხმებას შეუერთდა იმ პირობით, რომ პირველი საფრანგეთი იმოქმედებდა.

თავის მხრივ ბრიტანეთს, ჩემბერლენის კონსერვატიული მთავრობის ხელმძღვანელობით, სინამდვილეში არასდროს სჯეროდა კოლექტიური უსაფრთხოების შესაძლებლობისა ევროპის კონტინეტსა თუ შორეულ აღმოსავლეთში, თუმცაღა არ სურდა, გერმანიას საფრანგეთი დაეპყრო. ამიტომაც ბრიტანეთმა, რომელსაც არ ჰქონია შეთანხმება ჩეხებთან, ამჯობინა, ეიძულებინა ჩეხები, სუდეტის დათმობით გერმანელები დაემშვიდებინათ. ამან ფაქტობრივად გატეხა და უმწეო მდგომარეობაში დატოვა ჩეხოსლოვაკია – ერთ-ერთი ბოლო დემოკრატია ევროპაში. პუტინი მართალია, როცა ამ გარიგებაში პოლონეთის მონაწილეობაზე საუბრობს, რომელსაც სურდა ჩეხური სახელმწიფოს ნაწილი დაესაკუთრებინა – პატარა, მაგრამ ქვანახშირისა და რკინის საბადოებით მდიდარი და ეთნიკური პოლონელებით დასახლებული ტეშენის საჰერცოგო, რომელსაც პოლონელები ზაოლზიედ მოიხსენიებენ.

ისტორიკოსები კამათობენ, იყო თუ არა გონივრული ბრიტანეთის პოლიტიკა. ჩემბერლენის სასარგებლოდ ის მეტყველებს, რომ ბრიტანეთი მზად არ იყო ომისთვის. ბრიტანეთი, იმპერიის რეგიონები და საფრანგეთი ვერ თანხმდებოდნენ, უნდა დაეწყოთ თუ არა ომი. ბრიტანული და ფრანგული დაზვერვა აზვიადებდა გერმანიის სამხედრო ძლევამოსილებას, განსაკუთრებით – ავიაციის სიმძლავრეს. ისტორიკოსების აზრით, სიტუაცია 1939 წელს გაუმჯობესდა, როცა ჰიტლერის განზრახვა ყველასთვის ნათელი გახდა. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ, გეოგრაფიის გათვალისწინებით, საბჭოთა კავშირს არ შეეძლო პრაქტიკული დახმარების გაწევა ომში, მხოლოდ პოლონეთში შეჭრას მოახერხებდა, თუკი პოლონეთი გერმანიის მხარეს იბრძოლებდა.

ჩემბერლენისა და მთელი “დამშვიდების” პოლიტიკისათვის წაყენებული ცნობილი ბრალდება მორალურის გარდა პრაქტიკული ხასიათისაცაა. ჰიტლერისათვის წინააღმდეგობის გაწევა სწორი იქნებოდა, მაგრამ კიდევ უფრო სწორი იქნებოდა ამის გაკეთება ჩეხოსლოვაკიის მოტივირებული არმიისა და იარაღის გამორჩეული ინდუსტრიის დახმარებით (რომელიც მოგვიანებით გერმანულ შეიარაღებას შეუერთდა). ეს ჩემი თვალსაზრისია. ამგვარად, პუტინი სამართლიანად აკრიტიკებს “ღალატს მიუნხენში”, მაგრამ რასაც ის თავის სტატიაში არ ახსენებს- ეს კი თვალსაჩინო, ფუნდამენტური უგულებელყოფაა – პოლონეთის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის შემდგომი მოქმედებაა 1939 წლის გაზაფხულზე.

ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პოლონეთმა გერმანულ-პოლონური მეგობრობის გზა აირჩია. პოლონეთის ხელისუფლებას ჰიტლერზე მეტად სტალინი აღელვებდა. პროგერმანულ განწყობას მარშალი იოზეფ პილსუდსკი განსაზღვრავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი – პილსუდსკის მიმდევარი იოზეფ ბეკი. ეს პოლიტიკა პოლონეთისთვის 1934 წლიდან 1938 წლის ბოლომდე მუშაობდა.

შემდეგ ჰიტლერმა მოთხოვნები გაზარდა. პოლონეთს უნდა აერჩია: ან გერმანიის ვასალობა, ან ქვეყანაში მტრის შეჭრა და ქვეყნის განადგურება. ბეკმა და პოლონეთმა, განადგურების რისკის ფასად, დამოუკიდებლობის გზა აირჩიეს. მას შემდეგ რაც ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიის ნარჩენები მიითვისა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა წითელი ხაზის გავლება გადაწყვიტეს. 1939 წლის მარტ-აპრილში მათ უსაფრთხოების გარანტია შესთავაზეს პოლონეთს, რუმინეთსა და საბერძნეთს.

ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის არჩევანიდან ორი საგულისხმო დასკვნა გამომდინარეობს. ორივე მათგანი ეწინააღმდეგება პუტინის სტატიის დასკვნებს.

უპირველეს ყოვლისა, ვივარაუდოთ, თითქოს სტალინმა იეჭვა (ეჭვი, რომელსაც პუტინიც გამოხატავს), რომ “მიუნხენში ღალატით” დასავლეთი გერმანიას ცალსახად აღმოსავლეთის მიმართულებით ექსპანსიისაკენ უბიძგებდა, რათა გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის შემხედვარეს ხელები ეფშვნიტა. მათ მიერ გაცემული გარანტიებით, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაამტკიცეს, რომ ეს ვარაუდი უსაფუძვლო იყო. მათ გააკეთეს ის, რაც გერმანიას დაარწმუნებდა, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით ექსპანსია სწორედ მათთან, დასავლეთთან და არა საბჭოთა კავშირთან ომს ნიშნავდა.

გარდა ამისა, ვივარაუდოთ, თითქოს სტალინმა იეჭვა (ეჭვი, რომელსაც პუტინიც გულისხმობს), რომ პოლონელები ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ. ეს ასეც იყო 1938 წლის ბოლომდე. შემდეგ კი პოლონეთმა მკვეთრად მონიშნა ზღვარი, რომლის იქითაც ეს ურთიერთობა აღარ წავიდოდა. აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისაგან განსხვავებით, პოლონეთი გერმანიის სატელიტი არ გახდებოდა. არც მისთვის საძულველ საბჭოთა კავშირთან ერთობლივ ომში აპირებდა უმცროს პარტნიორად ყოფნას. ამის სანაცვლოდ პოლონეთმა განადგურების რისკი აირჩია. “ჩვენთან, პოლონეთში ნებისმიერ ფასად მიღწეული მშვიდობის ცნება უცნობია, – განუცხადა ბეკმა პოლონეთის პარლამენტს, – ადამიანის, ერებისა და სახელმწიფოების ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამეა ფასდაუდებელი – ღირსება”.

ზოგიერთი ისტორიკოსი, მათ შორის ერთი რუსი, თვლის, რომ ბეკს გერმანიისთვის უნდა დაეთმო. ერთი პოლონელი ისტორიკოსი ფანტაზიორობს კიდეც, როგორ უხელმძღვანელებდნენ ბეკი და ჰიტლერი მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ გამარჯვების აღლუმს.

ბეკი იმედოვნებდა, რომ თუკი პოლონელები სიმტკიცეს გამოიჩენდნენ, გერმანელები ომს არ დაიწყებდნენ, მაგრამ თუკი გერმანელები მის ქვეყანას მაინც დაიპყრობდნენ, მას ახსოვდა, რომ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დაპყრობილი სერბეთი კვლავაც აღდგა. ბეკი უფრო მეტს იმაზე ფიქრობდა, რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა გერმანიასთან “პარტნიორობას” პოლონელი ხალხისთვის. რუმინეთში ინტერნირებული ბეკი ომის დასრულებამდე გარდაიცვალა. სიკვდილამდე ის წარმოიდგენდა, რომ გერმანია-პოლონეთის ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ “რუსეთს დავამარცხებდით, მერე კი ჰიტლერის ძროხებს ურალის საძოვრებზე გავრეკავდით”. ბეკი ამას პოლონელი ხალხის ღირსეულ ხვედრად არ თვლიდა. ეს არის თვალსაზრისი, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი პატივისცემით უნდა მოეკიდოს.

*
1939 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ევროპაში ომის გარდაუვალობის გათვალისწინებით, პუტინი ამტკიცებს, რომ სტალინი არასახარბიელო სიტუაციიდან საუკეთესოდ გამოვიდა. სტალინი პოლონეთის დანაწილებაში ჩაერთო, რათა გერმანელები მინსკიდან შორს ჰყოლოდა, ბრესტ-ლიტოვსკის სიმაგრეზე კონტროლი დაემყარებინა და მოსამზადებელი დრო მოეგო. მაშინაც კი, თუ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან ალიანსი არარეალური იყო, სტალინს, ჰიტლერთან შეკვრის გარდა, სხვა ალტერნატივებიც ჰქონდა. მას შეეძლო უფრო პასიური ნეიტრალიტეტი აერჩია, ისეთი ნეიტრალიტეტიც კი, რომლის დროსაც საბჭოთა კავშირი შეწყვეტდა ჰიტლერის ომის მანქანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნედლეულით მომარაგებას. საბჭოთა კავშირი სანაცვლოდ სამხედრო მოდელებსა და საწარმოო პროდუქციას იღებდა, მაგრამ ამ გაცვლით ჰიტლერის გერმანია, რომელსაც უაღრესად ესაჭიროებოდა რესურსები, მეტს ხეირობდა.

სტალინის სხვა გადაწყვეტილების გონიერებაც ეჭვს იწვევს: 1939 წლის 28 სექტემბერს დადებულ გერმანია-საბჭოთა კავშირის მეორე შეთანხმებაში სტალინი დათანხმდა დაახლოებით 100 მილით უკან დახევას ვარშავისა და მდინარე ვისლას ხაზიდან მდინარე ბუგისაკენ. ეს გერმანიის მიერ ლიტვაზე გავლენის მოსკოვისთვის დათმობის სანაცვლოდ გაკეთდა. ექსპერტების დავის საგანია, გაუმჯობესდა თუ არა ამით საბჭოთა კავშირის სამხედრო პოზიცია მთლიანობაში.

ერთი რამ ცხადია: მას შემდეგ, რაც ლიტვამ მემელი გერმანიას დაუთმო, პოლონეთი დაიპყრეს და ომი გაჩაღდა, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მოქცეული ბალტიის ქვეყნები ვეღარ შეძლებდნენ ნეიტრალურ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არსებობას. საბჭოთა ანექსიის პუტინისეული ახსნა შერბილებულია, მაგრამ ამ ქვეყნების მომავალი პირქუში იყო. პუტინს არც 1939-40 წლების ფინეთის დამპყრობლურ ომზე შეუძლია ბევრის თქმა.

პუტინის არგუმენტი, ცხადია, ის არის, რომ სტალინი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, მაგრამ სწორედ ასევე იცავდა ბეკი თავის თანამშრომლობას ჰიტლერთან 1938 წლის სექტემბერში, ჩეხეთის კრიზისის დროს.

სტალინმა ჰიტლერთან თანამშრომლობა გამოიყენა, რათა იაპონიისაგან მომდინარე საფრთხე გაენეიტრალებინა. სანაცვლოდ, მან უარი თქვა ჩინეთის დახმარებაზე. 1941 წლიდან მოყოლებული ომის დასრულებამდე, ჩინეთი საკუთარი თავისა და ამერიკისაგან დიდი გაჭირვებით მიღებული დახმარების იმედად იყო.

სწორედ 1939 წლის 28 სექტემბერს, უკვე ომის დაწყების შემდეგ, საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის დადებული მეორე ხელშეკრულება იყო, თანამშრომლობის გაღრმავებაზე რომ მიანიშნებდა. ეს გამოიხატებოდა პოლონეთის სახელმწიფოს განადგურებითა და სტალინის მიერ ჰიტლერისთვის მირთმეული “ძღვენით” – ათასობით საბჭოთა კავშირს თავშეფარებული გერმანელით, რომელთა შორისაც ბევრი ებრაელი და გერმანელი კომუნისტი იყო და რომლებიც მატარებლებით გერმანიაშივე დააბრუნეს, სადაც ნაცისტები მოელოდნენ.

სტალინის თვალსაზრისით მისი ქვეყანა და გერმანია დასავლეთისაგან დევნილ ქვეყნებს წარმოადგენდა. სტალინს უკვე ნათქვამი ჰქონდა თავისი გარემოცვის ზოგიერთ წევრთან პირად საუბარში (1939 წლის 7 სექტემბერს), რომ “ცუდს ვერაფერს ხედავდა” თუკი კაპიტალისტური ქვეყნების ორი ჯგუფი “ურთიერთბრძოლით დასუსტდებოდა. კარგი იქნებოდა, გერმანიის წყალობით, უმდიდრესი კაპიტალისტური ქვეყნების (განსაკუთრებით ინგლისის) პოზიციას წყალი შედგომოდა”. ჰიტლერი ისტორიის იარაღი იყო, რომელიც “განზრახ თუ უნებლიეთ, ძირს გამოუთხრიდა კაპიტალისტურ სისტემას”.

მას მერეც კი, რაც ჰიტლერის ჯარები პარიზში ზარზეიმით შევიდნენ, სტალინმა ბრიტანეთის ელჩს პირდაპირ უთხრა (1940 წლის 1 ივლისს), რომ არ აღელვებდა ჩერჩილის გაფრთხილებები ჰიტლერის ბატონობაზე ევროპაში: “ჩვენ უნდა შევცვალოთ ევროპაში ძალების აქამდე არსებული ბალანსი, რადგანაც ის საბჭოთა კავშირის საზიანოა”.

სტალინს კარგად მოეხსენებოდა, ვინ იყო ჰიტლერი, მაგრამ, როგორც მაშინ ხსნიდა, იგი ნაცისტების ლიდერს სტრატეგიულ პარტნიორად სახავდა უუფლებო სახელმწიფოთა მასშტაბურ მცდელობაში, დაემხოთ დიდი ევროპული ძალაუფლებები, მათ შორის, ბრიტანეთის იმპერია.

1940 წლის ნოემბერში სტალინი თანხმდებოდა გერმანიის შეთავაზებას, საბჭოთა კავშირი გამხდარიყო ფაშისტური ქვეყნების ალიანსის მეოთხე წევრი, ოღონდ იმ პირობით, თუკი გერმანია თავის მხრივ დათანხმდებოდა საბჭოთა კავშირის ფინეთში თავისუფლად მოქმედებას, ბულგარეთთან შეთანხმებას საბჭოთა კავშირის მიერ შავი ზღვის გამოყენების შესახებ, დარდანელის სრუტეში მყარ საბჭოთა პოზიციას, საბჭოთა “მიზიდულობის ცენტრის” არსებობას კავკასიიდან სპარსეთის ყურემდე და იაპონიის მიერ სახალინის დათმობას. უკანასკნელი ორი პირობა კარგად ეხამებოდა უფრო მასშტაბურ გერმანულ სტრატეგიას, მაგრამ ჰიტლერს აღარ სურდა სტალინისთვის ევროპაში რამე დაეთმო.

ამასთან დაკავშირებით სტივენ კოტკინი წერს: “სტალინი მზად იყო ევროპის ახალი დაყოფისთვის, რომელიც ბრიტანეთსა და დამარცხებულ საფრანგეთს არ ითვალისწინებდა, ოღონდ იმ პირობით, რომ გერმანია და საბჭოთა კავშირი თანაბარ მდგომარეობაში იქნებოდნენ”. როგორც ბეკმა 1938-39 წლების ზამთარში, 1940 წლის ბოლოს სტალინმაც გადაწყვიტა, რომ მზად იყო ჰიტლერთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ მისი ვასალი არ გახდებოდა. “მან თავისი პირობების შესახებ ძლიერის პოზიციიდან განაცხადა, – დასძენს კოტკინი, – მაგრამ ეს უკვე სხვა გერმანია იყო”.

ჰიტლერმა სტალინის მოთხოვნები არ მიიღო. ამის ნაცვლად მან თავისი გეგმების კონსოლიდაცია მოახდინა საბჭოთა კავშირის გასანადგურებლად. ოპერაცია 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო. ომმა 27 მილიონი საბჭოთა მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა (პუტინის შეფასებით).

პუტინი უინსტონ ჩერჩილის 1944 წლის სიტყვებს ციტირებს და სამართლიანად აღნიშნავს, რომ სწორედ “რუსული არმია იყო, რამაც გერმანულ სამხედრო მანქანას სიქა გააძრო”. ის მართალია – რუზველტი და ჩერჩილი ხვდებოდნენ და დიდად აფასებდნენ საბჭოთა კავშირის როლს გერმანიის დამარცხებაში.

პუტინს აქვს უფლება, ადამიანებს ეს შეახსენოს. 2020 წლის 8 მაისს, გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ტრამპის თეთრმა სახლმა, ჩვეული სიბრძნის დემონსტრირებით, ტვიტერზე დაწერა, რომ ეს იმ დღის აღნიშვნა იყო, როცა “ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ნაცისტები დაამარცხეს”. კრემლის ვებგვერდმა პასუხად მიუწერა: “ვიღაც ხომ არ გამოგრჩათ?”

მსოფლიო წესრიგის გაკვეთილები

2020 წლის ივნისის სტატიაში პუტინი ომის გაკვეთილებიდან მსოფლიო წესრიგისა და კოლექტიური უსაფრთხოების ალტერნატიული სისტემების მონახაზს აკეთებს. ის სამი სახის სისტემას აღწერს:

  • “ვერსალის მსოფლიო წესრიგში” ორი დიდი სახელმწიფო – ბრიტანეთი და საფრანგეთი – დომინირებს, რომელთაც განდევნეს, დასაჯეს და დაამცირეს გერმანია (და საბჭოთა კავშირი), მათი არაეფექტური თანმხლები კი ერთა ლიგაა.
  • მსოფლიო, რომელშიც ყველა ქვეყანა თავის თავსაა მინდობილი და ნებისმიერ ფასად ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე. პუტინმა აღიარა, რომ ამ სისტემაში “ყველა წამყვანი ქვეყანა მეტნაკლებად პასუხისმგებელია” მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაზე. “ყველა მათგანმა, – წერდა პუტინი, – საბედისწერო შეცდომები დაუშვა და ქედმაღლურად იმედოვნებდა, რომ სხვებს გააცურებდა, ცალმხრივ უპირატესობას მოიპოვებდა, ან მოახლოებული გლობალური კატასტროფისაგან განზე გადგებოდა. სწორედ ამ ახლომხედველობამ და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე უარის თქმამ გამოიწვია მილიონობით ადამიანის სიკვდილი და უზარმაზარი დანაკარგები”.
  • ომის შედეგად შექმნილი, დიდ სახელმწიფოთა შორის ნამდვილი თანამშრომლობის სისტემა, მიუხედავად ამ სახელმწიფოებს შორის აზრთა სერიოზული სხვადასხვაობისა. პუტინი ამ სისტემის ქებაშია: “გამარჯვებულმა ქვეყნებმა დაგვიტოვეს სისტემა, რომელიც რამდენიმე საუკუნოვანი პოლიტიკური და ინტელექტუალური ძიებების კვინტესენციაა. კონფერენციების სერიამ – თეირანში, იალტაში, სან-ფრანცისკოსა და პოტსდამში – საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოს, რომელშიც, მიუხედავად უმწვავესი დაპირისპირებებისა, 75 წლის განმავლობაში არ ყოფილა გლობალური ომი”.

პუტინი თავის სტატიაში ამ ომისშემდგომი სისტემის აღდგენის მოწოდებით გამოდის. ის ითხოვს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 5 მუდმივი წევრის (ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების) შეხვედრას ამ საკითხის განსახილველად. ხუთივე წევრი დათანხმდა ამ შემოთავაზებას.

ეს არის კონტექსტი, რომლის გათვალისწინებითაც პუტინი ევროპარლამენტის რეზოლუციას გმობს, სადაც საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომში ადანაშაულებენ, ხოლო რუსეთს ამ ისტორიასთან აკავშირებენ. ეს არის დოკუმენტი, წერს პუტინი, “რომელიც ცალსახად სკანდალის ატეხვაზეა გათვლილი” და “აღსავსეა საფრთხეებით”. ამ დოკუმენტმა, დასძენს ის, “ცხადი გახადა ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგის განადგურების მიზანმიმართული პოლიტიკა, იმ წესრიგის, რომლის შექმნაც ღირსებისა და პასუხისმგებლობის საქმე იყო”. ამ განხეთქილების ჩამოგდების მიზანი “მთელი ომისშემდგომი ევროპისთვის ძირის გამოთხრაა”.

1945-დან 1990-მდე არსებული “ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგი”, რომელზეც პუტინი წერს, შეერია სხვა, ცივი ომის წესრიგს. ამ წესრიგმა მსოფლიო ორ მეტოქე ბლოკად დაყო. 1990 წლის მერე 1945 წლის სისტემის პერსპექტივა იმაზე იმედისმომცემი ჩანდა ვიდრე ოდესმე.

ეს იმედი გაქრა. ევროპა კვლავ გაყოფილია. მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ცივი ომი ჩინეთთან, როგორც ბევრს მიაჩნია შეერთებულ შტატებში, რუსეთთან ნამდვილად ახალი ცივი ომია, რომელშიც ევროპის დიდი ნაწილია ჩართული. კონდი რაისთან ერთად დაწერილ ჩემს ბოლო წიგნში, “უკეთესი მსოფლიოს შენება”, რუსეთთან საბოლოო წყვეტა 2000-იანი წლების მიწურულით თარიღდება, განსაკუთრებით – 2007-08 და შემდგომი წლებით. ეს ცივი ომი კიდევ უფრო გამძაფრდა 2014 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

პუტინის აზრით, ცივი ომი რუსეთის წინააღმდეგ იმიტომ განახლდა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ქედმაღლურად თქვეს უარი დიდ სახელმწიფოთა თანამშრომლობასა და გარკვეულ ურთიერთშეზღუდვაზე. 1999 წლის ომი სერბეთთან, 2003 წლის ომი ერაყში, ევროკავშირისა და ნატოს წინსვლა უკრაინისა და საქართველოსაკენ და 2011 წელს ლიბიაში შეჭრა ისტორიის პუტინისეული ვერსიის საბრალდებო დასკვნების სიაშია. პუტინი თვლის, რომ რუსეთის ბევრი ქმედება, მათ შორის ფარული ქმედებები, გასაგები კონტრშეტევებია ამ ცივ ომში.

პუტინის სტატია – თუკი ჩავთვლით, რომ ავტორი გულწრფელია – აშკარა მოწოდება და ნაგულისხმევი გაფრთხილებაა. ის ღიად ითხოვს დიდ სახელწიფოთა თანამშრომლობისა და გარკვეული ურთიერთშეზღუდვების რეჟიმთან დაბრუნებას – წესრიგთან, რომელსაც, “მძაფრი წინააღმდეგობების მიუხედავად”, შეუძლია გარკვეული კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რთული არ არის ამ მოწოდებას უპასუხო არგუმენტებით პუტინის რეჟიმის ბოროტებებისა და რუსეთის მიერ 2007 წლის შემდეგ ჩადენილი ქმედებების შესახებ, მაგრამ უფრო კონსტრუქციული იქნება რეაგირება პუტინის მოწოდებაზე, ისევე, როგორც მის გაფრთხილებაზე.

*
“მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები” დღეს მართლაც რეზონანსული ჩანს – როგორც ზოგადად, ისე დეტალებში. ამ ესეში ზოგიერთი ისტორიული საკითხის მოკლე მიმოხილვაც კი ხელახლა ბადებს მწვავე შეკითხვებს.

მაგალითად, რა გზით აირიდებს მსოფლიო 1930-იანი წლების მსგავს დაცემას? მოსალოდნელია თუ არა, 2020-იან წლებში სასტიკი გლობალური არეულობის ახალი ფორმა? პუტინმა დიდი დრო მოანდომა ამ ისტორიის შეხსენებას და დოკუმენტების ციტირებას, არა მხოლოდ თვითმიზნურად, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი სწორედ დღეს მიაჩნია მნიშვნელოვნად.

“ვერსალის მსოფლიო წესრიგის” 21-ე საუკუნის ვერსია ალბათ ის გზაა, რომლითაც, პუტინის აზრით, შეერთებული შტატები და ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა ცდილობს ვითარების დალაგებას. რუსეთი კარცერშია გამოკეტილი, როგორც ერთ დროს გერმანია. პუტინი თვლის, რომ ეს სისტემა შესაბამის რეაქციებსა და ცხად საფრთხეებს შობს.

1930-იანი წლების მიწურულის მოვლენების განხილვა იმის ილუსტრაციაცაა, რა შეიძლება მოხდეს, როცა ქვეყნები ისეთი სახელმწიფოებისაგან მოელიან დაცვას, რომლებიც გამუდმებით ორჭოფობენ და სამხედრო დახმარების მოკრძალებული შესაძლებლობა აქვთ. ჩეხოსლოვაკიას საფრანგეთი ეიმედებოდა, რომელიც, თავის მხრივ, ბრიტანეთის იმედად იყო, ბრიტანეთს კი კოლექტიური უსაფრთხოებისა არ სჯეროდა. არსებობს ალტერნატიული, ტრამპიზმის მოსაწონი მოდელი, როცა ყველა ქვეყანა თავისთვისაა და ნებისმიერ ფასად იბრძვის უსაფრთხოებისთვის. ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სტალინმა გარკვეულ დრომდე სწორედ ეს სცადეს. გამოცდილებამ დაგვანახა, რა ცუდად შეიძლება დასრულდეს მსოფლიო წესრიგის ეს მოდელი, როგორც დემოკრატიების, ისე დიქტატურებისთვის, რომლებიც თავს გამჭრიახებად თვლიან.

შედეგად მივდივართ უფრო ფართო, უფრო ინკლუზიური მსოფლიო წესრიგის მოდელისაკენ. 21-ე საუკუნეში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი საკმარისი ბირთვი აღარაა მსგავსი მოდელისთვის.

პუტინი ამ მოდელს წამყვანი სახელმწიფოების თანამშრომლობად განიხილავს – გარკვეული საერთო მიზნებით და ურთიერთშეზღუდვებით. ბუნებრივია, ბევრ ამერიკელს და ევროპელს შეუძლია სიის შედგენა, თუ რა უნდა შეასრულოს რუსეთმა, რომ ამგვარი წესრიგის ნაწილად იქცეს. თავისი სია რუსებსაც ექნებათ.

ჩემი, როგორც ისტორიკოსის და, შიგადაშიგ, პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული ადამიანის დაკვირვებით, ომების დაწყება მათ დასრულებაზე იოლია. ეს ახალი ცივი ომი რუსეთთან კარგა ხნის დაწყებულია. უნდობლობის ატმოსფეროს და იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მხარის სია უხვად შეიცავს პუნქტებს, რომლებზე შეთანხმებაც ვერ მოხდება, ურთიერთგაგების ნებისმიერი ხარისხის მიღწევა რთული ჩანს.

ერთი გამოსავალი ისაა, რომ დავივიწყოთ რეალური თანამშრომლობის იმედი ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია – სულ მცირე, პუტინის მიერ მართული რუსეთი. ამ მიდგომით, ახალი ბრძოლები თავისი გზით უნდა წავიდეს. შესაბამისად მოტივირებული ამერიკელები და ევროპელები, თუკი საკმაო რაოდენობისა აღმოჩნდებიან, გაუთავებელი ბრძოლისათვის უნდა ემზადონ. თითოეული მხარე მეორის შეცოდებებს გაიხსენებს, ისტორიულ ნარატივს შესაბამისად გადაწერს, ხოლო დანარჩენის მოგვარებას შთამომავლობას დაუტოვებს. შემდეგ იმის იმედად თუღა დარჩებიან, რომ 2020-იანები 1930-იანებზე უკეთესი იქნება.

ამ მიდგომის ალტერნატივაა, სულ მცირე, იმ პირობებზე საუბრის დაწყება, რომელთა მეშვეობითაც შედარებით იმედისმომცემი უსაფრთხოების სისტემის შექმნა მოხერხდება. ამისთვის მხოლოდ პროცესი ან ინსტიტუციური ცვლილება არ კმარა. საჭიროა შედეგების განჭვრეტა და მათი მისაღწევი გზების ნაბიჯ-ნაბიჯ ძიება.

მსგავსი მცდელობა მასშტაბური და მრავალმხრივი დიპლომატიური ამოცანა იქნება – იმის მსგავსი ამოცანა, რომელიც, გარკვეული წარმატებით, 1940-იან და ადრეულ 50-იან წლებში განხორციელდა. იგივე განმეორდა 1980-იანების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში.
ბლომად სამუშაო გველის, მაგრამ თუკი პოლიტიკოსები არ შეეცდებიან, არსებულზე უფრო სიცოცხლისუნარიანი მსოფლიო წესრიგი შექმნან, ეს ნიშანი იქნება, რომ მათ მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები არ უსწავლიათ.

 

ფილიპ დ. ზელიკოვი
ფილიპ დ. ზელიკოვი უაიტ ბარკეტ მილერის ისტორიისა და უილსონ ნიუმენის მართვის პროფესორია ვირჯინიის უნივერსიტეტის მილერის ცენტრში. იგი ხუთ ადმინისტრაციაში – რეიგანიდან ობამამდე – მუშაობდა.