article-img

ნათლიის ომები

ბარაკ მ. სინერი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთმა ნახევარსფერომ, აშშ-ს მეთაურობით, გადაწყვიტა, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება დასავლურ დემოკრატიებს შორის პოლიტიკურ ჰარმონიას შეინარჩუნებდა. ორი მსოფლიო ომის ტრავმამ უბიძგა ევროპელებს, 1951 წელს ჩამოეყალიბებინათ ნახშირისა და ფოლადის გაერთიანება ევროკავშირის წინამორბედი. ეს ტენდენცია ცივი ომის დასრულებით, კაპიტალიზმის კომუნიზმზე გამარჯვებით, ღია ბაზრებითა და დემოკრატიებით განისაზღვრა. აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიების მიუხედავად, დასავლური წესრიგი განასხვავებდა პოლიტიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას, იმდენად, რომ პირველი კონცეფცია ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა (იმ ისტორიული პრეცენდენტების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ეკონომიკური კავშირები აუცილებლად პოლიტიკურ კავშირებს არ ამყარებს). ერთპოლუსიანობა ისტორიის დასასრულთან იგივდებოდა პრეზიდენტმა კლინტონმა ჩინეთის მთავრობა “ისტორიის არასწორ მხარეს” მყოფად შეაფასა. დასავლეთი ძნელად თუ დაიჯერებდა, რომ შეიძლებოდა ისტორიის არასწორ მხარეს თავად აღმოჩენილიყო, ან იმას, რომ მისი უპირატესობა შეიძლებოდა, მისივე მოწყვლადობის მიზეზი გამხდარიყო საერთაშორისო სისტემაში.

 

ლიბერალური ინტერნაციონალისტები ნამდვილად არ მოელოდნენ ჩინეთის სამხედრო თავდაჯერებულობასა და მის ეკონომიკურ დაშორებას აშშ-სთან. ისინი ახორციელებდნენ დასავლეთის უნიკალური ისტორიული გარემოებების იდეალისტური პროეცირების ტენდენციას და, განსაკუთრებით, დემოკრატიული კაპიტალიზმის გამარჯვებას საბჭოთა კომუნიზმსა და ჩინეთის ტოტალიტარულ პოლიტიკურ სისტემაზე.  ამ ტენდენციას ემატებოდა დასავლეთის ლტოლვა, წვდომა ჰქონოდა ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარსა და ბუნებრივ რესურსებზე. ამ პროცესში დასავლეთმა უარი თქვა რეალპოლიტიკაზე და განადიდა აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების უპირატესობები. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ არასწორი დასკვნა გამოიტანა: “ომებს შორის პერიოდის გამოცდილების მთავარი გაკვეთილი იმაში მდგომარეობდა, რომ საერთაშორისო პოლიტიკური თანამშრომლობა და მყარი მშვიდობა დამოკიდებულია საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე”. 2002 წელს ბუშის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წინ წამოიწია იდეა, რომ აშშ და ჩინეთი გაამყარებდნენ თანამშრომლობას გლობალური  პრობლემების მოსაგვარებლად. ამან ასახვა ჰპოვა ობამას ადმინისტრაციის 2010 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. ტონი ბლერმა მხარი დაუჭირა ამ მიდგომას, როცა თქვა, რომ ევროკავშირს ჩინეთსა და აშშ-მდე უნდა გაეფართოებინა ახალი გლობალური პარტნიორობა. ამის დასტურად, მან “ნათლიის” პერსონაჟის, პიტერ კლემენცას მიერ როკო ლამპონესადმი ნათქვამი სიტყვები მოიტანა: “იარაღს შეეშვი, კანოლი აიღე”.

 

ინტერნაციონალისტური ლიბერალური წესრიგის პირობებში, რომელიც ურთიერთდამოკიდებულებას უსვამს ხაზს, დასავლელმა მწარმოებლებმა ჩინეთის ფართო ბაზარზე წვდომა არჩიეს. ამასთან ისინი მზად იყვნენ, ყურადღება არ მიექციათ ისეთი საკითხებისთვის, როგორებიც იყო სავაჭრო დეფიციტი, ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა, ამერიკული ტექნოლოგიების ჩინეთში იძულებითი ტრანსფერი და უწყვეტი მცდელობები, ხელი შეეშალათ ჩინეთისთვის  კონკურენტების ჩამოშორების მიზნით საბაზრო ფასზე ნაკლებად გაეყიდა პროდუქტი.

 

ამ დროს დასავლელი მომხმარებლები შედარებით იაფფასიანი ჩინური პროდუქციით სარგებლობდნენ, ხოლო დასავლური საწარმოები რეგულირების სანდოობით ტკბებოდნენ, რომელიც შედარებით ხანგრძლივი სტრატეგიული დაგეგმვისა და არა მყისიერი მოგების საშუალებას იძლეოდა. თავის მხრივ, დასავლეთის ქვეყნები აპროტესტებდნენ ჩინეთის მიერ პროდუქციის სტანდარტების ჰარმონიზაციის ლობირებას, რათა რეგულირების მინიმალური სტანდარტი წარმოედგინათ. სწორედ ამ დროს განასხვავა დასავლეთმა კეთილდღეობა და უსაფრთხოება, რის შედეგადაც ის ჩამორჩა ჩინეთის ტექნოლოგიურ ზრდას და წაუყრუა მის სამხედრო და ეკონომიკურ აღმასვლას. დასავლეთში სამხედრო ხარჯების შემცირებას შედეგად ბაზარზე ორიენტირებულ პროდუქციაში ინვესტიციების შემცირება მოჰყვა. 1980-იან წლებში დასავლეთი ინარჩუნებდა ტექნოლოგიური ლიდერის როლს, რადგანაც სამხედრო ტექნოლოგიების გაზრდილი ხარჯები უფრო ვრცელ შიდა სამომხმარებლო ბაზარზე გავრცელდა. 1980-იანი წლების შუაში, ბრიტანეთში შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ტექნოლოგიურ ინოვაციებში შედარებით დიდი ინვესტიციები ჩაიდო Vodafone, ბრიტანეთის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც მობილური ტელეფონების ბაზარზე ფოკუსირდა, სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნებს მიჰყვებოდა, ნაცვლად იმისა, რომ ნოვატორული ტექნოლოგიები შეექმნა. ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა 2G,3G და 4G, წინა ტექნოლოგიების უბრალო ინერცია იყო.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის ჰეგემონია დიდ სახელმწიფოთა აღზევებისა და დაცემის ისტორიული მაგალითების იგნორირებას ერწყმოდა. აშშ-ს პირველობა საერთაშორისო სისტემაში გარდაუვალად ითვლებოდა და ამას სამი უებარი საშუალება განსაზღვრავდა: სამხედრო უპირატესობა, კაპიტალიზმი და დემოკრატიის გავრცელება. ლიბერალურ ფინასურ ინსტიტუტებში ჩინეთის ინტეგრირება და მისი ფინანსური და სამხედრო წინსვლის ხელშეწყობა ძირს გამოუთხრის ამერიკის ერთპოლუსიანობას და უბიძგებს ჩინეთს გაზარდოს სამხედრო ხარჯები, შექმნას საკუთარი წესრიგი, რომელიც დასავლურის მეტოქე იქნება და მის უკან მოტოვებასაც ეცდება თავისი გლობალური ჩანაფიქრებით. ლიბერალურმა ინტერნაციონალისტებმა ადამ სმიტის სიტყვები აიტაცეს, რომ თავისუფალი ვაჭრობა აკომპენსირებს კონფლიქტს, რადგანაც ურთიერთგაცვლა სიჭარბის შემთხვევაში სავენტილაციო ხვრელივით მუშაობს. თუმცაღა “ერების სიმდიდრეში” სმიტი თავად აღიარებს, რომ “მმართველის პირველი მოვალეობაა, დაიცვას საზოგადოება სხვა დამოუკიდებელი საზოგადოებების ძალადობისა და შემოჭრისაგან, რაც მხოლოდ სამხედრო გზით შეიძლება განხორციელდეს”. ამგვარად, სახელმწიფოს თავდაცვის მოთხოვნილებები ეკონომიკურ სარგებელზე უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგანაც ეკონომიკური კავშირები ნდობას უნდა ემყარებოდეს, რაც შეუძლებელია არსებობდეს დემოკრატიასა და ტოტალიტარულ რეჟიმს შორის.

 

თუმცაღა ისტორია მეორე მსოფლიო თუ ცივი ომის შემდეგ არ დაწყებულა. მე-19 საუკუნეში მომხდარმა გლობალიზაციის მეორე ტალღამ გაზარდა ორთქლმავალი გემების გამოყენება და გაცვლის სისწრაფე. ამან 1911 წელს ნორმან ენჯელი თავის “დიდი ილუზიაში” იმ იდეამდე მიიყვანა, რომ ურთიერთდამოკიდებულ ეკონომიკებს შორის ომი არ გაჩაღდებოდა. სამი წლის შემდეგ, დიდი ომის დაწყებისას, ცხადი გახდა, რომ წიგნის დასახელება ავტორისავე შეცდომას ასახავდა. ორი მსოფლიო ომის მიუხედავად, მცდარი აზრი, რომ პოლიტიკური თანამშრომლობა გლობალურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთდამოკიდებულებას უნდა ემყარებოდეს, საერთაშორისო კონსენსუსის საგანი გახდა.

 

დონ კორლეონე: პოლიტიკური და უსაფრთხოების ინტერესების გაფურჩქვნა ტრამპთან
დონ ვიტო კორლეონე ფილმიდან “ნათლია”, რომელსაც არ სურს ნარკოტიკებით ვაჭრობაში გარევა, მიუხედავად ამ საქმის მომგებიანობისა, განასახიერებს პოლიტიკური ინტერესების პრიორიტეტს ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ. ის ვირჯილ სოლოცოს ეუბნება: “მართალია, ბევრი მეგობარი მყავს პოლიტიკოსებს შორის, მაგრამ ისინი ჩემთან მეგობრობას აღარ მოინდომებენ, თუ ეცოდინებათ, რომ ჩემი საქმე ნარკოტიკებია და არა აზარტული თამაშები, რასაც უწყინარ ცოდვად თვლიან. ნარკოტიკები ბინძური საქმეა”.

 

დღეს აშშ-მ დონ კორლეონეს მოდელი აირჩია, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური ინტერესები ეკონომიკურზე უპირატესია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ეკონომიკა კავშირშია ჩინეთთან, ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთს შეზღუდვები დაუწესა თუმცაღა ეს ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს ძვირი უჯდებათ და სცადა სტრატეგიულად დაშორებოდა მას. ეს პოლიტიკა იმ დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ ჩინეთის მიზანი არა უბრალოდ “მზის ქვეშ კუთვნილი ადგილის” დამკვიდრებაა, არამედ გლობალიზაციისთვის ხელის შეშლა, დასავლური წესრიგისთვის ძირის გამოთხრა და მისი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის ახალ მსოფლიო წესრიგზე პროეცირებაა, რომელიც ჩინეთის თავისებურებებს ასახავს. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ დასავლურ ეკონომიკებს სხვადასხვა ინტერესები გააჩნიათ, ჩინეთის წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანებით ისინი ვიტო კორლეონეს პოზიციას იკავებენ. Five Eyes-მა ჩინეთის მიერ ჰონგკონგის არჩევნებში მონაწილე პროდემოკრატი კანდიდატების დისკვალიფიკაციის საპასუხოდ გლობალური პასუხის კოორდინირება მოახდინა და გააკრიტიკა ჩინეთის მიერ კოვიდ-19-ის წარმოშობის დაფარვა. სწორედ ასევე, 2020 წლის მაისში აშშ, ბრიტანეთი, კანადა და ავსტრალია მკაცრი საერთო განცხადებით გამოვიდნენ ჩინეთის მიერ მიღებული ჰონგკონგის ახალი უსაფრთხოების კანონის საპასუხოდ.

 

პეკინისა და ტაიბეის ეკონომიკური ურთიერთკავშირის მიუხედავად, ჩინეთმა განაცხადა, რომ ტაივანთან ომს დაიწყებდა, თუკი ქვეყანა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. 2001 წელს ჩინეთის შესვლას საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რამაც ქვეყანას იაფფასიანი პროდუქციის ბაზარი გაუხსნა და ჩინეთის ექსპორტი, საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები გაზარდა თან მოჰყვა ჩინეთის პოლიტიკური სისტემის ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმად გადაქცევა, რასაც თან სდევდა სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა, სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში გააქტიურება და კონფრონტაციული დიპლომატია.

 

არსებობს ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ სწირავდნენ სახელმწიფოები ეკონომიკურ ინტერესებს პოლიტიკურს, რაც კონფლიქტს იწვევდა. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა პოლიტიკური ელიტა არ არის ანგარიშვალდებული და აკლია ლეგიტიმაცია, შესაბამისად, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არ არის დამოკიდებული ვაჭრობის ეკონომიკურ სარგებელზე. პირველ მსოფლიო ომამდე გერმანიის იმპერიას ეშინოდა რუსეთის დომინანტობის. კურც რიცლერის დღიურის მიხედვით, გერმანიის კანცლერმა თეობალდ ფონ ბეთმან-ჰოლვეგმა წამოიძახა: “რუსეთი სულ იზრდება და იზრდება. თავს კოშმარული სიზმარივით გვაწევს”. გერმანია პრევენციულ ომს აწარმოებდა რუსეთის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების, სწრაფი ინდუსტრიალიზაციის და მისი 200 მილიონიანი მოსახლეობისადმი შიშის გამო, რომელიც, როგორც გერმანია ვარაუდობდა, მთელ ევროპას წალეკავდა. რუსეთის მზარდმა მილიტარიზაციამ უსაფრთხოების დილემა წარმოქმნა, რამაც გერმანიას ქვეყნების რუსეთის გარშემო რეგიონალიზაციის შემთხვევაში ალყაში მოქცევის შიში გაუჩინა. საფრანგეთი რუსეთთან ალიანსში იყო 1890 წლიდან და გერმანია შიშობდა, რომ ბრიტანეთიც ამ ალიანსს შეუერთდებოდა, განსაკუთრებით ერთობლივი სამხედრო-საზღვაო კონვენციის ფარგლებში. ეს მართლაც ასე მოხდა, როცა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ანტანტა შექმნეს.

 

სწორედ ასევე, აშშ-ს უსაფრთხოების მზარდი დილემა იმით დამთავრდება, რომ ჩინეთი ალყაში მოქცეულად იგრძნობს თავს, რადგანაც აშშ ცდილობს სამხრეთ კორეასთან, ტაივანთან, ფილიპინებთან, ვიეტნამთან, ინდოეთთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან კოალიციით შეაჩეროს ჩინეთის აზიაში დომინირების მცდელობა. თავის მხრივ ჩინეთი აშშ-სთან ეკონომიკურ დაძაბულობას, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო სანქციების მხარდაჭერის შემცირებით უპასუხებს, რომელიც თავად გრძნობს თავს ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ალყაში.

 

პირველ მსოფლიო ომამდე გერმანიას რუსეთისა ეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ეკონომიკებთან იყო გადახლართული. 1913 წელს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო, რომლის წილიც მთლიანი ვაჭრობის 13% შეადგენდა. ბრიტანეთისა და აშშ-ს საერთო წილი გერმანიის საქონელბრუნვაში დაახლოებით 12% იყო, ავსტრია-უნგრეთისა 9%, ხოლო საფრანგეთის დაახლოებით 7%. მიუხედავად ამისა, გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვეოდა და პირველი მეორეს შეეწირა.

 

ბრიტანელი ისტორიკოსი პიპა ქათერალი გამჭრიახად აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა ეკონომიკა რეჟიმის საყრდენი არაა და მის ადგილს ნაციონალიზმი იკავებს.

 

ბიზნესის სექტორი ეკონომიკურ ინტერესებზე უსაფრთხოების უპირატესობას, სავარაუდოდ, რისკების შემცირებით და უფრო უსაფრთხო საინვესტიციო და სამუშაო ბაზრების ძებნით უპასუხებს. მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც სტრატეგიულად დაშორებულია ჩინეთს, რეგიონალიზებულია ან ხმელეთზე მდებარეობს, დამოკიდებულები იქნებიან არა საბაზრო ეფექტურობასა და შემოსავლიანობაზე, არამედ სიმყარეზე, რაც უფრო ხარჯიანია. მთავრობები ალბათ უარს იტყვიან უახლეს ტექნოლოგიებში ინვესტირებაზე, თუკი მათ სამხედრო მიზნებით ვერ გამოიყენებენ. უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესის გამიჯვნამ შესაძლოა პოტენციურად შეამციროს ინვესტიციები ბაზარზე ორიენტირებულ პროდუქციაში. ისტორიკოსი დევიდ ეჯერტონი აღნიშნავს, რომ ომისშემდგომ პერიოდში დიდი ბრიტანეთი ინვესტიციებს სამხედრო კვლევასა და განვითარებაში დებდა, მაგრამ უფრო ფართო ბაზრისთვის განკუთვნილი გამოყენებითი ტექნოლოგიების თანმდევი ეფექტი შეიზღუდა. ამის საწინააღმდეგოდ, იაპონიამ, სამხედრო ხარჯებზე დაწესებული ომისშემდგომი საკონსტიტუციო შეზღუდვების გამო, ყურადღება გადაიტანა სამომხმარებლო ბაზრის განვითარებაზე. ამ მიზნით “ტოიოტამ” დანერგა “ზუსტად ვადაში” წარმოების სისტემა, რომელიც აშშ-ში გამოიგონეს. ამან ხელი შეუწყო გლობალური საწარმოო ჯაჭვების შექმნას, სადაც სასაქონლო მარაგი დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა. აშშ-ს სამხედრო ხარჯების გამო ცივი ომის პერიოდში ამ მოდელის სწრაფი მიღება არ მოხდა, რაც ასახავდა საწარმოების შეზღუდულობას, რომლებიც პროდუქციის თანმიმდევრული ნაკადის ფორდისტულ მეთოდებს იყენებდნენ. დირექტორთა საბჭოები ეწინააღმდეგებოდნენ “ზუსტად ვადაში” სისტემის დანერგვას, რადგანაც ეს ფინანსურად რაციონალური არ ჩანდა, მანამ, სანამ იაპონიასთან კონკურენცია არ მოუწიათ. ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, სანამ უკვე გვიანი არაა, დონ კორლეონესათვის ცნობილი მოდელია.

 

დონ ლუჩეზი: კეთილდღეობა და ურთიერთკავშირი კონფლიქტის მიზეზია
კონფლიქტი შესაძლოა წარმოიშვას არა იმიტომ, რომ ეკონომიკა პოლიტიკური ინტერესებისაგან დამოუკიდებელი ხდება, არამედ იმიტომ, რომ ერთი მეორეში გადაედინება, განსაკუთრებით, როცა ისინი სხვა ქვეყნის ეკონომიკებთანაა მჭიდროდ გადახლართული. დონ ლუჩეზი ამის განსახიერებაა, როცა“ნათლიის” მესამე ნაწილში ვინსენტ მანჩინის ეუბნება: “ფინანსები იარაღია. პოლიტიკამ იცის, როდის გამოკრას სასხლეტს”. ჯონათან ეიალმა, გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის საერთაშორისო დირექტორმა, შენიშნა, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეებში თითქმის ყველა ქვეყანაში, სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას განიცდის, სულ უფრო მეტად მიმართავს მილიტარიზმს, რადგანაც მას სტრატეგიული ინტერესების უფრო ფართო წრე აქვს, რომელთა დაცვაც უწევს. ზუსტად ისევე, როგორც აშშ დომინირებს დასავლეთ ნახევარსფეროში, ჩინეთი ცდილობს გახდეს რეგიონული ჰეგემონი და დომინანტი სამხედრო-საზღვაო ძალა ინდოეთის და წყნარ ოკეანეებში. ეს შეიძლება ასე იყო ავტორიტარული ჩინეთის შემთხვევაში, მაგრამ ტოტალიტარული ჩინეთი უფრო ამბიციურია.

 

სტატიაში “რა ტიპის რეჟიმი აქვს ჩინეთს?” ფრენსის ფუკუიამა გამოყოფს ჩინეთის ავტორიტარიზმის ფაზას (1978-2012 წლებში) და ტოტალიტარიზმის ფაზას, რომელიც 2012 წელს, პარტიის მე-18 ყრილობიდან დაიწყო, როცა პრეზიდენტი სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად დაინიშნა და შეეცადა ძველი მაოისტური მოდელი აეღორძინებინა. სი ძინპინის ხელისუფლებაში მოსვლამდე ავტორიტარული ჩინეთის აგრესია მხოლოდ რეგიონალური იყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ქვეყანამ განავითარა “მარგალიტების ასხმა” ჩინური სამხედრო და კომერციული ობიექტების ქსელი, რომელიც ჩინეთიდან პორტ-სუდანსა და სომალის ნახევარკუნძულამდე გრძელდება. სი ძინპინის გენერალურ მდივნად დანიშვნის ერთი წლის თავზე ჩინეთმა გაასაჯაროვა ინიციატივა “ერთი სარტყელი, ერთი გზა” და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური, მილიტარიზებული კუნძულების შექმნით რეგიონალური აგრესია უფრო გაზარდა. ათ წელიწადში ჩინეთმა ჰონკონგთან მიმართებით ეროვნული უსაფრთხოების კანონი გამოიყენა, რამაც სერიოზულად შეზღუდა ქალაქის ავტონომია, თუმცაღა ამას პეკინისთვის სერიოზული საერთაშორისო შედეგები არ მოჰყოლია. ამ ყველაფერმა პრეზიდენტ სი ძინპინის გეგმა ტაივანის გადაყლაპვის შესახებ უფრო რეალისტური გახადა.

 

ტოტალიტარული ჩინეთი იცავს დონ ლუჩეზის ნათქვამს ფინანსებისა და სასხლეტის გამოკვრის შესაფერი დროის შესახებ და თავს უყრის სახელმწიფო მმართველობის ყველა ასპექტს, რათა “ერთი სარტყელი, ერთი გზის” მეშვეობით ძალის პროეცირება მოახდინოს აზიის მიღმა, დასავლეთში. ამისთვის ჩინეთი ცდილობს ნედლეული შეისყიდოს ქვეყნის მზარდი მოსახლეობისათვის და ამასთანავე ხარბად დომინირებდეს უცხოურ ბაზრებზე. ეს აბსტრაქტული “თუკიდიდეს ხაფანგი” არაა, როცა  ზეაღმავალი სახელმწიფო არსებული ჰეგემონის ჩანაცვლებას ცდილობს, რაც გარდაუვალ კონფლიქტს იწვევს. ჩინეთის სამხედრო და საზღვაო ძალები განაგრძობენ მოქმედების არეალის გაფართოებას, რადგანაც მათ სურთ ნედლეულის მოპოვების, წარმოების და ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ პროცესში ჩინეთმა შესაძლოა აშშ-სთან დაძაბულობის ზრდის პროვოცირება მოახდინოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ისევე, როგორც მეზობელი სახელმწიფოების ძალებთან.

 

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შეისწავლა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის დასავლური იმპერიების ქცევა, რომლებიც დაპყრობილ ტერიტორიებს ეკონომიკურ ზურგად იყენებდნენ. ეს ტერიტორიები ნედლეულით ამარაგებდნენ დასავლურ სახელმწიფოებს, სანაცვლოდ კი მზა პროდუქციას იღებდნენ. კვაზიმერკანტილიზმის ეს ფორმა თავისუფალი ვაჭრობის იმპერიული ნაირსახეობა იყო, რადგანაც სავაჭრო ურთიერთობები პირველად და მეორად მწარმოებლებს შორის უპირატესობას ამ უკანასკნელებს ანიჭებდა, ხოლო პირველებს კლიენტებზე დამოკიდებულს ხდიდა. პიპა კატერალი ამას ძალაუფლებისა და კონტროლის იერარქიებს მიაწერს, რომლებიც ცდილობენ ზოგიერთი მომწოდებელი, პირდაპირი თუ ირიბი გზით, ქვეშევრდომის პოზიციაში ჰყავდეთ. ჯონათან ეიალი თვლის, რომ ეს არაერთხელ მომხდარა ერი-სახელმწიფოების გამოცდილებაში. ბრიტანეთის იმპერია ეკონომიკის მამოძრავებელმა ძალებმა შექმნა, რადგანაც ბრიტანეთი ტერიტორიებს იპყრობდა ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, რაც საბოლოოდ გავრცელდა შუამავალი პოსტების შეძენაზე. იაპონიამ თავდაპირველად მანჯურია დაიპყრო და შექმნა “აღმოსავლეთ აზიის დიდი თანაგანვითარების სფერო”, რათა ნედლეულზე წვდომა ჰქონოდა. იაპონიამ პერლ-ჰარბორზე თავდასხმა სწორედ იმიტომ განახორციელა, რომ ნედლეულის მხრივ აშშ-ზე იყო დამოკიდებული.

 

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ცენტრალურმა ევროპამ და ნაცისტური გერმანიის Grosswirtschaftsraum-მა დიდი ეკონომიკური ზონა შექმნეს, რაც გერმანიის ეკონომიკური წარმოებისა და პროდუქციის ზურგს წარმოადგენდა. გერმანია, ერთდროულად, ორ ურთიერთგამომრიცხავ ტენდენციას მიჰყვებოდა, რომელთა დაახლოებამაც სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, მისი ეკონომიკური აღმასვლა ბუნებრივად გადაიზარდა მილიტარიზმის გაძლიერებაში. გერმანიის კაიზერის ვილჰელმ II-ის ცნობილი სიტყვები იყო, რომ გერმანიას “მზის ქვეშ ადგილი” ესაჭიროებოდა. თუკი გერმანიის ეკონომიკა მასშტაბით ბრიტანეთის ეკონომიკას უტოლდებოდა, რატომ არ უნდა ჰყოლოდა იმავე ზომის ფლოტი? იმპერიალიზმი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საუკუნის შუა წლებამდე სწორედ ამგვარად ფუნქციონირებდა. ბრიტანეთი და საფრანგეთი ქმნიდნენ საბოლოო პროდუქციას და ეკონომიკურ ზურგს, რაც უსაფრთხოების დილემას წარმოშობდა, რადგანაც ეს ზურგის რაიონები ექპანსიონისტურად ითვლებოდა და ამძაფრებდა კონფლიქტს იმპერიებს შორის.

 

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ურთიერთდამოკიდებულება ეკონომიკურ დაშორებასა და საერთაშორისო წესრიგის გახლეჩაში გადაიზარდა. დასავლეთი ეწინააღმდეგება ჩინეთის შეჭრას მის ნახევარსფეროში, ჩინეთი კი განაგრძობს რეგიონული ჰეგემონიის დამტკიცებას. ჩინური ბიზნესები მალე თავს დააღწევენ დასავლეთის რეგულაციების ჩარჩოს ჩინეთის წესრიგის ფარგლებში. ჩინური რეგულაციები საკუთარი პროდუქციის სპეციფიკაციებისთვის უპირატესობებს დააწესებენ. დაპატენტებული ტექნოლოგიების წარმოება ტრადიციულად დასავლეთიდან მოდიოდა, მაგრამ ბოლო ათწლეულში სიტუაციამ შეცვლა დაიწყო, რისი მაგალითიც 5G-ს სისტემების ჩინეთში შემუშავებაა.

 

უცნაურია, მაგრამ გლობალიზაციამ ჩინეთი ავტორიტარული სახელმწიფოდან ტოტალიტარულ ქვეყნად აქცია. 2001 წელს ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებამ ქვეყნის ეკონომიკა და ბაზარი გახსნა და წელიწადში 10% ზრდის საშუალება მისცა. ჩინეთის ექსპონენტური ეკონომიკური ზრდა, ბოლო ათწლეულში, მისი სამხედრო სიძლიერის ზრდასაც უწყობდა ხელს. ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკური წარმატება დასავლეთის მიერ გლობალიზაციის წახალისებისთვის მიეწერა, ჩინეთმა ეს დაცულ საზოგადოებას და მის სახელმწიფო კაპიტალიზმს მიაწერა. ამგვარად, 2012 წლიდან მოყოლებული, პრეზიდენტი სი ცინპინი ცდილობდა, დასავლური გლობალიზაციის ალტერნატივის შემოთავაზებას და ჩინური მოდელის საერთაშორისო დონეზე ექსპორტირებასა და საერთაშორისო წესრიგის შეცვლას. 2017 წელს სი ცინპინმა განაცხადა, რომ “ჩინეთი სხვა ქვეყნებსა და ერებს სთავაზობს, დამოუკიდებლობის დაკარგვის გარეშე, განვითარების დაჩქარების ახალ ვარიანტს”. ვაშინგტონის კონსენსუსი ემყარებოდა უპიროვნო საბაზრო ძალებს, რომლებსაც თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებები წარმოშობდა და რომლებიც ხსნიან და აახლოებენ ბაზრებს და ამავდროულად ზრდიან სპეციალიზაციას საწარმოო ქსელებში. ამის საწინააღმდეგოდ, ჩინურ კონსენსუსს ტოტალიტარული დღის წესრიგი აქვს, რომელიც არ მიჯნავს ეკონომიკურ განვითარებას ციფრული ინფრასტრუქტურის მეშვეობით მოპოვებული თვალთვალის მონაცემების შეგროვებისაგან. BRI-ს ფორუმზე, 2017 წლის მაისში, პრეზიდენტმა სი ცინპინმა “21-ე საუკუნის ციფრული აბრეშუმის გზის” შესახებ განაცხადა, რომელიც  BRI-ს ქვეყნებს ფართოდიაპაზონიანი ქსელებითა და ჭკვიანი ქალაქებით უზრუნველყოფს. ეს ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს მონაცემთა ნაკადზე კონტროლის დამყარების საშუალებას მისცემს, რაც ჩინეთს უცხოური ბაზრების შეფასებისას უპირატესობას მიანიჭებს. თავის მხრივ, ეს საშუალებას აძლევს ჩინეთს, კონკურენტუნარიანი პოზიცია ჰქონდეს ფასწარმოქმნის გლობალურ ჯაჭვში. ჩინეთის BღI ჰორიზონტალური ინიციატივა კი არაა, რომელიც მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებასა და უცხოურ ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფაზეა მიმართული, არამედ ვერტიკალური სისტემაა, რომელიც კეთილდღეობის ზრდას დომინირებასთან აკავშირებს.

 

ჰაიმან როთი: დასავლეთის მთავრობების თანამშრომლობა კერძო სექტორთან
აცნობიერებენ რა ჩინეთის საფრთხეს კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის ფონზე, დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ეკონომიკური მოდელების ადაპტირებას ახდენენ, რათა ჩინეთთან კონკურენცია შეძლონ. დასავლური მთავრობები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ვაშინგტონის კონსენსუსის შენიშვნებზე შეზღუდული მთავრობის და უპიროვნო თავისუფალ ბაზარზე დაყრდნობის შესახებ. ამის ნაცვლად ისინი პეკინის კონსენსუსს ბაძავენ რომლის მიხედვითაც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად მუშაობს რათა ჩინეთის ექსპონენტური ეკონომიკის, ტექნოლოგიისა და იფრასტრუქტურის ზრდასთან კონკურენცია შეძლონ. ჰაიმან როთმა ცნო გალვანიზირებული კერძო სექტორი, როცა “ნათლია 2-ში” თქვა: “აქ დაცულები ვართ, თავისუფლად შეგვიძლია კიფოვერის, დაწყევლილი იუსტიციის დეპარტამენტისა და ფედერალური ბიუროს გარეშე, მეგობრულ მთავრობასთან პარტნიორობით ჩვენს მოგებაზე მუშაობა… მაიკლ, ჩვენ უფრო დიდი ვართ ვიდრე U.S. Steel-ია”.
სტრატეგიული ინვესტიციების ჩადების ხარჯზე ისეთ სახელმწიფო საწარმოებში, როგორიც, მაგალითად, Huawei-ა, ჩინეთი ტექნოლოგიური ლიდერი გახდა 5G-ს ქსელების შექმნაში. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტოტალიტარული მოდელი მიმართული იყო სამოქალაქო ტექნოლოგიური აპლიკაციების ინვესტირებაზე, რათა უსაფრთხოების სამსახურისთვის მონაცემების გადაცემა მომხდარიყო. ლიბერალურ დასავლურ მთავრობებს, კერძო სექტორში შეზღუდული ჩართულობით, მსგავსი მიზანი არ ჰქონიათ.

 

ეს მალე შეიცვლება. დასავლური მთავრობების პასუხი ის იქნება, რომ ისინი წაახალისებენ კომპანიებს, შექმნან თავდაცვითი კავშირები სხვა კომპანიებთან ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინდუსტრიებში, როგორებიცაა ტელეკომუნიკაცია და აეროკოსმოსური წარმოება. იმის გათვალისწინებით, რომ დასავლურმა მთავრობებმა გადაწყვიტეს გამოერიცხათ Huawei-ს 5G ქსელები თავიანთი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურებიდან, ისინი ჩინური 5G-სთვის კონკურენციის გასაწევად სავარაუდოდ, შექმნიან დასავლურ კონსორციუმს, რომელშიც შევლენ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ისეთი მსხვილი მომწოდებლები, როგორებიცაა ბრიტანული Vოდაფონ, შვედური Ericsson და ფინური Nokia. ეს უკვე მოხდა აეროკოსმოსურ სექტორში: ეროვნულმა მთავრობებმა მთელ ევროპაში უკვე შექმნეს Aირბუს. აშშ-ში აეროკოსმოსური წარმოება ფედერალური მთავრობის მიერ კონტროლდება.
დასავლური მთავრობები, სავარაუდოდ, განსაზღვრავენ ამ სექტორებს, როგორც სტრატეგიული ინტერესების სფეროს და უზრუნველყოფენ მიწოდების ქსელის ქვეყნის შიგნით არსებობას. ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების პროგრამა უზრუნველყოფს, რომ წევრმა ქვეყნებმა ინვესტიციები სტრატეგიული ინტერესის, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სფეროში ჩადონ. ეს სავაჭრო მოლაპარაკებების წარმატებას განსაზღვრავს, რადგანაც ზოგიერთი ქვეყანა კომპანიებში დებს ინვესტიციას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს თანაბარ პირობებში თამაშს. გრძელვადიან პერსპექტივაში, დასავლური ქვეყნების მთავრობები, სავარაუდოდ, გაზრდიან ინვესტიციებს სტრატეგიულად მგრძნობიარე სფეროებში, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიებში, რათა ჩინეთს დაეწიონ. ეს მთავრობების მიერ დონ ლუჩეზის პოზიციის მიღებას გამოიწვევს, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების გაძლიერება, ეკონომიკური და ინოვაციების ზრდა არა მხოლოდ ერთდროული უნდა იყოს, არამედ სინონიმებს წარმოადგენდეს.

 

დონ ლუჩეზის კვაზი მერკანტილისტური მიდგომა, სავარაუდოდ, მომავალში კონფლიქტს გამოიწვევს, თუკი ორი ეკონომიკური წყობა, აშშ-სა და ჩინეთის მეთაურობით, ან მათი ხედვები გლობალიზაციაზე ერთმანეთს შეეჯახება.

 

განსხვავებული წესრიგების შეჯახება ომებს შორის პერიოდში მოხდა, როცა იაპონიის თანაგანვითარების ზონა ბრიტანულ და ამერიკულ ინტერესებს შეეჯახა წყნარი ოკეანის რეგიონში. კორონავირუსის შემდგომ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში სხვადასხვა წესრიგები შემოსაზღვრული იქნება. ეს გაფანტავს ადამ სმიტის შიშს, რომ «ერთ საქმეში მყოფი ადამიანები იშვიათად იკრიბებიან, მხიარულებისა და გართობის მიზნითაც კი, მათი საუბარი კონსპირაციით სრულდება საზოგადოების წინააღმდეგ, ან ფასების აწევის განზრახვით». ამან შესაძლოა სახელმწიფოს შიდა კონფლიქტები გამოიწვიოს, როგორიც, მაგალითად, გვატემალას ისტორიული რეაქციაა United Fruit Company-ის მიერ მაღაზიის გახსნაზე სამხრეთ ამერიკაში. ამის საპირისპიროდ, საშუალო დონის სახელმწიფოებმა და ბლოკებმა შესაძლოა სახელმწიფოთა შორის კონფლიქტი წარმოშვან, თუკი მათ წვდომას ნედლეულთან, მონაცემებთან ან სისტემებთან საფრთხე შეექმნება, იმის მიუხედავად, რომ მათ აქვთ საშუალება დაარეგულირონ თავიანთი ბაზრები შთანთქმის თავიდან ასარიდებლად. სახელმწიფოთა შორის კონფლიქტი, შესაძლოა, არატრადიციული ხერხებით, მაგალითად, კიბერშეტევებით გამოიხატოს. მაგალითად, ავსტრალიამ ახლახანს საკუთარ თავზე გამოსცადა პოლიტიკურ თუ კერძო სექტორის ორგანიზაციებზე კიბერშეტევა, რომელიც «სახელმწიფო სუბიექტს» მიეწერებოდა, კერძოდ კი ჩინეთს.

 

არჩევანი დონ კორლეონესა და დონ ბარზინის შორის
«ნათლიაში», ხუთი ოჯახის მეთაურების შეხვედრაზე, დონებს მოუწიათ ან ბარზინისა და ტატალიების ოჯახებისთვის დაეჭირათ მხარი, რომლებსაც ნარკოტიკების ვაჭრობით უნდოდათ მოგების მიღება, ან კორლეონეების ოჯახისთვის, რომელიც პოლიტიკურ ნდობას მოგებაზე მაღლა აყენებდა.

 

ცივი ომისაგან განსხვავებით, რომელშიც საბჭოთა კავშირი არ წარმოადგენდა სამომხმარებლო ეკონომიკას და გამიჯნული იყო კაპიტალისტური ეკონომიკისაგან, ჩინეთი დღეს სამომხმარებლო ეკონომიკაა, რომელიც დასავლურ ლიბერალურ ეკონომიკებთანაა კავშირში. შედეგად, ბევრი ქვეყანა ცდილობს, თავი აარიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტს, შეუერთდეს აშშ-ს უსაფრთხოებისა თუ სამხედრო კავშირებს და ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც აშშ-სთან ისე ჩინეთთან. აშშ-ს ჯერ კიდევ მოუწევს საყოველთაო მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც სტრატეგიული ალიანსების სისტემის საფუძველი იქნება ჩინეთისაგან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად და მისი მოკავშირეების შიშების გასაფანტად.

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ტრავმირებულნი იყვნენ უცხოური კოლონიზაციით, იაპონური ოკუპაციითა და მეტოქეობით ცივ ომში, რამაც ამ ქვეყნებს შიში გაუჩინა, რომ რეგიონული ინტერვენციის შემდეგ, შედეგებთან გამკლავება მარტოებს მოუწევდათ. ამის გამოძახილი იყო სინგაპურის პრემიერ მინისტრის, ლი სიან ლუნის ატლანტიკური საბჭოს წინაშე გამოსვლა ივლისში: «ჩვენ ორი რამ გვაწუხებს. პირველი ის, რომ აშშ, შესაძლოა, ჩინეთს შეეჯახოს აზიაში. მეორე შიშია, აშშ-მ არ ჩათვალოს, რომ რეგიონში არაფერი ესაქმება და ჩვენი თავის ანაბარა არ დაგვტოვოს». სამხრეთ კორეას, იაპონიას, ტაივანს, ავსტრალიას, ფილიპინებს, ვიეტნამს, ინდოეთსა და სინგაპურს ჩინეთის ამერიკის ხარჯზე შეკავების იმედი აქვთ და, ამავდროულად, სარგებლობენ იმით, რომ ჩინეთი მათი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.

 

ანალოგიური რამ განახორციელა ისრაელმა. აშშ-ს ზეწოლით ისრაელმა უარი უთხრა ჩინურ კომპანიას ტენდერში მსოფლიოს უდიდეს წყლის გამტკნარების ქარხანაზე და ეწინააღმდეგება Huawei-ს 5G-ს. ამის მიუხედავად, ჩინეთი 2021 წელს ჰაიფას პორტის ხელმძღვანელობას დაიწყებს, რაც შეიძლება იმით დასრულდეს, რომ აშშ-ს საზღვაო ძალებმა აღარ მოინდომონ იქ მეექვსე ფლოტის განლაგება.

 

სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს წევრები აშშ-სთან სამხედრო კავშირებსა და ჩინეთთან ტექნოლოგიურ კავშირებს შორის ბალანსირებენ. საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი მათი ეკონომიკების დივერსიფიცირებასა და გაციფრულებას ახდენენ და ხელი მოაწერეს შეთანხმებებს Huaweis-თან. პასუხად სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, დევიდ შენკერმა, განაცხადა, რომ Huaweis-ს მონაწილეობა 5G-ს ინფრასტრუქტურაში სპარსეთის ყურეში, გაართულებს აშშ-სა და რეგიონის ძალებს შორის ურთიერთობას.

 

საშუალო სახელმწიფოთა ბლოკებს შეუძლიათ საერთაშორისო სისტემის ფარგლებში დარჩენისთვის სწრაფვა, ეკონომიკური და სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და ურთიერთობის გაგრძელების მცდელობა, როგორც აშშ-სთან, ისე ჩინეთთან. ერთი მხრივ, ტრამპის ადმინისტრაცია «ამერიკა უპირველეს ყოვლისა» გარე პოლიტიკას აწარმოებს, რომელიც აშორებს მას ტრადიციულ პარტნიორებს, მეორე მხრივ კი ის ისწრაფვის ჩინეთთან საბრძოლველად ფართო ალიანსები შექმნას. «განსაკუთრებული ურთიერთობების» მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი და აშშ ვერ თანხმდებიან ჯანდაცვის სტანდარტებზე და ინარჩუნებენ ტარიფებს ყველაფერზე უცხოური ავტომობილებიდან დაწყებული, კვების პროდუქტებით დამთავრებული. ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ გაიმყარონ «ციფრული სუვერენიტეტი», ზღუდავენ ამერიკულ ტექნოლოგიებს და ციფრული მომსახურებების გადასახადებს უწესებენ Google-ს, Amazon-ს, Facebook-სა და Apple-ს, რათა დააფინანსონ კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკის აღდგენა და საშუალება მისცენ ადგილობრივ კომპანიებს, კონკურენცია გაუწიონ ამერიკულ ფირმებს. ჩინეთთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნები გაყოფილები არიან. მაშინ, როცა შვედეთი მხარს უჭერს ჰონგ-კონგის გამო ჩინეთის საწინააღმდეგო სანქციებს, უნგრეთი ცდილობს მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნოს პეკინთან. გერმანია, ჩინეთის მსხვილი ექსპორტიორი, ცდილობს ოქროს შუალედი მონახოს ვაშინგტონსა და პეკინს შორის.

 

ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები გამიჯნული დიდხანს ალბათ არ დარჩება, რადგან დასავლური დემოკრატიები კიბერშეტევების მსხვერპლია და პოზიცია უნდა დაიკავონ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. კორონავირუსის ეპოქაში დასავლური სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა აღიარონ, რომ შიდა დონეზე ჩინეთის ტექნოლოგიური უპირატესობის დასაწევად, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები გამიჯნული არ უნდა იყოს, თუკი სახელმწიფოს განზრახული აქვს, ინვესტიციები სტრატეგიულად მგრძნობიარე სფეროებში ჩადოს, ისეთებში, როგორებიცაა ტექნოლოგია და ტელეკომუნიკაცია.

 

დონ კორლეონესა და დონ ლუჩეზის მიერ წარმოდგენილი ნათლიის მოდელები საგარეო პოლიტიკაში გაორმაგებული ძალით დაბრუნდება. ეს აიძულებს საერთაშორისო კომპანიებს, ან აშშ-ს ბაზარზე იმუშაონ, ან ჩინეთის, რადგანაც ჩინეთისა და დასავლური ქვეყნების მთავრობები შესაბამისად ზრდიან ტარიფებს და რეგულაციებს, რათა მიწოდების ჯაჭვების რეგიონალიზაცია მოახდინონ. უცხოური კომპანიების მოსაზიდად, ჩინეთი, შესაძლოა, ამას წინ აღუდგეს რეგულაციების შეცვლით, რაც საშუალებას მისცემს უცხოურ კომპანიებს, თავიანთი ინტელექტუალური საკუთრება დაიცვან.

 

რადგანაც აშშ და ჩინეთი სულ უფრო იზოლირებულები ხდებიან, ორივეს მოუწევს კუნთების თამაში. ბლოკები საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომელ ორბიტას ეკუთვნიან. საბოლოოდ, წესრიგი, რომლის მიხედვით არსებობასაც გადაწყვეტენ სახელმწიფოები, მე-20 საუკუნის მიერ შემოთავაზებულ იმ პრინციპს დაეყრდნობა, რომ ტოტალიტარიზმი არა იმდენად პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს შორის კომპრომისს გულისხმობს, რამდენადაც ორივეს ატროფიას. ამგვარად, გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლეთი იდეოლოგიურ და დემოკრატიულ პოზიციას მიემხრობა, რათა წინ აღუდგეს ჩინეთს. დასაწყისში სახელმწიფოებმა შესაძლოა სცადონ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების და აშშ-სთან სამხედრო კავშირების, ან პირიქით, შენარჩუნება. სწორედ ამ დროს მოხდება კავშირების ფორმალიზება და ბლოკების მკვეთრი გამიჯვნა აშშ-სა და ჩინეთის ორბიტებს შორის. ამგვარად წარმოიშობა ახალი გლობალური წესრიგი. დონ კორლეონე, დონ ლუჩეზი და ჰაიმ როთი, შესაბამისად, ამ სისტემის თავში იქნებიან და კლემენცას ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი უბრალოდ თავაზიანად კი არ გადგება განზე, არამედ დაიშლება.

 

ბარაკ მ. სინერი Strategux Intelligentia-ს გენერალური დირექტორია, წარსულში კი Royal United Services Institute-ის ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო თანამშრომელი იყო. შეგიძლიათ, მას ტვიტერზე ადევნოთ თვალი @BarakSeener.