მაგიდა ორისთვის
როგორც ჩანს, პრეზიდენტ ბაიდენს ამერიკული მთავრობების ჩვეული ილუზია აქვს: ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა ქცევა შეცვალოს.
„ის გავაკეთე, რისთვისაც მოვედი“, უპასუხა ჟურნალისტებს ჯო ბაიდენმა ჟენევაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. აქ პრობლემა ის არის, რომ ასევე მოიქცა პუტინიც.
ბაიდენი ჟენევაში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში სტაბილურობის აღსადგენად ჩავიდა. ამას ის დაძაბულობის შემცირებითა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გამონახვით ცდილობს. ასეთ შესაძლებლობათა ნაწილი ზოგადი ხასიათისაა: კლიმატური ცვლილებები, შეიარაღებათა კონტროლი ან არქტიკა. არის საკითხები, რომლებიც ნაკლებად საჯაროა, მაგალითად, ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა სირიაში, სადაც რუსეთის ძალებმა ასადის რეჟიმთან ერთად მრავალი სისასტიკე და დანაშაული ჩაიდინეს. ბაიდენის კიდევ ერთი ამოცანა იმ „შედეგების“ ახსნა იყო პუტინისთვის, რომლებიც კრემლის მიერ აგრესიული ქცევის გაგრძელებას მოჰყვება.
პუტინის ჟენევაში ჩასვლის ძირითადი მიზანი რუსეთის მოსახლეობისთვის იმის ჩვენება იყო, რომ მას საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანასწორი სტატუსი აქვს. ამით ის სხვა ქვეყნებსაც არწმუნებს, რომ იზოლირებული არ არის და მასთან შეხვედრას არავინ არიდებს თავს, ხოლო რუსეთი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა. მისი კიდევ ერთი ამოცანა ბაიდენის იმაში დარწმუნება იყო, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხიმგებლობის დიდი ნაწილი შეერთებულ შტატებს აკისრია.
სამიტის შემდეგ ბაიდენის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთში ადამიანის უფლებების სავალალო მდგომარეობას გაუსვა ხაზი. ცალკე იყო ნახსენები ნავალნის შემთხვევა. ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა „რადიო თავისუფლების“ წინააღმდეგ რუსეთში გამართულ კამპანიაზე და საგანგებოდ აღნიშნა, რომ მოსკოვის ამერიკულ არჩევნებში ჩარევას აღარავინ დაუშვებდა. ჩამოთვლილი იყო სხვა თემებიც, რომლებიც მან პუტინთან განიხილა: უკრაინა, ბელარუსი, ირანი, ავღანეთი და კიბერშეტევები.
სამიტის შესაძლო პოზიტიურ შედეგებს შესაძლოა მიანიშნებდეს ორივე მონაწილის მიერ რუსეთში დაპატიმრებული ორი ამერიკელის, პოლ უილანისა და ტრევორ რიდის, ხსენება. ბაიდენის აზრით მათ პატიმრობა უკანონოა. პუტინმა აღნიშნა, რომ ბაიდენმა მართლაც წამოჭრა ეს საკითხები და განაცხადა, რომ კომპრომისის გამონახვა შესაძლებლად მიაჩნია. თუ სამიტს მათი გათავისუფლება მოჰყვება, ბაიდენს თამამად შეუძლია ეს თავის დამსახურებად ჩათვალოს. იმედია, ანალოგიურად პოზიტიურად დასრულდება რუსეთში დაპატიმრებული 400-მდე პოლიტპატიმრისა და რელიგიური მრწამსის გამო დასჯილი ადამიანის ბედიც.
სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნის ელჩი დაუბრუნდებოდა მათ საქმიანობას, ხოლო პრეზიდენტებთან ერთად ჩამოსული გუნდის წევრები შეიარაღებათა კონტროლისა და კიბერშეტევების საკითხებს განიხილავდნენ. ორივე ლიდერმა შეხვედრას „კონსტრუქციული“ და „პოზიტიური“ უწოდა. ორივემ დაადასტურა, რომ ადგილი არ ჰქონია მუქარებსა და ულტიმატუმების წაყენებას.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ასეთ პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ ჰქონდა. ძნელია რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაუარესება დიალოგის ნაკლებობას დააბრალო. ამის მიზეზი განსხვავებულია: ეს ამ ორი ქვეყნის ღირებულებებსა და ინტერესებს შორის ფუნდამენტური განსხვავებებია. „ჩეთემ ჰაუსის“ უახლესი მოხსენების თანახმად, ამ განსხვავებების დიალოგის გზით შემცირება „ნაკლებად სავარაუდოა“: „რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ დასავლეთისგან დათმობების მიღების საუკეთესო გზა კონფრონტაციაა და ძლიერად არის დაინტერესებული მის შენარჩუნებაში.“
პუტინს ბაიდენთან ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა მეგობრული ხელის გაწვდენით არ მოუპოვებია. ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ ომის განახლების მუქარა იყო.
აპრილში, ბაიდენის მიერ პუტინის სამიტზე მიწვევის შემდეგ, რუსეთიდან განხორციელებულმა კიბერშეტევებმა შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი ნავთობსადენისა და ხორცის უდიდესი მწარმოებლის ფუნქციონირება შეაჩერა. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ტალღისას, რუსმა ჰაკერებმა ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებს შეუტიეს. აგორდა დეზინფორმაციული კამპანია შეერთებულ შტატებში წარმოებული ვაქცინების წინააღმდეგ.
რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს „სოლარ უინდსის“ და რამდენიმე სამთავრობო სააგენტოს სისტემაში შეღწევა. განმეორდა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაც.
ეს აგრესიული ქცევაა. ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ შეერთებული შტატების წინააღმდეგ ანალოგიური ნაბიჯების გადადგმის საპასუხოდ ეს ქვეყანა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვაშინგტონისგან სერიოზულ საპასუხო რეაქციას მიიღებდა. პუტინის შემთხვევაში, ასეთმა ქცევამ მას ბაიდენთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა.
პუტინი მიანიშნებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარი არ უთქვამს. ლუკაშენკოს მიერ სახელმწიფო ტერორიზმის აქტის ჩადენის შემდეგ პუტინმა დემონსტრაციულად უგულებელყო დასავლეთის აღშფოთება და პროტესტი და დიქტატორი მის რეზიდენციაში მიიღო. კრემლი აგრძელებს ასადის დანაშაულებრივი რეჟიმის დახმარებასა და მხარდაჭერას, აგზავნის დაქირავებულ მებრძოლებს ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და სხვა ქვეყნებში.
ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია ბაიდენისთვის პუტინთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიეღო. მეტიც, „თეთრმა სახლმა“ მოუხსნა სანქციები პუტინისთვის პრიორიტეტულ პროექტს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ და „შტაზის“ ყოფილ აგენტსა და მის მეგობარ მათიას ვარნიგს. სანქციების მოხსნის ოფიციალურ მიზეზად ბერლინთან ურთიერთობების გამოსწორება დასახელდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მოსკოვშიც დიდი სიხარულით შეხვდნენ.
„თეთრი სახლი“ ამტკიცებს, რომ ბაიდენი პუტინს არა მისი საზარელი ქცევის მიუხედავად, არამედ სწორედ ამ ქცევის გამო შეხვდა: ამერიკის პრეზიდენტს იმ შედეგების პუტინისთვის თქმა, რომლებიც კრემლის აგრესიულ ქცევას მოჰყვება, მასთან პირისპირ სურდა.
დღეს არაფერი მიუთითებს, რომ პუტინმა ბაიდენის გზავნილი გაითვალისწინა. შეხვედრის წინ, ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობა ჩიხში იყო შესული, თუმცა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა გართულებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მოიხსნა: „ყველა ის მოქმედება, რომელმაც ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა შეერთებული შტატებისგან მოდიოდა და არა რუსეთისგან.“
პუტინი და მისი გარემოცვა ანალოგიურ მიდგომას ამჟღავნებდა ობამას ადმინისტრაციის მიერ კრემლისთვის შეთავაზებული „გადატვრთვის“ პოლიტიკის მიმართაც. იმ შემთხვევაში, თუ პუტინი მართლაც მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარების გასაღები ვაშინგტონის ხელშია ამ სამიტსა და დიალოგის მსგავს მცდელობებს პროგრესი არ მოჰყვება.
დასავლელი ჟურნალისტების მიერ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმესი ფაქტების შესახებ დასმულ კითხვებზე პუტიმა მისთვის დამახასიათებელი გადაბრალების მცდელობით უპასუხა, გაიხსენა მოძრაობა Black Lives Matter-ი და კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმა. მან ძალისხმევა არ დაიშურა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწამლულ ნავალნიზე საუბრისას მისი სახელი არ წამოცდენოდა და მას „ამ მოქალაქეს“ უწოდებდა.
როცა ჟურნალისტმა მას რუსეთის მიერ წარმოებულ კიბერშეტევებზე ჰკითხა, პუტინმა ჩვეულ ხერხს მიმართა და ჰაკერულ შეტევებში ბრალი შეერთებულ შტატებს დააკისრა. ეს ცუდი ნიშანია მათთვის, ვისაც რუსული კიბერშეტევების შეწყვეტის იმედი აქვს.
ის ფორმა, რომლითაც პუტინმა სამიტი ჩაატარა, რუსეთში მოწონებას დაიმსახურებს. ამაზე კრემლის მიერ კონტროლირებადი პროპაგანდისტული მედია იზრუნებს. ის კვლავ გლობალური პოლიტიკის სცენაზე იდგა და მსოფლიოს წინაშე ამერიკის პრეზიდენტის თანასწორ ფიგურად წარმოაჩენდა თავს. ბაიდენისგან განსხვავებით, რომელმაც რუსი “ჟურნალისტების“ კითხვებს არ უპასუხა, პუტინი რამდენიმე დასავლელ ჟურნალისტს ესაუბრა.
ყველაფერი მიანიშნებდა, რომ ის, რაც ჟენევაში ჰქონდა გასაკეთებელი, პუტინმა გააკეთა.
პუტინსა და ბაიდენს სტაბილურობა სხვადასხვანაირად ესმით. ოპოზიციური ძალების განადგურებით პუტინმა არჩევნები მისი რეჟიმისთვის სტაბილურობის უზრუნველყოფის ფაქტორად აქცია. მას სტაბილურობა ესმის როგორც საკუთარი ძალაუფლების და კორუფციული გარიგებებით გამდიდრების შესაძლებლობის შენარჩუნება, რისთვისაც მას ყველა პოტენციური, გარე თუ შიდა, საფრთხის განეიტრალება სჭირდება.
თუ საკუთარი რეჟიმის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პუტინი “სტაბილურობაზე“ ზრუნავს, რუსეთის ფარგლებს გარეთ ის დესტაბილიზაციას მიმართავს. ავტორიტარული რუსეთის სამეზობლოში დემოკრატიული ქვეყნების საშიში პრეცედენტების არდაშვებისთვის ის სამხედრო ძალას (საქართველო, უკრაინა), თანამოაზრე ლიდერების მხარდაჭერას (ლუკაშენკო, იანუკოვიჩი) და ჰიბრიდული ომის ტაქტიკას (რუსეთის მეზობელ ყველა ქვეყანაში) იყენებს. კიბერშეტევებით, დეზინფორმაციული კამპანიებით, საარჩევნო პროცესში ჩარევით და ჰიბრიდული ომის სხვა მეთოდებით კრემლი დასავლეთის ქვეყნების დემოკრატიული სისტემების დესტაბილიზაციასაც ცდილობს.
უახლოეს მომავალში პუტინისა და მისი გარემოცვის აქტივებს არაფერი ემუქრება. ეს მას კარგად ესმის და მისი ქცევის ცვლასაც არავინ უნდა ელოდოს.
მარტში, ბაიდენმა პუტინს „მკვლელი“, ივნისში კი „ღირსეული მოწინააღმდეგე“ უწოდა. პუტინის ბრიუსელში გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ ბაიდენი მართალი მარტში იყო.
2014 წელს „ნიუ-იორკერში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ბაიდენმა პუტინთან 2011 წელს გამართული შეხვედრა გაიხსენა, როცა ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მისი ოპონენტი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო. სტატიის ავტორმა პუტინთან მისი საუბრის ნაწილი გაიხსენა: „მემგონი თქვენ სული არ გაქვთ“, უთხრა მას ბაიდენმა. პუტინმა ბაიდენს გაუღიმა და უპასუხა: „ჩვენ გვესმის ერთმანეთის“. პრეზიდენტების მიერ ჟენევაში ცალ-ცალკე ჩატარებული პრესკონფერენციების შემდეგ ძნელი სათქმელია, თუ რამდენად გაუგებს ლიდერებმა ერთმანეთს ამჯერად. ორივე ის გააკეთა, რისთვის ბრიუსელში იყო ჩამოსული. იმედია უილანი, რიდი და პუტინის რეჟიმის სხვა უკანონო პატიმრები გათავისუფლდებიან. ამას გარდა, არაფერი მიუთითებს რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში მინიმალურ წინსვლასაც კი. როგორც ჩანს, ორივე მხარე ბურთს მოწინააღმდეგის მოედანზე მოიაზრებს.
დევიდ ჯ. კრამერი
დევიდ კრამერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ გრინის საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკის სკოლის ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებების პროგრამის უფროსი მკვლევარი და „ამერიკული ინტერესის“ ავტორია.