
ჯგუფურად აზროვნების ტირანია
`ფხიზელი ახალი სამყაროს გასაგებად წაიკითხეთ, რას წერდა ტოკვილი ამერიკის შესახებ 200 წლის წინ (ნურც კომიქსის პოგოსა და ჯონჯ ორუელს დაივიწყებთ)
ახალი ეპიდემიის ტალღა აგორდა ჩვენს მიწაზე ეპიდემიისა, რომელსაც გინდა სამოქალაქო სიფხიზლე დაარქვით და გინდა ჯგუფურად აზროვნება. იდეოლოგიური კონფორმიზმის ვირუსი ისე სწრაფად გავრცელდა, ცოდნის ინდუსტრიაში მოღვაწე 24-კარატიანი ლიბერალებიც კი შეაშფოთა. 152-მა მათგანმა, მათ შორის სალმან რუშდიმ, ჯ. კ. როულინგმა და მაიკლ უოლზერმა, წერილი გამოაქვეყნა სამართლიანობასა და ღია დებატებზე, რომელშიც თავისუფალი სიტყვისა და აზრის დასაცავად ილაშქრებს.
სიმპტომები ადვილად ამოსაცნობია. უმთავრესი დიაგნოზი კი ასე ჟღერს: ინფორმაციისა და იდეების თავისუფალი გაცვლა ლიბერალური საზოგადოების სასიცოცხლო აუცილებლობა დღითიდღე იზღუდება. წერილში დასახელებულია: საპირისპირო თვალსაზრისის მიუღებლობა, საჯაროდ შერცხვენა, დამაბრმავებელი მორალური სიმტკიცის დაგმობა. ყოველდღიურად მრავალი მწერლის, მასწავლებლის, გამომცემლისა და სხვების რეპუტაცია თუ კარიერა ინგრევა.
ეს ჩვენთან ვერ მოხდებაო, გვარწმუნებდა სინკლერ ლუისი ნახევრად სატირულ რომანში 1935 წელს. ფილიპ როთის წიგნში კი ფაშისტური შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ ბოლოს მარცხით მთავრდება. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ორი დიდი ადამიანი შეცდა, როცა მე-20 საუკუნის საშინელ ამბებს გვიყვებოდა.
დღეს ლიბერალურ-დემოკრატიულ დასავლეთში რეპრესიული მანქანა ის ყოვლისშემძლე სახელმწიფო კი არ არის, რომელიც მეტერნიხის საიდუმლო პოლიციის, საბჭოთა ენკავედესა თუ გერმანული გესტაპოს სახეს მიიღებდა. მასზე საუბრისას კომიქსის პერსონაჟი პოგო უფრო გაგვახსენდება, რომელმაც ტყის საძმოს გაანდო: ჩვენ მტერს გადავეყარეთ და ეს მტერი ჩვენ თვითონ ვართ.
ამ ბრძენ ოპოსუმს წაკითხული არ ჰქონდა ალექსის დე ტოკვილის უმთავრესი ნაშრომი დემოკრატია ამერიკაში (1835). მაგრამ ვისაც სურს, გაიგოს, რა ხდება დასავლეთში ჯერ შეერთებული შტატებსა და შემდეგ ევროპაშიის ორი თავი უნდა წაიკითხოს, დიქტატორული რეჟიმის კი არა, თავისუფალი საზოგადოების მხრიდან თავსმოხვეულ ტირანიას რომ ეხება. 200 წლის წინ ახალგაზრდა ფრანგი აღფრთოვანებული იყო ამერიკის უკიდურესი თავისუფლებით, თუმცა დამღუპველ მეორე მხარეზეც მიუთითებდა: სხვაგან არსად არის ამგვარად შეზღუდული აზროვნების, დისკუსიის ნამდვილი თავისუფლებაო. დღეს ის უმრავლესობის ტირანიას კი არ დაგმობდა, არამედ უმცირესობის ჰეგემონიას, რომელიც კულტურის სიმაღლეებიდან ვრცელდება: სკოლები, უნივერსიტეტები, მედია, ფონდები… აღმოჩნდა, რომ სიტყვას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე გუშინდელი მონარქების ხმალს. ტოკვილის თქმით, ისინი ბორკილებისა და ჯალათების იმედად იყვნენ, დღეს კი ერეტიკოსებს აღარ კლავენ უბრალოდ აუქმებენ.
ტოკვილის წინასწარმეტყველება შემაშინებელი იყო. უმაღლესი სოციალური ძალაუფლება უმაღლეს კულტურულ ძალაუფლებად იქცევაო, წერდა ის. მწერალი მხოლოდ ერთგვარ საზღვრებშია თავისუფალი. მაგრამ ვაი მას, თუ ამ საზღვრებს გასცდა. არა, იმის შიში კი არ უნდა ჰქონდეს, რომ მის წიგნებს კოცონზე დაწვავენ ყოველდღიური დევნის ობიექტად იქცევა. პოლიტიკური კარიერის ყველა გზა მოჭრილი ექნება. ყველაფერზე უარს მიიღებს. მისი ცენზორი მტრები ღიად ისაუბრებენ, მისი მხდალი მეგობრები კი პირში წყალს ჩაიგუბებენ და თავს შორს დაიჭერენ. მასაც სხვა რა გზა დარჩება დანებდება და დადუმდება, თითქოს ნანობს, სიმართლის სათქმელად ხმა რატომ ამოვიღეო.
გვეცნობა, არა? თუმცა რაღაც ახალსაც ვხედავთ ძველ თამაშში. ტოკვილის დროს დამნაშავეებს სამარცხვინო ბოძზე აკრავდნენ. დღეს კი დამნაშავემ თავი უნდა დაიმციროს, რომ მისი სახელი არ ამოშალონ, პროფესიული სფეროდან არ გააქრონ. მუხლი უნდა მოიყაროს და ისე მოინანიოს. ფიზიკურ სისასტიკეს მორალური სისასტიკე ცვლის.
ტოკვილი უმრავლესობის ტირანიას გმობდა. დღეს კი მასას სჭირდება გამოსარჩლება. ორუელის აზრით, ჯგუფურად აზროვნება პრივილეგირებული უმცირესობის მოფიქრებულია. ეს პრივილეგიები მათ წარმოშობასა თუ სოციალურ მდგომარეობას კი არ უკავშირდება, არამედ მიღწევებს, მოპოვებულ სტატუსს, გარანტირებულ ადგილს ცოდნის ეკონომიკასა თუ საჯარო სექტორში. მის რომანში კეთილად აზროვნება აზროვნების ყველა სხვა შესაძლო ფორმას გამორიცხავს.
ვინ არიან კეთილად აზროვნების დემოკრატი მიმდევრები? ფართომასშტაბიანმა კვლევამ სახელწოდებით ამერიკის ფარული ტომები გვიჩვენა, რომ სეკულარულად და კოსმოპოლიტურად განწყობილი, უკმაყოფილო ახალგაზრდების ჯგუფი მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. დანარჩენი დაქანცული უმრავლესობაა. პროგრესულ აქტივისტთა მოსაზრებები დრამატულად განსხვავდება იმისგან, რასაც ამერიკელების დანარჩენი ნაწილი ფიქრობს.
მაგალითად, ერთ-ერთი ახალი გამოკითხვისას თეთრკანიანთა, შავკანიანთა და ესპანურენოვან მოქალაქეთა სამმა მეოთხედმა აღიარა, რომ მრავალფეროვნება კარგია ქვეყნისათვის. მეორე მხრივ, ამდენივემ განაცხადა, რომ დასაქმებისას ფირმები თუ ორგანიზაციები მხოლოდ კვალიფიკაციას უნდა აქცევდნენ ყურადღებას მაშინაც კი, თუ შედეგად ნაკლებ მრავალფეროვნებას მიიღებენ. 10-დან 7 ამერიკელი მხარს არ უჭერს იმას, რომ კოლეჯში მიღებისას რასობრივ წარმომავლობას ითვალისწინებდნენ. ნუთუ ამერიკას სურს, რომ პოლიციას დაფინანსება შეუმცირდეს, როგორც პროგრესული აქტივისტები ითხოვენ? 73%-იან უმრავლესობას უნდა, რომ დანახარჯი იგივე დარჩეს ან გაიზარდოს.
რა გამომდინარეობს ამ ყველაფრიდან? დღეს დიდი ალექსი იძულებული გახდებოდა, უმრავლესობის ტირანიისადმი მკაცრი დამოკიდებულება შეეცვალა. ის ბევრად პატარა ჯგუფზე გაამახვილებდა ყურადღებას მათზე, ვისაც სხვების ხელახლა აღზრდა სურთ, რათა არასწორად ფიქრით დანაშაულის ჩადენას გადააჩვიონ. და მაინც, ტოკვილი შესანიშნავად ხედავს კეთილად აზროვნების დამღუპველ შედეგებს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გამოჩნდა პირველი: ჰილარი კლინტონი თავისი (თეთრი) ნაძირალებით თუ დონალდ ტრამპი ფარული მინიშნებებით თეთკანიანთა განაწყენებაზე. კვერცხისა და ქათმის ამბავია, ფაქტობრივად.
ქვეყანაში კი სულ უფრო იზრდება პოლარიზაცია, რომლისგანაც ერთგვარი საფრთხობელა შექმნეს იდეოლოგიური სამოქალაქო ომის გამომწვევიაო. ზემოთ მოყვანილი ციფრები ამ ყველაფრის დამამტკიცებლად არ გამოდგება. ჩვენ მათ წინააღმდეგ არ ასახავს ამერიკულ რეალობას, იმ შეურაცხყოფილი 8%-ის გათვალისწინებით. სამოქალაქო სიფხიზლე ელიტური პროექტია, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს გავლენას ახდენს აზროვნებასა და მორალზე. როგორც ტოკვილი გვასწავლის, ეს სოციალური ძალაუფლება სახელმწიფოსგან მათრახის ქნევას არ ითხოვს. პრობლემას უფრო ცალმხრივი საბრძოლო მდგომარეობა წარმოადგენს, როდესაც უმცირესობა უპირისპირდება იმას, რასაც ფარული ტომები მოქანცულ უმრავლესობად~ მოიხსენიებს. ამ ჯგუფს მოსახლეობის ორი მესამედი მიეკუთვება ხალხი, რომელიც ხშირად ავიწყდებათ საჯარო საუბრისას, რადგან მათი ხმა იშვიათად ისმის. მათ ერთი იდეოლოგია არ აერთიანებს და რა თქმა უნდა, განსხვავებული რწმენა-წარმოდგენები აქვთ. სჯერათ, რომ რაღაც საერთოს პოვნა შეგვიძლია. ასე რომ, ტოკვილის ტირანული მეინსტრიმისგან განსხვავებით, მოქანცული უმრავლესობა არც საფრთხეა და, სამწუხაროდ, არც გამოსავალი.
კულტურის სფეროში გავლენის ნაკლებობის გამო ბევრი ვერ ახერხებს, რომ რაიმე შეცვალოს ამ მიმართულებით. და ეს არცაა მათი პასუხისმგებლობა. ბრძოლა `ლიბერალური კლასის შიგნით მიმდინარეობს, ამ ტერმინს კი ძველი სკოლის მომხრე პროგრესივისტს, თომას ფრენკს უნდა ვუმადლოდეთ და მის წიგნს ისმინე, ლიბერალო. აი, სად ხვდება მიზანში იმ 152-ის წერილი. მანიფესტი შეიძლება მიანიშნებდეს მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებდეს ქვეყნის სულისა და ბედის გამო ელიტის წიაღში გაჩაღებულ ბრძოლაზე. შეშინებული ლიბერალები ხომ მათივე ოჯახობას უპირისპირდებიან.
და ფსონად რა დევს? ლიბერალიზმის არსი იმ უსაფრთხო სივრცეს უკავშირდება, რომელიც უფრო და უფრო უნდა ფართოვდებოდეს და თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი დაშინების, შერცხვენის და დაძალებისგან. დღეს მტერი ისეთი ავტორიტარული სახელმწიფო კი არ არის, როგორიც პუტინმა თუ სი ძინპინმა შექმნეს, არამედ ჩვენვე ვართ, როგორც პოგომ შენიშნა ათწლეულების წინ. და მიუხედავად იმ წონასწორობისა, რომელიც თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის მოთხოვნებს შორის შეინიშნება, ეს წერილი მაინც პირველი მკრთალი ნიშანია ლიბერალების ამბოხისა ლიბერალური არალიბერალიზმის წინააღმდეგ.
არ შეცდეთ საქმე მხოლოდ იდეალებს არ ეხება. იდეალები ვის ეყოფა, როცა ბრძოლა კულტურის სიმაღლეებიდან მიმდინარეობს. სიტყვებითა და აზრებით გამარჯვებას ხელშესახები შედეგები მოჰყვება ხოლმე, რომლებიც სხვადასხვაგვარად გამოიხატება ძალაუფლების, სტატუსის, უფლებების სახით. ეს `წინააღმდეგობის მოძრაობა 2.0 (როგორც წერილშია დასახელებული) ორ დონეზე ბრძოლას გულისხმობს. ერთი მხრივ, ესაა ბრძოლა თავისუფალი სახელმწიფოს იდეალისათვის კეთილშობილური საქმისთვის. მეორე მხრივ კი, ის ინტელიგენციის მღელვარე ნაწილის ეგოისტური ინტერესითაა გამოწვეული მათი, ვისაც მარგინალიზაცია ემუქრება, თუ ახალი ორთოდოქსები არ გახდებიან. ხელმომწერები ჯიუტად აცხადებენ: როგორც მწერლებს, ისეთი კულტურა გვჭირდება, რომელიც თავისუფალ სივრცეს დაგვიტოვებს. რისთვის? ექსპერიმენტებისა და სარისკო წამოწყებებისთვის. აზრის თავისუფლებაც სწორედ ესაა. მაგრამ თუ ეს სივრცე მართლაც უსაფრთხო არ იქნება, რისკი რომ აღარაფერი ვთქვათ არასწორად აზროვნებაზე მეტად ძვირი დაჯდება: კარიერის, შემოსავლის ფასი.
სირცხვილი იმას, ვინც გულში ცუდ რამეს გაივლებს, არის ასეთი ფრანგული გამოთქმა. საქმე კი ისაა, რომ ლიბერალთა შორის კულტურულ ომში ეგოიზმი უფრო სანდო რამაა, ვიდრე იდეალიზმი. ელიტის ის ნაწილი, რომელმაც წინააღმდეგობის დროშა ააფრიალა, წარმატებას მხოლოდ იდეების თავისუფალ ბაზარზე მიაღწევს, სადაც არავის ადანაშაულებენ დანაშაულებრივი აზროვნებისთვის.
მაშ, ტაში დავუკრათ იმ 152-ს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქედი მოიხარა და უკან დაიხია. გული გაიმაგრეთ! ხელმომწერების ინტერესი სინამდვილეში ყველა დანარჩენის ინტერესიცაა, რომლებიც ჭეშმარიტი რწმენის სიმკაცრეს უძლებენ. რა თქმა უნდა, მათაც კი, ვინც დღეს მათრახს იქნევენ, შესაძლოა აზრი შეიცვალონ. ისტორიიდან გვახსოვს: იდეოლოგიურ გამარჯვებას შედეგად ის მოჰყოლია, რომ ამ იდეოლოგიის მომხრეებს ერთმანეთი დაუჭამიათ. ასეა თუ ისე, განდგომილთა კეთილდღეობას ისეთივე საფრთხე ემუქრება, როგორიც ყველა დანარჩენისას, მათ შორის მოწინავე პოზიციაზე მყოფებისას.
ტოკვილმა საფრთხე დიდი ხნის წინ დაინახა. მიუხედავად უკიდურესი თავისუფლებისა, ჩვენს ქვეყანაში ხშირად დასხმიან თავს სხვაგვარად მოაზროვნეებს ჯერ კიდევ ჯონ ადამსის დროიდან მოყოლებული. 1798 წელს სწორედ მან მოაწერა ხელი კანონს, რომელიც სჯიდა ადამიანს სიყალბით სავსე, სკანდალური თუ ბოროტი განზრახვით შეთხზული ნაწერისათვის. ეს კანონი ორი წლის შემდეგ გააუქმეს.
კარგი ამბავი კი ისაა, რომ საბოლოოდ ტოკვილი ყოველთვის შემცდარი აღმოჩნდება ხოლმე. ეპიდემიები ადრე თუ გვიან უკან იხევს ანტისხეულები იქმნება, ვაქცინებს იგონებენ. ამერიკის ლიბერალური ტრადიცია კი საკუთარი თავის საუკეთესო მკურნალია.
ჯოზეფ ჯოფი