ილუზიების 30 წელი
დასავლეთის ელიტებმა „ცივი ომის“ დასასრულიდან ყველა შესაძლო არასწორი დასკვნა გამოიტანეს დღეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევა ამერიკის ორი მოწინააღმდეგის, რუსეთისა და ჩინეთის მიერ “ცივი ომის” შემდგომ პერიოდში ვაშინგტონის მიერ დამყარებული სტატუს-კვოს მიზანმიმართული მოშლაა. რა არის ამის მიზეზი? უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამერიკას სათავეში ედგა კორპორაციული, მედია და პოლიტიკური ელიტები, რომლებმაც ვერ განჭვრიტეს და ვერ გაიგეს ის შედეგები და თავისებურებები, რომლებიც გლობალური გავლენის მქონე ქვეყნისთვის მის საგარეო პოლიტიკას მოაქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტის ამერიკის გლობალური სტრატეგიის გადახედვისთვის გამოყენების ნაცვლად, 1990 წლის შემდეგ ამერიკის „ინტელიგენციამ“ სიამოვნებით მიიღო ის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში ჩამოყალიბებული იდეოლოგიური მოსაზრებები, რომლებიც „ერთპოლუსიან მსოფლიოს“, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის და დემოკრატიის გლობალურ ტრიუმფს წინასწარმეტყველებდნენ. ეს მსოფლიოში ძალის განაწილებისა და ისტორიული გამოცდილების უგულებელყოფის თვალშისაცემი მაგალითი აღმოჩნდა.
როგორ მივედით აქამდე? მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკის პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაითავისა, თუ რატომ გაიმარჯვა შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირზე. მიუხედავად ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის დამატებითი დამაჯერებლობისა და გავლენის მოტანისა, ეს გამარჯვება ლიბერალური ფასეულობებს არ მოუპოვებია. მიზეზი 1947 წელს, „ცივი ომის“ საწყის ეტაპზე, შეერთებული შტატების რიგი უპირატესობები იყო: უძლიერესი საწარმოო ბაზა, გლობალური მნიშვნელობის ვალუტა, მსოფლიოს ყველაზე დიდი ოქროს მარაგი, მსოფლიოს მშპ-ს ნახევარი, საზღვაო ფლოტი, რომელიც დანარჩენი მსოფლიოს გაერთიანებულ ფლოტზე დიდი იყო, სწრაფად ზრდადი მოსახლეობა და საშუალო ფენა და, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღის ფლობაზე მონოპოლია.
რა თქმა უნდა, „ცივი ომის“ განმავლობაში შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ძალთა ბალანსი იცვლებოდა. აღდგა მეორე მსოფლიო ომის შედეგად განადგურებული ევროპისა და აზიის ეკონომიკები. ამერიკა 1947 წელს მიღწეულ ძლიერების დონეს ვეღარასდროს მიუახლოვდება. მიუხედავად ამისა, „ცივი ომის“ განმავლობაში ეჭვი არავის შეჰქონდა, რომ იმ დროისთვის არსებული ყველა ეკონომიკური მაჩვენებელით, ტექნოლოგიური და სამეცნიერო განვითარების დონითა და სიმდიდრით შეერთებული შტატები დანარჩენ მსოფლიოს მნიშვნელოვნად უსწრებდა. საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილ აღმოსავლეთ ევროპაში კაპიტალიზმი, თავისუფალი ბაზარი და ზოგადად, ყველაფერი რასაც დასავლეთი ასახავდა, კეთილდღეობისა და თავისუფლების წინაპირობად ითვლებოდა. ერთადერთი, რაც მათ კომუნისტური წყობისადმი ერთგულებას აიძულებდა, მათ ქვეყნებში დაბანაკებული წითელი არმიის ნაწილები იყო. „ვარშავის პაქტში“ იძულებითი წევრობა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დარაზმვას ნიშნავდა, რომელთა მიმართ ამ აღმოსავლეთ ევროპელებს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. ამერიკის ძლიერების ნამდვილი საფუძველი სამეწარმეო, სამეცნიერო და ეკონომიკური შესაძლებლობები იყო.
„ცივი ომის“ დასრულებისას, სამწუხაროდ, ცოტამ თუ გაიაზრა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზი ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალების კომუნიზმზე გამარჯვება არ იყო. ამერიკის გამარჯვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მოწინააღმდეგე ვერ ეწეოდა მის მრეწველობას, ვერაფერს უპირისპირებდა უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში უწყვეტად მიმდინარე კვლევისა და ინოვაციის პროცესებს. შესაბამისად, უმცირესობა თუ ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ რამდენიმე თაობის შრომის შედეგად შექმნილ ამ უპირატესობათა გაფრთხილება და შენარჩუნება მთავრობის უპირველესი მოვალეობა უნდა ყოფილიყო. მოსკოვის მარცხი ვაშინგტონის ინტელიგენციამ იდეოლოგიურ ტრიუმფად შეაფასა. ბოლშევიკების მარქსისტული დოგმებისადმი დამოკიდებულების მსგავსად, 1990-იანი წლების ამერიკული ელიტები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ახალ გლობალისტურ ეპოქაში ამერიკის ისტორია და პოლიტიკური ტრადიცია ჯერ უნივერსალისტურ ხასიათს შეიძენდა, შემდეგ კი გლობალურ წესრიგსაც შთანთქამდა. აკადემიურ წრეებში, კვლევითი ინსტიტუტებში, შემდგომ კი კონგრესში და მთავრობაშიც, მკვიდრდებოდა აზრი, რომ 1990 წელი კაცობრიობის იდეოლოგიური განვითარების ტრაექტორიის ლოგიკური წერტილი იყო. მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამერიკის სამრეწველო განვითარებასა და სამხედრო ალიანსებს.
უტოპიური შეხედულებების მქონე აღმოსავლეთ სანაპიროს ინტელიგენციის მოკავშირედ იქცა დასავლეთ სანაპიროს ციფრული და ტექნოლოგიური არისტოკრატია. კორპორაციების მმართველები, ბანკირები და საინვესტიციო ფონდების მენეჯერები გლობალურ ექსპანსიისკენ მიისწარფოდნენ, ეს ტექნოლოგიური და ფინანსური ექსპანსიის ტოლფასი უნდა ყოფილიყო. ამერიკელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან წარმოებათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დელოკალიზაციის დაჩქარება მთავრობისა და ბიზნეს სექტორის გულგრილობის ფონზე მიმდინარეობდა. ამ ახალ სამყაროს ახალი გლობალისტურ-კორპორაციული არისტოკრატია მართავდა – ამერიკული, მაგრამ დე-ფაქტო ტრანსნაციონალური ელიტა, რომლის გამდიდრებისთვის (მათ სჯეროდათ) ჩინეთის შეუზღუდავი სამუშაო ძალა დიდი სარგებლის მომტანი იქნებოდა. საზღვრების გამჭვირვალეობას მათი სრული გაქრობა მოჰყვებოდა. ამერიკული უნივერსიტეტები ასობით ათასი ჩინელი სტუდენტის დახელოვნების ადგილებად იქცეოდნენ, ამერიკელი პოლიტიკოსები კი ტრანსნაციონალური კომპანიების სამეურვეო საბჭოებში მოკალათდებიან და სიმდიდრეს მე-19 საუკუნის „მძარცველი ბარონების“ ტემპით მოიხვეჭენ.
ისტორიული გამოცდილება მიგვითითებს, რომ ელიტების მიტაცება სახელმწიფოს მიტაცებას უსწრებს წინ. როგორც ჩანს, ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა რეჟიმმა, სათანადოდ შეაფასა ბრიტანეთის იმპერიის მესვეურთა ცნობილი გამოთქმა: „ჩვენ ეგვიპტეს არ ვმართავთ, ჩვენ ვმართავთ იმ ეგვიპტელებს, ვინც ეგვიპტეს მართავს.“ შეერთებული შტატებისა და ევროპისკენ მიმართული ჩინური ფული ნაკადები პეკინის გავლენის ზრდის თანმდევ მოვლენად იქცა. „კონფუცის ინსტიტუტების“ გარდა საინფორმაციო კამპანიები სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების, კორპორაციებისა და მედიის მეშვეობით ხორციელდება. პეკინი ფინანსებს არ იშურებს იმ წამყვანი უნივერსიტეტებისთვისაც, რომლებიც ჩინეთის მიერ დაკვეთილი კვლევების ჩატარებას, შედეგების მათთვის ჩაბარებას და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკის კრიტიკაზე უარის თქმას დათანხმდებიან (გასული ექვსი წლის განმავლობაში 115-მა ამერიკულმა კოლეჯმა და უნივერსიტეტმა ჩინეთიდან ერთი მილიარდი დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიღეს). შეერთებული შტატების ჩინეთზე დამოკიდებულების საგანგაშო ნიშნულამდე მიღწევის მიუხედავად, ამერიკული კორპორაციები ძალისხმევას არ იშურებენ ამ სტატუს-კვოს დასაცავად. კომუნისტურ ჩინეთს გადაეცა ამერიკული ტექნოლოგიებისა და წარმოების უძვირფასესი აქტივები, წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში ინტენსიურ განათლებას იღებენ ჩინელი მეცნიერები და ინჟინრები (2019 წელს შეერთებულ შტატებში ჩამოსული ერთი მილიონი უცხოელი სტუდენტისგან სამასი ათასი ჩინელი იყო. მათი უმეტესობა შთEM ფაკულტეტებზე სასწავლებლად). ეს ტენდენციები საყურადღებო ერთეულებისთვის აღმოჩნდა. კვლევითი ინსტიტუტებისა და კორპორაციების დიდი ნაწილი პრობლემას ამერიკის საგადასახადო კოდექსში ხედავს და ინფრასტრუქტურისა და წარმოების ჩინეთში გადატანას ადგილზე შექმნილი გაუსაძლისი პირობებით ამართლებს.
მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები გლობალურ გავლენას, როგორც წესი, სისტემის ცვლილების გამომწვევი ომების შედეგად კარგავდნენ. ისტორიაში იშვიათად შეგხვდებათ ქვეყნის ტრიუმფალური გამარჯვებით გამოწვეული დაცემა. როგორც ჩანს, „ცივ ომში“ უპირობოდ გამარჯვებული შეერთებული შტატების ასეთი იშვიათი შემთხვევის მაგალითია. იმ გამარჯვების მოპოვებასთან ერთად, რომელმაც შეერთებულ შტატები კაცობრიობის ისტორიის უძლიერეს იმპერიებს გაუთანაბრა, იდეოლოგიის ბრმად მიყოლამ და ელიტების საკუთარ ყოვლისშემძლეობაში უსაფუძვლო რწმენამ დაძრა პროცესი, რომელიც, სამი ათწლეულის შემდეგ, ამერიკის გლობალურ ჰეგემონიასთან ერთად მის ეროვნულ ერთიანობასაც მოშლის.
თუ დავუშვებთ, რომ რუსეთი, ნაწილობრივ მაინც, ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, შესაძლოა ისიც დავუშვათ, რომ რუსეთმა შესაძლოა ლიბერალური დემოკრატიის მოდელიც მოირგოს. მისგან განსხვავებით, ძნელი წარმოსადგენია კომუნისტური ჩინეთი, მისი განყენებული ცივილიზაციითა და ათასწლოვანი კულტურით, დასავლური ტიპის ლიბერალურ დემოკრატიად და „გლობალური წესრიგის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე წევრად“ გარდაიქმნას. ის ფაქტი, რომ ასეთმა ვარაუდმა საზოგადოებაში გამოძახილი ჰპოვა მიუთითებს, თუ რამხელა ზიანი მოუტანა ამერიკულ უნივერსიტეტებში რეგიონალური სწავლების სტატისტიკისა და კვლევის თვისებრივი მეთოდებით ჩანაცვლებამ. ამ ცვლილების შედეგი არაკომპეტენტური ანალიტიკოსების თაობაა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ საბაზისო ცოდნასაც კი აღარ ფლობს.
ის პროცესები, რომლებსაც ამერიკის ქალაქებში და მსოფლიოს გარშემო ვადევნებთ თვალყურს, სხვადასხვა ფაქტორთა შემთხვევითი დამთხვევით გამოწვეული არ არის. ეს ამერიკასა და საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე იმ სიღრმისეული სტრუქტურული ცვლილებების გამოხატულებაა, რომლებიც „ცივი ომის“ დასასრულისას გაკეთებულ არასწორ დასკვნებზე დაფუძნებული ეკონომიკური, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ათწლეულებმა გამოიწვია. დროა შესაბამისი შეკითხვები დავუსვათ მათ, ვინც ეს სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, ხოლო ამერიკა მისთვის ტრადიციულ პრაგმატულ პოლიტიკასა დაუბრუნდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
ენდრიუ მიჰტა
ენდრიუ მიჰტა ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კოლეჯის დეკანია.