აპოკალიფსი დღეს?
გაუქმებული აპოკალიფსი: რატომ გვაზიანებს გარემოს დამცველთა პანიკამაიკლ შელენბერგერიHarperCollins
გონივრული პოლიტიკა მუდმივ ბალანსს გულისხმობს. გამონაკლისი არც გარემოს დაცვის პოლიტიკა უნდა იყოს.
“რასაც ახლა ხედავთ, ბირთვული უსაფრთხოებაა მოქმედებაში”. ეს სიტყვები 2012 წელს ჯენიფერ მენფრმა, კომპანია “საუზერნ-კალიფორნია-ედისონის” წარმომადგენელმა მითხრა.
მაშინ SONGშ-ში (San Onofre Nuclear Generating Station), სან-დიეგოდან 60 მილის მოშორებით, სანაპიროზე მდებარე ქარხანაში მომუშავე ინჟინრებმა მცირე გაჟონვა შენიშნეს ორთქლის გენერატორის მილში, რაც უმნიშვნელო ოდენობით რადიოაქტიური აირის გამოფრქვევას იწვევდა, გაცილებით ნაკლების, ვიდრე, როგორც მენფრმა ამიხსნა, “თქვენს სახლში კვამლის დეტექტორისაგან მიიღებდით მთელი წლის მანძილზე”.
მიუხედავად ამისა, ამ უმნიშვნელო გაჟონვას მოვლენათა მთელი ჯაჭვი მოჰყვა. 1960-იანი წლების ბოლოს აგებული ქარხანა, რომელიც 1 400 000 კალიფორნიელს ელექტროენერგიით ამარაგებდა, ჯერ დროებით შეჩერდა, მერე კი საბოლოოდ დაიხურა. როგორც 2013 წელს ვწერდი, პოლიტიკოსები და ინტერესების დამცველთა ჯგუფები ერთობლივად მუშაობდნენ, რათა, ეშმაკური ნორმატიული მოთხოვნებისა და ბირთვული ავარიებისადმი საზოგადოების ფრთხილი დამოკიდებულების წყალობით, რეაქტორი დაუყოვნებლივ ჩამოეწერათ.
მწვანე უტოპიაში შებიჯების ნაცვლად SONGS-ის დახურვა კალიფორნიელ გადასახადების გადამხდელებს 3 მილიარდზე მეტი დაუჯდათ, ატომური რეაქტორის ბუნებრივი აირის საწარმოთი ჩანაცვლებამ კი მკვეთრად გაზარდა ნახშირბადის გამოფრქვევა და ელექტროენერგიის ფასი “ედისონის” მომხმარებლებისათვის. სან-ონოფრიში მოჩვენებითი ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების კეთილშობილურმა, მაგრამ არასწორმა მცდელობებმა გაცილებით სერიოზული ეკოლოგიური სირთულეები წარმოქმნა.
სწორედ ამ სამწუხარო და დესტრუქციულ ტენდენციას ეხება “გაუქმებული აპოკალიფსი”, მაიკლ შელენბერგერის ახალი პროვოკაციული კვლევა, რომელიც გარემოს დამცველთა უსაფუძვლო შფოთვისადმი სიფრთხილით მოკიდებას და მწვანე პოლიტიკის ხარჯებისა და სარგებლის გულისყურით განხილვას გვთავაზობს.
“ბევრი რამ, რასაც ადამიანები გარემოს შესახებ, მათ შორის კლიმატზე, ისმენენ არასწორია და აუცილებლად საჭიროებს დაზუსტებას, წერს შელენბერგერი, “გაუქმებული აპოკალიფსის” დაწერა მას მერე განვიზრახე, რაც უკვე აღარ შემეძლო მეთმინა გაზვიადება, ზარების დარისხება და ექსტრემიზმი გარემოს დაცვის პოზიტიური, ჰუმანისტური და რაციონალური პოლიტიკის მტრები”.
შელენბერგერი ორგანიზაცია “ეკოლოგიური პროგრესის” დამფუძნებელია, რომლის მიზანს “ადამიანების სიღარიბიდან თავის დაღწევაში დახმარება და გარემოს დაცვა” წარმოადგენს. მას ასევე მიღებული აქვს ჟურნალ თიმე-ის ჯილდო “გარემოს გმირი”, ასე რომ, მისი ეკოლოგიური კეთილსინდისიერება ეჭვს არ იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ აპოკალიფსის მომლოდინეები შელენბერგერის “ეკოლოგიურ ჰუმანიზმს” დიდი სითბოთი არ ხვდებიან, ხოლო მის ანალიზს ალაგ-ალაგ სიზუსტე აკლია, გონივრული მიდგომა, რომელსაც იგი ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულზე მობინადრე ყვითელთვალა პინგვინების, კონგოში მდებარე ვირუნგის პარკის გორილების ნაკრძალის, ინდონეზიის ტექსტილის ფაბრიკებისა თუ სამხრეთ კორეის ბირთვული რეაქტორების მონახულების კვალდაკვალ ავითარებს, ასევე ძალიან საჭიროა ჩვენს ერთობ პოლარიზებულ ეპოქაში.
*
ერთხელ თომას სოულმა თქვა: “პრობლემის გადაჭრა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ კომპრომისი”. ეს აქსიომა ზუსტად მიესადაგება კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის შელენბერგერისეულ კვლევას.
კარგი ამბებით დავიწყოთ: ბოლო 35 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ახალი ხეების რაოდენობა გაჩეხილებისას სჭარბობს და ეს მეტობა ტექსასისა და ალასკის შტატების საერთო ფართობის ტოლია. ევროპის ტყეები 1995-2015 წლებში გაფართოვდა და ეს მატება ბელგიის, შვეიცარიის, დანიისა და ჰოლანდიის საერთო ფართობის ოდენობისაა. გასულ საუკუნეში ტყის ფართობი გრეტა ტუნბერგის მშობლიურ შვედეთშიც კი გაორმაგდა.
გარდა ამისა, ბოლო 50 წლის მანძილზე კაცობრიობამ დიდ წარმატებას მიაღწია სახეობებით მდიდარი ტერიტორიების მშენებლობებისაგან დაცვის საქმეში. 2019 წლისთვის მსოფლიოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი აფრიკის კონტინენტისას სჭარბობდა და მთელი ხმელეთის, დაახლოებით, 15% შეადგენდა. დაცული ტერიტორიების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 9 214-დან (1962 წელს) 244 869-მდე (2020-ში).
მაგრამ კონსერვაციაც კი ადამიანურ მსხვერპლს მოითხოვს. 2006 წლის საჟურნალე სტატიაში «მიგრაცია და გადასახლება დაცული ტერიტორიებიდან» მაჰეშ რანგარაჯანი და ღაზალა შაჰაბუდინი აღნიშნავენ, რომ «იმ ადამიანებისაგან ტერიტორიების დაცლა, რომლებიც საქონელს მწყემსავდნენ, ტყის ნობათს აგროვებდნენ ან მიწას ამუშავებდნენ, მეოცე საუკუნეში ბუნების კონსერვაციის მთავარი მახასიათებელი იყო სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკასა თუ ინდოეთში». «სიერა კლაბის» დამფუძნებელი ჯონ მიურიც კი იოსემიტისა და იელოუსტოუნის ეროვნული პარკებიდან მკვიდრი მოსახლეობის გასახლების მომხრე იყო.
რაც შეეხება კლიმატს, ტემპერატურის გლობალური მატება, სავარაუდოდ, 2-3 გრადუსი იქნება და არა პოტენციურად დამანგრეველი 4, რის რეკლამირებასაც აპოკალიფსის მომლოდინენი ეწევიან; «ექსტრემალურ ამინდს» კი კლიმატურ ცვლილებებთან მცირე კავშირი აქვს.
აღსანიშნავია, რომ, შელენბერგერის მიხედვით, ბოლო 100 წლის მანძილზე კაცობრიობის გაოთხმაგების მიუხედავად, ადამიანების რიცხვი, რომლებიც სტიქიურ უბედურებებს ემსხვერპლნენ, 5 400 000-დან (1920-იან წლებში) 400 000-მდე (2010-იან წლებში) შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ «კლიმატური ცვლილებების როლი არ გამოირიცხება», აღნიშნულია IPCC-ს 2018 წლის ანგარიშში, «გრძელვადიანი ტენდენციები ეკონომიკური კრახის თანმდევ დანაკარგებში და მოსახლეობის ზრდა კლიმატურ ცვლილებებს არ მიეწერება».
1900 წლიდან 1959 წლამდე ფლორიდას 18 მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს, 1960-2018 წლებში კი მხოლოდ 11. სულისშემძვრელი საშინელება, რომელიც 2019 წელს ავსტრალიაში დატრიალდა, მასშტაბის მიხედვით ქვეყნისთვის მეხუთე ადგილზეა. ამ ბოლო ხანძრებმა 50% ნაკლები სახლი შეიწირა, ვიდრე ყველაზე შემზარავმა 1938 წლის ხანძრების სეზონმა. კალიფორნიაში, სადაც ცოტა ხნის წინ ასევე გამანადგურებელი ტყის ხანძრები მძვინვარებდა, ადამიანების ქმედებამ უპირველეს ყოვლისა, შემხვედრი ხანძრების წარუმატებელმა ორგანიზებამ უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე კლიმატურმა ცვლილებამ.
ურთიერთბალანსის სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევებიც არსებობს. საძოვარზე ნაკვები ძროხისა და ღია სივრცეში მოშენებული ქათმის ხორცის მოხმარება, ინდუსტრიულ ხორცთან შედარებით, ეგებ უფრო ჯანსაღიცაა, მაგრამ საწარმოო ფერმები, ალტერნატიული ფერმებისაგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებ სავარგულებსა და ბუნებრივ რესურსებს იყენებენ. ეკოლოგიური მეურნეობები პროდუქციას, ძირითადად, ქიმიკატების გარეშე აწარმოებენ, მაგრამ, ტრადიციულ მეურნეობებთან შედარებით, მიწას ნაკლებად ეფექტურად იყენებენ. ქარის ელექტროსადგურების მუშაობა გარემოს არ აბინძურებს, მაგრამ სერიოზულ საფრთხეს უქმნის არწივების, კონდორებისა და ამერიკული წეროების პოპულაციას. მზის პანელები უდაბნოს კუების, რქასქელი ცხვრებისა და სხვა სახეობების ტრანსლოკაციას მოითხოვს. და ბოლოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ელოდება, რომ კლიმატური ცვლილებებისაგან გამოწვეული დამაზიანებელი შედეგების თავიდან აცილებისათვის მიღებული ზომები კვების პროდუქტების წარმოებას საგრძნობლად შეამცირებს, რადგანაც «ენერგიას გააძვირებს და ბიოენერგიის მოხმარებას გაზრდის».
*
რესურსების განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროგრესის ისტორია მნიშვნელოვანი ურთიერთბალანსის ისტორიაცაა.
1860-იან წლებში ხე-ტყე ამერიკის ენერგიის წყაროს 80% შეადგენდა. 1900 წლისთვის ეს რიცხვი 20%-მდე შემცირდა, 1920 წელს კი 7.5-მდე. ქვანახშირს ხე-ტყეზე ორჯერ მეტი პოტენციური ენერგია აქვს, ხოლო ქვანახშირის მაღაროს ფარდობითი სიმძლავრე ტყისას 25 000-ჯერ აღემატება. «ასე რომ, წიაღისეული საწვავი მე-18 და მე-19 საუკუნეებში ამერიკისა და ევროპის ტყეების შენარჩუნების მთავარ საშუალებას წარმოადგენდა, თვლის შელენბერგერი, ხე-ტყის საწვავად გამოყენებაზე უარის თქმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანებისა და ინსტიტუციებისთვის, რომლებიც საყოველთაო კეთილდღეობასა და ეკოლოგიურ პროგრესს ესწრაფვიან».
სწორედ ასევე, მე-19 საუკუნის შუა ხანებში ნავთობის აღმოჩენამ, სავარაუდოდ, ხელი შეუშალა ვეშაპების გადაშენებას, რომელთა ცხიმიც წელიწადში 600 000 ბარელის ოდენობით იწარმოებოდა ვეშაპსარეწის პიკზე 1845 წელს.
თავის მხრივ, ისეთმა ახალმა ტექნოლოგიამ, როგორიცაა ჰიდრავლიკური გახლეჩა, რომელიც ეკოლოგიურად შედარებით სუფთა საწვავი აირის მოპოვების საშუალებას იძლევა, შეამცირა ქვანახშირსა და ნავთობზე დამოკიდებულება. ჰიდრავლიკურმა გახლეჩამ, როგორც შელენბერგერი წერს, 2005-2018 წლებში 13%-ით შეამცირა აშშ-ში ნახშირბადის გამოფრქვევა. ბუნებრივი აირის საბადოები ქვანახშირის მაღაროებზე სამჯერ ენერგოეკონომიურია. გარდა ამისა, ბუნებრივი აირის საწარმოს გაცილებით ნაკლები ტერიტორია ესაჭიროება, ვიდრე იმავე ოდენობის ენერგიის გამომუშავების შემძლე ქარის ელექტროსადგურს.
ბირთვულ ენერგიაზე საუბრისას შელენბერგერი ყველაზე მგზნებარე და დამაჯერებელ არგუმენტებს იშველიებს: თანამედროვე ბირთვული ენერგია სუფთა, უსაფრთხო და საიმედოა, მიუხედავად მისი გააფთრებული მოწინააღმდეგეების უგუნური განცხადებებისა იმათი მსგავსების, SONGS-ი რომ დახურეს.
არც ისე დიდი ხნის წინ კალიფორნიელი მწვანეებიც კი მიესალმებოდნენ ბირთვულ ენერგიას. უილ სირი, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოფიზიკოსი და «სიერა კლაბის» ყოფილი პრეზიდენტი, 1960-იან წლებში ამტკიცებდა, რომ «ბირთვული ენერგია, ხანგრძლივ პერსპექტივაში, კონსერვაციის მთავარი იმედია», რადგანაც «განუსაზღვრელი ოდენობის იაფი ენერგია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სწრაფად მზარდ მოსახლეობას საშუალებას რომ მისცემს, შეინარჩუნოს ველური ბუნება, გაშლილი სივრცეები და თვალწარმტაცი ხედები». სირის ჯგუფი, საბოლოოდ, დათანხმდა დიაბლო კენიონის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას კალიფორნიის ხელუხლებელ ცენტრალურ სანაპიროზე.
მაგრამ 1970-იან წლებში მდგომარეობა შეიცვალა და წამყვანი გარემოს დამცველები უკვე აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ბირთვულ დანადგარებს ძირითადად, ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. ისინი ცდილობდნენ, რეგულაციებისა და საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით, ზიანი მიეყენებინათ ინდუსტრიისთვის. 1976 წელს «სიერა კლაბი» დაჟინებით მოითხოვდა ბირთვული რეაქტორებისათვის კიდევ უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესებას, რათა «გაეძვირებინა ეს დარგი და მისი ეკონომიკა ნაკლებად მიმზიდველი გაეხადა».
დღეს წიაღისეული საწვავისა და განახლებადი ენერგიის წარმომადგენლების ინტერესთა ცინიკური ერთობა ერთხმად ეწინააღმდეგება ბირთვულ ამბიციებს. შელენბერგერი დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგვითხრობს, როგორ ავსებენ მწვანეთა ისეთი ჯგუფები, როგორიც, მაგალითად, გარემოს დაცვის ფონდია, თავის სამეთვალყურეო საბჭოებს კომპანია Hალლიბურტონ-ის ხელმძღვანელებით და როგორ ცდილობენ, ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის მხარდამხარ, ხელი შეუშალონ ატომურ სადგურებს ოჰაიოსა და პენსილვანიაში. ეროვნული რესურსების დაცვის საბჭო ინვესტიციებს დებს Phillips 66-ში, Valero-სა და Transocean-ში, ისევე, როგორც სხვა ენერგოკომპანიებში, იმ დროს, როცა Aრცო-ს მფლობელმა დააარსა და აფინანსებს ორგანიზაციას Friends of the Earth. მოკლედ თუ ვიტყვით, მწვანე ორგანიზაციებმა დანერგეს სტრატეგია «მიიღონ ფული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინვესტორებისაგან და წინ წამოსწიონ განახლებადი ენერგია, როგორც ატომური ელექტროსადგურების დახურვის გზა».
მსგავსი ჯგუფების ეთოსი პოპკულტურასაც მსჭვალავს მაგალითად, HBO-ს მინი სერიალს «ჩერნობილი», რომელიც აღწერს ავარიული რეაქტორის აფეთქების შემდეგ «კიბოთი დაავადებულთა რიცხვის მკვეთრ ზრდას უკრაინასა და ბელარუსში». ამის საპირისპიროდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2006 წელს დაასკვნა, რომ კატასტროფამ მხოლოდ 0,6 პროცენტიც გაზარდა კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა დაზარალებულ მოსახლეობაში. იმ დროისთვის, ანუ ავარიიდან 20 წლის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოთვალა, რომ «დასახლებების უმრავლესობაში, სადაც რადიოაქტიური დაბინძურება გავრცელდა, რადიაციის დონე ჰაერში ავარიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა».
გარდა ამისა, გაეროს ბირთვული რადიაციის ზეგავლენის შემსწავლელი სამეცნიერო კომიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, ჩერნობილის ავარიამ მოზარდებში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის 5 000-მდე შემთხვევა გამოიწვია, მაშინ, როცა ადრეული კვლევების მიხედვით ეს რიცხვი 20 000 იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევაში სიკვდილიანობის დონე, როგორც წესი, ერთ პროცენტს უდრის, ჩერნობილმა, ჯამში, 200-ზე ნაკლები ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.
ამის საწინააღმდეგოდ, ბევრი მწვანე აქტივისტის დაუცხრომელი მცდელობა, შემცირდეს ბირთვული ენერგიის წარმოება, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გარდაცვალებების მიზეზი იქნება, მათ შორის, ფუკუშიმას შემდგომი პერიოდის იაპონიაში, სადაც ყოველ წელს დაახლოებით 4 000 ადამიანი ატომური ელექტროსადგურების წიაღისეული საწვავის ქარხნებით ჩანაცვლებით გამოწვეული დაბინძურების შედეგად კვდება. ეტაპობრივი უარის თქმაც ხარჯიანია: ეკონომიკური კვლევების ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ გერმანიის გეგმა, უარი თქვას ატომურ ენერგიაზე, ქვეყანას წელიწადში 12 მილიარდი დოლარი დაუჯდება. შელენბერგერის შეფასებით, იმ დროს, როცა ატომურ ენერგიასა და განახლებად ენერგიებში, როგორებიცაა მზისა და ქარის ენერგია, ბოლო 50 წლის მანძილზე ცალ-ცალკე დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, ატომურმა სადგურებმა ორჯერ მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.
ეს ფაქტები ცალსახად ატომური ენერგეტიკის განვითარების სასარგებლოდ მეტყველებს, იმ დრომდე მაინც, სანამ თერმობირთვული სინთეზით მიღებული უფრო სუფთა და უსაფრთხო ენერგია არ დაინერგება.
*
შელენბერგერი მუდამ სანდო მთხრობელი როდია. დროდადრო იგი მკვეთრად მერყეობს ამა თუ იმ ტექნოლოგიის სარგებლიანობის ქებასა და მის მიერ მოტანილი ეკოლოგიური ზიანის კრიტიკას შორის. ერთგან ის ქვანახშირის უპირატესობებს ასხამს ხოტბას, სხვაგან კი ბრალს სდებს მას «ჰაერის მომაკვდინებელ დაბინძურებაში», რასაც ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლე ეწირება. რამდენიმეგან ის ბუნებრივი აირის სიკეთეებს განიხილავს, სხვაგან კი აკრიტიკებს პოლიტიკოსებსა და დაინტერესებულ ჯგუფებს, რომლებიც ბუნებრივ აირს ატომურ ენერგიაზე უპირატესად თვლიან.
შიგადაშიგ შელენბერგერი გადაუხვევს ხოლმე და საუბრობს გეოპოლიტიკაზე, ბირთვული შეიარაღების შემაკავებელ ეფექტსა და ცხოველების საკვებად გამოყენების ეთიკაზე. სხვა წინააღმდეგობრივი შენიშვნები მოიცავს მის წარუმატებელ მცდელობას, განახლებადი ენერგიის წყაროების მზარდ გავრცელებაზე მსჯელობისას, ახსნას დაფინანსების შემოქმედებითი გეგმები, რაც საყოფაცხოვრებო მზის დანადგარებს ეკონომიურსა და მარტივს ხდის.
«გაუქმებული აპოკალიფსი» გათელილ გზას გადის და, რაიმე ახლის დამატების გარეშე, აჯამებს პოლ ერლიჰისა და ჯულიან საიმონის 1970-იანი წლების დებატებს «დემოგრაფიული ბომბის» შესახებ. წიგნში ასევე შეხვდებით მსჯელობას ცნობილი ადამიანების ფარისევლობაზე, მთელ მსოფლიოში რომ დამოგზაურობენ ეკოლოგიური მიზნებისათვის და კვლავდაკვლავ მეორდება მრავალჯერ ნათქვამი, თუ როგორ იქცა გარემოს დაცვა სეკულარულ რელიგიად, აპოკალიფსური ხილვების სიუხვითა და უკანასკნელი ჟამის წინასწარმეტყველებით.
მაგრამ აქ შელენბერგერი ერთობ საინტერესო, თუმცაღა გვარიანად შემაშფოთებელ რამეს წერს:
თუკი კლიმატური აპოკალიფსი იმ ადამიანების ერთგვარი ქვეცნობიერი ფანტაზიაა, რომელთაც ცივილიზაცია გულზე არ ეხატებათ, მაშინ შესაძლებელი ხდება ავხსნათ, თუ რატომ ხდება, რომ ეკოლოგიურ პრობლემებით სხვებზე მეტად შეშფოთებული ადამიანები, ასევე სხვებზე მეტად ეწინააღმდეგებიან ამ პრობლემების გადაჭრის შემძლე ტექნოლოგიებს სასუქს, წყალდიდობების კონტროლის სისტემებს, ბუნებრივ აირსა თუ ატომურ ენერგიას.
ეს ნიჰილისტური მისწრაფება, რომლითაც ბევრი ექსტრემალურად განწყობილი აქტივისტია მოტივირებული, უნდა გავიაზროთ და თავიდან ავირიდოთ საპირისპირო მისწრაფების სასარგებლოდ. ეს უკანასკნელი რეალისტურ, ჰუმანურ მიდგომას გულისხმობს, ანუ კაცობრიობის მიერ გაღებული ხარჯისა და მოტანილი სარგებლის გათვალისწინებას და ოპტიმალური გათვლების გაკეთებას. როგორც შელენბერგერი ასკვნის, «პირველ რიგში უნდა დავეყრდნოთ საყოველთაო კეთილდღეობისა და ეკოლოგიური პროგრესისადმი, როგორც მორალური მიზნისადმი, ჩვენს ერთგულებას, ხოლო ამის შემდეგ რაციონალურობას».
ეკოლოგიური აპოკალიფსის მომლოდინეთა აზრის შეცვლა იოლი არაა, მაგრამ სხვების დარწმუნება ამ ერთობ გონივრული მიდგომის სიკეთეებში ძალზე მნიშვნელოვანია.
მაიკლ მ. როზენი
მაიკლ მ. როზენი, ისრაელში მცხოვრები ადვოკატი და მწერალი, ამერიკის სამეწარმეო ინსტიტუტის თანამშრომელია. შეგიძლიათ, მას ამ მისამართზე მისწეროთ მიცჰაელმროსენ@ყაჰოო.ცომ.