article-img

რიგითი ნაცისტის პორტრეტი

მალკოლმ ფორბსი 

დენიელ ლის ახალი წიგნი, SS-ის ოფიცრის გადამალული დოკუმენტების მოულოდნელი აღმოჩენის შესახებ, იმ უამრავი მოხელის ცხოვრების იშვიათ სურათს წარმოგვიჩენს, რომელთა მეშვეობითაც მუშაობდა ნაციზმის მანქანა.

“ისტორია წარსულის კიდევ ერთი სახელწოდება როდია,, წერდა ისტორიკოსი ა. ჯ. პ. ტეილორი,, ისტორია ამბებია წარსულის შესახებ”. წარსულის შესახებ ახალი ამბების მოსათხრობად ისტორიკოსებმა ისინი აქტიურად უნდა მოიძიონ, ან შეუსწავლელი ტერიტორიის შესწავლით ან კარგად შესწავლილისადმი ახლებური მიდგომით. იშვიათ შემთხვევებში ძებნა საჭირო არაა, ამბები თავად ჩნდებიან არსაიდან და ბრწყინვალე შესაძლებლობებს წარმოადგენენ.

ერთი ასეთი შესაძლებლობა ბრიტანელ ისტორიკოს დენიელ ლის მიეცა. 2011 წელს, ვიშის საფრანგეთში ებრაელების გამოცდილებაზე სადოქტორო ნაშრომის დასრულებიდან ცოტა ხანში, ლიმ ოქსფორდი დატოვა და ფლორენციას მიაშურა, რათა პოსტ-სადოქტორო კვლევა დაეწყო. ჩასვლიდან მალევე მან ვახშამი გამართა მეგობრებისა და კოლეგებისთვის. ერთ-ერთმა სტუმარმა ლის ახალგაზრდა ჰოლანდიელი ქალი, სახელად ვერონიკა, გააცნო, რომელსაც ძალიან უნდოდა მეორე მსოფლიო ომის მკვლევარს შეხვედროდა და მისთვის კითხვები დაესვა. “ძალიან დამავალებთ, თუ რჩევას მომცემთ იმის შესახებ, რაც ახლახანს დედაჩემს გადახდა თავს”, უთხრა ვერონიკამ.

ლი შეჩვეული იყო ხალხს, წარსულის ქექვა რომ უყვართ და მასზე ცდიდნენ ძველ საომარ ამბებს, რომლებშიც მათი ხნიერი ნათესავი ფიგურირებდა. ეს ამბავი განსხვავებული ჩანდა. ვერონიკას დედას, იანას, ამსტერდამში სავარძელი მიეტანა ახალი შალითის გადასაკრავად. სავარძლის წამოსაღებად მისულს კი ოსტატმა გარკვევით განუცხადა, რომ ნაცისტებთან და მათ ოჯახებთან საქმეს არ იჭერდა. იანას გასაკვირად, ოსტატმა მას სვასტიკიანი ქაღალდების დასტა გაუწოდა, რომელიც ბალიშში ყოფილიყო ჩაკერებული. კაცმა ივარაუდა, რომ იანა ვინმე რობერტ გრიზინგერის ქალიშვილი იყო, რომლის სახელიც ყველა დოკუმენტში იკითხებოდა. სინამდვილეში იანა ჩეხი იყო და სავარძელი 1968 წელს პრაღაში სტუდენტობისას შეეძინა იაფი ავეჯის მაღაზიაში. 1980 წელს მან და მისმა ახლადშექმნილმა ოჯახმა კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის დატოვებისა და ჰოლანდიაში ცხოვრების ნებართვა მიიღო. რადგან სტუდენტური დღეების ძვირფას მოსაგონართან განშორება ეძნელებოდა, იანამ თან წაიღო სავარძელი, რომელიც, მისგან უცოდინრად, გრიზინგერის ოფიცილური დოკუმენტების სამალავი იყო.

ერთი კვირის თავზე ლი უკვე მათ სწავლობდა. პირველი დოკუმენტი 1933 წლით თარიღდებოდა, ჰიტლერის მმართველობის დასაწყისით, უკანასკნელი კი, 1945-ით, ანუ მისი დასასრულით. დოკუმენტები აშკარად მნიშვნელოვანი იყო გრიზინგერისთვის, რადგანაც მათში იყო ომისდროინდელი პასპორტები, ობლიგაციები, აქციები და კვიტანციები, გარდა ამისა, იქვე იდო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებდა, რომ გრიზინგერმა სამოქალაქო სამსახურის მოხელის გამოცდების მეორე ეტაპი ჩააბარა 1933 წელს, იურისპრუდენციაში დოქტორის ხარისხის მოპოვებიდან ორი წლის თავზე. ლიმ ძირითადი ფაქტები დაადგინა: დოქტორი რობერტ არნოლდ გრიზინგერი იურისტი იყო, დაბადებული 1906 წელს, შტუტგარტში. 1943 წელს იგი წარგზავნეს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში, როგორც უფროსი სამოქალაქო მოხელე.

თუკი იანას ამბავმა ლის ცნობისმოყვარეობა მხოლოდ გააღვივა, გრიზინგერის დოკუმენტების კითხვამ ნამდვილი ხანძარი გააჩაღა და მეტის შესწავლის საჭიროება დაბადა. ხელთ ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ეს დაბრკოლება უნდა გადაელახა. ლი სავარძლის ისტორიას მიჰყვა და გრიზინგერის ცხოვრება აღადგინა, გაიგო ვინ იყო ის, რა როლს ასრულებდა მესამე რაიხში, რამდენად მონაწილეობდა რეჟიმის სისასტიკეებში და რატომ დამალა პირადი დოკუმენტები ამგვარად.

“SS-ის ოფიცრის სავარძელი: ნაცისტის ფარული ცხოვრების გამჟღავნება” ერთდროულად ორ ამბავს მოგვითხრობს. ერთი მხრივ, ეს “ჩვეულებრივი ნაცისტის” საინტერესო პორტრეტია, მეორე მხრივ კი ლის გამოძიების აბავი, ან, როგორც თავად წერს, “ისტორიული გამოძიება, მთელი თავისი ზიგზაგებით, სასოწარკვეთებითა და გამონათებებით, რომლებიც ამგვარ კვლევას თან ახლავს ხოლმე”.
გამოძიება პრაღაში იწყება. ლის მცდელობა, სავარძლის იდენტიფიცირება მოახდინოს, უნაყოფოა. “პრაღაში ყველა ფაბრიკა ასობით ასეთ სავარძელს უშვებდა”, ეუბნება ლის ანტიკვარული ავეჯის მაღაზიის მეპატრონე. ლის თავდაცვის სამსახურის არქივში უფრო უმართლებს, როცა ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის პერიოდში პრაღაში მცხოვრები გერმანელების შესახებ დოკუმენტებს ეძებს. სიაში “გერმანელი საჯარო მოხელეები პრაღაში” ლი გრიზინგერის სახელსა და მისამართს აწყდება, ისევე, როგორც ძუნწ დეტალს, რომ გრიზინგერი SS-ის ობერშტურმფიურერია. ეს აიძულებს ლის, გადააფასოს არა მხოლოდ გამოძიების ბუნება, არამედ მისი ობიექტიც. მას სავარძელი აღარ აინტერესებს, ახლა ფოკუსი მის თავდაპირველ მფლობელზეა, კაცზე, რომელიც ერთდროულადაა რიგითი საჯარო მოხელე და მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი ვინმე, “გასული საუკუნის ყველაზე ავბედითი ორგანიზაციის, შცჰუტზსტაფფელ-ის, იგივე SS-ის წევრი”.

ბერლინში, სადაც SS-ის ერთი მილიონი წევრის საბუთების ორი მესამედი მოკავშირეთა დაბომბვის შედეგად განადგურდა, ლის დიდად არ ეიმედება გრიზინგერის დოსიეს მიგნება, ამიტომ შვებას გვრის იმის აღმოჩენა, რომ დოსიე დაუზიანებლადაა შემონახული და შესასწავლადაც ხელმისაწვდომია. დოსიე არაფერს იუწყება გრიზინგერის მოვალეობებზე SS-ში, სამაგიეროდ ოჯახურ კავშირებს ავლენს, გრიზინგერს აშშ-ში დაბადებული წინაპრები ჰყავდა და ორი გოგონას მამა იყო.

ციურიხსა და ბავარიის ჩრდილოეთში სტუმრობა, იუტასა და მის ცალკე მცხოვრებ უმცროს დასთან სასაუბროდ, ბევრის მომცემი არ აღმოჩნდა. თავის არიდება არცერთს უცდია, უბრალოდ მამაზე ცოტა რამ ახსოვდათ, რადგან გრიზინგერი მაშინ გარდაიცვალა, როცა გოგონები ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ. როცა დედა ხელმეორედ დაქორწინდა, გრიზინგერის ყველა ფოტო და მასთან დაკავშირებული ნივთი გაქრა, ისევე, როგორც მის შესახებ “რთული” შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. “წარსული ტაბუ იყო,, ამბობს იუტა,, ვიცოდით, რომ მასზე არაფერი უნდა დაგვცდენოდა”.

SS-ის ოფიცრის სავარძელი: ნაცისტის ფარული ცხოვრების გამჟღავნება
დენიელ ლი

Hachette Books, 2020

საბედნიეროდ, ლიმ ნათესავს მიაგნო, რომელსაც გრიზინგერი ახსოვდა და არც წარსულის გაქექვა აშინებდა. შტუტგარტში ის გრიზინგერის დისწულ იოხენსა და მის მეუღე ირმელას ესტუმრა, იმავე მისამართზე, სადაც გრიზინგერი ცხოვრობდა სტუდენტობისას. “ის კაცი ნამდვილი ნაცისტი იყო”, განაცხადა ირმელამ. ინფორმაციის ფრაგმენტებსა და გაფანტულ ამბებს შორის პორტრეტის ბუნდოვანი კონტურები გამოიკვეთა: გრიზინგერი საშუალო კლასის შეძლებული პროტესტანტების წრეს ეკუთვნოდა, იყო სნობი და მექალთანე, დედა აღმერთებდა, მამას სძულდა მისი პოლიტიკური შეხედულებები, თანამშრომლები კი “ყინულივით ცივად” თვლიდნენ. მეორე სტუმრობისას ლიმ წყვილის ნდობა მოიპოვა და მას გრიზინგერის დედის დღიურები და ასობით ქაღალდის ნაგლეჯი ანდეს. ამან საშუალება მისცა ლის, სიცარიელეები შეევსო და გამოძიების ახალ მიმართულებებს მიჰყოლოდა, რათა მისი კვლევის ობიექტი უფრო ცხადი გამხდარიყო.

აქედან მოყოლებული ლის მონათხრობი საგრძნობლად იცვლება და საინტერესოდან უკვე სუნთქვისშემკვრელი ხდება. ჩვენ მივუყვებით გრიზინგერის ცხოვრების გზას: განებივრებული ბავშვი, საშუალო მოსწავლე, 17 წლის ნაციონალისტური საქმისადმი ერთგული ახალგაზრდა. მისი ნაციონალისტური შეხედულებები ტუბინგენის უნივერსიტეტში, იმ დროს გერმანიის ყველაზე რეაქციონერულ სასწავლო დაწესებულებაში, იურისპრუდენციის შესწავლისას გამყარდა. აქ ის ელიტურ მემარჯვენე საზოგადოებას შეუერთდა, სადაც მსგავსი შეხედულებების ანტისემიტები და ანტიკომუნისტები იყვნენ გაერთიანებულები, ხალხი, ვისაც სძულდა ვაიმარის “ებრაული რესპუბლიკა” და აღორძინებულ, მილიტარისტულ გერმანიაზე ოცნებობდა. 1933 წელს გრიზინგერმა იურისტის დიპლომი მოიპოვა, წვრილ საჯარო მოხელედ დაიწყო სამსახური და ამავე წელს შეუერთდა SS-ის რიგებს. ორი წლის შემდეგ ის გესტაპოს წევრი გახდა. მისი ნაცისტად ჩამოყალიბება დასრულდა.

მაგრამ ნამდვილად ასე იყო? ლი ამტკიცებს, რომ გრიზინგერის ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების მოტივი ოპორტუნისტული უფრო იყო, ვიდრე იდეოლოგიური. ის ამბიციური იურისტი იყო, ვისაც სოციალურ კიბეზე აღმასვლა სურდა. SS-ისა და გესტაპოს წევრობა ამგვარ წინსვლას აიოლებდა. სხვა შეღავათებიც არსებობდა. როცა გრიზინგერმა გიზელა ნოტებომზე იქორწინა (ქალზე, ვისაც გრიზინგერის ზედმეტად მზრუნველი დედა “ავს” უწოდებდა), მათი ბინა, ისევე, როგორც სხვა SS-ის ოფიცრებისა და გესტაპოს აგენტებისა მთელ ქვეყანაში, გაწყობილი იყო იმ ებრაელების ავეჯით, რომელთაც ემიგრირება აიძულეს. ეს პრივილეგიები, სავარაუდოდ, გაიზარდა, მას შემდეგ, რაც გრიზინგერი 1943 წელს ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატში გადაიყვანეს. გრიზინგერის სამსართულიანი ვილა პრაღის იმ მდიდარ გარეუბანში მდებარეობდა, რომელიც, თავის დროზე, დიდწილად ებრელებით იყო დასახლებული.

ამაღელვებელი თავი, რომელშიც გრიზინგერის პრაღაში გატარებული დროა აღწერილი, უზრუნველი ცხოვრების სურათს გვიხატავს. კულმინაციას წარმოადგენს ძალადობის გაღვივება ამბოხებულების მიერ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ნებისმიერი შემხვედრი გერმანელი მოეკლათ, რათა შური ეძიათ ექვსწლიან სასტიკ და დამამცირებელ ოკუპაციაზე. გიზელა, ქალიშვილებთან ერთად, მილიონობით დევნილ ოჯახს შეუერთდა, რომლებიც მოკავშირეთა დაბომბვასა და საბჭოთა არმიის წინსვლას გაურბოდა. ბოლომდე ცხადი არაა, რა ბედი ეწია გრიზინგერს, რადგანაც კვალი ჩეხების სისხლიანი შურისძიების დროს იკარგება. “ადგილსამყოფელი უცნობია” წააწერეს მის საპოლიციო რეგისტრაციის ბარათს პრაღის აჯანყების პირველ დღეს. ლი სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს: ინტერნირებულთა ბანაკში განათავსეს თუ საზღვარი გადაკვეთა? დიზენტერიამ მოუღო ბოლო, როგორც იოხემსა და ირმელას სჯეროდათ, თუ სინამდვილეში მოკლეს? მეტის თქმა მის საბოლოო ბედზე დაუდევრობა იქნებოდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ლის მკითხველი იდუმალებით, ძალადობითა და დრამატიზმით აღსავსე ფინალისაკენ მიჰყავს.

გრიზინგერის ბოლო ქმედებებიდან ზოგიერთი ლის ვარაუდია. ძირითადი მოვლენები არა იმდენად აღდგენილი, რამდენადაც უფრო წარმოსახულია, მაგრამ წიგნის სხვადასხვა ადგილას ავტორი დამაჯერებლად გვთავაზობს მათ, როგორც მოქმედების სანდო გეგმებს და შედეგებს. ლის მიერ სიმართლის დაჟინებული ძიება ასევე შთამბეჭდავია. აქ ნახევარი ძალით არაფერი კეთდება. ფაქტების ძიების დამღლელი მისია, რომელსაც ლი ასრულებს, რათა გრიზინგერის ამბავი მოგვითხროს, მას შვიდ ქვეყანაში ამოგზაურებს და უამრავი ზეპირი თუ წერილობითი წყაროს ანალიზს აიძულებს. “იქ სადაც მყარი მტკიცებულება აღარ მოიპოვება,, წერს ლი,, ბადეს უფრო შორს ვისვრი და ვაკვირდები, როგორ გაიელვებს მისი პიროვნება იმ გმირების წყალობით, რომლებთან ერთადაც ის წიგნის გვერდებზე თანაარსებობს”.

დროდადრო ლის მონათხრობი კვლევა-ძიებით იტვირთება. ზოგიერთი ბილიკი მთავარ გზას გვატოვებინებს და ჩიხში შევყავართ, ზოგიერთი კი განმარტებითი გასართობია. ნიუ-ორლეანში გამგზავრება, გრიზინგერის მამის დაბადების ადგილის შესახებ მეტის შესატყობად, გვაგებინებს, რომ ის მონათფლობელების ოჯახიდან ყოფილა. ლი ამტკიცებს, რომ სამხრეთული რასობრივი სიძულვილი ნაცისტურ რასობრივ აზრებს შეერია და გრიზინგერის მომწამვლელი მსოფლმხედეველობა ჩამოაყალიბა. ის განაგრძობს და განმარტავს, რომ გრიზინგერის ამერიკული მემკვიდრეობა გამოწვევა იყო ჰიტლერის მახინჯი Bლუტ უნდ Bოდენ ფილოსოფიისთვის, რომელიც ქადაგებდა, ყველა ღირსეულ გერმანელს, განსაკუთრებით, ღირსეულ ნაცისტს, შეუძლია, გერმანიის წარსულთან კავშირი დაამყაროს მისი წინაპრების მეშვეობით, რომლებიც ერთ დროს მიწას ამუშავებდნენო. გრიზინგერის შტუტგარტელი კარის მეზობლების, ფრიც და ჰელენ როტშილდების შესახებ ხანგრძლივი გადახვევა ზედმეტად მოჩანს, მაგრამ იმის კვალდაკვალ, რაც ამ “რასობრივად არასასურველი” წყვილის ისტორია ვითარდება და ბოლოსკენ აუშვიციც წამოყოფს მახინჯ თავს, ვხვდებით ამ ტრაგედიითა და სიმწრით სავსე მოკლე ამბის მნიშვნელობას.

“SS-ის ოფიცრის სავარძელი” შეიძლებოდა იმედის გამაცრუებელი ამბავი ყოფილიყო. ჰიმლერის, ჰაიდრიხისა და ბევრი სხვა “ომის ახალგაზრდობის” თაობისაგან განსხვავებით, რომლებიც პატარები იყვნენ, რათა I მსოფლიო ომში ებრძოლათ, მაგრამ საკმაო ასაკისანი, რათა გერმანიისთვის ომის შემდეგ თავსმოხვეულ დიკტატ-ს მათში რისხვა აღეძრა, გრიზინგერი არც ჰიტლერის შიდა წრეს ეკუთვნოდა და არც “საბოლოო გადაწყვეტილების” აღმასრულებლებს შორის მოიაზრებოდა. ის რეჟიმის პერიფერიული მოთამაშე იყო, საქმეს მხოლოდ ქაღალდებთან იჭერდა და თავს მუდამ ჩრდილს აფარებდა, თავი დახრილი ჰქონდა, ხელები კი, სუფთა. “დაბალი ჩინის SS-ის ოფიცერზე წიგნი აქამდე არ დაწერილა, ეს ნაცისტები ისტორიიდან გაქრნენ”, აღნიშნავს ლი, რითაც ხაზს უსვამს განსაკუთრებულ ადგილს, რომელსაც მისი წიგნი იკავებს ნაციზმის შესახებ შექმნილი ლიტერატურის გადავსებულ ბაზარზე.

თუმცაღა გრიზინგერის ცხოვრების ყოველი წარმატებული ეტაპის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ის უბრალოდ დიდი მანქანის პატარა ჭანჭიკი არ ყოფილა. შესაძლოა მას არ მიუღია მონაწილეობა გესტაპოს შედარებით უფრო სასტიკ საქმიანობაში შტუტგარტში ორ წელიწადნახევრიანი მუშაობისას, მაგრამ როგორც Schreibtischtäter-ი, ანუ მაგიდის დამნაშავე, ის ხელს უწყობდა დაჭერებს და ზუსტად იცოდა, თუ რა ხდებოდა საწამებელ საკნებში მისი სამუშაო ოთახის ქვემოთ. იგი არ იყო სიკვდილის ესკადრონის რიგებში, დასავლეთ უკრაინაში რომ დაძრწოდა 1941 წლის ზაფხულში და გეგმაზომიერად ანადგურებდა ებრაელებს (მათ შორის ლის ნათესავებს), მაგრამ როგორც ჯარისკაცი, რომელიც ვერმახტის იმავე ნაწილში მსახურობდა, ახლოს იყო მათთან და, ეჭვი არაა, სახელებით იცნობდა. პირადად არ კლავდა ებრაელებს პროტექტორატში, მაგრამ როგორც რაიხის ეკონომიკისა და შრომის სამინისტროს მოხელე პრაღაში, პასუხისმგებელი იყო ებრაელთა იძულებითი შრომის ორგანიზებაზე ჩეხეთის მიწებზე.

ეს მნიშვნელოვანი წიგნი გვიჩვენებს, როგორ ფლობდა გრიზინგერი და მისი მსგავსი ათიათასობით, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მოხელე საკმარისზე მეტ ძალაუფლებას, რათა სხვების სიცოცხლე განეკარგა. როგორც ლი სამართლიანად აღნიშნავს, “ცნობილი ფანატიკოსები და მკვლელები ვერ იარსებებდნენ უამრავი ხელშემწყობის გარეშე, რომლებიც მთავრობის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა, საქმეთწარმოებაში იყო ჩართული, მათი რეჟიმის პოტენციურ მსხვერპლებთან გვერდიგვერდ ცხოვრობდა და მათში ძრწოლას იწვევდა”. გრიზინგერი ჰანა არენდტის “ბოროტების ბანალურობის” განსახიერებაა. ის ასრულებდა იმას, რასაც ავალებდნენ და შედეგზე ნაკლებად ფიქრობდა. ომის შემდეგ ის დავიწყებას მიეცა და “უსახელო, უსახო ბიუროკრატად” დარჩა. ოსტატურად ჩატარებული ოპერაციის შედეგად შეგვიძლია დავინახოთ თუ ვინ იყო ის სინამდვილეში.

 

 

მალკოლმ ფორბსი

მალკოლმ ფორბსი ედინბურგში მცხოვრები კრიტიკოსია, რომელიც სხვადასხვა გამოცემისთვის წერს, მათ შორის “ეკონომისტისა” და “ფაინენშელ-თაიმსისთვის”.