
გულაგის დავიწყებული ქალები
მონიკა ზგუსტოვას ახალი წიგნი საბჭოთა გულაგის პატიმარი ქალების სულისშემძვრელ ისტორიას აცოცხლებს.
1862 წლის ნოემბერში, სტალინის სიკვდილიდან ცხრა წლის შემდეგ, ალექსანდრ სოლჟენიცინის პირველი რომანის გამოქვეყნებამ შოკის ტალღები გამოიწვია მთელ საბჭოთა კავშირში. ბოლოს და ბოლოს, ამხილეს სტალინის ტირანია და ეს “სამიზდატის” საშუალებით კი არ მოხდა, არამედ სახელმწიფოს ნებართვით, რაც ხრუშჩოვის დროს აკრძალვების ერთგვარმა შერბილებამ განაპირობა. “ივან დენისოვიჩის ერთი დღე”, რომელშიც ციმბირის ბანაკების საშინელებებია აღწერილი, ამავე დროს მწერლის გამოცდილებასაც ასახავს, ჯერ ბოროტმოქმედებთან ერთად რომ ცხოვრობდა ბანაკებში და შემდეგ მრავალწელმისჯილ პატიმრებთან ერთად “ეგრედ წოდებულ “სპეციალურ” ბანაკებში.
მკითხველები გააოგნა წიგნში აღწერილმა გულაგის უსასტიკესმა სისტემამ და უდანაშაულო ადამიანის დათრგუნვის სისტემატურმა მცდელობებმა. ივან დენისოვიჩ შუხოვი მძიმე, მონოტონურ საქმეს ასრულებს და მხოლოდ მაშინ აქვს შეჩერების უფლება, როცა ტემპერატურა -41 გრადუსამდე ეცემა. ძილის გარდა, მხოლოდ იმ დროს “ცხოვრობს საკუთარი თავისთვის”, როცა საუზმისათვის, სადილისა და ვახშმისათვის განსაზღვრულ წუთებს იყენებს. დროს მაინც ვერ იგებს: ბანაკში საათები არ არის და არც პატიმრებს აქვთ მისი ტარების უფლება. საჭმელი ძალიან ცოტაა, ისიც უგემური და დასანაყრებლად თითქმის გამოუსადეგარი. კაცის ბედს ჯგუფის ხელმძღვანელები განსაზღვრავენ: “კარგი “სიცოცხლეს გაჩუქებს, ცუდი კი “კუბოში ჩაგაწვენს”. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ჩივილი საბედისწერო აღმოჩნდება. “სჯობს, იყმუვლო და დაემორჩილო, “გვეუბნება შუხოვი. “თუ გაჯიუტდები, მაინც გაგტეხენ”.
სოლჟენიცინმა გზა გაუხსნა სხვა ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ასევე დაიწყეს ამბების მოყოლა. აღსანიშნავია, რომ უმთავრესად კაცები ჰყვებოდნენ. ბანაკში მოხვედრილი ქალების ამბები კი ყურადღების მიღმა რჩებოდა. ჩეხეთში დაბადებულმა მწერალმა და მთარგმნელმა მონიკა ზგუსტოვამ ამ ნაპრალის ამოვსება სცადა. წიგნი “თოვლში ცეკვისათვის გამოწყობილნი: ქალების ხმები გულაგიდან” ცხრა ქალის მონათხრობს აერთიანებს. თითოეულმა საშინელი ტანჯვა-წამება გამოიარა.
წიგნის იდეა ზგუსტოვას 2008 წელს გაუჩნდა, მოსკოვში მათთან შეხვედრისას, ვინც გულაგს გადაურჩა. შეხვედრამდე ფიქრობდა, ალბათ ყველანი “უსიცოცხლო ჩრდილებს” ემსგავსებიანო. მართალია, ზოგიერთი მოხუცი და დაუძლურებული დახვდა, მაგრამ უმრავლესობა მაინც მხნედ გამოიყურებოდა. ზგუსტოვას ისიც გაუკვირდა რომ ბევრი ქალი ელოდებოდა. რადგან მათი ამბები ნაკლებად იყო ცნობილი, ვიდრე მამრობითი სქესის ყოფილი პატიმრებისა, სწორედ მათი შეგროვება გადაწყვიტა. მასალის ძებნაში მთელი მოსკოვი შემოიარა და მის ფარგლებსაც გასცდა. “ჩემს” ქალებთან საუბრისას მივხვდი, რომ ადამიანები ძალიან ძლიერნი არიან”, “წერს ის წიგნის შესავალში.
მაგალითად პირველივე ისტორია გამოდგება. ზაირას მშობლები “დიდ წმენდას” შეეწირნენ. მამამისი, მწერალი, ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. რამდენიმე წელში დედამისი “ანტისაბჭოთა აგიტატორად” მიიჩნიეს და ათი წელი მიუსაჯეს შრომით-გამასწორებელ ბანაკში. 1949 წლის ერთ ღამეს კი ისტორია გამეორდა. იმ წვეულების დასასრულს, ზაირამ გამოცდების ჩაბარების აღსანიშნავად რომ მოაწყო, დაუპატიჟებელი სტუმრები ეწვივნენ: ხუთი შეიარაღებული პოლიციელი დაპატიმრების ორდერით. გოგონამ თბილი ტანსაცმელი ვერ იპოვა და პოლიციელებს წვეულებისთვის გამოწყობილი გაჰყვა “შავი ვიწრო ქვედაკაბით, ელეგანტური წითელი ბლუზითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. “სახლიდან ისეთი გავედი, თითქოს საცეკვაოდ მივდიოდი”, “იხსენებს ის.
ლუბიანკას საზარელ შენობაში ზაირა დამნაშავედ სცნეს “ვიღაცის თანამზრახველობა დააბრალეს. ჯერ მატარებელში აღმოჩნდა, მერე “სატვირთო გემზე, ბოლოს კი “ციმბირის სოფელში მოწყობილ შრომით-გამასწორებელ ბანაკში. დეპორტირებულებს რა გზით აღარ სჯიდნენ. ერთ ბანაკში მათ, ვინც წესებს არ ემორჩილებოდა, აშიშვლებდნენ, ხეზე აკრავდნენ და მთელი ღამე ასე ტოვებდნენ ტაიგაში, ბუზებისა და კოღოების გუნდებს ცოცხლად რომ შეეჭამათ. სხვა ბანაკში გაშიშვლებული დამნაშავეები თოვლში, -50 გრადუს ყინვაში გაჰყავდათ და შლანგით წყალს ასხამდნენ. ცხადია, ვერავინ გადარჩებოდა. ზაირამ ძალა მოიკრიბა და პირველი დღე მიწის თხრაში გაატარა “მანამდე თხრიდა, სანამ ხელებიდან სისხლი არ წამოუვიდა. საღამოს კი მწარე სიმართლე შეიტყო: ნორმის ნახევარიც კი ვერ შეესრულებინა. “ასე თუ იმუშავე, “უთხრა ზედამხედველმა, “ვერაფერსაც ვერ შეჭამ”.
სუზანა, კიდევ ერთი მოსკოველი, იმიტომ გადაასახლეს, რომ სტალინის სასტიკი მმართველობის წინააღმდეგ ხმა ამოიღო. 1950 წელს მას და მის ორ მეგობარს თვალი აეხილათ, რასაც დიდწილად შეუწყო ხელი მთავრობის მიერ ებრაელებისა და ინტელიგენციის დევნამ. მათ ფარული დისიდენტური ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს. თუმცა ეს ამბავი დიდხანს არ დარჩენილა საიდუმლოდ. სუზანას უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს: 25 წელი შრომით-გამასწორებელ ბანაკებში.
ერთ ბანაკში ის ლიტერატურულ წრეში გაერთიანდა. ქანცგამწყვეტი სამუშაოს შემდეგ თანამოაზრეებს ხვდებოდა “იმპროვიზებულ წიგნის კლუბში”, სადაც ხან საკუთარ ლექსებს კითხულობდნენ და ხანაც დიდი მწერლების პროზას, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ შავ სიაში შეყვანილებისასაც. სუზანა გარეგნობაზე ზრუნვასაც ახერხებდა. “ღამით, 12 საათის შემდეგ, 15-საათიანი სამუშაო დღით დაქანცული ქალები ერთმანეთს ვარცხნიდნენ და თმიდან ტილების გაცლაში ეხმარებოდნენ, “იხსენებს ის. “შარვალს ხელებით “აუთოვებდნენ”, იმ ერთადერთს, სამუშაოზეც რომ ეცვათ და საწოლშიც. ტალახიან ჩექმებს წმენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს ისევ ტალახში ამოესვრებოდათ (ტალახი ზაფხულშიც კი იყო; ზამთარში მხოლოდ ყინული და ორი კაცისხელა თოვლის მთები ჩანდა)”.
ელასაც, უფრო მებრძოლ დისიდენტს, იძულებითი შრომის 25 წელი მიუსაჯეს სადღაც, არქტიკული წრის მიღმა. მისი მონათხრობიდან ვიგებთ, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ პოლიტიკური პატიმრები. ის მისივე ტერორისტული ჯგუფის წევრმა გასცა, რომელმაც სანაცვლოდ იმუნიტეტი კი არა, ასევე 25-წლიანი სასჯელი მიიღო. ქურდები და მკვლელები “”პოლიტიკური პატიმრების დაუძინებელი მტრები” “თავიანთი წეს-კანონებით ცხოვრობდნენ ბანაკებში და როცა იპარავდნენ ან კლავდნენ, ზედამხედველები არაფერს იმჩნევდნენ.
ზოგიერთ ბანაკში ქალები ამაოდ ცდილობდნენ საკუთარი ღირსების დაცვას. გალია, ზგუსტოვას მთხრობელებიდან ყველაზე ახალგაზრდა, კი არ დაუპატიმრებიათ და ბანაკში კი არ გაუგზავნიათ “ის, უბრალოდ, იქ დაიბადა და გაიზარდა. სხვა ადგილას იმის შესახებ ვკითხულობთ, თუ რა სიბინძურეში ცდილობდნენ ქალები აბორტის გაკეთებას და როგორ ართმევდნენ დედებს ახალშობილებს. იმისთვის, რომ უფროსის ცხოველური თავდასხმა აეცილებინა თავიდან, ელენამ ბანაკის კლინიკაში შედარებით კომფორტული სამუშაო დათმო და მაღაროში მძიმე, ყოველდღიური საფრთხის შემცველი საქმის კეთებას დათანხმდა. ვალენტინა ბანაკის ცხოვრების მეტად პირქუშ სურათს გვიხატავს: ქალები “მათ შორის ბევრი ორსული “წელამდე თოვლში იდგნენ და ისე ცდილობდნენ ხეების მოჭრას, ჯილდოდ კი 200 გრამ პურსა და შემთბარ წყალს იღებდნენ. “ტანჯვა-წამების სამყაროში ვიყავით, “ამბობს ის. “ჩვენ გარშემო კი თვალწარმტაცი ტყეები გადაშლილიყო”.
ზგუსტოვას ქალების უმრავლესობა ასე საუბრობს, კარგსა და ცუდს ერთმანეთს უპირისპირებს. სუზანა აღწერს როგორ გაუჭირდა ნორმალურ ცხოვრებასთან შეგუება დაბრუნების შემდეგ. ძველ მეგობრებთან კავშირი გაწყვიტა და თანდათან იმ ქალებს დაუახლოვდა, რომლებიც მასავით დეპორტირებულნი იყვნენ. სწავლის გაგრძელება სცადა, მისაღები გამოცდებიც ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ დეკანმა უარით გაისტუმრა “ციხის ვირთხებს არ ვასწავლითო. სუზანა კი სწორედ იმ მძიმე წლებში ჩამოყალიბდა, ძლიერ ადამიანად იქცა. “ვეღარც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ბანაკის გარეშე, “აღიარებს ის. “უფრო მეტიც: თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება, ამ გამოცდილებას თავს არ ავარიდებდი”. ელაც ამავე აზრზეა და ბედსაც კი “ემადლიერება” გულაგში გაგზავნისათვის: “ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება იმ გამოცდილების გარეშე, რომელმაც გამაძლიერა და მასწავლა, რა არის მნიშვნელოვანი სინამდვილეში”. ზაირა აცხადებს, რომ ციმბირში გატარებული პატიმრობის წლები “შთამაგონებელი” იყო.
მათ მხოლოდ ელენა არ ეთანხმება: “გულაგი დროის, ჯანმრთელობის, ენერგიის ფლანგვა იყო. ადამიანები იმისთვის არიან შექმნილნი, რომ ბედნიერება და სილამაზე ეძებონ, რაღაც ისეთი აკეთონ, რაც კმაყოფილებას მოუტანთ”. ამ ქალების მონათხრობში კი ძნელია კმაყოფილების განცდის პოვნა. ნატალია ფსიქიატრიულ საპყრობილეში იყო გამოკეტილი და ისეთ ფსიქოტროპულ წამლებს ასმევდნენ, რომლებიც ხანგრძლივი მიღებისას პარკინსონის დაავადებასა და მეხსიერების დაკარგვას იწვევს. ვალენტინა კარცერში გამოკეტეს, სადაც სიკვდილის პირას აღმოჩნდა. ელენასა და სხვა უბედურ პატიმრებს სიზიფესებურად ამუშავებდნენ: ერთ დღეს კედლის აშენებას უბრძნებდნენ ისეთი ქვებით, ძლივს რომ სწევდნენ, მეორე დღეს კი აშენებულ კედელს ანგრევინებდნენ. “ყველაზე საშინელი წამება ზეადამიანური შრომის უსარგებლობა იყო”, “გვიხსნის ის. ყოველი ქალი აღწერს უსასრულო, ყოვლისმომცველ სიცივეს, შიმშილს, გამოფიტულობის განცდას, შიშსა და სასოწარკვთას.
ზგუსტოვას წიგნი მართლაც მძიმე საკითხავია. თუმცა ის სისასტიკის უბრალო კატალოგი არ არის. თითოეული ისტორია ტანჯვისაა, მაგრამ ასევე გადარჩენისაცაა. გულის ამაჩუყებელია, რომ ქალები შვებას კულტურაში პოულობდნენ, აკრძალულ წიგნებსა და საკუთარ ლექსებს განიხილავდენ. “გვერჩია, ნაკლები გვძინებოდა და გვეცადა, გონებრივად განვვითარებულიყავით ლიტერატურის მეშვეობით”, “ამბობს ზაირა. ირინა, რომელიც ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგოს” მთავარი გმირის, ლარას პროტოტიპის ქალიშვილია, გვიყვება, როგორ შეუყვარდა ერთი პატიმარი და როგორ ურთიერთობდა მასთან “ლექსების დამალვით იმ კედლის აგურებში, ქალების ბანაკს კაცების ბანაკისაგან რომ ჰყოფდა. გალია კი “გულაგის შვილი “გვიმხელს, რომ ქალი პატიმრები ქაღალდის ნახევებს ერთმანეთზე აკერებდნენ და წიგნებს ასე უმზადებდნენ.
კიდევ ერთი რამ, რაც ამ ქალებს აძლებინებდა, მეგობრობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც კი ერთმანეთს კარგად გაიცნობდნენ და დამეგობრდებოდნენ, მაშინვე აშორებდნენ და სხვადასხვა ბანაკში ათავსებდნენ, მყარი, ხანგრძლივი მეგობრობის მრავალი შემთხვევა გაჩნდა. “მე იქ ნამდვილი მეგობრები მყავდა, “ამბობს ზაირა. “მას შემდეგ ვეღარავის ვენდობი”.
ქალების პოზიტიური მსოფლმხედველობა, უჩვეულო გამძლეობა და სიკეთის მაგალითები ასევე დიდი მნიშვნელობისა იყო იმ დამთრგუნველ გარემოში. სინათლე წიგნის მეორეხარისხოვანი გმირებისგანაც მოდის: ზაირას მფარველი ანგელოზის, ბანაკის ვეტერან ნიკოლაისაგან, რომელმაც პალტოს ნაცვლად ვიოლინო წამოიღო ციმბირში და სერგეი პროკოფიევის ცოლისაგან, ლინასაგანაც, დილის ექვსი საათიდან დაბინდებამდე კარტოფილს რომ ფცქვნიდა და დროს მაინც პოულობდა სუზანაზე ზრუნვისათვის.
ზოგჯერ ზგუსტოვა თითქოს სათანადოდ ვერ აფასებს მკითხველს. ელენა მას უზარმაზარ არქივს აჩვენებს, სადაც წიგნები, წერილები, დოკუმენტები, ფოტოსურათები და ნახატებია თავმოყრილი, და ჰპირდება, რომ ყველაფერს მოუყვება, რისი ცოდნაც სურს. “გულაგის ენციკლოპედია ვარ”, “ამბობს ის. მიუხედავად ამისა, თავი, რომელიც ყველაზე გრძელი უნდა ყოფლიყო წიგნში, ყველაზე მოკლეა.
საბოლოოდ, ზგუსტოვა მართლაც დიდ წარმატებას აღწევს. “თოვლში ცეკვისათვის გამოწყობილნი” მეტ სინათლეს ჰფენს საბჭოთა ისტორიის უბნელეს თავებს. ნობელის ლაურეატის, სვეტლანა ალექსიევიჩის ზეპირი ისტორიების მსგავსად, ზგუსტოვას ინტერვიუები გვიჩვენებს, როგორ უმკლავდებიან ადამიანები დამთრგუნველ ზეწოლას. მისი ქალები გაყინულ ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ იმედს არ კარგავდნენ, არ ტყდებოდნენ. ერთ დროს ჩახშობილი მათი ხმები კი ახლა ჩვენს ყურადღებას ითხოვს.
მალკოლმ ფორბსი
მალკოლმ ფორბსი ედინბურგში მცხოვრები კრიტიკოსია, რომელიც სხვადასხვა გამოცემისთვის წერს, მათ შორის «ეკონომისტისა» და “ფაინენშელ-თაიმსისთვის”.