article-img

ამოუხსნელი ელიოტი

მეთ ჰენსონი

ახალი კრებული “ტ. ს. ელიოტის რჩეული” მისი პოეტური გენიის ნიმუშებს წარმოგვიდგენს, თუმცაღა ვერ ითვალისწინებს თანამედროვე მკითხველს.

საუკეთესო მეგობრის, პოეტ ფილიპ ლარკინისადმი ჩვეულებისამებრ გაღიზიანებული ტონით მიწერილ წერილში კინგსლი ემისი აღიარებდა: “იცი ვის ვერ ვიტან? ტ. ს. ელიოტს. სწორედ მას”. ეს, შესაძლოა, ჩვეულებრივ ბუზღუნად მოჩანდეს, მაგრამ ამის უკან ესთეტიკა დგას. ემისისთვის, იუმორისტული რომანების ავტორისა და პოეტისთვის, ვინც მთელი ცხოვრება პრეტენზიულობასა და პომპეზურობას ამასხარავებდა, ელიოტი იმ ყველაფერ ცუდის განსახიერება იყო, რაც მოდერნისტული ლიტერატურის თავს ხდებოდა. მოდერნისტები მუშაობდნენ, რათა, ეზრა პაუნდის თქმით, “განახლება მომხდარიყო”, ისინი წარსულის პერსონაჟებსა და ნარატივებს თანამედროვე ყოფას უსადაგებდნენ და ამისთვის ხშირად მიმართავდნენ ბუდნოვან ციტატებსა და გაუგებარ სიმბოლიკას.
მართლაც, ელიოტის, ჯოისისა და პაუნდის მსგავსნი დიდად არ ზრუნავდნენ, რათა საშუალო მკითხველისთვის გასაგებები ყოფილიყვნენ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საჭიროა გზამკვლევი, რათა მათ მიერ შემოთავაზებული კომპლექსური ხედვის შეფასება შესაძლებელი გახდეს. გამომცემლობა Eცცო Pრესს-მა ცოტა ხნის წინ ელიოტის პოეზიის ახალი კრებული გამოსცა, სახელწოდებით “ტ. ს. ელიოტის რჩეული”, რომელშიც მისი ყველაზე პოპულარული ლექსების ნაწილია შესული, მაგრამ სამწუხარო შეცდომა დაუშვა, როცა ტექსტს არ დაურთო არცერთი შენიშვნა, რათა გაეიოლებინა ელიოტის ალუზიების, მინიშნებებისა და ციტატების უსასრულო ლაბირინთში სვლა.

გარკვეულწილად, ელიოტის მიზანმიმართული ბუნდოვანება იმის ნიმუშად გამოდგება, თუ რატომ აქვს პოეზიას ცუდი რეპუტაცია. პოეზიას ხშირად კიცხავენ (ხშირად ისინი, ვინც მას არ კითხულობს), როგორც აბსტრაქციას ან პრეტენზიულ მაღალფარდოვანებას, რომელსაც ზედმეტად განათლებული სნობები წერენ. ზოგჯერ ეს კრიტიკა სამართლიანია. თუმცაღა, რასაც, როგორც წესი, ჩამოწერენ ხოლმე ისაა, რისი შემოთავაზებაც მხოლოდ პოეზიას შეუძლია, ენის ორიგამის მსგავსი სიზუსტე და ის, თუ რამდენ სიბრძნესა და გამჭრიახობას შეიძლება იტევდეს ერთი სტრიქონი. პოეზიის კითხვა მუდამ დიდად მნიშვნელოვანი განაცხადის წვდომას არ ნიშნავს. ის უფრო რაღაც წმინდას გვთავაზობს, იმას, რაც ყოველდღიურ ფაციფუცში იკარგება, პოეზია ჰიპერაქტიურ სამყაროში მშვიდ სივრცეს ქმნის რეფლექსიისთვის. ხანდახან მეგზური გჭირდება, რომ ამ ნათელ სივრცეში შეგიძღვეს, განსაკუთრებით, ისეთი ყოვლისმომცველი პოეტის კითხვისას, როგორიც ელიოტია.

ტ. ს. ელიოტის რჩეული
შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო ვიჯეი შეშადრიმ

Ecco, 2020

ბედის ირონიით, ელიოტმა ორივეს მიაღწია, პოპულარობასაც და ბუნდოვანებასაც. ისეთი ლექსები, როგორებიცაა “ჯენტლმენ ალფრედ პრუფროკის სატრფიალო სიმღერა” ან “ფუტურო ხალხი” წლების მანძილზე ინარჩუნებდნენ პოპულარობას. არაერთგზის დადგმული მიუზიკლი “კატები” ელიოტის საბავშვო ლექსების კრებულს, “ბებერი ოპოსუმის პრაქტიკული კატების წიგნს”, ეყრდნობა. ელიოტის შემოქმედების გვარიან ნაწილს, მაგალითად, მის პიესებსა თუ ესეებს, ცოტა მკითხველი ჰყავს და ალბათ ასეც დარჩება. ამ გამოცემას ბევრი არაფერი უღონია, რათა ეს შეეცვალა, არც იმაზე უზრუნია, უკვე კარგად ნაცნობი ლექსები უკეთ გასაგები გაეხადა.
საუკეთესო ლექსებში ელიოტმა ცოტა დაწერა და ბევრი თქვა. ნერვიულ და სევდიან პრუფროკს კვლავდაკვლავ აღმოაჩენენ ხოლმე, რადგანაც იგი ერთგვარი ანტიგმირია. როცა ის რიტორიკულად კითხულობს, “გავბედავ კია მივირთვა ატამი?”, ან წუხს, “ჩემი ცხოვრება ყავის კოვზებით გავზომე”, ან დაწყებულ თმის ცვენაზე დარდობს და დაუფარავად აცხადებს, რომ პრინცი ჰამლეტივით მარჯვე გმირი ვერაა და არც გახდომა უწერია, ჩვენ მას თანავუგრძნობთ. გარკვეულწილად, ყველანი პრუფროკები ვართ. ჩვენს დროში ცხოვრებამ ბრწყინვალება დაკარგა და ძალიან ძნელია იმ ძველი მითებისა და ღმერთების ტოლი ფიგურების სერიოზულად აღქმა, რომლებიც ერთ დროს ორიენტირებს წარმოადგენდნენ. ელიოტმა ეს მითები ზედმიწევნით იცოდა და, თავისი უსაზღვრო განათლების წყალობით, ყოველთვის შეეძლო აერჩია ჩვენთან სალაპარაკოდ ის ანტიკური ხმები, რომლებიც სურდა.

ეს მიგვანიშნებს ამ გამოცემის უდიდეს პრობლემაზე, მასში არავის უზრუნია, მკითხველისთვის განემარტა ელიოტის ხშირი ციტირებები, ან ერჩია, როგორ მოქცეოდნენ მათ. მეტად პრეტენზიული იქნება იმის წარმოდგენა, რომ საშუალო მკითხველი შეძლებს ერთდროულად თარგმნოს გერმანული, ფრანგული, სანსკრიტზე ან ძველბერძნულად მოტანილი ციტატები, რომლებიც “უნაყოფო მიწაში” სხვადასხვა ადგილას გვხვდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთი გიგანტების ფარულ ციტირებებზე, როგორებიც დანტე და შექსპირია, რომლებიც 1920-იანი წლების პოპულარულ ლექსებშია გაბნეული. ყველა ამ განსხვავებული, ცოცხალი თუ აწ უკვე გარდაცვლილი ავტორის ხმის დირიჟორობით ელიოტი მდიდარ სიმფონიურ რეზონანსს ქმნის, რაც, ცხადია, დახმარების გარეშე შეუმჩნეველი დარჩება ცნობისმოყვარე მკითხველისთვის.

ერთი ფრანგულად დაწერილი ლექსი, სახელწოდებით Dans le Restaurant სულაც უთარგმნელია. გაუგებარია, რატომ ჩაითვალა მისი კრებულში განთავსება კარგ იდეად. ჩემი აზრით “ოთხი კვარტეტი” ელიოტის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა, რომელიც დროისა და მეხსიერების რთული, ურთიერთკავშირის მქონე ბუნების შესახებ დახვეწილ აზრებს შეიცავს: “რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და რაც იყო/ ერთი ბოლოსაკენ მიუთითებენ, რომელიც მუდამ აწმყოა./ ნაბიჯების ექო მახსოვრობაში გაისმის,/ იმ დერეფანში, რომელშიც არ გაგვივლია,/ იმ კარისაკენ მიმართული, რომელიც არასდროს შეგვიღია/ და რომელიც ვარდების ბაღში გადის./ ამგვარად, ჩემი სიტყვები ექოდ გაისმის შენს გონებაში”. ბეთჰოვენით შთაგონებული გრძნობისა და ხმის ერთმანეთში ჩაქსოვა ოსტატურადაა გაკეთებული. ეს გამოცემა ტექსტს, რატომღაც, შუა გზაზე წყვეტს.

ამის ნაცვლად კრებული გვთავაზობს 19 გვერდიან უაზრო და გიჟურ გალექსილ პიესას “სუინი აგონისტი”: “როცა საწოლში მარტო ხარ და/ ისე გეღვიძება, თითქოს ვინმემ თავში გითაქა,/ ღამის კოშმარი გესიზმრა/ და უუუ-ააა მოდის შენთან,/ უუუ…”. უკაცრავად, მაგრამ აზრი? ნაკლებად ცნობილ ლექსში “მარადისობის ჩურჩული” არის უცნაური და ცნობილი სიტყვები “პნევმატური ნეტარება”, რომლებიც შეძლებულ ქალზეა, მაგრამ ყოველთვის, როცა ელიოტი ცდილობს, ექსცენტრული იყოს, ის ძრწოლის მომგვრელია.

ვიჯეი შეშადრის შესავალი წერილი, გარკვეულწილად, სასარგებლოა, მაგრამ დიდ ყურადღებას უთმობს ელიოტის ლამის შემთხვევით შედარებას უიტმენთან, ვისაც თამამად ეწოდება მეორე დიდი ამერიკელი პოეტი, რომლის თემები და ფიქრები არანაირ კავშირში არაა ელიოტთან. შეშადრის მიერ ელიოტის ჰენრი ჯეიმზთან შედარება, მეორე ერუდიტ კოსმოპოლიტ ექსპატრიანტთან, რომელიც ამერიკაში გაიზარდა, მაგრამ თავს შინ ლონდონში უფრო გრძნობდა, რომელიც ასევე ბრიტანეთის მოქალაქე გახდა და რომლის ნაწერებიც ისეთივე სიმჭიდროვითა და დახვეწილობით გამოირჩევა, როგორიც ელიოტს ახასიათებდა, უფრო შესაფერისია.

რალფ ელისონმა ერთხელ აღნიშნა, რომ “უნაყოფო მიწა” დაეხმარა ეწერა, როცა სტუდენტი იყო და მუსიკას სწავლობდა ოკლაჰომაში, რადგანაც ტექსტმა ძლიერად იმოქმედა მასზე, მიუხედავად იმისა, რომ არსს ბოლომდე ვერ ჩაწვდა. საგულისხმო აზრია, მეტად პოეტური. ეს ინსტინქტური რეაქცია გეხმარება შეაფასო ნაწერის ხარისხი. სამწუხაროდ, რედაქტორის შენიშვნების გარეშე, ძნელი წარმოსადგენია, ელიოტის პოეზიამ ისეთივე გავლენა იქონიოს თანამედროვე მკითხველზე, ვისაც, გასაგები მიზეზების გამო, ნაკლებად ეყოფა მოთმინება სირთულისა და ბუნდოვანების ჩასაწვდომად. იმის გათვალისწინებით, რა იოლად სწევს განზე ზოგადი მკითხველი პოეზიას, განსაკუთრებით იმ სირთულეების გამო, რაც ელიოტის პოეზიას ახასიათებს, ნადვილად დიდი დანაკარგი იქნება, თუკი ამ მიზეზით მის ლექსებს გვერდზე გადადებენ.

 

 

მეთ ჰენსონი

მეთ ჰენსონი The Arts Fuse-ის მოწვეული რედაქტორია. მისი წერილები ქვეყნდება “ნიუ-იორკერში”, “გარდიანსა” და სხვა გამოცემებში.