პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ჩართოს ისინი მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების კვლევის და ინფორმირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.
აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის მხარდაჭერის ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოს მიერ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების გზაზე. პროექტის დასრულების შემდეგ არასამთავრობო სექტორს ექნება საჭირო კომპეტენცია და ცოდნა, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში.
პროექტის ფარგლებში, 2017-2019 წლებში ჩატარდება სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აქტივობები, რომლებშიც ჩართული იქნება სულ მცირე 30 არასამთავრობო ორგანიზაცია 5 რეგიონიდან (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი). რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩატარდება ტრენინგები და საკომუნიკაციო აქტივობები, მათი მონაწილეობით მომზადდება კვლევები მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების შესახებ, ასევე გაიმართება ბიზნეს-ფორუმები მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მცირე და საშუალ ბიზნესის მინიმუმ 2,000 წარმომადგენელს. საქართველოს მთავრობისთვის მომზადდება საჭიროებების კვლევები და სარეკომენდაციო დოკუმენტები.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“.