ბლოგი

უმაღლესი განათლების გამოწვევები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

უმაღლესი განათლების გამოწვევები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა თანმდევი კონფლიქტების და პოლიტიკური, თუ ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული შედეგების დაძლევა, სრულიად ახალი, სისტემური რეფორმების გატარებით სცადეს. რეფორმაციის ერთ-ერთი მთავარი „სამიზნე“ იყო  უმაღლესი განათლების სისტემა, რომლის  გარდაქმნაც  ახალი კანონების მიღებით, განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციითა და  საფეხურეობრივი სისტემის შექმნით დაიწყეს.  მიუხედავად არსებული ცვლილებებისა, თუ წარმატებული რეფორმებისა, კვლავ აქტუალურია უმაღლეს განათლებაში არსებული გამოწვევები, რაც ასახულია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში, ისე ადგილობრივ სტატისტიკებშიც.

აზერბაიჯანი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანში  უმაღლესი განათლების სისტემის რამდენიმე რეფორმა განხორციელდა. 1993 წელს პირველად ქვეყანაში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხური დაფუძნდა და სტუდენტების მიღება იმავე წელსვე 23-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეძლო (Ibadoghlu, 2021). ფუნდამენტური ცვლილებები შემდეგ ათწლეულებში მსოფლიო ბანკთან (World Bank) თანამშრომლობით დაიწყო. ქვეყანამ ახალი  სასწავლო პროგრამები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შექმნა, დაიწყო უცხოურ სტანდარტებთან პროგრამების შედარება და შესაბამისობაში მოყვანა, რაც 2005 წელს ბოლონიის პროცესთან შეერთებით დაგვირგვინდა (Ibadoghlu, 2021).

ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია დღემდე გრძელდება, თუმცა წარმატებების მიუხედავად,  ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ექსპერტები აქტიურად განიხილავენ აზერბაიჯანის უმაღლეს განათლებაში არსებულ პრობლემებს:

რაც მოიცავს  (ა) ცენტრალიზებული განათლების სისტემასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ გამოწვევებს; (ბ) დაბალ ანაზღაურებას განათლების სფეროში; (გ) კორუფციასა და გამჭვირვალობის არ არსებობას ; (დ) რეფორმების ნაკლებობას;

დღეს ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ საგანმანათლებლო მიმართულებებად STEM და IT მიმართულება მიიჩნევა.

აზერბაიჯანში  სულ 51 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, მათ შორის 36 სახელმწიფო უნივერსიტეტია, 15 კი – კერძო. უნივერსიტეტების უმრავლესობა ბაქოში მდებარეობს. 2017-2018 წლის მონაცემებით, 14.5 ათასი პროფესორ მასწავლებელია ჩაბმული ქვეყანაში უმაღლესი განათლების სფეროში, ამავე წლის მონაცემებით, უმაღლეს განათლებას ქვეყანაში 207 ათასი სტუდენტი იღებს (Market report Azerbaijan , 2022).

 

აზერბაიჯანში უმაღლესი განათლება სამ საფეხურად იყოფა. პირველი საფეხურია საბაკალავრო,  მეორე  – სამაგისტრო, ხოლო მესამე სადოქტორო სწავლება.

ასევე არსებობს 4 ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:  უნივერსიტეტი, ინსტიტუტი (უნივერსიტეტების სტრუქტურული გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერთა გადასამზადებელ პროგრამებს), აკადემია (სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები)  და კონსერვატორია.

უმაღლეს განათლებას ქვეყანაში  2020/2021 სასწავლო წლებში 5256 უცხოელი სტუდენტი იღებდა,  ამ სტუდენტებს შორის  საქართველოს (487) და რუსეთის (425) მოქალაქეები არიან. მათ შორის, ვინც სასწავლებლად აზერბაიჯანი აარჩია, ყველაზე მეტი  ირანიდან 1191 და თურქეთიდან 2270 სტუდენტი ფიქსირდება.  რაც შეეხება აზერბაიჯანიდან საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ სტუდენტებს. იუნესკოს მონაცემებით,  44,210 აზერბაიჯანელი სტუდენტი იღებს განათლებას, ყველაზე მეტი  თურქეთში, რუსეთსა და უკრაინაში სწავლობს (Stat.gov.az, 2022)).

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური პარტიების, ან პოლიტიკური მოძრაობების  დაარსება და მოღვაწეობა იკრძალება, ადგილობრივი ექსპერტების აზრით, განათლების სისტემა და სახელმწიფო უნივერსიტეტები მკვეთრად პოლიტიზირებული არიან. რასაც ხელს უწყობს ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის, პირადი, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლების ხარისხის გაუარესება, ეს ყოველივე კი მეტწილად აზერბაიჯანის აკადემიურ თავისუფლებაზე აისახება (Ibadoghlu, 2021).

მსოფლიო თავისუფლების 2017 წლის ანგარიშში ხაზგასმით წერია, რომ მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პირობებში აზერბაიჯანში, როგორც პროფესორები, ისე სტუდენტები, პოლიტიკური ნიშნით ისჯებიან და იდევნებიან. ამ ფაქტს ადასტურებენ ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) არაერთ ანგარიშში. ორგანიზაციის მდივანმა ლორეტა ჯონსონმა (Loretta Johnson) ალიევს 1,6 მილიარდი წევრის სახელით წერილიც კი მიწერა, რომელშიც ის შეშფოთებას გამოთქვამდა აზერბაიჯანში აკადემიური თავისუფლების ხარისხის შესახებ (Ibadoghlu, 2021).

 

OECD-ის 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ კორუფცია ქვეყანაში აკადემიურ სფეროში სისტემურია. კორუფცია უკავშირდება როგორც სტუდენტების მიღებას, ისე პროფესორ მასწავლებელებისა თუ სხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებში ნეპოტიზმით პირების შერჩევას. რის მიზეზადაც, მაგალითად, სახელდება პროფესორ მასწავლებლების დაბალი ხელფასი. საშუალოდ აზერბაიჯანში მასწავლებლების ყოველთვიური ხელფასი 307 აზერბაიჯანული მანათია, რაც 108 დოლარს წარმოადგენს. გარდა სხვა ყოფითი ხარჯებისა, მასწავლებლები ვალდებულები არიან, დამატებითი საკლასო რესურსები თავად უზრუნველყონ (OECD, 2016).

აზერბაიჯანში პოსტ პანდემიურ პერიოდში რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდა. საგანმანათლებლო სივრცეში პანდემიის ნეგატიური ეფექტების შესამცირებლად, ქვეყნის განათლების სამინისტრომ რამდენიმე საზაფხულო სასწავლო პროგრამა განახორციელა,  რითიც  ხელს უწყობდა და აორგანიზებდა სწავლას სკოლის მოსწავლეებისთვისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ონლაინ გაკვეთილებსა და ლექციებს ხარვეზით ესწრებოდნენ, ან საერთოდ ვერ ესწრებოდნენ. საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა, სურვილისამებრ, ასევე შეეძლოთ სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებსაც..

 

სომხეთი

 

სომხეთში 44 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არსებობს, მათგან 23  სახელმწიფო უნივერსიტეტია, 21 კი – კერძო. ქვეყანაში უმაღლეს განათლებას,  2021 წლის მონაცემებით, 170 ათასი სტუდენტი იღებს, სტუდენტების უმრავლესობა დედაქალაქში – ერევანში სწავლობს (EducationFair, 2022).

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და საგარეო, თუ შიდა პოლიტიკურმა პრობლემებმა, აკადემიური კონტიგენტის მიგრაციამ, დაბალმა ხელფასებმა, განათლების სისტემის ხარისხი მკვეთრად დააგდო. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მიღებული განათლება შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. მაგალითად, ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია IT ბიზნესი, რომელიც STEM სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის (ARMENIA 2041 Foundation, 2021).

2019 წლის მონაცემებით,  ქალაქებში მცხოვრები უმუშევარი მოქალაქეების 17%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.  სოფლად მცხოვრები უმაღლესი განათლების მქონე უმუშევარი მოქალაქეების რიცხვი 16%-ია (Armstat, 2019).

ქვეყანაში განათლების მიმართულებით  რეფორმები, პირველ რიგში, ახალი კანონმდებლობის შექმნით დაიწყო. არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ხელისუფლებამ სახელმწიფო უნივერსიტეტებს დაფინანსება შეუმცირა, 90-იან და 2000-იან წლებში   ბევრი ახალი კერძო უნივერსიტეტი გაჩნდა (Atoyan Koryun & Babajanyan, Anna & Atoyan, Vardan).

ძალიან მალე კი, ისევე, როგორც აზერბაიჯანი და საქართველო, სომხეთიც  ბოლონიის პროცესს შეუერთდა (2005 წელი). ოფიციალური მონაცემებით, დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე სომხეთში მნიშვნელოვანი საგანამათლებლო რეფორმები არ განხორციელებულა. უკანასკნელად 2011 წელს განახლდა სასწავლო პროგრამები, 2019 წლის მონაცემებით კი  სომხეთის ხელისუფლება განათლების სისტემაში მშპ-ს მხოლოდ  2,7%-ს გამოყოფს (USAID, 2019), რის პასუხადაც, საერთაშორისო ექსპერტები წერენ, რომ ამ მიმართულებით ჩადებული ფინანსური ინვესტიციები და  პროგრამების მუდმივი განახლება და ცვლილება, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სისტემის წინაპირობაა (Sritharan, Aranya). ამ შეფასებას თავად, სომეხი სტუდენტებიც ეთანხმებიან.

მაგალითად, სომხეთში ჩატარებული სტუდენტების კვლევის მიხედვით (2016 წელი), გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი სომხეთში „საშუალო ხარისხისაა“, მათი 66% ფიქრობს, რომ მიღებულ განათლებას არ აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა და არ პასუხობს დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. მაგალითად, უმაღლეს განათლება მიღებული ახალგაზრდების მხოლოდ 12%-ს აქვს STEM-ის მიმართულებით კვალიფიკაცია, ეს კი –  განათლებისა და პედაგოკის  (9%) შემდეგ  ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სომხეთში (ARMENIA 2041 Foundation, 2021);

ქვეყანაში არსებული 50-ზე მეტი უნივერსიტეტიდან საუკეთესო ათასში სომხეთის არც ერთი  უნივერსიტეტი არ არის.  ოფიციალური მონაცემებით, 2009-2018 წლამდე უმაღლეს განათლების სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი 31%-მდე დაეცა და 16 კერძო უნივერსიტეტი დაიხურა (World Bank, 2019)

უცხოეთში განათლების მიღების მსურველი სომეხი სტუდენტების რიცხვი კი  6500 აღწევს, მათი უმრავლესობა რუსეთში სწავლობს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში სომეხი სტუდენტების რიცხვი ევროპაშიც იზრდება (EducationFair, 2022).

სწავლების მსურველი პროფესორ – მასწავლებლების და სკოლის მასწავლბლების რიცხვიც ნაკლებია, ვინაიდან სწავლება სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამსახურია. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა საჯარო სკოლებში, რომელიც ზოგად სურათს ქმნის ქვეყანაში კონკრეტული დისციპლინების მიხედვით კადრების საჭიროების შესახებ. 2018 წელს 457 საჯარო სკოლას ჰქონდა 1245 ვაკანსია გამოცხადებული, მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროება იდგა მათემატიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით (ARMENIA 2041 Foundation, 2021).

 

საქართველო

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო სისტემამ რამდენიმე ტიპის ტრანსფორმაცია განიცადა. პირველ რიგში, დაიწყო კანონმდებლობის ცვლილება და საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაცია; შემუშავდა უმაღლესი განათლების სამსაფეხუროვანი სისტემა; შეიქმნა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2017). უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება  საქართველოში ღრმად ფესვგამდგარ სოციალური ნორმად მიიჩნევა, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარების მიზეზი შეიძლება გახდეს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაც.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021/2022 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 159 ათასზე მეტი სტუდენტი ირიცხება. მათ შორის, 101 ათასზე მეტი – სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ხოლო დანარჩენი – კერძო უნივერსიტეტებში. გასულ წლებთან შედარებით, უმაღლესი განათლების მსურველი საქართველო მოქალაქეების რიცხვი სტაბილურად იზრდება (Geo Stat, 2022). ასევე გაზრდილია კერძო უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთა რაოდენობაც.  ქვეყანში, 2020-2021 წლის მონაცემებით, 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მათგან 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 კერძო. სტატისტიკა ასახავს, რომ ყოველ ახალ სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტთა გაზრდილი რაოდენობა კერძო უნივერსიტეტებზე მოდის, მაგალითად,  თუ 2020/21 სასწავლო წლებში 45,7 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 3,4 ათასით იყო გაზრდილი, მათი დიდი ნაწილი სწორედ კერძო უნივერსიტეტებში გადანაწილდა.

საინტერესოა ის, თუ რამდენი სტუდენტი ამთავრებს სწავლას და რას საქმიანობს განათლების მიღების შემდეგ? უნივერსიტეტში ჩამბარებელი სტუდენტების 65% 4 წელიწადში ასრულებს სწავლას. სწავლის გადასახადთან და სხვა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებული მიზეზით კი ათასობით სტუდენტი სტატუსს იჩერებს (Galt&Taggart, 2020). ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 23,5 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა, რაც წინა წელთან შედარებით 5,1%-ით ნაკლებია. 2020 წლის მონაცემებით, კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი – 23% არის ჯანდაცვის სფეროდან, 14%- ინჟინერიისა და წარმოების მიმართულებიდან. საინტერესოა ასევე კურსდამთავრებულთა რეგიონული განაწილებაც, მაგალითად, მათი 33,8% არის თბილისიდან,  22,9% აჭარიდან და 11%-11% კახეთიდან და იმერეთიდან (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021).

OECD- საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მიმოხილვისას წერს, რომ უმუშევრობის მაჩვენებელს ქვეყანაში დრამატულს ის გარემოებაც ქმნის, რომ დასაქმების ბაზარზე ადგილი არაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი განათლება და ეძებენ სამსახურს საკუთარი პროფესიით (OECD, 2019).

სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაიგზავნა 350-ზე მეტი სტუდენტი,  ხოლო კერძო უნივერსიტეტებიდან 140-ზე მეტი. რაც შეეხება, საქართველოში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, 2020/21 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 5 ათასზე მეტი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 12 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რაც საერთო ჯამში 10%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021).

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირთან, მაგალითად, პროექტის ერაზმუს + ის ფარგლებში, 2021 წელს 1700-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში განხორციელდა, იყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო, რომელიც აშშ-ს მთავრობის სააგენტოს – „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დაფინანსებით, სტუდენტებს სთავაზობს მიიღონ ამერიკული ხარისხის განათლება თბილისში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისოდ აკრედიტირებული ბაკალავრის ხარისხი მიიღონ  ტექნოლოგიის, ინჟინერიის და STEM-ის დარგებში.

ქვეყანაში 9,8 ათასი პროფესორ-მასწავლებელი არის ჩართული უმაღლესი განათლების გადაცემაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიან სტრატეგიაში (2017-2021) წერია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლების საშუალო ასაკი მიუთითებს, რომ საჭიროა ამ მიმართულებით ახალი კადრების გადამზადება და მობილიზება (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2017).

 

 

 

განმარტებები:

  • OECD – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (Organization for Economic Co-operation and Development);
  • STEM – საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა (Science, Technology, Engineering and Math);
  • IT – საინფორმაციო ტექნოლოგია (პროგრამული უზრუნველყოფა, ვებ პროგრამირება, კომპიუტერული ინჟინერია და ა.შ.) (Information Technology);
  • USAID – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (United States Agency for International Development);

 

ავტორი: ნათია კეკენაძე

 

ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ- აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.

 


ბიბლიოგრაფია

United Nations. (2022). Retrieved from https://www.worldometers.info/world-population/azerbaijan-population/

EducationFair. (2022). Retrieved from https://www.educationfair.nl/events/education-fairs-armenia/

ARMENIA 2041 Foundation. (2021, May). Armenia – 2021-2041.

Armstat. (2019). Retrieved from https://armenia2041.org/wp-content/uploads/2022/04/Armenia-2021%E2%80%932041.Research-Education-2021_ENG.pdf

USAID. (2019). Retrieved from https://armenia2041.org/wp-content/uploads/2022/04/Armenia-2021%E2%80%932041.Research-Education-2021_ENG.pdf

World Bank. (2019). https://futurearmenian.com/wp-content/uploads/2021/08/Tertiary-Education-in-Armenia.pdf. Retrieved from TERTIARY EDUCATION SABER Country Report.

Atoyan Koryun & Babajanyan, Anna & Atoyan, Vardan. (n.d.). The Modern Challenges of Higher Education Institutions in Armenia. Asian Journal of Education and Social Studies. . 2021.

Sritharan, Aranya. (n.d.). Factbook Education Systems: Armenia. 2021: https://www.research-collection.ethz.ch/handle/20.500.11850/489046.

Ibadoghlu, G. (2021). Higher Education System of Azerbaijan: Country Report. https://www.researchgate.net/publication/349304711_Higher_Education_System_of_Azerbaijan_Country_Report.

Study in Azerbaijan: Education in Azerbaijan . (2021, May 31). Retrieved from https://www.educations.com/study-guides/asia/study-in-azerbaijan/education-system-19007

Market report Azerbaijan . (2022). Retrieved from https://www.educationfair.nl/market-reports/asia/azerbaijan/

Stat.gov.az. (2022). Retrieved from https://www.stat.gov.az/source/education/?lang=en

OECD. (2016). Anti-corruption reforms in Azerbaijan 4 th round of monitoring of the Istanbul Anti-CorruptionAction Plan. Retrieved from https://www.oecd.org/corruption/anti-bribery/OECD-ACN-Azerbaijan-Round-4-Monitoring-Report-ENG.pdf

UNESCO. (2021). Retrieved from https://uis.unesco.org/en/country/ge?theme=education-and-literacy

Geo Stat. (2022). Retrieved from https://www.geostat.ge/en/modules/categories/61/higher-education

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2021). უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები. Retrieved from Geostat

OECD. (2019). https://www.oecd-ilibrary.org/sites/bbc437ae-en/index.html?itemId=/content/component/bbc437ae-en. Retrieved from https://www.oecd-ilibrary.org/sites/bbc437ae-en/index.html?itemId=/content/component/bbc437ae-en

Galt&Taggart. (2020). Retrieved from GEORGIA’S EDUCATION SECTOR: https://api.galtandtaggart.com/sites/default/files/2021-05/25610.pdf

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. (2017). Retrieved from Unified Strategy for Education and Science for 2017-2021: https://planipolis.iiep.unesco.org/sites/default/files/ressources/georgia_unified_strategy_of_education_and_science_2017-2021_0.pdf