ბლოგი

უწყვეტი ტრადიციით ევროპისკენ – ილია ჭავჭავაძე

უწყვეტი ტრადიციით ევროპისკენ – ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე  აქვეყნებს წერილების ციკლს „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა“

 

ილია და თავისუფალი ვაჭრობა ევროპაში 1887 წელი − 

ილია ჭავჭავაძემ 1887 წლის ივნისში გამოაქვეყნა წერილების ციკლი „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა“. მან მეცხრამეტე საუკუნეში გამოიცნო ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპები, რომ ევროპის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა და  ბარიერების მოშლა კონფლიქტის პრევენციისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მთავარი საფუძველია, ხოლო საბაჟოებისა და ბარიერების დაწესება − დაპირისპირების წყარო.

ის წერდა:

„დიპლომატიამ იგრძნო, რომ დაზიანება სხვა სახელმწიფოსი მარტო იმით არ მოხდება, რომ სხვაგან ბევრს ადგილას ბინა და ფეხი მოიკიდოს სააღებ-მიცემოდ; შესაძლოა მოცილე და სამტროდ თავგამოდებული სახელმწიფო სხვა გზითაც შეჰხუთოს. ეს გზა ის არის, რომ მისი საქონელი თავის საზღვრებში არ შემოუშოს, არ გააჭაჭანოს, ამისათვის ტამოჟნები და საბაჟოები დაჰმართონ და ამით ბაზარი აღებ-მიცემობისა ცოტად თუ ბევრად მოაკლონ და დაუკეტონ… საქმის მსვლელობამ დროთა განმავლობაში აჩვენა სახელმწიფოს მმართველთა, რომ ეს სატამოჟნო ბაჟი არამც თუ საფინანსო, არამედ საპოლიტიკო და საეკონომიო აზრითაც შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს. მიაგნო, რომ შესაძლოა ამით უმტრონ კიდევ სხვა სახელმწიფოსა, რომელსაც საქონელი შემოაქვს.

ფრიტრედერობა წარმომდგარია ინგლისურის სიტყვისაგან free trade და სიტყვა-სიტყვით რომ ითარგმნოს, ჰნიშნავს: აღებ-მიცემობის თავისუფალებას. მოძღვრება მეცნიერობისა, რომელიც ჰქადაგებს აღებ-მიცემობის თავისუფალებასა, იმაში მდგომარეობს, რომ სააღებ-მისაცემო საქონელი, შინაური თუ გარედამ შემოსული, ყოველის ბაჟისა და გადასახადისაგან დახსნილი იყოს და არა რომელისამე კანონმდებლობისაგან შეხუთული არ უნდა იქმნას. ეს მოძღვრება იმაზეა დაფუძნებული, რომ თავისუფალად მოარული საქონელი, არ-შეხუთული არც ბაჟისა და არც რაიმე ფორმალობისაგან, ყველასათვის ადვილად მოსაპოვებელია და მისაწვდენი, — ჯერ იმის გამო, რომ გახშირებულია და მერე იეფია, რადგანაც ბაჟისა და ან რაიმე შევიწროებისაგან განგებ ფასაწეული არ არის. სახელმწიფო, რომლის მიზეზი და საბუთი არსებობისა სხვა არა არის რა, თუ არ მკვიდრთა კეთილდღეობისათვის მზრუნველობა, უნდა იმასა ჰცდილობდესო, ამბობენ ფრიტრედერობის მომხრენი, რომ ცხოვრებისათვის საჭირო საქონელი ადვილად და იეფად მოსაპოებელი იყოს ყოველის მკვიდრისათვისო, რადგანაც მკვიდრი კაცი მით უფრო ეკონომიურად ბედნიერია, რამოდენადაც უფრო სავსედ, უფრო მთლად ჰშოულობს სარჩო-საბადებელსა და რამოდენადაც უფრო ბევრს საჭიროებას ცხოვრებისას იკმაყოფილებს ადვილად და გაუჭირებლადო.

ამ მოძღვრებამ ფეხი აიდგა ევროპაში ადამ სმიტის მეცადინეობითა. ეგ ადამ სმიტი მამამთავრად ითვლება საპოლიტიკო ეკონომიის მეცნიერებისა. რა თქმა უნდა, პირველ ხანებში ეს მოძღვრება თმას ყალხზედ აუყენებდა კაცობრიობას და კაცობრიობის სვე-ბედის გამგებელთა, რომელთაც ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვევარს ლხინსა. მით ამ ადამ სმიტის მოძღვრებას ბევრი არა დააკლდა-რა და თანდათან უფრო ძლიერ ფეხს იკიდებდა. თავისუფალ აღებ-მიცემობის მოძღვრებამ იმოდენად იმუშავა და იმოდენა თანაგრძნობა მოიპოვა, რომ როცა ინგლისში მთავარმინისტრად გახდა სერ რობერტ პილი 1841 წელსა, და მასთან ერთად მინისტრებად იყვნენ ველინგტონი და აბერდინი, მაშინ მაგ სამეცნიერო თეორიამ თვითონ ცხოვრებაშიც გზა გაიკაფა…”