1894 წელი − ნიკო ნიკოლაძეს ირჩევენ ფოთის ქალაქის თავად, საიდანაც იწყება მისი ევროპული ეკონომიკური ხედვების პრაქტიკაში რეალიზების გრძელი და საინტერესო გზა
ნიკო ნიკოლაძე და მისი იდეები საქართველოს ტრანსფორმაციის, მოდერნიზაციისა და ევროპასთან დაახლოების სამსახურში
დასავლეთ საქართველოში სტრატეგიული ნედლეულის წარმოებისა და ექსპორტის სისტემა; ჭიათურის მანგანუმისა და ტყიბულის ქვანახშირის წარმოება; თბილისიდან ფოთამდე სამხრეთ კავკასიაში პირველი სარკინიგზო ხაზის, შემდეგ კი თბილისიდან თელავამდე რკინიგზის მშენებლობა; რკინიგზით გადატანილი ნედლეულის ექსპორტი ევროპაში ფოთის პორტიდან; დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მსხვილი ევროპელი ინვესტორები ევროპიდან… ეს და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი წამოწყება საქართველოში ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება.
1864 წელს ციურიხის უნივერსიტეტში მან დაიცვა დისერტაცია თემაზე „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“, შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდა და ქვეყნის ევროპულ ეკონომიკურ და სოციალურ მოდერნიზაციაში, ევროპასთან საქართველოს ეკონომიკური კავშირების დამყარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
ნიკო ნიკოლაძე 1894 წელს აირჩიეს ფოთის ქალაქის თავად (მერად). ეს თანამდებობა მას 20 წლის მანძილზე ეკავა. ფოთში მუშაობისას, მან დააშრო ჭაობები, პარიზის მოდელზე გადააკეთა ქალაქის არქიტექტურული დაგეგმარება; ააშენა პორტი, საკათედრო ტაძარი, ელექტროსადგური და ქალაქის დასასვენებელი პარკი; დააფუძნა მუზეუმი, გახსნა პირველი კინოთეატრი, განახორციელა ქალაქის ელექტრიფიკაცია, გაიყვანა სატელეფონო ხაზები, წყალსადენი და მრავალი სხვა.
ის წერდა, რომ გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში საქართველოს ეკონომიკური კონკურენცია უხდებოდა მთელ მსოფლიოსთან; ამიტომ, თუ ქართველი ხალხი გუთანზე დაფუძნებული პრიმიტიული აგრარული მეურნეობით შეხვდებოდა ამ რეალობას, მას მოუწევდა „მშვილდ-ისრებით ბრძოლა კრუპის ზარბაზნების წინააღმდეგ“.
ამიტომ მოდერნიზაცია სოფლის მეურნეობაშიც სცადა − მშობლიურ სოფელ დიდ ჯიხაიშში მოაწყო ექსპერიმენტული მეურნეობები: ევროპიდან შემოიყვანა კვერცხის ხშირად მდებელი ქათმის ჯიშები, მაღალწველადი ძროხები და უხვმოსავლიან მცენარეთა ჯიშები. ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ევროპიდან შემოიტანა მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, კარაქის მდღვები დანადგარი, ველოსიპედი და მრავალი სხვა.
1918 წლის 26 მაისს, ნიკოლაძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს გაჰყვა გერმანიაში, ეკონომიკურ საკითხებში მთავარი მომლაპარაკებლის რანგში. მან შეთანხმებას მიაღწია მის მიერვე აწყობილ ეკონომიკურ ჰაბში შემოეყვანა ისეთი ცნობილი გერმანული კორპორაციები, როგორებიც იყვნენ კრუპი (Krupp), გელზერკირხენის სამთო სააქციო საზოგადოება და სხვები. ნიკოლაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ რიხარდ ფონ კიულმანს (Richard Von Kulhmann) ესაუბრებოდა პეკინი-ფოთი-ბერლინის სატრანზიტო გზის აწყობაზე: პეკინიდან წამოსული აზიური საქონელი ფოთს დაუკავშირდებოდა რკინიგზით, ხოლო ფოთის პორტიდან მოხდებოდა მისი ევროპაში განაწილება. ეს იყო ისტორიაში პირველი დაფიქსირება იმ იდეისა, რასაც დღეს თითქმის რეალობად ქცეულ „შუა დერეფანს“ უწოდებენ. საქართველოს რუსულმა ოკუპაციამ ეს გეგმები ჩაშალა.