ბოლო ცხრა თვის მანძილზე უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და 77 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლებამ, მნიშვნელოვანად და სავარაუდოდ სამუდამოდ შეცვალა ევროპაში აქამდე არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყანა ევროპის მედეგობის არსებული მოდელი. ევროპა სრულიად დაუცველი და რაც მთავარია, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ტერიტორიის თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის, რუსეთის სამხედრო თავდასხმის პირისპირ და როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპაში უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტორად ისევ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რჩება.
განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ევროპის ენერგო-უსაფრთხოება, რომელიც აქამდე მნიშვნელოვანწილად (40 პროცენტი) რუსეთზე იყო დამოკიდებული და ომი რომ არა, ეს დამოკიდებულება უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდებოდა.
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ევროპაში თანმიმდევრულად იზრდება ფასი ენერგომატარებლებზე და რუსეთის მიერ უკრაინული ხორბლით დატვირთული გემების შავ ზღვაში ბლოკირება უკვე მსოფლიოში საკვებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად განიხილება. დიდი ალბათობით, დამდეგი ზამთარი არამარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც ერთ-ერთი უმძიმესი იქნება. ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ სერიოზული გამოცდის ჩაბარება და ომით გამოწვეული უპრეცედენტო ერთობის შენარჩუნების პარალელურად, ყოფით (საყოფაცხოვრებო) სირთულეებთან გამკლავება.
ევროკავშირის პასუხი რუსეთის აგრესიაზე თავიდანვე საკმაოდ პირდაპირი და არაორაზროვანი იყო. უკვე დაწესებული უმძიმესი სანქციების პარალელურად, უახლოეს მომავალში განიხილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დამტკიცება, რომელიც უშუალოდ რუსეთის ენერგომატარებლების საფასურზე ზედა ზღვარის დაწესებას მოიაზრებს და კიდევ უფრო შეამცირებს ევროპული ქვეყნების დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.
აღნიშნული მოვლენების პარალელურად ევროკავშირი სულ უფრო აქტიურად ეძებს რუსული გაზის ალტერნატიულ წყაროებს და უწყვეტ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ პოტენციურ პარტნიორებთან, როგორ ევროპაში, ასევე კონტინენტის მიღმა, რომლებსაც აღნიშნული ალტერნატივის სწრაფად უზრუნველყოფა შეუძლიათ. ერთ-ერთ ასეთ პარტნიორად ევროკავშირი აზერბაიჯანს განიხილავს, რომელთანაც უკვე ხანგრძლივად ჩამოყალიბებული ურთიერთობები აკავშირებს და რიგ მნიშვნელოვან საკითხზე არსებული სირთულის მიუხედავად, ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობები, თავად ევროკავშირის მაღალჩინოსანთა აზრითაც კი, სამაგალითოა.
სწორედ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების მოცულობის გაზრდას ემსახურებოდა მიზნად მიმდინარე წლის 18 ივლისს ევროპის კავშირის კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ბაქოში და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილხამ ალიევთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. ამ შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანმა ვალდებულება აიღო 2027 წლამდე ამჟამინდელი 8-იდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდოს კასპიის ზღვის ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპისთვის, რაც საერთო მოხმარების 12 პროცენტი იქნება.
მართალია, ევროპა პარალელურად სხვა ქვეყნებთანაც აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მოლაპარაკებებს ბუნებრივი აირის შესყიდვაზე, როგორებიცაა ამერიკის შეერთებულ შტატები, ნორვეგია, ისრაელი, კატარი, სენეგალი, ალჟირი, ანგოლა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა, მაგრამ, ცხადია, აზერბაიჯანთან დაწყებული მოლაპარაკებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროპისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონის მზარდი მნიშვნელობის უფრო ნათლად წარმოსადგენად.
აზერბაიჯანის მიმართ ევროკავშირის ყურადღების ზრდა ასევე ბოლო პერიოდში რეგიონში შეცვლილ ძალთა ბალანსს და ახალ გეო-პოლიტიკურ რეალობას უკავშირდება. 2020 წელს ე. წ. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა არა მხოლოდ დაიბრუნა 90-იანი წლების დასაწყისში დაკარგული ტერიტორიები და უშუალოდ მთიანი ყარაბაღის დაახლოებით ერთ მესამედზეც აღადგინა კონტროლი, არამედ, თურქეთის მხარდაჭერით, რეგიონში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა და ისეთი ახალი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების ინიცირებას ახდენს, რომლებშიც, თეორიულად, რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის სომხეთსაც, მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. აღნიშნული მნიშვნელოვნად ცვლის რეგიონისადმი ევროკავშირის დამოკიდებულებასაც, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული მხოლოდ მინიმალურად იყო ჩართული მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირებაში და ამ საკითხისადმი განსაკუთრებული ენთუზიაზმითაც არ გამოირჩეოდა. 2020 წელს აზერბაიჯანის მოულოდნელად სწრაფი სამხედრო გამარჯვებისა და არსებული რეალობის კარდინალური ცვლილების შემდეგ, ევროკავშირი იძულებული გახდა, უფრო მეტი ყურადღება (და რესურსი) დაეთმო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისადმი და უფრო მეტი ინტერესი გამოეჩინა რეგიონში სწრაფად ცვალებადი პროცესებისადმი.
2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესია და მისი გარდაუვალი დამარცხების განცდა კიდევ უფრო აღრმავებს სამხრეთ კავკასიაში წარმოქმნილი რუსეთის გავლენის ვაკუუმს, რომლის შევსებასაც აქტიურად შეეცდება თურქეთი, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების გაცემითაც. ეს კარგად ესმით ევროპაშიც, სადაც ენერგო-კრიზისი დღითიდღე მძაფრდება და ალტერნატიული ენერგო მარშრუტების არსებობა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.
ამასთანავე, სამხრეთ კავკასიაში კომპრომისული, ყველასთვის მისაღები, შედეგის მიღწევის შემთხვევაში, ევროკავშირისთვის შესაძლებელი იქნება რეგიონთან თანამშრომლობის ახალი ფურცლიდან დაწყება, რაც რუსეთის გავლენის შესუსტების, სინამდვილეში კი მისი მარცხის მორიგ, მნიშვნელოვან მტკიცებულებად უნდა განვიხილოთ.
საინტერსო კითხვად რჩება, თუ რამდენად არის დაინტერესებული თავად აზერბაიჯანი, ენერგეტიკული და ეკონომიკური პროექტების მიღმა, ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით? ადამიანის უფლებების დაცვისა და პრესის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით დიდი ხნის მანძილზე არსებული კითხვის ნიშნებისა და ამავე დროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შედეგად აზერბაიჯანის პრეზიდენტის მკვეთრად გაზრდილი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ევროპაში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენს და მომავალში მასთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის განსაზღვრა იქნება აუცილებელი.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებული ე. წ. ასოცირებული ტრიოსთვის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) გახსნილი ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც უკრაინა და მოლდოვასათვის ევროკავშირის კანდიდატობის, ხოლო საქართველოსთვის, სამწუხაროდ, მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შეთავაზებას გულისხმობს, ცხადია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა იგივე ფორმატით არსებობას ვეღარ გააგრძელებს და ჯგუფის შიგნით აქამდე არსებული განსხვავებები მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.
სამხრეთ კავკასიისადმი ევროკავშირის გაზრდილი ყურადღება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს, რომელიც, სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლებად მომზადებელი და დასავლეთთან გაუცხოებული ხვდება ევროპაში დაწყებულ ცვლილებებს. აზერბაიჯანის ენერგორესურსების ევროპისთვის მიწოდების ერთდერთი მარშრუტი ჯერ ისევ საქართველოზე გადის და ევროკავშირის ნებისმიერ ახალი ინიციატივა აზერბაიჯანთან მიმართებით ავტომატურად გულისხმობს საქართველოსაც.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყველაზე უფრო გამოკვეთილად პრო-დასავლურ ქვეყანას წარმოადგენდა. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან მაქსიმალურად დაახლოება და საბოლოოდ ორივე ორგანიზაციაში გაწევრიანება, არა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების, ან მმართველი პოლიტიკური გუნდის ამოცანას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ერთადერთ არჩევანსა და მის გულწრფელ სურვილს ასახავდა, რაც 30 წლის შემდეგაც ისევე უცვლელია. აღნიშნული თვალსაზრისით, „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებშიც საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა, ვინაიდან, 2022 წლის 24 თებერვალამდე (რუსეთის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე), არც უკრაინასა და არც მოლდოვაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (ევროკავშირის შემთხვევაში 83-85% და NATO-ს შემთხვევაში 73-76%) არასდროს მხარს არ უჭერდა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას.
საქართველო არა მხოლოდ ღიად აფიქსირებდა საკუთარ მხარდაჭერას პრო-დასავლური ფასეულობებისა და ღირებულებებისადმი, არამედ ყოველთვის იყო იმ ახალი რეგიონული ფორმატების ინიციატორი და თანამონაწილე, რომლებსაც ევროპის ენერგო დივერსიფიკაციას უწყობდა ხელს და შესაბამისად წვლილი შეჰქონდა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების, მის მედეგობის ამაღლებაში. შემთხვევითი არ არის, რომ კასპიის ზღვიდან ევროპის მიმართულებით ყველა უმნიშვნელოვანეს გაზისა და ნავთობსადენს საქართველო მასპინძლობს (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი; ბაქო-სუფსა და სხვა).
საქართველო ყოველთვის მზად იყო, გამხდარიყო დასავლეთის ძირითადი დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში, რათა საბოლოოდ თავი დაეღწია ე. წ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის სტატუსისთვის და ნებისმიერ ფასად დამკვიდრებულიყო დასავლური ცივილიზაციის გვერდით, ევროპულ ოჯახში.
სამწუხაროდ, ბოლო რამდენი წლის მანძილზე, საქართველომ თანმიმდევრულად დაკარგა მოწინავე ქვეყნის, „ჯგუფში საუკეთესო მოსწავლის“ სტატუსი და 2012 წელს ხელისუფლებში მოსული ოლიგარქის მიერ არჩეული ე. წ. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგად, იმავე ოლიგარქის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
აღნიშნულის შედეგად ევროპა საქართველოს უკვე ვეღარ აღიქვამს მოწინავე ქვეყნების რიცხვში და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ წინაპირობებს უყენებს მას.
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დიდი ალბათობით, ევროკავშირის ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მომავალში განუხრელად მოიმატებს. გამორიცხული არ არის, რომ იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებთანაც ევროკაშირი უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებების, უახლეს მომავალში ასევე დაემატოს ცენტრალური აზიის ენერგორესურსებით მდიდარი პოსტ საბჭოთა ქვეყნები, რომლებიც ასევე, რუსეთის გვერდის ავლით, საკუთარი ენერგო რესურსების, სტაბილური გასაღების ბაზრებს ეძებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობის ზრდა დამატებით შესაძლებლობებს შექმნის რეგიონის ქვეყნებისთვის. თუ რამდენად შეძლებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი არსებული სირთულეების გადალახვას, დამოკიდებული იქნება მხოლდ და მხოლოდ მათ ძალისხმევაზე.
ავტორი: გიგი გიგიაძე
ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.