სიახლეები

მაისი 15, 2018 შეტევა დემოკრატიაზე – ხედვა წინა ხაზიდან

შეტევა დემოკრატიაზე – ხედვა წინა ხაზიდან

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა“ და აშშ-ს მარშალის ფონდის ორგანიზებით 15 მაისს სასტუმრო რუმსში გაიმართა აშშ-ს რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მიერ ინიცირებული ორპარტიული, ტრანსატლანტიკური ინიციატივის „ალიანსი დემოკრატიის დასაცავად“ პრეზენტაცია. შეხვედრა ჩატარდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივის „დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება“ ფარგლებში. პრეზენტაციას უძღვებოდა ინიციატივა „ალიანსი დემოკრატიის დასაცავად“ დირექტორი ქალბატონი ლაურა როსენბერგერი.

 

ქალბატონი როსენბერგერი წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელ პოზიციებზე. ის აგრეთვე ხელმძღვანელობდა ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს. აშშ-ს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ხელმძღვანელობამ „ალიანსის დემოკრატიის დასაცავად“ შექმნის საჭიროება დაინახა 2016 წელს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ფედერაციის ჩარევის მცდელობის შემდეგ.

 

ინიციატივის ავტორთა მიერ, აღნიშნული ქმედება აღქმული იქნა როგორც ზოგადად დასავლურ დემოკრატიაზე მიტანილი უპრეცედენტო იერიში; შესაბამისად, აშშ-ში და ევროპაში დემოკრატიული ღირებულებების რუსული აგრესიისგან დასაცავად და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის განსამტკიცებლად, ინიციატივა მიზნად ისახავს ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებასა და კონკრეტული შემაკავებელი ღონისძიებების განხორციელებას. პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ კონკრეტულ მექანიზმებზე, რომლის გამოყენებითაც ინიციატივის ფარგლებში მოხდება აშშ-ს დემოკრატიული პარტნიორების რუსეთის ზეწოლისგან დაცვა. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება ქართული დემოკრატიის დასაცავად ალიანსის ღონისძიებების გააქტიურების შესაძლებლობებზე. ასევე აქცენტი გაკეთდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული რუსული ჰიბრიდული ომის შემაკავებელი საშუალებების გაძლიერების პერსპექტივებზე.