ოთხშაბათს, 7 მარტს, 12 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა და ორგანიზაციამ “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” გამართეს პრეზენტაცია ”2011 წლის საქართველოს ეკონომიკის პერპექტივის მიმოხილვა– წლიურიშეჯამება”.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2011 წლის ივლისიდან „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ დახმარებით დაიწყო საქართველოს ეკონომიკის ყოველკვარტალური ანგარიშის მომზადება. ამჯერად წარმოგიდგენთ მეოთხე ანგარიშს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში მოქმედი საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
მიმოხილვის მთავარი აქცენტები
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მსოფლიო ეკონომიკისთვის 2011 წელი მძიმე იყო (ცუნამი იაპონიაში, ევროპის ეკონომიკის კრიზისი, პოლიტიკური ძვრები ახლო აღმოსავლეთში), 2011 წელი საქართველოსთვის გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის წელია. თუმცა, ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა კრიზისამდე (2007 წლამდე) პერიოდს. (იხილეთ დეტალური ანგარიში).
2012 წლის მთავარ გამოწვევად კი საქართველოსთვის, როგორც ნავთობის და გაზის იმპორტიორი ქვეყნისთვის, კვლავ ბიუჯეტის კონსოლიდაცია და გარე ზეწოლებისგან დაუცველობა, ასევე, ეგზოგენურ და ენდოგენურ ინფლაციურ ზეწოლებთან გამკლავება რჩება.
მთავარი საფრთხე საბიუჯეტო და მიმდინარე ანგარიშის არსებული დეფიციტია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მომავალში გარე ზეწოლებისადმი ქვეყნის მდგრადობას.
1. მშპ – საქართველოში ცხოვრების დონე მსოფლიოს საშუალო სტანდარტზე დაბალია
2011 წლის საქართველოს ნომინალური მშპ-ის მოცულობა 22,945.2 მილიონ ლარს შეადგენს წინასწარი მონაცემებით, რაც 10%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით . რეალური წლიური ზრდა, ანუ ინფლაციის მაჩვენებლით შესწორებული წლიური ზრდა, 6.8%-ს უდრის. ეს კრიზისამდელი პერიოდის 10%-იან ზრდაზე დაბალი მაჩვენებელია.
ცხოვრების დონის საერთაშორისო შედარებისთვის ხშირად ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელს (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი, ანუ, PPP) იყენებენ. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP) საშუალებას იძლევა, დადგინდეს, რამდენი ფულია საჭირო ერთი და იმავე ოდენობის საქონლისა და მომსახურების შესაძენად სხვადასხვა ქვეყნებში. ამრიგად, PPP ყველაზე ობიექტური საზომია სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრების სტანდარტებში განსხვავებების შესადარებლად. ქვეყნებს შორის შედარების გასაკეთებლად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი (PPP) ეგრეთ წოდებულ საერთაშორისო დოლარებში იზომება. 2011 წლის მდგომარეობით, საქართველო, რომლის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი (PPP) 5,450 საერთაშორისო დოლარს შეადგენდა, 111-ე ადგილზე იყო 181 ქვეყანას შორის. ეს მაჩვენებელი ბევრად ჩამოუვარდება მსოფლიოს საშუალო მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე (PPP), რაც ამჟამად 10,700 საერთაშორისო დოლარის ტოლია. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, საქართველოში ცხოვრების დონე მსოფლიოს საშუალო სტანდარტზე დაბალია.
აქვე ანგარიშში ნახავთ ექსპერტულ პასუხებს კითხვებზე: რომელი სექტორები უწყობენ ხელს ეკონომიკურ ზრდას? რატომ ხდება, რომ ეკონომიკური ზრდის პირობებში უმუშევრობა და არასრული დასაქმება კვლავ ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად რჩება?
2. საქართველოს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და რესტორნები უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველია
2011 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ჰოლანდია, დანია და თურქეთია. ჰოლანდია უმსხვილესი ინვესტორია და ამ ქვეყანაზე მთლიანი ინვესტიციების 21% მოდის. ამ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22% სამთო-მომპოვებელმა და წარმოების სექტორებმა; ენერგეტიკის სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მსხვილი მიმღები იყო მესამე კვარტალში. ამ სექტორმა, მესამე კვარტალში, მთელი ინვესტიციების 32% მიიღო, რამაც 86 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციები ძირითადად მიმართული იქნა მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველა არაპოპულარული სექტორები სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და თევზჭერა, ასევე, უძრავი ქონების, სასტუმროებისა და რესტორნების და მშენებლობის სექტორები იყო.
ინვესტორებისთვის ქვეყნის მიმზიდველობაზე საუბრისას, ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელსაც ინვესტორები ქვეყანაში ინვესტირების დაგეგმვისას ითვალისწინებენ, არის უკუგება აქტივებზე რაც უჩვენებს რამდენად ეფექტიანად შეიძლება ინვესტირებულმა კაპიტალმა მოგება მოიტანოს. ამის გამოანგარიშება მოგების მთლიან კაპიტალზე გაყოფით ხდება და რაც უფრო მაღალია მიღებული ციფრი, მით მეტ ფულს იგებს კომპანია ნაკლებ ინვესტიციაზე. 2011 წელს ქვეყანა უკეთ ახერხებდა ინვესტიციის მოგებად გარდაქმნას და დაბანდებულ კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი 2.2%-ი იყო, თუმცა ეს მონაცემი კრიზისამდელი პერიოდის ინდიკატორზე ნაკლებია. (დეტალები იხილეთ სრულ ანგარიშში).
3. საქართველოს უარყოფით სავაჭრო ბალანსი რეკორდულად მაღალია
2011 წლის წინასწარი გაანგარიშებების მიხედვით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 9,244 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით.
ვაჭრობის 75%-ს იმპორტი შეადგენს, რისი შედეგიც უარყოფითი სავაჭრო ბალანსია, რომელმაც 2011 წელს 4,865 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია – ეს ციფრი 32%-ით მეტია 2010 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით და რეკორდულად მაღალია. მსგავსი უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი 2008 წელს აღინიშნა. თუმცა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ მაშინ ეკონომიკის ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, რაც ამ დეფიციტს ნაწილობრივ აბალანსებდა.
საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორები 2011 წელს იყვნენ თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა. აზერბაიჯანი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, სადაც მთელი ექსპორტის 19.5% გადიოდა, ხოლო თურქეთი უმსხვილესი საიმპორტო პატნიორი, საიდანაც მთელი იმპორტის 18.0% შემოდიოდა. საექსპორტო საქონელს შორის უმსხვილესი სასაქონლო კატეგორია ავტომობილებია (20.6%), რომელსაც მოსდევს ფეროშენადნობები (11.6%) და მინერალური და ქიმიური სასუქები (6.6%). უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილებით რეექსპორტის მკვეთრი ზრდა 2011 წლის პირველ ნახევარში ყაზახეთის საბაჟო კანონმდებლობაში მოსალოდნელმა ცვლილებამ გამოიწვია, ყაზახეთი კი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ავტომობილების ექსპორტში. იმპორტირებული სასაქონლო კატეგორიების მიხედვით კი ასეთი მდგომარეობაა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები (12.9%), ავტომობილები (7.2%), ბენზინი და სხვა აირები (3.4%).
4. ინფლაცია – საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევა
2011 წელს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფლაცია იყო.საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს წლიური საშუალო ინფლაცია 8.5%-ს შეადგენდა. 2010 წლის მეორე ნახევრიდან, ინფლაციის მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო და თითქმის მთელი 2011წლის განმავლობაში ორნიშნა იყო. 2011 წლის მაისში ინფლაციამ პიკს მიაღწია 13%-იანი საშუალო მაჩვენებლით,წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ანგარიშში მიმოხილულია ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიზეზები.
აქვე აღნიშნულია, რომ 2012 წელს, მოსალოდნელია სურსათის ფასების ინფლაციის შემცირება 2011 წლის დონეებთან შედარებით,თუმცა ეს ინფლაცია ბოლო ორი ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ მაღალი მაინც იქნება. პროგნოზის მიხედვით,სურსათზე ფასები 2.5-დან 3.5%-ით მოიმატებს 2011 წელთან შედარებით, კერძოდ, ფასები სუპერმარკეტებში, სავარაუდოდ, 3-4%-ით მოიმატებს, ხოლო რესტორნებში 2-3%-ით. თუმცა, 2012წელს სურსათზე ფასების დონეები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული სხვა მაკროეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებზეც;
5. სახელმწიფო ვალი
2011 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან შეფარდება მისაღებ დონეზე -31.3%-ზე იყო შენარჩუნებული,ვალის ექსპორტთან შეფარდება ამჟამად 89.0%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც 2009 წელს 100%-ს აღემატებოდა. ეს ნიშნავს,რომ ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალი თითქმის იმდენივეა, რამდენიც წლიური ექსპორტი.რაც შეეხება ვალის საბიუჯეტო შემოსავლებთან შეფარდების მაჩვენებელს, იგი ამჟამად 135%-ს უდრის, ყველაზე მაღალ ნიშნულს -150%-ს კი 2010 წელს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ შეძლო სახელმწიფო ვალის დონის მშპ-ის60%-ზე ნაკლებ დონეზე შენარჩუნება,სსფ-ის მონაცემების თანახმად, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა (ანუ,სახელმწიფო და კერძო ვალი ერთად) მშპ-ის 60%-ს გადააჭარბა 2010 წელს და 2011 წელს – 57.5%-ს უდრის, ხოლო 2012 წელს,პროგნოზის თანახმად, 56.6%-მდე შემცირდება.
წარმოდგენილ ანგარიშში ვრცლადაა მიმოხილული ყველა ზემოთ აღნიშნული თემა – 2011 წლის მონაცემების საფუძველზე არსებული მდგომარეობა, სავარაუდო მიზეზები და პერსპექტივები. ასევე ანგარიშში განხილული სახელმწიფო ბიუჯეტი, საბანკო სექტორის მდგომარეობა, მონეტარულ პოლიტიკა, უმუშევრობის დონე და ა.შ.
ანგარიშის სრული ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ვებ-მისამართზე: www.eprc.ge