2022 წლის ეკონომიკის მთავარი ტენდენციები საქართველოსთვის, ისევე, როგორც მსოფლიოსთვის, რუსეთ-უკრაინის ომმა განსაზღვრა. ციფრები მოწმობს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დამოკიდებული გახადა რუსეთის ეკონომიკაზე, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი რისკების შემცველია; ამასთან, კატასტროფულმა ფასების მატებამ, რაც ქვეყნის გარედან შემოსული მომხმარებლის მოთხოვნით იყო განპირობებული, საქართველოს მოსახლეობის საშუალო ფენის ნაწილის გაღარიბება გამოიწვია, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და დემოკრატიული განვითარების კიდევ უფრო მეტად შემაფერხებელი გახლავთ. ამ და სხვა ტენდენციებზე მოკლედ ქვემოთ შევჩერდებით:
პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკაზე ომის ეფექტის განმსაზღვრელი გახდა დროებითი მიგრანტების შემოსვლის საკმაოდ დიდი ტალღა – 2022 წლის რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 155%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 209%-ით გაიზარდა; რასაც სექტემბერში რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების წყალობით მხოლოდ რუსეთიდან 223 ათასამდე ადამიანის შემოსვლა მოჰყვა. 3,5 მილიონიანი ქვეყნისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობაა და ზეგავლენა მოახდინა მოთხოვნის ზრდაზე ზოგადად – როგორც უძრავ და მოძრავ ქონებაზე, ისე პროდუქტზე, აისახა სავაჭრო ბრუნვაზეც, ეკონომიკურ ზრდასა და ფასებზეც, ანუ ინფლაციის მაჩვენებელზე. ამას გარდა, საქართველოს ეკონომიკაზე, ცხადია, აისახა რუსეთის დასანქცირების გამო რუსეთში გაზრდილი მოთხოვნა სხვადასხვა პროდუქტზე და რუსული ნავთობპრდუქტების ფასის ვარდნა და ა.შ. ეს ზეგავლენა განაპირობა იმანაც, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს. მიგრანტთა ნაწილმა ქვეყანა დატოვა, თუმცა ზუსტი სტატისტიკა საკმაოდ რთული გასარკვევია და ასევე საკმაოდ რთული სათქმელია ეს დროებითი მიგრაცია რამდენ ხანს გაგრძელდება.
რამდენიმე ინდიკატორი განსჯისთვის:
უძრავი ქონების ფასი – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 9 თვის მაჩვენებლით 10,7%-ით არის საშუალოდ გაზრდილი უძრავი ქონების ფასი; ასევე მნიშვნელოვლად გაიზარდა ფასები ავტომმობილებზე და ა.შ.
ეკონომიკური ზრდა/ინფლაცია – მთავრობა ხშირად ამაყობს უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდით, რაც პირველ რიგში გამოწვეულია მოთხოვნის და ვაჭრობის ზრდით.
წინასწარი შეფასებით, 2022 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტია. სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია) 2022 წლის წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სექტემბერში გაიზარდა 11.9 %-ით;
ანუ ინფლაცია, ფასების ზრდის მაჩვენებელი უსწრებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.
უძრავი ქონებისა და სამომხმარებლო ფასების ზრდამ არაკონკურენტულ გარემოში მოაქცია ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომელსაც გაუძვირდა როგორც ქონების ქირაობა, ისე – პროდუქტი, რამაც საზოგადების საშუალო ფენის ნაწილის გაღარიბება, სიღარიბეში მყოფი ადამიანების კი – კიდევ უფრო მეტ გაჭირვებაში ჩაგდება გამოიწვია.
ვაჭრობა – როგორც ქვეყნის შიგნით გაზრდილმა მოთხოვნამ, ასევე რუსეთში გაზრდილმა მოთხოვნამ ცალკეულ პროდუქციაზე, გაზარდა საქართველოს ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი – როგორც ზოგადად სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე – გაიზარდა რუსეთზე სავაჭრო, განსაკუთრებით რუსეთის იმპორტზე დამოკიდებულება. მათ შორის – რუსულ ნავთობზე საქართველოს დამოკიდებულება.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 37.4%-ით; იმპორტი კი 34.4%ით გაიზარდა; ამასთან, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.9%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ზრდის დიდი ნაწილი რეექსპორტზე მოდის;
ამ ვაჭრობაში საინტერესოა ვაჭრობის, მაგალითად ექსპორტის გეოგრაფია – ვაჭრობაში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია ევროკავშირის წილი – თუ 2019 წელს (კოვიდამდე) ევროკავშირის წილი ექსპორტში ექსპორტში 21.9% იყო; 2022 წლის 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი საერთო ექსპორტის 14,9%ია.
რუსეთზე სავაჭრო, განსაკუთრებით იმპორტდამოკიდებულების ზრდა – საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში რუსეთში ექსპორტი 11.5%-ით; იმპორტი კი $720 მლნ-დან $1.244 მლრდ-მდე, ანუ დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.
ექსპორტი: ოფიციალური ინფორმაციით, 4-ჯერ გაიზარდა მანქანების რეექსპორტი და ეს პროდუქტი რუსეთში საექსპორტო ხუთეულში პირველად მოხვდა; დაახლოებით 10%ით გაიზარდა ღვინოს გაყიდვა და თითქმის 40%-ით სპირტიანი სასმელების; ყველაზე დიდი მაჩვენებელი ექსპორტში, რომელიც საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა, ე.წ. დაუხარისხებელი ხარჯია.
იმპორტი: რუსეთიდან იმპორტში განსაკუთრებით გაიზარდა საწვავის იმპორტი – 352%-ით; რუსეთის ბაზარზე, ევოპასთან შედარებით, დაბალი ფასის გამო, ნავთობიმპორტიორებმა გადამუშავებული საწვავის შემოტანა რუსეთიდან გაზარდეს. თუ რუსეთის წილი ნავთოპროდუქტების იმპორტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 16.6%-ს შეადგენდა, წელს 42%-ს გადააჭარბა.
საწვავის გარდა $188 მლნ-ითაა გაზრდილი რუსეთიდან სხვა დანარჩენი პროდუქციის იმპორტიც. მათ შორის რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულება ქვეყნის კვლავ მაღალია.
2022 წლის 9 თვეში, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 175%ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი საქართველოში; მათ შორის განსაკუთრებული ზრდაა რუსეთიდან, საიდანაც მხოლოდ 2022 წლის აპრილის შემდეგ ქვეყანაში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა.
მცირედი ზრდაა ინვესტიციებშიც – როგორც კოვიდის პერიოდთან მიმართებაში, ისე – 2019 წელთან შედარებით, თუმცა ეს საკმაოდ მცირე მოცულობაა, რომ ეკონომიკური ზრდის წინაპირობა გახდეს. შედარებით დიდი ზრდაა გასულ წელთან მიმართებაში, კერძოდ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის 2 კვარტალში 920 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცოური ინვესტიცია განხორციელდა.
სამუშაო ძალის და სამუშაო ადგილების დეფიციტი – საქართველოში შექმნილია ერთგვარად პარადოქსული სიტუაცია როცა სამუშაო ადგილების დეფიციტიცაა და სამუშაო ძალის დეფიციტიც. ძირითადად ეს სამუშაო ძალის გადინებითაც არის გამოწვეული (მხოლოდ 2021 წელს საქართველოდან 100 000-მდე ადამიანი გავიდა ქვეყნიდან) და, მეორეს მხრივ, ფასების ზრდამ ბაზარზე გამოიწვია ანაზღაურებაზე მოთხოვნის ზრდაც; რადგან ფასების ზრდა რეალურად გარედან შემოსული მიგრანტების მსყიდველუნარიანობამ განაპირობა და არა ეკონომიკურმა, ანუ ბიზნეისის ზრდამ, ბიზნესმა ვერ მოახერხა შესაბამისი და შესაბამისანაზღაურებადებიანი სამუშაო ადგილების გენერირება. ამასთან, ეს არის ერთ-ერთი შედეგი ქვეყნის გზავნილებზე დამოკიდებულების ზრდის, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ლეგალურ და არალეგალურ ემიგრანტთა მიერ გადმოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული.
საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები მოწმობს, რომ აშკარაა მოკლევადიანი ეკონომიკური ეფექტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა, საქართველოს არმიერთებამ საერთაშორისო სანქციებისადმი და დროებითი მიგრაციის ტალღამ განაპირობა;
ამასთან, ამ ეფექტის გამო, გამოჩნდა, ჩვენის აზრით, საკმაოდ სახიფათო ტენდენციები – მაგალითად, რუსეთზე იმპორტ და ეკონომიკური დამოკიდებულების, მათ შორის ენერგოდამოკიდებულების ზრდა; ევროკავშირის წილის შემცირება ექსპორტში; გზავნილების მოცულობის კიდევ უფრო მეტად ზრდა ეკონომიკაში – 4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა 2022 წლის გზავნილების ჯამური პროგნოზი; პროდუქტის ფასის ზრდა ორნიშნა ნიშნულზეა და აღემატება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, რომელიც სწორედ ამ გარედან იმპორტირებული მოთხოვნითაა განპიროებებული; ეს, ერთის მხრივ ადგილობრივ მოსახლოებას უძვირებს ცხოვრებას, მეორეს მხრივ კი – საკმაოდ მყიფეა და ხვალ, შესაძლოა, აღარ შენარჩუნდეს. რაც ეკონომიკას ნაკლებად პროგნიზორებადს და მყიფეს ხდის. სამწუხაროდ მინიმალურია საინვესტიციო ზრდა და ახალი მდგრადი საინვესტიციო პროექტების მაჩვენებელი, რაც ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას განსაზღვრავდა.