ბლოგი

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გლობალური ინოვაციების ინდექსში

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გლობალური ინოვაციების ინდექსში

შვეიცარია, აშშ, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები – გლობალური ინოვაციების ინდექსში 2022 წლის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ მათ შორის შვეიცარია უკვე 12 წელია, რაც პირველობას არავის უთმობს. გლობალური ინოვაციების ინდექსი მსოფლიოს 130-მდე ქვეყანას ინოვაციური შესაძლებლობების კუთხით 7 კატეგორიაში (ინსტიტუტები, ბიზნესის განვითარება, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, საბაზრო გარემო, ცოდნა და ტექნოლოგიური პროდუქტები, ინფრასტრუქტურა, ინოვაციური პროდუქტები) აფასებს. საინტერესოა გლობალური ინოვაციების კუთხით რა პოზიციას იკავებს კავკასიის რეგიონში შემავალი სამი ქვეყანა – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი (ORGANIZATION, WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION, 2022).

საქართველო – გლობალური ინოვაციების ინდექსში 2022 წელს საქართველო 27.9 ქულით 74-ე ადგილს იკავებს, რაც გასული წლების (2019/2020/2021 წწ.) მონაცემებთან შედარებით გაუარესებული შედეგია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო პოზიცია (48-ე ადგილი) ქვეყანას 2019 წელს ეკავა, 2020-2021 წლებში კი 63-ე ადგილზე იმყოფებოდა (ORGANIZATION, WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION, 2022). გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველო ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება და 36 ქვეყანას შორის 21-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება რეგიონულ კონტექსტს, ჩრდილოეთ აფრიკისა და დასავლეთ აზიის ჯგუფში შემავალ 19 ქვეყანას შორის, მე-11 პოზიციაზეა (ORGANIZATION, WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION, 2022).

მანამ სანამ გლობალური ინოვაციების ინდექსში ქვეყნის პოზიციონირებას კატეგორიების მიხედვით განვიხილავთ, მოკლედ გეტყვით კონკრეტულად რას მოიცავს GII-ის მიერ დაწესებული ეს კატეგორიები. როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, ინსტიტუტების კატეგორია ქვეყანაში პოლიტიკურ, მარეგულირებელ და ბიზნეს გარემოს განიხილავს; ბიზნესის განვითარების კატეგორია დასაქმებულთა ცოდნის მაჩვენებელს, ინოვაციურ კავშირებს, განათლების მიღების შესაძლებლობას აფასებს; ადამიანური კაპიტალი და კვლევები – ზოგად განათლებას, უმაღლეს განათლებას, კვლევებსა და განვითარებას; საბაზრო გარემოს კატეგორიაში საკრედიტო გარემო, ინვესტიციები, ვაჭრობა, სავაჭრო გარემოს მრავალფეროვნება ფასდება, ცოდნისა და ტექნოლოგიური პროდუქტების მონაცემი ქვეყანაში ახალი ცოდნის შექმნას, გავლენასა და გავრცელებას აჩვენებს, ინფრასტრუქტურა – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, ზოგად ინფრასტრუქტურასა და ეკოლოგიურ სტაბილურობას; ხოლო რაც შეეხება ინოვაციური პროდუქტის კატეგორიას, ამ უკანასკნელში ქვეყანაში არამატერიალური აქტივები, ინოვაციური პროდუქტი და მომსახურება, ონლაინ ინოვაციურობა ფასდება (ORGANIZATION, WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION, 2022).

GII-ის მონაცემების მიხედვით, შეფასების 7 კატეგორიიდან საქართველომ ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების საშუალო მონაცემებზე მაღალი შედეგი მხოლოდ ერთ – ინსტიტუტების კატეგორიაში გამოავლინა, საშუალოზე დაბალი ქულები კი ორ – ინოვაციური პროდუქტებისა და ცოდნისა და ტექნოლოგიების კატეგორიებში მიიღო. ინსტიტუტებისა და ბიზნესის განვითარების კატეგორიები აღმოჩნდა ძლიერი მხარე რეგიონულ ჭრილშიც, სადაც საქართველომ ჯგუფში შემავალი ქვეყნების საშუალო მონაცემებზე მაღალი შედეგები აჩვენა, თუმცა დანარჩენი 5 მიმართულებით (ადამიანური კაპიტალი და კვლევები, საბაზრო გარემო, ცოდნა და ტექნოლოგიური პროდუქტები, ინფრასტრუქტურა, ინოვაციური პროდუქტები) საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა (ORGANIZATION, WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION, 2022). GII-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემოსავლის დონისა (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) და ინოვაციურობას შორის კავშირის მიხედვით, საქართველოს აჩვენებს იმ შედეგებს, რაც მისი განვითარების დონის მქონე ქვეყნისგან არის მოსალოდნელი (ORGANIZATION, WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION, 2022).

სომხეთი – გლობალური ინოვაციების ინდექსში 2022 წელს სომხეთი 26.6 ქულით მე-80 ადგილს იკავებს, რაც გასული წლების (2020/2021) წლების მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე გაუარესებული შედეგია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სომხეთი GII-ში 69-ე, ხოლო 2020 წელს 61-ე ადგილზე იმყოფებოდა (WIPO, 2022). სომხეთი, საქართველოს მსგავსად, ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფში შედის და 2022 წელს, 36 ქვეყანას შორის 25-ე ადგილი უჭირავს. რაც შეეხება რეგიონულ კონტექსტს, ჩრდილოეთ აფრიკისა და დასავლეთ აზიის ჯგუფში შემავალ 19 ქვეყანას შორის, მე-14 ადგილზე იმყოფება (WIPO, 2022).

GII-ის მიხედვით, შეფასების ზემოთ ჩამოთვლილი 7 კატეგორიიდან სომხეთმა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების საშუალო მონაცემებზე მაღალი შედეგი ერთ – ინსტიტუტების კატეგორიაში გამოავლინა, დანარჩენ 6 კატეგორიაში კი საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა. რაც შეეხება რეგიონულ კონტექსტს, სომხეთს ჯგუფში შემავალი ქვეყნების საშუალო მონაცემებზე მაღალი შედეგი კვლავ ინსტიტუტების კატეგორიაში აქვს, საშუალოზე დაბალი ქულებით კი ბიზნესის განვითარების, ადამიანური კაპიტალისა და კვლევების, საბაზრო გარემოს, ცოდნისა და ტექნოლოგიური პროდუქტების და ინფრასტრუქტურის კატეგორიებში ფასდება, რაც შეეხება ინოვაციური პროდუქტების კატეგორიას, სომხეთის მაჩვენებელი ჯგუფში შემავალი ქვეყნების საშუალო მონაცემებს უტოლდება (WIPO, 2022). კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი ქვეყანაში ინოვაციური ინვესტიციების დონესთან შედარებით, მოსალოდნელზე მეტ ინოვაციურ პროდუქტს აწარმოებს. რაც შეეხება შემოსავლის დონისა (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) და ინოვაციურობას შორის კავშირს, კვლევის მიხედვით, სომხეთი აჩვენებს იმ შედეგებს, რაც მისი განვითარების დონის მქონე ქვეყნისგან არის მოსალოდნელი (WIPO, 2022).

აზერბაიჯანი – გლობალური ინოვაციების ინდექსში, 2022 წელს აზერბაიჯანი 21.5 ქულით 93-ე ადგილს იკავებს, რაც გასული წლების (2020/2021 წწ.) მაჩვენებლებთან შედარებით გაუარესებული შედეგია. არადა, აღსანიშნავია რომ 2020 წლის მაჩვენებლთან (82-ე ადგილი) შედარებით, ქვეყანამ შედეგი 2021 წელს 2 პოზიციით გააუმჯობესა და მე-80 ადგილზე გადაინაცვლა (WIPO, WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION, 2022). გლობალური ინოვაციების ინდექსში აზერბაიჯანი ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფში შედის და 2022 წელს, ჯგუფში შემავალ 36 ქვეყანას შორის 32-ე ადგილზე იმყოფებოდა. GII-ში საქართველოს და სომხეთის მსგავსად, ცხადია, აზერბაიჯანიც სამხრეთ აფრიკისა და დასავლეთ აზიის ჯგუფში იმყოფება, რაც შეეხება რეგიონულ კონტექსტში მის ადგილმდებარეობას, 19 ქვეყანას შორის, აზერბაიჯანი მე-16 ადგილს იკავებს (WIPO, WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION, 2022).

კვლევის მიხედვით, შეფასების 7 კატეგორიიდან, აზერბაიჯანმა როგორც საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების, ასევე რეგიონულ კონტექსტშიც, საშუალო მონაცემებზე მაღალი შედეგი ერთ – ინსტიტუტების კატეგორიაში აჩვენა, 6 კატეგორიაში კი საშუალოზე დაბალი მაჩვენებლით შეფასდა. გლობალური ინოვაციების ინდექსში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი, ქვეყანაში არსებული ინოვაციური ინვესტიციების დონესთან შედარებით, ნაკლებ ინოვაციურ პროდუქტს აწარმოებს. ხოლო, როგორც კვლევაშია ნათქვამი, შემოსავლის დონისა (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) და ინოვაციურობას შორის კავშირის მიხედვით, აზერბაიჯანი აჩვენებს იმაზე დაბალ მაჩვენებლებს, რაც მისი განვითარების დონის მქონე ქვეყნისგან არის მოსალოდნელი (WIPO, WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION, 2022).

ციფრული ეპოქა და სიღრმისეული მეცნიერება – გლობალური ინოვაციების ინდექსის 2022 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში პროდუქტიულობისა და კეთილდღეობის კუთხით დიდი პოტენციალი ინოვაციური ტალღის სწორედ ამ ორ მიმართულებას აქვს. თუმცა როგორც ამავე კვლევაში ვკითხულობთ მსოფლიო მასშტაბით დადებითი შედეგების მიღება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია (ORGANIZATION, WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION, 2022).

 

ავტორი: გვანცა ბზიავა

ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.

 

 


გამოყენებული ლიტერატურა:

 

ORGANIZATION, W. I. (2022). WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION. Retrieved from Global Innovation Index 2022: https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_2000_2022/ge.pdf

ORGANIZATION, W. I. (2022). WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION. Retrieved from Global Innovation Index 2022: https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo-pub-2000-2022-section1-en-gii-2022-at-a-glance-global-innovation-index-2022-15th-edition.pdf

WIPO. (2022). World Intellectual Property Organization. Retrieved from Global Innovation Index 2022: https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_2000_2022/am.pdf

WIPO. (2022). WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION. Retrieved from Global Innovation Index 2022: https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_2000_2022/az.pdf