სიახლეები

იანვარი 9, 2012 საერთაშორისო ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკაში

საერთაშორისო ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკაში

საერთაშორისო ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკისთვის 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოში მშპ–ს 6 პროცენტს შეადგენს და ქვეყანაში შემომავალ გრანტებს და ინვესტიციებს თითქმის 2,5–ჯერ აღემატება 

 

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თემაა: „საერთაშორისო ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკაში“.

 

პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ და ითვალისწინებს ყოველკვარტალური ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას საქართველოს ეკონომიკის პერპექტივებზე.

 

საერთაშორისო ფულადი გზავნილები ის პირადი თანხებია, რომლებსაც მიგრანტები თავიანთ სამშობლოში მცხოვრებ ოჯახებსა და მეგობრებს უგზავნიან. მსოფლიოს მასშტაბით 215 მილიონი ადამიანი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს. 2008 წელს, მიგრანტების ფულადმა გზავნილებმა ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2% და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ის 6% შეადგინა.

 

საქართველო სწორედ ამ 6 პროცენტიან ზღვარზეა: 2011 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 812,6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 19.6%-იანია ზრდაა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და ქვეყნის მშპ-ის 6%-ს შეადგენს. უხეში გათვლებით, მოსახლეობის 9% ფულადი გზავნილების მიმღებია. ფინანსური ინსტიტუტების წმინდა შემოსავლის 20% ფულადი გზავნილების მომსახურების გადასახადებზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუტებს ძალიან დიდ არაფორმალურ სექტორთან, ანუ მეგობრების, ნათესავებისა და სხვების მეშვეობით ფულადი გზავნილების გამოგზავნასთან (სავარაუდოდ, მთელი გზავნილების ერთი მესამედი) უწევს კონკურენცია.

 

ფულადი გზავნილების მნიშვნელობის გასაცნობიერებლად აღსანიშნავია შემდეგი სტატისტიკა:  ფულადი გზავნილები საქართველოში შემოსული გრანტებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებს თითქმის ორნახევარჯერ აღემატება. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და განვითარების ხელშეწყობის ოფიციალური დახმარების სხვადასხვა წყაროსგან განსხვავებით, ფულადი გზავნილებისთვის არ არის დამახასიათებელი უკუნაკადები პროცენტის, ვალის ან დივიდენდის გადახდის ფორმით.

 

ამჟამად საქართველოში ყველა ფულადი გზავნილის 65% რუსეთიდან შემოდის, რომელსაც მოსდევს საბერძნეთი და იტალია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ვარაუდით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს.

 

გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, განვითარებად ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2009 წლიდან მათი მცირედი კლება საქართველოშიც შეინიშნებოდა; თუმცა, ეს დროებითი მოვლენა აღმოჩნდა და ფულადი გზავნილების მოცულობა ახლა კვლავ იზრდება. ევროზონის მიმდინარე კრიზისის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ფულადი გზავნილების შემცირება იმ განვითარებად ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც კრიზისში მყოფ ევროპულ ქვეყნებში ცხოვრობენ. ამის საფრთხე საქართველოს წინაშეც დგას, რომელიც ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან ნაწილს საბერძნეთიდან და იტალიიდან იღებს. 2011 წლის მესამე კვარტლის მონაცემები ჯერ ამ ტენდენციას არ აჩვენებს. მცირედი კლება აღინიშნება ფულად გზავნილებში ესპანეთიდან, თურქეთიდან, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციიდან. თუმცა, მეოთხე კვარტალში, სეზონური დღესასწაულების დადგომასთან ერთად, მონაცემები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, ანუ, ზრდა არის მოსალოდნელი.

 

ფულადი გზავნილების დადებით მხარეებს რაც შეეხება – ფულადი გზავნილები უფრო სტაბილურია, ვიდრე კერძო კაპიტალის ნაკადები, და შესაბამისად, ქვეყნის საგარეო დაფინანსების წყაროებს ამრავალფეროვნებს. განსაკუთრებით, თუ მშობლიური ქვეყნის და მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკურ ციკლებს შორის შედარებით ნაკლები კორელაცია არსებობს, რაც ასეა საქართველოს შემთხვევაში. ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შინამეურნეობათა მოხმარების სტაბილურობაში. ისინი საქართველოში სამუშაოს არმქონე ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის და შემოსავლის წყაროა.

 

თუმცა, მეორეს მხრივ, საქართველო პატარა ქვეყანაა, საიდანაც მიგრანტთა დიდი ნაკადი გაედინება და ამავდროულად, უცხოური ვალუტის მსხვილი ნაკადები შემოედინება. არაოფიციალური ფულადი გზავნილების მოცულობა დიდია და მთლიანი ფულადი გზავნილების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ფულად გზავნილებს ადგილობრივი მოთხოვნის მატებასთან, იმპორტის ზრასა და ექსპორტის კლებასთან მივყავართ. ძლიერი ზეგავლენა აღინიშნება კერძო მოხმარების, ადგილობრივი მოთხოვნის და მშპ-ის ზრდის ტემპებზე. 

 

დასკვნები და რეკომენდაციები

 

რეკომენდაციები სამი მთავარი მოთამაშისკენ (ფულადი გზავნილების მიმღებების გარდა) არის მიმართული: საქართველოს მთავრობის, კომერციული ბანკების და საქართველოს ეროვნული ბანკისკენ.

 

– ფულად გზავნილებზე მონაცემთა შეგროვება, შინამეურნეობათა კვლევები ხარჯვით მოდელებზე, არაფორმალურად გამოგზავნილი ფულადი გზავნილების მოცულობა და მათი გავლენა. კვლევის მასშტაბი მეტ-ნაკლებად შეზღუდულია ამ მონაცემთა ნაკლებობის გამო. არაფორმალური გადმორიცხვების მოცულობის შემცირება შესაძლებელია გადმორიცხვის ფორმალური არხების გამოყენების პოპულარიზაციით და მათი გამოყენების სარგებელზე ფოკუსირებით.

 

 იმ ზოგადი არგუმენტების შესაბამისად, რაც წინამდებარე ნაშრომშია მოტანილი, მიგვაჩნია, რომ შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელი:

 

 მთავრობის მიერ:

 

– სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ დიასპორებთან კომუნიკაციის და, ზოგადად, ურთიერთობების გაძლიერება; ბიზნეს-ფორუმების ორგანიზება დიასპორის ინვესტიციების ხელშესაწყობად; დიასპორის წარმატებულ და გამოცდილ წევრებთან სპეციფიკური საქმიანობების და პროგრამების შემუშავება, ცოდნის გაზიარების ქსელების გასაძლიერებლად.

 

– მძლავრი ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა ასევე ხელს შეუწყობს ფულადი გზავნილების მიმართვას ეკონომიკის პროდუქტიული სექტორებისაკენ.

 

– ხელშემწყობი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს დამყარება სტაბილურობის განცდის შექმნის გზით.

 

კომერციული ბანკების მიერ:

 

– არარეზიდენტებისათვის სპეციალიზებული საბანკო მომსახურების სახეების შეთავაზება.

 

– სხვა ისეთი ფინანსური პროდუქტების პოპულარიზაცია, რომლებიც დაანახებს ფულადი გზავნილების მიმღებებს საბანკო ანგარიშის სიკეთეს, ისეთი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, როგორებიცაა საკრედიტო ხაზი, იპოთეკის შესაძლებლობები. რადგანაც ფულადი გზავნილები დაუსაქმებელთა შემოსავლის წყაროდ მიჩნევა, მსგავსი ნაბიჯები დაუსაქმებლებს კრედიტის აღების შესაძლებლბას მისცემს.