სიახლეები

აგვისტო 15, 2016 საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

2015 წლის 7-8 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) უმასპინძლებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციას: „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“. კონფერენცია გაიმართება სასტუმროში თბილისი რუმსი (სასტუმროს ბაღი).

* * *
თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერები. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას, გაიმართება დისკუსია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ.
მაკკეინის ინსტიტუტს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგენენ ბატონი კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ბატონი დევიდ კრამერი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენციის დისკუსიებსა თუ დებატებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეების ლიდერები.
დადასტურებულ მონაწილეთა სია:
• გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი
• ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
 • დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
• თინათინ ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი
• ლინას ლინკევიჩუსი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი
• ბენ ჰოდჯესი, აშშ-ს ევროპის არმიის სარდალი
• ანდრეს პილდეგოვიჩი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
• შტეფან ფულე, ევროკავშირის ყოფილი კომისარი გაფართოვების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში
 • იან ბონდი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი ლატვიაში
• სტეფანო სტეფანინი, იტალიის პრეზიდენტის ყოფილი საერთაშორისო მრჩეველი
 • დევიდ კრამერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით
• კურტ ვოლკერი, აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატოში
 • ლილია შევცოვა, აშშ-ს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი
ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროპის უსაფრთხოების ახალი ინკლუზიური ხედვა ჩამოყალიბდა, რომელიც ეფუძნებოდა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას. პარიზის ქარტიაზე, ბუდაპეშტის მემორანდუმზე, ნატო-რუსეთის დაფუძნების აქტზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების დოკუმენტებზე დაყრდნობით, ევროპული ქვეყნები და მათ შორის რუსეთი შეთანხმდნენ შემდეგ ძირითად პრინციპებზე: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა; თითოეული ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის პატივისცემა; ძალის გამოყენებისგან თავის შეკავება და თითოეული ევროპული ქვეყნის უფლება გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი.
25 წლის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად შეირყა და ევროპის აღმოსავლეთში, ისე როგორც არასდროს, იდეის – „ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“ რეალიზება შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს. რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში და ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ამ ორი ქვეყნის, ასევე მოლდოვას ტერიტორიის ნაწილები. რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად სცნო, რაც პრაქტიკულად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით ცვლილების პირველი შემთხვევაა.
გარდა ამისა, დასავლეთ ევროპის ქვეყნების მისწრაფება, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების მისაღწევად გააფართოონ ევროკავშირი და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, არცთუ წარმატებით ხორციელდება. ევროპის მრავალ ქვეყანაში გააქტიურებული ულტრა მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკური ძალები საფრთხეს უქმნიან ცივი ომის შემდგომი ევროპის ინტეგრაციას.
2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ზუსტად ამ გამოწვევებზე მსჯელობისა და დისკუსიების დაწყების ძალისხმევაა და მიზნად ისახავს კონკრეტული წინადადებების შემუშავებას ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის უფრო აქტიურად მხარდაჭერისთვის. კონფერენციაზე ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების, ექსპერტების, მკვლევარების და პრაქტიკოსების მოწვევით, კონფერენციის ორგანიზატორები ცდილობენ შექმნან ევროპის უსაფრთხოების, ეკონომიკის და პოლიტიკური ლანდშაფტის არსებული წარმოდგენების შესახებ მსჯელობის ერთიანი სივრცე. კონფერენციის დასრულების შემდეგ კი, შემუშავდება და გამოქვეყნდება სარეკომენდაციო სახის სამოქმედო გეგმა, რითაც შესაძლებელი გახდება განვითარებადი დემოკრატიების უფრო ქმედითი მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ უფრო აქტიურად დაუახლოვდნენ ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებს და უზრუნველყონ თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების, ღირებულებების პატივისცემაზე დაფუძნებული მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი.
2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, საქართველოში აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით.