ბლოგი

რუსეთი – კავკასიის ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი

რუსეთი – კავკასიის ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციები დაწესდა ენერგიის, ფინანსებისა და ვაჭრობის მიმართულებით. მართალია, რუსეთზე დაწესებული სანქციების მიზანი რუსეთის ერთგვარი დასჯა და შეზღუდვაა, თუმცა, აღნიშნულმა სანქციებმა არაპირდაპირი ეფექტები იქონია იმ ქვეყნების ეკონომიკებზე, რომლებიც რუსეთთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობებით ხასიათდებოდნენ. ასეთი ქვეყნების რიცხვს კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მიეკუთვნებიან.

ეკონომიკურ რიცხვებში გამოხატული დამოკიდებულება

საქართველოს გამოცდილება

საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება – ეს ის ფრაზაა, რომელიც 2016 წლიდან აქტიურად ისმის საზოგადოებაში. დამოკიდებულების ზრდა შეინიშნებოდა ისეთ სექტორებში, როგორებიც არის ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი გზავნილები. მხოლოდ 2019 წლის მაჩვნებელებს თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ქართული ღვინოს ექსპორტში, რომელიც 2013-2019 წლების პერიოდში 244%-ით გაიზარდა.

თუმცა, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა განსაკუთრებით თვალნათელი 2022 წელს გახდა. განსაკუთრებით რუსეთის იმპორტზე დამოკიდბულება. უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს ბაზარმა სათავისოდ გამოიყენა და გლობალურ სანქციებთან მიერთების ნაცვლად, საქონლის ექსპორტით 473 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ანუ საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა საერთო ექსპორტში 11.5%-ს გაუტოლდა. 2021 წლის, ამავე პერიოდის მონაცემების მიხედვით, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება 426 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა და ის საერთო ექსპორტში 14.3%-ს უტოლდებოდა.

შესაბამისად, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ხოლო უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (574.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (488.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (473.2 მლნ. აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტრებული პროდუქციის ძირითადი წილი ყურძნის ღვინოზე, ფეროშენადნობებზე, მსუბუქ ავტომობილებზე, სპირტიან სასმელებსა და მინერალურ და მტკნარ წყლებზე მოდის.

72.8%-ით გაიზარდა რუსეთიდან იმპორტის მოცულობაც. თუ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება 719 მილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა, 2022 წლის აღნიშნული პერიოდისათვის ის 1 243 მილიონ აშშ დოლარი გახდა.

რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტების ხუთეულს შორის პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს. ხუთეულში ასევე შედის ხორბლის ან ჭვავის ფქვილი, კოქსი და ნახევარკოქსი, ნავთობის აირები, ხორბალი და მესლინი.

რუსეთზე საქართველოს მზარდი დამოკიდებულების შესახებ საუბრისას საინტერესო ცვლადს ფულადი გზავნილებიც წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. შევხედოთ სტატისტიკას: 2019 წლის დეკემბრის მონაცემების თანახმად, საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 172.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 43.82 მილიონი აშშ დოლარი რუსეთიდან შემოსულ გზავნილებზე მოდიოდა. 2020 წლის ამავე პერიოდისათვის გზავნილების საერთო მოცულობამ 28.7%-ით მოიმატა და 192.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, თუმცა ამ პერიოდში რუსეთიდან შემოდინებული გზავნილების რაოდენობამ დაიკლო და 35.13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. მხოლოდ ამ წლის სექტემბერში რუსეთიდან შემოდინებული ფულადი გზავნილების მოცულობა 173.94 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო რუსეთიდან ჩარიცხული თანხების მოცულობის წლიური ზრდის ტემპი კი 350.97%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Standard & Poor’s Global-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში იუწყება, რომ რუსეთიდან ხალხის მასიურმა გადინებამ საქართველოსა და სომხეთში ეკონომიკის ზრდა გამოიწვია. კვლევაში მოყვანილი სტრატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში, 2022 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 10.3% შეადგინა. თუმცა, ეს ისეთ მყიფე ფაქტორებზე იყო დამოკიდებული, როგორიც საქართველოში ტურისტული სეზონი ან რუსი მიგრანტების შემოდინებაა.

2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, Galt&Taggart-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში რუსეთიდან შემოდინებული მიგრანტების რაოდენობა 100 ათასს უტოლდება, თუმცა ეს რიცხვი ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის. ვიზიტორების რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში 780 339 ვიზიტორი შემოვიდა, 2022 წელს, მხოლოდ სექტემბრის თვეში საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა წინა პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ტურიზმიდან შემოსული თანხების რაოდენობა 2.5 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, საიდანაც 22.4% რუსეთზე მოდიოდა.

მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს რა საფრთხეს ატარებს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა. გარდა იმისა, რომ ქართველი მწარმოებლები თანხმდებიან, საკუთარი პროდუქცია ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზე შეიტანონ, მათ ავიწყდებათ 2006 წელს რუსეთის მიერ საქართველოსთვის შეწყვეტილი ბუნებრივი არისი და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესება, შემდეგ კი 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა.

 

სომხეთის გამოცდილება

როგორც უკვე ვახსენეთ, Standard & Poor’s Global-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში იუწყება, რომ რუსეთიდან ხალხის მასიური გადინებამ საქართველოსა და სომხეთში ეკონომიკის ზრდა გამოიწვია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა სომხეთში 13.1%-ს გაუტოლდა, ხოლო სომხური დრამი აშშ დოლართან მიმართებით დაახლოებით 20%-ით გამყარდა.

თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გაცვლით კურსზე წნეხი არ შეჩერებულა, არამედ ის გაგრძელდება. მიზეზი კი არის ის, რომ მცირდება იმ ფაქტორების ზეგავლენა, რომლებმაც 2022 წლის დასაწყისში კურსის გამყარებაზე იმოქმედა.

სომხეთის ეროვნული სტატისტიკური კომიტეტის (NSC) ცნობით, 2022 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, სომხეთის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა და 6.4 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. მხოლოდ 2022 წლის ივლისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელმა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2021 წლის ივლისთან შედარებით 67.1%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2022 წლის ივნისთან შედარებით 0.5%-იან კლებას.

სომეხეთის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო ვაჭრობის პარტნიორი რუსეთია. 2022 წელს სომხეთმა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 2.1 მილიარდი შეარჩია, რაც 2021 წლის პირვე; შვიდ თვესთან შედარებით 57.7%-იან მატებას აჩვენებს. სომხეთის მნიშნელოვან სავაჭრო პარნიორებს შორის არის ბელარუსი (85.3 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2.3-ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შეარებით) და უკრაინა (44.2 მილიონი აშშ დოლარი, რაც 46.3%-ით შემცირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით).

აღსანიშნავია, რომ სომხეთიდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 2022 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 43.9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ვკითხულობთ სომხეთის ნაციონალური სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. უფრო მეტიც, 2021 წლის იანვარი-ივლისის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს იმპორტის მოცულობა 50.1%-ით გაიზარდა და 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები სომხეთის რუსეთზე პოლიტიკური დამოკიდებულების ზრდის შესახებაც საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ ქვეყნების პოლიტიკოსებს შორის შეხვედრებმა უფრო ხშირი ხარიათი მიიღო. შედეგად, სომხეთმა საერთაშორისო ასპარეზზე ანტი-რუსული პოზიციებისგან თავი შეიკავა, დათანხმდა რუსული გაზის რუბლებში შეძენას და გეგმავს, მოახდინოს შავ ზღვაში საქართველოდან საბორნე კავშირების სუბსიდირება, რათა გაზარდოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები.

უფრო მეტიც, სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სომხეთში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა 2022 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თითქმის გასამაგდა და თითქმის 1 მილიარდს გაუტოლდა. შედეგად, სომხური დრამი ამერიკულ დოლართან მიმართებით 22%-ით გამყარდა.

 

აზერბაიჯანის გამოცდილება

2022 წელს აზერბაიჯანის შემთხვევაში რუსეთში ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობის ზრდა შეინიშნებოდა, შედეგად აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 1.9%-ით გაიზარდა. თუმცა რუსეთის წილი შემცირდა ვაჭრობაში – თუ 2021 წელს რუსეთს აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 9% ეკავა, 2022 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით, რუსეთთან ვაჭრობამ აზერბაიჯანის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 6.2% დაიკავა.

რაც შეეხება იმპორტს… Azertac-ის საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იანვარ-სექტემბრის პერიოდში რუსეთი აზერბაიჯანისთვის მთავარი საიმპორტიორო ქვეყანა იყო (სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია). ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში აზერბაიჯანმა რუსეთიდან 1.910.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროდუქტის იმპორტი განახორციელა.

Observatory of Economic Complexity-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარში რუსეთმა აზერბაიჯანში 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა, ხოლო აზერბაიჯანიდან – 86.4 მილიონი აშშ დოლარის იმპორტი მიიღო.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობის 60% რუსეთში მყოფ აზერბაიჯანელ მიგრანტებზე მოდიოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გასულ წელს, რუსეთიდან აზერბაიჯანში შემოდინებულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 680 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების ვარაუდით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის ეკონომიკის რეგრესი უარყოფით ზეგავლენას მოახდენს როგორც აზერბაიჯანისა და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებზე, ასევე რუსეთში მცხოვრებ 2.5 მილიონ აზერბაიჯანელ მიგრანტზე.

 

დასკვნა

რუსეთ-უკრაინის ომმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიოს და მათ შორის კავკასიის ვაჭღობის დინამიკაზე. ჯერჯერობით ფაქტია, რომ რუსეთი კვლავ რჩება კავკასიის ქვეყნების ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად, რაც ამ ქვეყნების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

 

 

ავტორები: ია შაოშვილი, ნინო თურქია

ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.