2014 წლის 3-7 თებერვალს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) თანამშრომლებმა ნინო ღვინაძემ და ირინა გურულმა გაიარეს რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ტრენინგი. RIA არსებული და სამომავლო რეგულაციების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების სისტემური მიდგომაა. ტრენინგ კურსი ჩაატარეს რეგულირების რეფორმის საერთაშორისო ლიდერებმა სკოტ ჯაკობსმა და ცეზარ კორდოვამ (Jacobs, Cordova & Associates). ტრენინგის მიზანი იყო RIA მეთოდებისა და კონცეფციის დანერგვა და განვითარება საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის. კურსი მოიცავდა მეთოდოლოგიურ და ინტერაქტიულ სესიებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ტრენინგი ჩატარდა ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) ორგანიზებით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება. სამომავლოდ დაგეგმილია საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით პილოტური პროექტების განხორციელება და RIA მეთოდის გამოყენება რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის შესაფასებლად.