13 მაისს, 11:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის “ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში ორგანიზებულმა სასწავლო ბანაკმა „ფაბრიკაში“ მონაწილეების მეორე ნაკადს უმასპინძლა. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC ) ფინანსური მხარდაჭერით.
ბანაკის მეორე ნაკადის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დანიელ მევლიმ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, და ირინა გურულმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
პროექტის ფარგლებში, 13-15 მაისს საქართველოში ორგანიზებულ სამდღიან სასწავლო ბანაკში მონაწილეობას იღებს არასამთავრობო სექტორის 12 წარმომადგენელი სომხეთიდან და საქართველოდან.
სასწავლო ბანაკის განმავლობაში, მონაწილეები დაესწრებიან სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს, ისინი გაეცნობიან მონაცემებთან მუშაობის, მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდებს, გან ივითარებენ აუდიტორიისთვის კვლევის შედეგების მარტივად მიწოდებისა და ეფექტური ციფრული კომუნიკაციების უნარებს.
სამდღიანი სასწავლო ბანაკის დასრულების შემდეგ, ქართულ-სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სომხეთიდან პროექტში მონაწილე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უმასპინძლებენ.
„ეფექტური ქსელები გადამწყვეტია საზოგადოების ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის გაფართოებისთვის და სამოქალაქო სექტორის საჯარო პოლიტიკის შემუშავებასა და სოციალური განვითარებაზე გავლენის გაზრდისთვის. სამდღიანი Boot Camp, რომელიც არის ACTION პროექტის ნაწილი, შექმნილია იმისთვის, რომ შესთავაზოს მონაწილეებს შესაძლებლობა გაააქტიურონ ასეთი ქსელი – ქართულ-სომხური სამოქალაქო საზოგადოების ქსელი – და წაახალისონ ქსელის წევრი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა ინკლუზიური დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადი განვითარების შედეგების სასარგებლოდ“, – აღნიშნა დანიელ მევლიმ
“პროექტის ფარგლებში ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ მონაწილეების პირველ ნაკადს. მათგან მიღებულმა უკუკავშირმა კი ცხადყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მზაობა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა გრძელვადიანი თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის პროცესში. იმედი გვაქვს, მეორე ნაკადის მონაწილეებისთვის ჩანიშნული შეხვედრები მსგავსი მოტივაციის მიმცემი იქნება და ერთად შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც მრავალი ერთობლივი პროექტისა და რეგიონული განვითარების საფუძველი გახდება”, – აღნიშნა ირინა გურულმა.
პროექტის „ACTION” მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიც არის მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა ვიზუალიზაცია, აუდიტორიისთვის კვლევის შედეგების მარტივ ენაზე მიწოდება და ეფექტური ციფრული კომუნიკაციები. პროექტი დაეხმარება რეგიონის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გრძელვადიანი თანამშრომლობის ქართულ-სომხური პლატფორმის შექმნაში.