ბოლო თვეებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ევროკავშირის ფასდაუდებელმა როლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის მაქსიმალური ჩართულობა საქართველოში მიმდინარე შიდა-პოლიტიკურ პროცესებში გადამწყვეტ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესზე და ხელს უწყობს ევროპული ღირებულებების გავრცელებას კავშირის ფარგლებს მიღმა.
საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის უწყვეტი მხარდაჭერა ცხადყოფს ევროპული ინსტიტუტებისადმი ქართულ საზოგადოებაში არსებული ნდობის მაღალ ხარისხს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან კაპიტალს წარმოადგენს როგორც საქართველოსთვის ასევე ევროკავშირისთვის. შესაბამისად, საქართველოსა და მთლიანად რეგიონში ევროკავშირის როლის მკაფიოდ გამოკვეთის მიზნით, გთხოვთ განიხილოთ შემდეგ საკითხებში სწრაფი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა:
საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და ჯერ ისევ აღმოსავლეთ პარტნიორობის გამოკვეთილი ლიდერი იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ პერსპექტივას;
მნიშვნელოვანია, რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო-პოლიტიკურ ოკუპაციას ევროკავშირმა შესაბამისი სახელი დაარქვას. ევროკავშირის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენება უფრო მკაფიოდ გამოკვეთავს ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერას;
ევროკავშირის მიერ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მათი სრულფასოვან ჩართულობის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციის უმნიშვნელოვანეს განზომილებას წარმოადგენს;