ბლოგი

მოსწავლეთა წიგნიერება – საქართველოსა და აზერბაიჯანის მაგალითი

მოსწავლეთა წიგნიერება – საქართველოსა და აზერბაიჯანის მაგალითი

მოსწავლეთა ცოდნის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმებით ხდება და გვაძლევს წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის განათლების სისტემა. ისეთი საგნების ცოდნა,  როგორცაა მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები, ასევე წიგნიერების მაჩვენებლები შესაძლებლობას იძლევა დაწყებითი განათლების ხარისხი და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობა განისაზღვროს. მსგავსი კვლევები გლობალური მასშტაბით ტარდება და ქვეყნების განვითარების შედარების საშუალებასაც ქმნის ამ მიმართულებებით. რამდენიმე ციფრი განსჯისთვის:

საქართველოს, პოსტ-საბჭოთა და კავკასიის რეგიონის მიღწევების დინამიკა მათემატიკაში (მე-4 და მე-8 კლასი) – 2019 წლის TIMMS-ის ანგარიშიდან გამომდინარე, საქართველოს მე-4 და მე-8 კლასელი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკაში შეფასებულია 482 და 461 ქულით. წინა წლებისგან განსხვავებით მეოთხე კლასელთა მიღწევები საგრძნობლად გაუმჯობესდა, მერვე კლასელთა ხარისხი კი 8 ქულით წინ წავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიღწევების სტატისტიკურად ყველაზე საგრძნობელი ზრდა დაფიქსირდა სოფლად, სადაც მიღწევის ყველაზე დაბალი საფეხურია.

თუკი შევადარებთ, საქართველოს მეოთხე და მერვეკლასელთა მიღწევებს მათემატიკაში, შეფასებაში მყოფ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისა და თურქეთის მიღწევებს, მათთან მიმართებით დავინახავთ, რომ 2007 წლიდან 2019 წლამდე მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.

 

საქართველოს, პოსტ-საბჭოთა და კავკასიის რეგიონის მიღწევების დინამიკა ბუნებისმეტყველებაში (მე-4 და 8-კლასი)  ამავე ანგარიშიდან გამომდინარე, საბუნებისმეტყველო საგნებში საქართველოს მოსწავლეების მიღწევები მეოთხე კლასში შეფასებულია 454, მერვე კლასში კი 447 ქულით. ეს შედეგები კი, 2015 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია მხოლოდ 4 ქულით. აღსანიშნავია 2007-2019 წლებში საქართველოს მოსწავლეების შედეგების დინამიკაც, სადაც ვხედავთ, რომ საქართველო, მოცემული ქვეყნებისგან განსხვავებით უმნიშვნელოდ აუმჯობესებს მიღწევებს, აზერბაიჯანის მეოთხე კლასელთა შემთხვევაში კი გაუარესება თვალსაჩინოა.

 

 

საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, კერძოდ, აზერბაიჯანის მიღწევების დინამიკა მოსწავლეთა წიგნიერებაში – 2018 წლის PISA-ს ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე საქართველოს საშუალო მიღწევა კითხვაში, ინფორმაციის მოძიებასა, ტექსტის გააზრებას და რეფლექსიაში 380, 362,374 და 379 ქულები აქვს, რაც საშუალოზე დაბალია ყველა კომპონენტში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, კონკრეტულად ბაქოს, მიღწევა კითხვაში 2 ქულით წინ არის საშუალოსთან მიმართებით. ამასთან ერთად, კვლევიდან გამომდინარე დასტურდება, რომ დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდგომ წაკითხულის გააზრება არ შეუძლიათ 14%-ს, საქართველოს მაჩვენებელი კი რეგიონის საშუალო შედეგზე (11%) უარესია.

 

ავტორი: თედო ევგენიძე

ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.