„პოლარიზაციის ახალი ერა“ – ამ სათაურით აქვეყნებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის გლობალურ ანალიზს, სადაც ორჯერ გაზრდილი პოლარიზაციის გამომწვევ მთავარ მიზეზად საინფორმაციო ქაოსი სახელდება (BORDERS, 2022). ჩვენს საუკუნეში კი საინფორმაციო ქაოსზე საუბარი გასაკვირი არ იქნება, მითუმეტეს, თუ ვიტყვით, რომ გლობალური სოციალური მედია სტატისტიკის შემაჯამებელი 2022 წლის კვლევის მიხედვით, 4.70 მილიარდი ადამიანი სოციალური მედიის მომხმარებელია, რაც მთლიანი მოსახლეობის 59%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სოციალური მედიის მოხმარების კუთხით (Chaffey, 2022). სწორედ სოციალური მედიის გავლენაზეა ხაზი გასმული მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის გლობალურ ანალიზშიც და აღნიშნულია, რომ „გლობალიზებული და არარეგულირებადი ონლაინ საინფორმაციო სივრცე ახალისებს და პროპაგანდას უწევს ყალბი ამბების გავრცელებას“ (BORDERS, 2022). გამოცემა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ხარისხს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ყოველწლიურად აფასებს. წლევანდელი მონაცემების მიხედვით, მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში პირველ სამეულს სკანდინავიის ქვეყნები: ნორვეგია, დანია და შვედეთი წარმოადგენენ (BORDERS, 2022). გლობალური სოციალური მედია სტატისტიკის შემაჯამებელი 2022 წლის კვლევის მიხედვით კი, 2022 წელს, მსოფლიო საზოგადოებაში ყველაზე დიდი პოპულარობით Facebook, YouTube და WhatsApp სარგებლობენ (Chaffey, 2022). საინტერესოა, ამ ფონზე როგორია მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში და რომელ სოციალურ მედიასაშუალებებს ანიჭებს უპირატესობას მათი მოსახლეობა.
საქართველო
2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილს იკავებს (BORDERS, 2022), რაც წინა წლების მაჩვენებლების ფონზე გაუარესებული მონაცემია. მეტიც, 2013 წლის შემდეგ, ეს თავისუფლების ხარისხის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საუკეთესო შედეგი (მე-60 ადგილი) ამ კუთხით, საქართველოს 2019, 2020, 2021 წლებში ჰქონდა (BORDERS, 2022). გამოცემა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ქვეყნის საბოლოო პოზიციას რამდენიმე სფეროში მედიის თავისუფლების ხარისხის შეფასებით ადგენს, ესენია: პოლიტიკური, ეკონომიკური, საკანონმდებლო, სოციალური და უსაფრთხოების სფეროები. ამ მხრივ კი მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, საქართველოს პოზიციები ასე გამოიყურება: პოლიტიკური მაჩვენებელი – 102-ე ადგილი; ეკონომიკური მაჩვენებელი – 74-ე ადგილი; საკანონმდებლო მაჩვენებელი – 32-ე ადგილი; სოციალური მაჩვენებელი – 67-ე ადგილი, უსაფრთხოების მაჩვენებელი – 135-ე ადგილი; (BORDERS, 2022). „ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესების მცდელობებს. 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა,“ – აღნიშნულია ანგარიშში (BORDERS, 2022). აქვე საუბარი ეხება საქართველოში არსებულ მედია გარემოს და ამ კონტექსტში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საკანონმდებლო, სოციოკულტურულ თუ უსაფრთხოების კუთხით ვითარებას. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია გარემო მრავალფეროვანი და ძალიან პოლარიზებულია, ხშირია მედიასაშუალების მფლობელების მიერ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. ამის საილუსტრაციოდ კი მოყვანილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაგალითი და აღნიშნულია, რომ ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ სარედაქციო პოლიტიკა მას შემდეგ შეცვალა, რაც ახალი მფლობელის ხელში გადავიდა. მთავარ საინფორმაციო წყაროდ კი ტელევიზიაა მიჩნეული. ამასთან ერთად, აღნიშნულია, რომ იზრდება რეგიონული და საზოგადოებრივი რადიოების გავლენა, იკლებს ბეჭდური მედიის როლი და მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ მედიის მომხმარებელთა რაოდენობა (BORDERS, 2022). პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საკანონმდებლო, სოციოკულტურულ თუ უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, ანგარიშის მიხედვით, საფრთხეს უქმნის: 2020 წლის ოქტომბრის „სადავო საკანონმდებლო არჩევნები“ და ამ ფონზე ტელევიზიებზე კონტროლის გაძლიერება; პოლიტიკურ ლიდერებთან მედიასაშუალებების მფლობელების კავშირები; ხელისუფლების ჩარევის მცდელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში; ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილების გზით სხვადასხვა მედიასაშუალების კონტროლის მცდელობა; სასამართლოს თავდასხმის მცდელობა კონფიდენციალურ წყაროს გამჟღავნების მიზნით; სუსტი სარეკლამო ბაზარი ბეჭდურ და ონლაინ მედიაში; საზოგადოების გავლენა ისეთი საკითხების გაშუქებისას, როგორიცაა რელიგია, უმცირესობათა უფლებები, რუსული გავლენა, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტებზე, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, ჟურნალისტებზე მოძალადე პირების დაუსჯელობა; (BORDERS, 2022).
მედიასა და მის რეიტინგებზე საუბრისას, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც აღვნიშნავთ, რომ საქართველოში უფრო და უფრო იზრდება ონლაინ მედიის მომხმარებელთა რაოდენობა (BORDERS, 2022), აუცილებელია ვთქვათ როგორია ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი საზოგადოებაში. როგორც მსოფლიო ბანკის 2020 წლის მონაცემებით ირკვევა, საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის 73% მოიხმარს. (Bank, 2020). 2022 წლის მონაცემთა ანგარიშის (DataReportal) მიხედვით, საქართველოში Facebook-ს 2.70 მილიონი ადამიანი იყენებს, Instagram-ის მომხმარებელთა რაოდენობა 1.45 მილიონს შეადგენს, რასაც მოჰყვება LinkedIn და Twitter, შესაბამისად, 440 ათასი და 143.6 ათასი მომხმარებლით (Kemp, 2022). უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში სოციალური ქსელების მხოლოდ ამ ოთხეულის მონაცემებია წარმოდგენილი. თუმცა თუ 2022 წლის სოციალური მედიის გლობალურ სტატისტიკას დავეყრდნობით, საქართველოში პოპულარობით Facebook (85.88%), Pinterest (4.45%) და Instagram (3.42%) სარგებლობენ, რასაც მოსდევს 2.78%-ით YouTube, 2.01%-ით Twitter და 0.57%-ით Reddit (GlobaStats, 2022).
სომხეთი
2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის სომხეთს 51-ე ადგილი უჭირავს, რაც წინა წლის მონაცემთან (63-ე ადგილი) 12 ერთეულით გაუმჯობესებულია, მეტიც 2003 წლიდან დღემდე სომხეთს მედიის თავისუფლების ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს. ყველაზე ცუდი შედეგი (111-ე ადგილი) კი 2009 წელს აჩვენა (BORDERS, 2022). როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პლურალისტული გარემოს მიუხედავად, სომხეთის მედია კვლავ პოლარიზებული რჩება. ძირითად პრობლემად კი დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის უპრეცედენტო რაოდენობა სახელდება (BORDERS, 2022). ახალი ამბების მთავარ საინფორმაციო წყაროდ სოციალური ქსელებია მიჩნეული, რომელსაც ყოველდღიურად მოსახლეობის ორი მესამედი იყენებს. მთავარ დამოუკიდებელ ონლაინ საინფორმაციო სააგენტოებად Civilnet.am, Hetq.am, Factor.am და Azatutyun.am არის დასახელებული. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ მაუწყებლობისა და ბეჭდური მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა არსებობს (BORDERS, 2022). რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებით პრესის თავისუფლების მაჩვენებლებს, სომხეთში ეს მონაცემები ასე გამოიყურება: პოლიტიკური მაჩვენებელი – 55-ე ადგილი; ეკონომიკური მაჩვენებელი – 81-ე ადგილი; საკანონმდებლო მაჩვენებელი – 45-ე ადგილი; სოციალური მაჩვენებელი – 63-ე ადგილი; უსაფრთხოების მაჩვენებელი – 47-ე ადგილი; (BORDERS, 2022). პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საკანონმდებლო, სოციოკულტურულ და უსაფრთხოების კონტექსტში მედიის თავისუფლების ხარისხის განსაზღვრისას 2022 წლის გამოცემის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რამდენიმე მედია საშუალება ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, თუმცა მედია გამოცემების დიდი ნაწილი 2018 წლის რევოლუციის შემდეგ გამოჩენილ პოლიტიკურ ლიდერებთან ან ძველ ოლიგარქებთან არიან დაახლოებული; კვლავ პრობლემად რჩება პოლიტიკური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები; საკანონმდებლო ბაზა საკმარისად არ იცავს პრესის თავისუფლებას და არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს; ამასთან ერთად, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია; შეზღუდულია კერძო მედიის ფინანსური დამოუკიდებლობაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ხელისუფლების კრიტიკისგან თავს იკავებს; შეურაცხმყოფელად ითვლება ჟურნალისტის პროფესია და ხშირია ჟურნალისტების სიძულვილის ენით მოხსენიების, მათი კორუფციაში დადანაშაულების ფაქტები, რაც ანგარიშის მიხედვით თვითცენზურას აძლიერებს, ჟურნალისტებზე თავდასხმა კი ხშირად დაუსჯელი რჩება. (BORDERS, 2022).
მსოფლიო ბანკის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, სომხეთში ინტერნეტს მთლიანი მოსახლეობის 77% მოიხმარს (Bank, 2020). როგორც 2022 წელს გაკეთებული მონაცემთა ანგარიშშია (DataReportal) აღნიშნული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ Facebook-ს სომხეთში 1.40 მილიონი ადამიანი იყენებს, 1.10 მილიონს შეადგენს Instagram-ის მომხმარებელთა რაოდენობა, რასაც მოჰყვება LinkedIn 260 ათასი მომხმარებლით და Twitter 53.3 ათასით (Kemp, 2022). როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, DataReportal-ის ანგარიშში არაა YouTube-ისა და Pinterest-ის მონაცემები, თუმცა 2022 წლის სოციალური მედიის გლობალური სტატისტიკის მიხედვით, სოციალური ქსელების პოპულარობის მაჩვენებელი სომხეთში ასე გამოიყურება: Facebook (56.81%); Pinterest (17.56%); Instagram (9.56%); Twitter (6.92%); YouTube (5.01%) და Reddit (1.4%) (GlobaStats, 2022).
აზერბაიჯანი
2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, აზერბაიჯანს 180 ქვეყანას შორის 154-ე ადგილი უკავია (BORDERS, 2022). როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2011 წლის შემდეგ, აზერბაიჯანმა მედიის თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხი სწორედ 2022 წელს აჩვენა. გასულ წელს ქვეყანა 167-ე ადგილზე იმყოფებოდა. 10 წლის განმავლობაში საუკეთესო პოზიცია (101-ე ადგილი) კი 2002 წელს ეკავა ( (BORDERS, 2022). გამოცემა „რეპორტიორები საზღვრებს მიღმა“ შედეგების ანალიზში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში „პლურალიზმის ყველანაირი სახე ნელ-ნელა გაქრა და 2014 წლიდან პრეზიდენტი ცდილობს დარჩენილი კრიტიკოსების გაჩუმებას“ (BORDERS, 2022). გამოცემის მიხედვით, ყველაზე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებად Azadliq და Meydan TV არიან მიჩნეული და ისინიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაფუძნდნენ, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ მედიასაშუალებებს, როგორც შედეგების ანალიზი იუწყება, მედია სექტორი ოფიციალური კონტროლის ქვეშ არის, კრიტიკული პოზიციის მქონე მედიასაშუალებები კი დახურული, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო წყარო სახელმწიფოს კუთვნილი ტელევიზიაა (BORDERS, 2022). პოლიტიკურ კონტექსტში მედიის თავისუფლების ხარისხის შეფასებისას ვკითხულობთ, რომ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ, მედიის მარეგულირებელი სააგენტოების თუ ჟურნალისტთა ფედერაციის სათავეებში მთავრობის მიერ დანიშნული პირები არიან, ხშირია პერსონალური ინფორმაციის გავრცელებით კრიტიკოსი ჟურნალისტების დაშინება. გამოცემის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიხედვით, რეპრესიული მედია კანონები არღვევს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო ვალდებულებებს, სოციალური ქსელების მეშვეობით კრიტიკული ინფორმაციის გამავრცელებელ პირებს კი მკაცრი ჯარიმების საფრთხე ემუქრებათ. ეკონომიკური კონტექსტში მედიის თავისუფლების ხარისხის შეფასებისას, გამოცემა აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში უცხოელ დონორებთან თანამშრომლობა 2014 წლიდან შეზღუდულია, სარეკლამო სექტორს აზერბაიჯანის მთავრობა აკონტროლებს, ხშირია ჟურნალისტების მოსყიდვის შეთხვევები. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ხაზს უსვამს რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები ხშირად დაბრკოლებებს უქმნის ჟურნალისტებს, დედაქალაქის ფარგლებს გარეთ კი ქალებს საკუთარი საქმიანობის განხორციელება უჭირთ. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზეწოლის, შანტაჟის თუ კორუფციის მოწინააღმდეგე ჟურნალისტები დაკავებულები არიან აბსურდული ბრალდებებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში კი, ჟურნალისტების შეურაცხყოფის გამო არცერთი თანამდებობის პირი სანქცირებული არ ყოფილა (BORDERS, 2022).
რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარების პროცენტულ მაჩვენებელს, მსოფლიო ბანკის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ინტერნეტს აზერბაიჯანის მოსახლეობის 85% მოიხმარს (Bank, 2020). DataReportal-ის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში Facebook-ს 1.600 მილიონი ადამიანი იყენებს, მაშინ როცა Instagram-ის შემთხვევაში ეს რიცხვი გაცილებით მაღალია და 4.05 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც შეეხება LinkedIn-სა და Twitter-ს მათი მომხმარებელთა რაოდენობა, შესაბამისად, 550 ათასი და 212 ათასია (Kemp, 2022). თუმცა, Facebook-ისა და Instagram-ის მონაცემების შემთხვევაში, განსხვავებულ შედეგებს იძლევა 2022 წლის სოციალური მედიის გლობალური სტატისტიკა. GlobalStats-ზე დაყრდნობით ქვეყანაში ყველაზე მეტი მომხმარებელი YouTube-ს (30.1%), Facebook-ს (26.01%) და მხოლოდ მათ შემდეგ ჰყავს Instagram-ს (18.12%), რასაც Pinterest 15.74%-ით, Twitter 6.05%-ით და Reddit 1.23%-ით მოსდევს (GlobaStats, 2022).
საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებისა თუ სტატისტიკის მიხედვით, ერთ რეგიონში მდებარე სამივე სახელმწიფოს მედიის თავისუფლების ხარისხის კუთხით სხვადასხვა და ზოგიერთ შემთხვევაში ერთნაირი პრობლემებიც აქვს. თუ თითოეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელს განვიხილავთ, მაშინ განსხვავება იმდენად მკვეთრი აღარ იქნება. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით სოციალური ქსელების პოპულარობის მაჩვენებლებს, აშკარაა, რომ რეიტინგების მიხედვით Facebook სამივე მათგანისთვის პირველ სამეულში შედის.
ავტორი: გვანცა ბზიავა
ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ- აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.
ბიბლიოგრაფია
BORDERS, R. W. (2022). 2022 World Press Freedom Index. REPORTERS WITHOUT BORDERS.
Chaffey, D. (2022). Global social media statistics research summary 2022. Smart Insights.
GlobaStats. (2022, September). stat counter GlobalStats. Retrieved from stat counter GlobalStats: https://gs.statcounter.com/social-media-stats/all/georgia
Bank, T. W. (2020). The World Bank. Retrieved from The World Bank: https://data.worldbank.org/country/georgia
Kemp, S. (2022, February 15). DataReportal. Retrieved from DataReportal: https://datareportal.com/about