მდგრადი და განახლებადი ენერგოპოლიტიკა მსოფლიოში კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ბერკეტად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ განახლებად ენერგიის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა მრავალი ქვეყნისთვის ჯერაც დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, ამ მიმართულებით მსოფლიომ საკმაოდ იმედისმომცემი პროგრესი განიცადა. სიახლეებია ამ თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშიც, სადაც, სპეციფიური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინერე, სათბურის აირების ემისიების შესამცირებლად მზის, ქარის, წყლის და სხვა ტიპის განახლებად ენერგიების ახალი ტექნოლოგიები აქტიურად ინერგება.
ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და 21-ე საუკუნისთვის განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელის (REN21) ანგარიშში (განახლებადი ენერგიის წყაროების 2022 წლის გლობარული სტატუსი) ხაზგასმულია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში 2018 წლიდან განახლებადი ელექტროენერგიის წყაროები უპრეცედენტო ზრდა ფიქსირდება. საინტერესოა, როგორია სტატისტიკა, პერსპექტივები და გამოწვევები ამ მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიხედვით (REN & UNECE, 2022).
საქართველო
ენერგო იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევა. საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებით, ენერგოეფექტურობის ნაწილში მიღებული ვალდებულებების შესრულების პარალელურად, ქვეყანამ იმპორტირებული ენერგიის რაოდენობა უნდა შეამციროს (დამოკიდებულება რუსეთსა და აზერბაიჯანზე). როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებით, წლიდან წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება, იმისთვის რომ იმპორტი შემცირდეს, ქვეყანამ ელექტროენერგიის ადგილობრივად წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი, ამასთანავე მნიშვნელოვანია ნავთობპროდუქტების მიმწოდებლის დივერსიფიკაციისა და გაზისა და ნავთოპროდუქტების საცავების მშენებლობა.
საერთაშორისო განახლებადი ენერგიის სააგენტოს (IRENA) 2022 წლის ანგარიშში, საქართველოში განახლებადი ენერგიების მაჩვენებელი გასულ ორ წელიწადთან შედარებით 25%-ით არის გაზრდილი. ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე 962,4 ვატი განახლებადი ენერგია გამომუშავდება (IRENA, 2022).
საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატერგიით ქვეყნის მიზანია 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 15%-ით შემცირება (საქართველოს მთავრობა, 2021). ამ მიზნის მიღწევას ქვეყანა ელექტროენერგიის წარმოებაში ქარის, მზის და წყლის ენერგიის წილის 87%-მდე გაზრდით გეგმავს. ქვეყნისთვის იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება სწორედ ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების გზაზე გადის. მიუხედევად იმისა, რომ 2020-21 წლებში საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ენერგოპროექტი – ნამაჰვანჰესი ჩავარდა და მშენებლობა შეჩერდა, საქართველოში სხვა ალტერნატიული წყაროების – გეოთერმული და მზის ენერგიის შესაძლებლობების შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მზის რადიაცია საკმაოდ მაღალია, რაც შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალურად იყოს ათვისებული მზის ენერგია. მაგალითად, საქართველოში მზის ენერგიის სრული სავარაუდო პოტენციალი 1 წლის განმავლობაში 1,900-2,200 მზიანი საათის გათვალისწინებით 108 მგვტ-ია. 2023 წლის ჩათვლით საქართველოში იგეგმება უდაბნოს (5მგვტ), ფლავის (7მგვტ), გარდაბანის (50 მგვტ), მარნეულის (20 მგვტ), ჯეოსოლარი (9კმგვტ) და საგარეჯოს(25მგვტ) მზის სადგურების აშენება.
რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურებს, მათი წარმოების წლიური პოტენციალი Invest in Georgia-ს (2020) მიერ პერსპექტიულად არის შეფასებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ქარის ენერგია ჰიდროენერგიისთვის მნიშვნელოვანი დანამატი იქნება, რადგან ზამთრის თვეებში, როცა ჰიდრო ენერგიის წარმოება იკლებს, ქარის ენერგიის წარმოება ბევრად მაღალი ხდება. ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა კერძო სექტორთან თანამშრომლობით შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში 9 ობიექტზე იგეგმება. კერძოდ ესენია, იმერეთი (104მგვტ), რიკოთი-ფონა (20მგვტ), ქართლი-2 (250 მგვტ), თბილისი (54მგვტ), ზესტაფონი (50მგვტ), ნიგოზა (50მგვტ), კასპი (54 მგვტ), დიდებულა (21 მგვტ), რუისი (8მგვტ). ჰიდროენერგიის საჭიროების თვალსაზრისით, სტრატეგიაში წერია რომ ამ ეტაპზე საქართველოში წყლის რესურსის მხოლოდ 20-22%-ს ტექნიკური პოტენციალი გამოიყენება, ხოლო სრული პოტენციალი 1450 მგვტ-ს შეადგენს.
განახლებადი ენერგიების მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო ბიოგაზზს უკავშირდება. ბიოგაზზე მომუშავე ელექტროსადგურები საწვავად მცენარე ამარანტს იყენებს, ეს ტექნოლოგია საქართველოში ჯერ კიდევ შემუშავებული არ არის, თუმცა 2030 წლამდე ამ მიმართულებით ქვეყანა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით რამდენიმე კვლევითი- პროექტის განხორციელებას გეგმავს.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში გასათბობად შეშას სოფლად მცხოვრები ოჯახების 95,9%, ხოლო ქალაქში მცხოვრები ოჯახების 25,7% იყენებს (REN & UNECE, 2022). განახლებადი ენერგიის წყაროების 2022 წლის გლობარული სტატუსის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მონაცემების შესამცირებლად კარგია ქვეყანაში აქტიურად იქნას გამოყენებული ე.წ სვანური ფეჩი, რომელიც მოიხმარს ტრადიციულ ფეჩთან შედარებით ,25-50%-ით ნაკლებ შეშას და მისი თერმოეფექტურობაც 75%-ით მაღალია.
ცხადია, ამ ყველაფერს საქმედ ქცევა, ინვესტიციების მოზიდვა და პრაქტიკაში რეალიზაცია სჭირდება, რათა გეგმა რეალურად განხორციელდეს.
ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საქართველო 2022 წლიდან ამ მიმართულებით ახალი და მასშტაბური თანამშრომლობისთვის ემზადება. დანიასთან ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, 2023 წლის ბოლომდე საქართველოში განახლებადი ენერგიის მიმართულებით საქართველო-დანიის ერთობლივი პროექტები განხორციელდება.
სომხეთი
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ანგარიშში ნათქვამია, რომ სომხეთში ელექტროენერგიის მოხმარების საერთო მაჩვენებელში განახლებად ენერგიებს 9%-იანი წილი აქვს, 61% უკავია გაზს, ბირთვულ ენერგიას 16%, და ნავთობს 12% (IRENA, 2022). 2019 წლის მონაცემებით, განახლებადი ენერგიებიდან, ქვეყანა ყველაზე მეტს 60%-ს იყენებს წყალს, მზის ენერგიის მოხმარების საერთო წილი არის 3%, ხოლო ბიოენერგიის 37%. განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტურობის სახელმწიფო ფონდი – ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია სომხეთში განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მხარდაჭერაზე. მსოფლიო ბანკის ანგარიშით, ქვეყნის ენერგო პოლიტიკა საკანონმდებლო თვალსაზრისით, სრულად ასახავს ევროპულ სტანდარტებს, ამასთანავე განახლებადი ენერგიების მიმართულებით 75%-ით გაზრდილია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ახალი ინიციატივები და მხარდამჭერი რეგულაციები. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებები შეუძლია განახორციელოს მზისა და ჰიდრო ენერგიის პოტენციალის გამოყენებით, თუმცა ქარის ენერგიის მიმართულებით სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები არსებობს. ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 4% იძლევა ქარის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობას (Keogh, 2021).
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სომხეთისთვის მთავარი გამოწვევა განახლებადი ენერგიების მიმართულებით არის არსებული ტარიფები და ნაკლები თანამშრომლობა კერძო თუ საერთაშორისო კომპანიებთან, დონორებთან. ასევე მთავარი რეკომენდაცია ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება და ახალი თანამშრომლობაა მეზობელ ქვეყნებთან, მაგალითად საქართველოსთან, ირანთან. ამასთანავე მნიშვნელოვანია ქვეყანამ ენერგო სუბისიდიებს თავი აარიდოს და დანერგოს ლიბერალური საბაზრო ფასები.
სომხეთის რესპუბლიკის ენერგიის სექტორის განვითარების სტრატერგია 2040-ში განსაკუთრებული ყურადღება განახლებადი ენერგიების მიმართულებით, სწორედ მზის ენერგიის ზრდასა და ახალი ინიციატივების დანერგვას ეთმობა (RA Government Decision N 2021, 2020). ქვეყნის ტერიტორიაზე 1 კვ.მ ზედაპირზე საშუალოდ 17120 კვტს.მ მზის ენერგია გამომუშავდება, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე მეტია (1000კვტსთ/მ). ამ მიმართულებით სომხეთში ბოლო წლებია სხვადასხვა მცირე, თუ მასშტაბურ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. 2015 წლიდან დღემდე ქვეყანამ 58 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მზის ენერგიის სადგურები დაამონტაჟა. 2020 წლის მონაცემებით, 2017 წელს მზის ენერგიის წარმოება სომხეთში 0,4 მილიონ კლვტსთ-დან 56,5 მილიონ კვტსთ-მდე გაიზარდა. 2022 წლის ბოლომდე კი 48 მზის ენერგიის სადგურის ამოქმედება იგეგმება.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც განახლებადი ენერგიის წყაროებს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. ქვეყნის საერთო ენერგო მოცულობა 7542 მეგავატია, გაზისა და ნავთობის პარალელურად, განახლებადი ენერგიების წილი საერთო მოცულობა 17,3%-ია (IRENA, 2022). ქვეყანამ 2013 წელს ენერგიის ალტერნატიული და განახლებადი წყაროების სახელმწიფო სააგენტო (SAARES) დაარსა, რითიც, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებაზე ინსტიტუციური პასუხისმგებლობა გაზარდა და ახალი კანონმდებლობისა, თუ სტრატეგიების ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მდგრადი ენერგო პოლიტიკის გატარება დაიწყო. მაგალითად, აზერბაიჯანი აზიის განვითარების ბანკისა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული კომპანია Masdar-ის დაფინანსებით 230 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს (21,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულება). ახალი სადგური ქვეყანას 265 000 ტონა სათბურის აირების ემისიის შემცირებაში დაეხმარება (ADB, 2022).
აზერბაიჯანი 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 30%-ის გენერირებას სწორედ განახლებადი ენერგიის წყაროებით გეგმავს. 2020 წლის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში 11,2 მილიარდი კილოვატი საათის ელექტროენერგია იწარმოა, აქედან, თერმულმა სადგურებმა 10.3 მილიარდი კილოვატი ენერგია გამოიმუშავა, დანარჩენი კი შემდეგნაირად გადანაწილდა: ჰიდროელექტროსადგურები 768,9 მილიონი კვტ საათი, ქარის სადგურები 41,1 მილიონი კვტსაათი, მზის სადგურები 96,7მილიონი კვტ საათი (The Ministry of Wnergy of the Republic of Azerbaijan, 2022).
აზერბაიჯანის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა საშუალებას ქვეყნის განახლებადი ენერგიის ნახევარზე მეტი – 59,2% სრულად დაეყრდნოს ქარის ენერგიას. ასეთ ტერიტორიებად მიჩნეულია კალბაჯარისა და ლაჩინის რეგიონები. ქვეყანა გეგმავს, რომ 2050 წლისთვის ტრანსფორმირდეს როგორც სრულად მწვანე ენერგო ზონა და სათბურის აირის ემისიები 40%-მდე შეამციროს.
ერთია ქვეყნის პოტენციალი და ეროვნულ დონეზე მიზნების განსაზღვრა, მეორეა მათი პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც როგორც ინსტიტუციონალური, ისე საკანონმდებლო მზაობისთვის ბევრი თანხა გამოყო, თუმცა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული მიზნების შესრულება ვერ შეძლო. მაგალითად, ქვეყანას 2020 წლისთვის ენერგო მოხმარებაში განახლებადი ენერგიის წილი 9,7%-ით უნდა გაეზარდა, თუმცა 2019 წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 1,6%-ზე მეტი არ იყო.
ავტორი: ნათია კეკენაძე
ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
ADB. (2022). ADB, Masdar Sign $21 Million Loan to Build Landmark Solar Power Project in Azerbaijan . Retrieved from https://www.adb.org/news/adb-masdar-sign-21-million-loan-build-landmark-solar-power-project-azerbaijan?fbclid=IwAR13gTctCU8rsQNHqLxisQ9sQuqo_GsKVCwAMn9XxHmmGizYEnbId4OTMQ8
საქართველოს მთავრობა. (2021). საქართველოს კლიმატის ცვლილების სტრატერტია 2030.
Keogh, M. (2021). Renewable Energy Development and Energy Security in Armenia. Caucasus analytical digest(https://www.laender-analysen.de/cad/pdf/CaucasusAnalyticalDigest120.pdf).
RA Government Decision N 2021. (2020). Republic of Armenia Energy Sector Development Strategic Program to 2040. Retrieved from https://policy.asiapacificenergy.org/sites/default/files/Energy%20Sector%20Development%20Strategic%20Program%20to%202040%20.pdf
The Ministry of Wnergy of the Republic of Azerbaijan. (2022). The Use of Renewable Energy Resources in Azerbaijan. Retrieved from https://minenergy.gov.az/en/alternativ-ve-berpa-olunan-enerji/azerbaycanda-berpa-olunan-enerji-menbelerinden-istifade
IRENA. (2022). Renewable energy statistics. Abu Dabhi: International Renewable Agency. https://www.irena.org/publications/2022/Apr/Renewable-Capacity-Statistics-2022
REN, & UNECE. (2022). Renewable Energy Status Report (Paris: REN21 Secretariat). https://www.ren21.net/wp-content/uploads/2019/05/REN21_UNECE2022_FullReport.pdf