ლიდერთა განვითარების აკადემიის კურსდამთავრებულები ვაცხადებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური,
ეკონომიკური და კულტურული ადგილი მხოლოდ ევროპაშია, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე
მუხლით.
ვემიჯნებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან
გადახვევას და ხელს უშლის მის განხორციელებას. კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პოლიტიკური პარტია
,,ქართული ოცნების’’ 28 ნოემბრის განცხადება, რომლითაც 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების
გახსნის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ვგმობთ ე.წ. პოლიციისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედია
საშუალებებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიმართ სისტემურ ძალადობასა და დევნას,
რაც მასშტაბურ რეპრესიებში გადაიზარდა. ყოველდღიურად ვხედავთ უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეების
დაპატიმრებებს და დაკავებულთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია 400-ზე
მეტი პირი, მათგან 300-ზე მეტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ძალოვნების მხრიდან ძალადობის არცერთ
შემთხვევაზე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის მებრძოლ მშვიდობიან
მოქალაქეებს და ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებულ ასეულობით ადამიანს. მათი სიმამაცე
გადამდებია! მოვითხოვთ უკანონოდ დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და სისხლის
სამართლებრივი დევნის შეწყვეტას!
აქვე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ჩვენს კურსდამთავრებულ ნიკოლოზ ალავიძეს,
რომელიც შვილთან, ვაკო ალავიძესთან ერთად, 7 დეკემბერს დააკავეს.
მივიჩნევთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად,
რომელიც უნდა გაიმართოს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო მეთვალყურეობის
ქვეშ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროპული ინტეგრაციის პროცესში
დაბრუნება.
ლიდერთა აკადემია განვითარებისთვის (Leadership Academy for Development/LAD) სტენფორდის უნივერსიტეტის
დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)
ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც 2016 წლიდან საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი
რგოლის წარმომადგენლებს აღჭურვავს ლიდერობის, გარდაქმნებისა და რეფორმების უნარ-ჩვევებით. ჩვენ, ლიდერთა
აკადემია განვითარებისთვის კურსდამთავრებულებს, უპირველესად გვაერთიანებს თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს ადგილი კი მხოლოდ ევროპაშია!
ლიდერთა აკადემია განვითარებისთვის კურსდამთავრებულები
7 დეკემბერი, 2024