20 ნოემბერს საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა კომპანია „Shell Oil“-ის ყოფილ პრეზიდენტთან და არიზონას უნივერსიტეტის წამყვან მეცნიერთან ჯონ ჰოფმაისტერთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მსოფლიოსა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები. ჯონ ჰოფმაისტერი გააკეთა პრეზენტაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ ენერგეტიკული პროექტები ისე, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, ისე მოქალაქეების სოციალური ინტერესები და საჭიროებები; მან ასევე ისაუბრა ინვესტორების მოძიების სტრატეგიებზე.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები, ენერგეტიკულ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები, ექსპერტები და საქართველოში ამ დარგზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტები.
შეხვედრა გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (G-PAC), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გლობალური მდგრადი განვითარების ინსტიტუტის (ASU Global Institute of Sustainability) ორგანიზებით.
ჯონ ჰოფმაისტერი ამერიკის ენერგეტიკულ სექტორში საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენი და სამოქალაქო ლიდერია. კომპანია Shell Oil-ის პრეზიდენტობის პერიოდში, ბატონმა ჰოფმეისტერმა 15,000-ზე მეტ ბიზნესმენს, პოლიტიკოსს, თემის ლიდერსა და აკადემიკოსს მოუყარა თავი, რათა ენერგეტიკულ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე ემსჯელათ. Shell-ის პრეზინდეტობამდე, ბატონ ჰოფმაისტერს აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციები ეკავა ფირმებში: General Electric, Nortel, AlliedSignal (ამჟამად Honeywell International). ბატონმა ჰოფმეისტერმა დააარსა და ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას – „მოქალაქეები ხელმისაწვდომი ენერგიისთვის“, რომელიც მხარს უჭერს ამერიკის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების შესახებ საღი გადაწყვეტილებების მიღებას. ბატონი ჰოფმაისტერი, ბიზნეს სექტორში ყოფნის 35 წლიანი პერიოდის განმავლობაში, იყო ამერიკის კორპორატიული და სახელმწიფო ენერგოსექტორის საკონსულტაციო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საბჭოების წევრიც. ამჟამად, ის არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტეტთან არსებული გლობალური მდგრადი განვითარების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერია, სადაც ენერგეტიკული სტრატეგიისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით კითხულობს ლექციებს.