სიახლეებიი

დეკემბერი 10, 2021 ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან

ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) წარმომადგენლები ნინო ევგენიძე, გიგი გიგიაძე, ეკა გიგაური, გიორგი ონიანი და ეკა მეტრეველი 6-10 დეკემბერს, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.
ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან, მათ შორის: ევროპარლამენტარებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ასევე ევროპარლამენტში მსხვილი პოლიტიკური ჯგუფების, ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPRC) წარმომადგენლებთან და საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეები განიხილავენ საქართველოში არსებულ ვითარებას, ქვეყანაში დემოკრატიისა და სასამართლო სისტემის გამოწვევებს, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს, კორუფციის მზარდ მაჩვენებელს. ასევე, საუბრობენ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის საჭირო ინიციატივებზე.
ვიზიტის ფარგლებში ჩანიშნულია 20-მდე შეხვედრა. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრები ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან დაკავშირებული დღის წესრიგის განსაზღვრასა და პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთაში დაეხმარება.
ვიზიტი ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელსაც ბრიუსელი 15 დეკემბერს უმასპინძლებს.