ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში ინვესტირება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის, სიდუხჭირის დაძლევისა და ინკლუზიური ეკონომიკის მიღწევის პროცესში. მიზეზი მარტივია – ქალებს აქვთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკაში.
პოტენციალი დიდია, თუმცა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ქალების სამუშაო ძალაში ჩართულობა 47%-ზე ნაკლებია, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 72%-ს უტოლდება. რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ბაზარზე დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა შორის 25%-იანი სხვაობაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რიგ რეგიონებში ეს სხვაობა 50%-საც კი აჭარბებს. უფრო მეტიც, სტატისტიკური რიცხვები გვაჩვენებს, რომ ქალები საშუალოდ 3-ჯერ უფრო დიდხანს მუშაობენ არაანაზღაურებად პოზიციებზე, ვიდრე მამაკაცები. შესაბამისად, ზემოთხსენებული პოტენციალის მიუხედავად, ქალები დისპროპორციულად ხდებიან სიდუხჭირის, დისკრიმინაციისა და ექსპლუატაციის მსხვერპლნი.
გენდერული დისკრიმინაციის შედეგად, ხშირ შემთხვევაში ქალები, მამაკაცებთან შეადრებით, ერთი მხრივ, დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ ან ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობის მიუხედავად, განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ, და მეორე მხრივ, მათი რაოდენობა უფროს მენეჯერულ პოზიციებზე მამაკაცების წილთან შედარებით ნაკლებია. სწორედ ამ მიზეზების შედეგად, ქალების ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესზე გარკვეულწილად შეზღუდულია.
გენდერული დისბალანსი ეკონომიკაში
საქართველოს გამოცდილება
საქართველოში ქალები მოსახლეობის 52%-ს შეადგენენ. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ქალების რაოდენობა 1 918.7 ათასს, ხოლო, კაცების რაოდენობა 1 770 ათასს უტოლდება.
მიუხედავად ქალების რიცხობრივი უპირატესობისა, მათი რაოდენობა სამუშაო ძალაში მამაკაცების რაოდენობაზე ნაკლებია. მაგალითად, 2022 წლის კვარტლური მონაცემების თანახმად, ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე 39.1%-ია მაშინ, როდესაც მამაკაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 62.5%-ის ტოლია. 2021 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 0.9% პროცენტული ერთეულით ნაკლები იყო და 38.2%-ს უტოლდებოდა, კაცების შემთხვევაში კი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2.5%-ით ნაკლები იყო და 60%-ს შეადგენდა. ამავე მონაცემების თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ქალების დასაქმების დონე 32.5%-ს უტოლდებოდა, მამაკაცებისა კი – 49.2%-ს მაშინ, როდესაც 2020 წელს დასაქმებული ქალების წილი 30.9%-ს შეადგენდა, მამაკაცებისა კი – 45.5%-ს.
საინტერესოა ისიც, რომ მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება მენეჯერულ პოზიციებზე ქალებისა და მამაკაცების პროპორციულ გადანაწილებაშიც. მაგალითად, სტატისტიკური ინფორმაცია აჩვენებს, რომ 2020 წელს მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულთა შორის ქალების წილი 36.1%-ს შეადგენდა, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 63.8%-ს უტოლდებოდა, რაც თითქმის 50%-ით მეტია მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ქალების რაოდენობაზე. 2021 წელს აღნიშნულმა ტენდენციამ მცირედი ცვლილება განიცადა: ქალების შემთხვევაში, ქალების წილი მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულთა შორის 0.2 პროცენტული ერთეულით შემცირდა და 35.9% შეადგენდა, ხოლო მამაკაცების წილი – უმნიშვნელო 0.1%-იანი ცვლილებით გაიზარდა და 63.9%-ს გაუტოლდა.
უფრო მეტიც, უცნაურია, რომ მეწარმეთა შორის რაოდენობრივად ქალები ლიდერობენ, შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებელთა დიდი ნაწილი ქალია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში მხოლოდ კომპანიების 16%-ს ჰყავს ქალი აღმასრულებელი დირექტორი ან უფროსი მენეჯერი.
გენდერული დისკრიმინაცია განსაკუთრებით თვალნათლივ გამოიხატება ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის არსებულ განსხვავებაში, რომელიც არ არის გამოწვეული განათლებისა თუ კომპეტენციის ნაკლებობით. საქართველოში განათლებაზე ხელმისაწვდომობა ქალებისა და მამაკაცებისთვის ერთნაირია. საქართველოში მოსახლეობის 30.1%-ს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება (საქსტატი 2021 წლის მონაცემები). ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 31.8%-ს, ხოლო კაცების შემთხვევაში 28.2%-ს შეადგენს. 2020 წლის მონაცემებით, კი უმაღლესი განათლების მქონე ქალების 49% და მამაკაცების 36% არის დასაქმებული.
მიუხედავად იმისა, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის ერთნაირი განათლების დონე ფიქსირდება, დიდი განსხვავება არსებობს ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის და ეს სხვაობა 36.2%-ს უტოლდება. ეს მონაცემი გლობალურ ბაზარზე არსებულ სხვაობაზე 20%-ით მეტია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მამაკაცებთან შედარებით, დაბალი ანაზღაურების მიმართ ქალებს უფრო მეტად აქვთ მიმღებლობა.
აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული დისბალანსის ინდექსის (WEF GGI) მიხედვით, დღეს საქართველო 153 ქვეყანას შორის 74-ე ადგილს იკავებს, რაც ევროპისა და აზიის ქვეყნების საშუალო დონეზე დაბალია. საინტერესოა, რომ ამავე კვლევის თანახმად, 2017 წელს საქართველო 144 ქვეყანას შორის 94-ე, 2016 წელს 90-ე, 2010 წელს 88-ე, ხოლო 2006 წელს კი 54-ე ადგილს იკავებდა.
ISET Policy Institute-ის მიერ შემუშავებული გენდერული თანასწორობის ინდექსის (GEI) მიხედვით, რომელიც ერთ-ერთ ქვეკომპონენტად ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობას, სეგრეგაციასა და სამუშაოს ხარისხს ზომავს, საქართველო კვლევაში განხილულ 12 ქვეყანას შორის მეცხრე ადგილს იკავებს და მისი ინდექსი 100-დან 68.8-ს უტოლდება, საქართველოსგან განსხვავებით მეთერთმეტე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი და მისი ქულა 65.3-ია, ხოლო სომხეთი 59.6 ქულით მეთორმეტე ადგილზეა.
აზერბაიჯანის გამოცდილება
საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანში ქალების წილი მოსახლეობაში 52%-ს შეადგენს. რაც შეეხება სამუშაო ძალას, 2019 წლის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანში დასაქმებულთა რაოდენობა 4.9 მილიონს უტოლდება, რომლის 48.1%-ს ქალები, ხოლო 51.9%-ს მამაკაცები შეადგენენ.
საინტერესოა, რომ როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, გენდერული კუთხით არ არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა შორის – სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული ქალების პროცენტული რაოდენობა 48.6%-ს, ხოლო კაცების რაოდენობა 51.4%-ს უტოლდება. მაშინ, რა იწვევს ასეთ განსხვავებას ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის?
Asian Development Bank-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ხელფასებს შორის დიფერენციაციის გამომწვევ მთავარ მიზეზს ფაკულტეტების სქესის მიხედვით სეგრეგაცია წარმოადგენს. შედეგად, ქალები უმეტესწილად ცოდნას იღებენ ისეთ სფეროებში, რომლებიც მომავალში მათთვის დაბალი ანაზღაურების მომტანი იქნება. ასეთ სფეროებს მიეკუთვნება განათლება, ჯანდაცვა და სოციალური სერვისები[1].
კვლავ აზიის განვითარების ბანკის მონაცემებს რომ მივუბრუნდეთ, ვნახავთ, რომ ქალების 73.8% განათლების სექტორში არის დასაქმებული, 76.5% კი – ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების. აღსანიშნავია ისიც, რომ შრომით ბაზარზე, ქალები მამაკაცების მიერ გამომუშავებული ხელფასის მხოლოდ 50.6%-ს გამოიმუშავებენ. უფრო მეტიც, აზერბაიჯანში რეგისტრირებული ბიზნესების მხოლოდ 21.5%-ის სათავეში არიან ქალები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წამყვან პოზიციებზე მამაკაცები დომინირებენ.
სომხეთის გამოცდილება
სომხეთში 2 990 414 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა 53.5%-ს ქალები შეადგენენ. UNDP-ის ინფორმაციით, ბაზარზე ქალების ჩართულობა მამაკაცების ჩართულობაზე 33 პროცენტული ერთეულით ნაკლებია.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში უმაღლესი განათლების მქონე ქალთა და მამაკაცთა წილი თითქმის ერთნაირია, უმაღლესი განათლების მქონე ქალთა 40% არ წარმოადგენს სამუშაო ძალის ნაწილს[2]. 2016 წლის მონაცემების თანახმად, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთა 62.65%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო მამაკაცები – 41.12%-ს. ქალების მთავარ მიმართულებას ფილოლოგია, სოციალური მიმართულებები და ჟურნალისტიკა წარმოადგენს. მამაკაცების შემთხვევაში კი ეს სფეროებია: აგრარული მეცნიერებები, ინჟინერია და არქიტექტურა. თუმცა, 2018 წლისთვის ქალების დიდი ნაწილი STEM-ის მიმართულებით და მათი 39.8% ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესდა. უფრო მეტიც, მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტთა 64.5%-ს ქალები შეადგენენ, მამაკაცების რაოდენობა კი 35.5%-ს უტოლდება.
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების მქონე ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობას აღემატება, სომხეთში ქალები მამაკაცებზე 32.5%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ. უფრო მეტიც, აღნიშნული კვლევის მიხედვით, ქალები თითქმის 5-ჯერ მეტ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე მამაკაცები[3].
გენდერული დისკრიმინაციის მიზეზებზე საუბრისთვის უფრო მეტი კვლევა და ღრმა ანალიზი არის საჭირო, თუმცა, გლობალური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალებისა და მამაკაცების ზეგავლენებს შორის სხვაობის გამომწვევი მთავარი მიზეზი ის გენდერული ნორმებია, რომლებიც გოგონებს უფრო მეტად ტრადიციული მიმართულებით სწავლის გაგრძელებისკენ უბიძგებს, რაც ხშირად არაკონკურენტულ და დაბალი ანაზღაურების მქონე სექტორს წარმოადგენს.
უფრო მეტად რომ განვაზოგადოთ და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითებზე გლობალურ კონტექსტში ვიმსჯელოთ, დავინახავთ, რომ მხოლოდ 2020 წელს, ქალებმა მამაკაცების მიერ გამომუშავებული ანაზღაურების 84% გამოიმუშავეს ერთსა და იმავე პოზიციაზე, ვკითხულობთ Pew Research Center-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. ამის მიზეზად კი ტრადიციული სოციალური ნორმები სახელდება, რომლებიც ხელს უშლიან ქალებს, აირჩიონ მაღალანაზღაურებადი თანამდებობები და კაცების მიერ დომინირებული ინდუსტრიები. ასევე, უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს აქვთ ერთგვარი შიში, რომ მოახდინონ ხელფასის შეთანხმება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი დაბალი ანაზღაურებისადმი უფრო მეტად მოწყვლადნი არიან. თუმცა, HBR-ზე გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ქალები ისევე ხშირად ითხოვენ ანაზღაურების მომატებას, რამდენადაც მამაკაცები, თუმცა, კაცების მხოლოდ 20% აღწევს სასურველ მიზანს მაშინ, როდესაც ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15%-ს უტოლდება. უფრო მეტიც, McKinsey&Company-ს კვლევა აჩვენებს, რომ „ყოველ 100 მენეჯერ კაცზე, მხოლოდ 86 მენეჯერად დაწინაურებული ქალი მოდის“.
გენდერული დისკრიმინაციის დაძლევა მხოლოდ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებით არის შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა ტრადიციული შეხედულებების ცვლილება, გადაწყვეტილების კომპეტენციასა და გამოცდილებებზე დაფუძნება და ქალებისათვის არჩევანის შესაძლებლობის ზრდა.
ავტორები: ია შაოშვილი, ნინო თურქია
ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ- აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.
გამოყენებული მასალები:
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
https://www.geostat.ge/ka/single-archive/3362#
ILO. (2022). The Gender Gap in Employment: What’s Holding Women Back?
Pignatti, N. & Babych, Y. (2020). ISET Gender Equality Index for Former Soviet Union Countries. ISET and ISET Policy Institute. Note: This policy brief presents the updated GEI index receivable from ISET Policy Institute upon request.
[1] https://www.adb.org/sites/default/files/institutional-document/546166/azerbaijan-country-gender-assessment-2019.pdf
[2] WOMEN’S ECONOMIC EMPOWERMENT IN THE SOUTH CAUCASUS, UNDP Armenia