ბლოგი

კავკასიის ქვეყნების კონკურენტუნარიანობა – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად

კავკასიის ქვეყნების კონკურენტუნარიანობა – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად

კოვიდმა და შემდგომში რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ეკონომიკაში ბევრ საკითხზე მოახდინა ზეგავლენა, მათ შორის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსზე, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ითვლის. ბოლო წლები ამ თვალსაზრისით გამონაკლისია და ბოლო მაჩვენებლები, რომელიც ინდექსის თაობაზე იძებნება, 2019 წლითაა დათარიღებული. (2020 წელს ფორუმმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც განსხვავებული მეთოდოლოგიით იყო შესრულებული და კოვიდთან გამკლავების პრაქტიკას იკვლევდა მსოფლიოში).

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის დათვლა 2004 წლიდან მიმდინარეობს და მისი მეთოდოლოგია გულისხმობს შემდეგი საკითხების შეფასებას –  ინსტიტუტების განვითარება, მთავრობის პოლიტიკა და ბუნებრივი ფაქტორები, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განაპირობებენ. რეიტინგში შემავალი თითოეული ქვეყანა 114 კრიტერიუმით ფასდება. მეთოდოლოგიის ერთგვარი „შეზღუდვაა“ ის, რომ კრიტერიუმების ნაწილი მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა. ეს, ზოგჯერ, ავტორიტარული მმართველობის მქონე ქვეყნისა და საეჭვო სტატისტიკის პირობებში, კონკურანტუნარიანობის შეფასებას თავის დაღს ასმევს. ისეთი კრიტერიუმებისთვის, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, კრიმინალისა და განათლების დონე და სხვა (ჯამში 114-დან 85 კრიტერიუმი), ინფორმაციის წყარო მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვაა. ცხადია, ავტორიტარულ ქვეყანაში ამ საწარმოების დამოუკიდებელი შეფასებებიც პრობლემაა. შესაბამისად, თუ ინდექსში ზოგიერთი შეფასება საეჭვოდ მოგეჩვენოთ, ამ „შეზღუდვას“ შეიძლება მიაწეროთ.

საინტერესოა, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში პირველ ადგილზე სინგაპურია. სინგაპურს ჯანდაცვაში მაქსიმალური 100 ქულა აქვს, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში – 99.7, ინფრასტრუქტურაში – 99.2 და ფინანსურ სისტემაში – 91.3. მეორე ადგილზე აშშ-ია, რომელსაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში 99.8 ქულა აქვს, კვლევებსა და განვითარებაში 95.7 ქულა. მესამე ადგილზე ჰონკონგია,  ხოლო მეოთხეზე – ნიდერლანდები. რეიტინგში ბოლო, 141-ე ადგილს – 35.1 ქულით ჩადი იკავებს. 140-ე ადგილზე იემენია, ხოლო 139-ეზე – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

რაც შეეხება ჩვენი რეგიონის მონაცემებს. ისინი მოკლედ ასე გამოიყურება:

საქართველო – 2019 წლის რეიტინგში საქართველო 60.6 ქულით (მაქსიმალურია 100 ქულა) 74-ე ადგილზეა 141 ქვეყანას შორის. 2018 წელს 66-ე ადგილზე იყო, ანუ ბოლო ანგარიშის მიხედვით, მისი პოზიცია 8 ადგილით გაუარესდა;

საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 89.6 საბანკო სექტორის სტაბილურობაში აქვს. ასევე მაღალი ქულა აქვს ელექტროენერგიასა და წყალზე ხელმისაწვდომობაში – 89.2. უსაფრთხოებაში, რაც კრიმინალის დაბალ დონეს გულისხმობს – 86.3 ქულა.

პოზიციების მიხედვით, ყველაზე მაღალი,  მე-18 ადგილი (141 ქვეყნიდან) საქართველოს კორპორაციულ მმართველობაში უჭირავს. შემდეგ მოდის უსაფრთხოება, სადაც 27-ე ადგილზეა და შრომის ბაზრის თავისუფლების დონე, სადაც 37-ე ადგილზეა.

ყველაზე დაბალი ქულა  – 23.8, საქართველოს კვლევებსა და განვითარებაში აქვს. შემდეგ მოდის საფინანსო სისტემა – 29.4 ქულით, რაც მცირე ბიზნესის დაფინანსებას, ვენჩურული კაპიტალისადმი ხელმისაწვდომობას და საბაზრო კაპიტალიზაციას მოიცავს. საქართველოს საკმაოდ დაბალი ქულა – 32.7 აქვს ასევე ინოვაციებში. რეიტინგის მიხედვით, საქართველო ყველაზე დაბალ პოზიციაზე, 125-ე ადგილზე (141 ქვეყნიდან) სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონით არის. 122-ე ადგილზეა სოციალური კაპიტალით. 104 ადგილზეა ბაზრის ზომით და 91-ე ადგილზეა საფინანსო სისტემით.

სომხეთი – სომხეთი 2019 წელს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 69-ე ადგილს იკავებდა და 1 ადგილით დაწინაურდა წინა წელთან შედარებით.

ინდექსის თანახმად, სომხეთმა კომპონენტების მიხედვით შემდეგი ქულები მიიღო:  ინსტიტუციები – 56.2; ინფრასტრუქტურა – 69.4; ICT დანერგვა – 62.0; მაკროეკონომიკური სტაბილურობა – 75.0; ჯანდაცვა – 80.7; უნარები 66.8; სასაქონლო ბაზარი – 59.1; შრომითი ბაზარი – 66,4; ფინანსური სისტემა – 60.2;  ბაზრის მოცულობა– 37.5; ბიზნესის დინამიკა 62,5; ინოვაციური პოტენციალი – 39.4.

ანგარიშის თანახმად, კონკურენტუნარიანობაში ნეგატიურ მაჩვენებლებად სომხეთისთვის ითვლება კაპიტალის ბაზრის დაბალი ქულა, სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებელი; ქვეყნის შიგნით სამუშაო ძალის მობილობა, მშპ-ს მცირე  და სატრანსპორტო დამოკიიდებულება. მათ შორის – სასაზღვრო პორტების არარასებობა;

პოზიტიურ მაჩვენებლებად მიჩნეულია დაბალი ინფლაცია, დაბალი საშემოსავლო გადასახადი, ბიზნესის გახსნისთვის საჭირო მცირე დრო, ელექტროენერგიით მომარაგების სრულფასოვანი მაჩვენებელი, უცხოელების სამუშაოზე აყვანის სიიოლე და ა.შ>

აზერბაიჯანი – 2019 წელი აზერბაიჯანის ყველაზე დიდი გარღვევით აღინიშნა. ქვეყანა დაწინაურდა 11 ადგილით და ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 58-ე ადგილი დაიკავა.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანმა გააუმჯობესა მისი პოზიცია ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომის ბაზარი, ბიზნესის დინამიურობა, პროდუქტის ბაზარი, ინფრასტრუქტურა, უნარები, საჯარო ინსტიტუტები და ინოვაციური პოტენციალი.

როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული რეიტინგები ჯერ კიდევ მსოფლიო პანდემიამდე და რუსეთ-უკრაინის ომამდეა გაკეთებული. ალბათ მთელი მსოფლიო ინტერესით ელის, როგორ აისახა ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოს ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე. შემდეგი მონაცემები, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

 

 

ავტორი: თამარ ხორბალაძე

 

ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.