2012 წლიდან 2025 წლამდე საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის სამჯერ გაიზარდა. ბოლო ათწლეულში ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდა 200%-ზე მეტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ვაჭრობაში ირანს კვლავ მცირე წილი უკავია, არის სფეროები, სადაც საქართველო მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა ირანულ იმპორტზე. საქართველოდან ექსპორტი კი მინიმალურად იზრდება.
2025 წლის მონაცემებით, რამდენიმე სახეობის სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების პროდუქციის შემთხვევაში, ირანს საქართველოს იმპორტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს – სამშენებლო მინის იმპორტის 61.6%, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) (პლასტმასის ნედლეული) 64.2%, კერამიკული ფილების 36.3%, არმატურის 35.5% და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) (ასევე პლასტმასის ნედლეული) 29.3% ირანიდან შემოდის.
ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ირანზე – ქვეყანაზე, რომელიც მრავალი საერთაშორისო სანქციის ქვეშ იმყოფება და რეგიონული სტაბილურობისთვის მუდმივი საფრთხის წყაროა. გარდა უსაფრთხოების თემების, საერთაშორისო რეპუტაციის ზიანის და სხვა საკითხებისა, ასეთ პირობებში, კონფლიქტების ესკალაციის შემთხვევაში, მოსალოდნელია ეკონომიკური შედეგებიც – მიწოდების შეფერხებებმა, სავაჭრო შეზღუდვებმა ან ფასების ცვლილებებმა შესაძლოა ნეატიური გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის იმ სექტორებზე, (ძირითადად მშენებლობა) რომლებიც ირანულ იმპორტზე არიან დამოკიდებული.
ამ რისკების ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ირანთან ვაჭრობის ზრდას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია საქართველოს ექსპორტის ზრდაზე – მაგალითად, 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით საქართველოდან ირანში ექსპორტი იყო 38.8 მლნ აშშ დოლარი, ირანიდან საქართველოში იმპორტი – 251.8 მლნ, ხოლო ორმხრივი ბრუნვა – 290.6 მლნ. აშშ დოლარი; 2026 წლის იანვარ–მარტის პერიოდში ირანთან ვაჭრობამ 72.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 61.9 მლნ იმპორტია და 11.0 მლნ – ექსპორტი. გარდა იმისა, რომ საქართველოს ირანთან ვაჭრობაში მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, მნიშვნელოვანია ექსპორტის სტრუქტურაც – აქ ძირითადად ხე, სხვა ნედელეული და აგროპროდუქტები, მათ შორის საქონლის და ცხვრის ხორცი გადის, რაც, იდეაში, ვერც ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას ახალისებს და არც განსაკუთრებული ეკონომიკური შემოსავლის მომტანია.