24 დეკემბერს “ფაბრიკაში” სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება პროექტის „GEclose2EU”-ს ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი საქართველოში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (EPRC) მიერ სააგენტო „აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ქართველმა მეწარმემ მიიღო. რომლებიც დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას სთავაზობდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, საკვები და საოჯახო მარნის ღვინის პროდუქცია. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ის ქართული კომპანიები, რომელთა პროდუქციაც წარმატებით იყიდება უცხოურ ბაზრებზე.
მეწარმეთა საშობაო გამოფენის მიზანი იყო ხელი შეეწყო ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონოდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ქართული ნაწარმი უშუალოდ მწარმოებლებისგან.
სამეწარმეო გამოფენა პირველი მსგავსი ტიპის აქტივობაა, რომელიც GEclose2EU-ს ფარგლებში გაიმართა სააგენტო „აწარმოე საქართველოს” ბენეფიციარების მონაწილეობით არასასოფლო-სამეურნეო სფეროებიდან. პროექტის მონაწილეები ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში და მასტერ-კლასებში, რომელიც უკვე მომავალი წლიდან იგეგმება.