ბლოგი

განათლების დაფინანსება და სასკოლო განათლების წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველოსა და სომხეთში

განათლების დაფინანსება და სასკოლო განათლების წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველოსა და სომხეთში

ხარისხიანი განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც ინდივიდების, ასევე საზოგადოების განვითარების პროცესში. მიუხედავად განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებისა, საქართველოს განათლების სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.

2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 2022 წლისთვის იგეგმებოდა, რომ განათლებაზე დახარჯული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 6% გამხდარიყო[1].

თუმცა, 2021 წლის მაჩვენებლებს რომ გადავხედოთ, განათლების სამინისტროს დაფინანსება ამ პერიოდში 1.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, საიდანაც 300 მილიონი კულტურისა და სპორტის მიმართულებაზე მოდიოდა. მთლიანობაში აღნიშნული ბიუჯეტი მშპ-ს 3.4%-ს შეადგენდა, ხოლო უშუალოდ განათლების მიმართულებით კი – მშპ-ს 2.8% იყო. 2020 წელს დასახული გეგმის განსახორციელებლად საჭირო იქნებოდა განათლების სამინისტროს ბიუჯეტის გაორმაგება. თუმცა, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება გადაიდო.

განათლების სფეროში დაფინანსების ნაკლებობა უარყოფითად აისახება მასწავლებლების კვალიფიკაციაზე. მაგალითად, 2019 წლის მონაცემების თანახმად, პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე, მასწავლებლობის 10 000-მდე მსურველი დარეგისტრირდა, თუმცა საგნის გამოცდის ბარიერის გადალახვა 74%-მა ვერ შეძლო[2]. 2022 წლის მონაცემების თანახმად კი, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა, საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, წამყვანი პედაგოგებისთვის პროფესიული უნარების გამოცდაზე 9315 უფროსი მასწავლებელი დარეგისტრირდა, გამოცდაში მონაწილეობა 8102-მა მათგანმა მიიღო, ზღვარი კი მხოლოდ 2456-მა აპლიკანტმა გადალახა. რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, გამოცდაზე დარეგისტირებულთა რაოდენობა 3313 იყო, გამოცდაში მონაწილეობა 2744-მა აპლიკანტმა მიიღო, ზღვრის გადალახვა კი მხოლოდ 184-მა შეძლო[3].

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კვალიფიციური მასწავლებლების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი მასწავლებლების ანაზღაურებაა. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში უფროსი მასწავლებლების ხელფასი 570 ლარს უტოლდებოდა, წამყვანი მასწავლებლების 950-ს, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლების კი 1250 ლარს შეადგენდა[4].

2022 წელს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, იგეგმება როგორც საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და ყველა საჯარო მოხელის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურების გაზრდაც[5]. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით კი 2023 წლიდან სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება. რაც ნიშნავს იმას, რომ პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება 15 ლარიდან 18 ლარამდე მოიმატებს, ხოლო საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი კი – 125 ლარით გაიზრდება[6].

მართალია, საქართველოში განათლების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ინვესტიციების ზრდის პარალელურად, არ ხდება ხარისხის ზრდა, რაც განსაკუთრებით ზოგადი განათლების სისტემის დაბალ ხარისხში გამოიხატება და რომელიც მოსწავლეს სათანადო ცოდნით და უნარებით ვერ უზრუნველყოფს.

2018 წელს ჩატარებული მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების ანგარიშის (PISA) თანახმად, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, ასევე PISA-ს პროგრამაში მონაწილე ქვეყნების უმეტესობას. უფრო მეტიც, საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების ათეულს, სადაც მათემატიკისა და მეცნიერების საშუალო შედეგი 400 ქულაზე ნაკლებია და ის ყველა პოსტ-საბჭოთა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს ჩამორჩება.

რა პრობლემების წინაშე დგას სომხეთის განათლების სისტემა?

მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას სომხეთის განათლების სისტემაც. UNICEF-ის მხარდაჭერით სომხეთში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 40 ადგილობრივი ორგანიზაცია მონაწილეობდა.

კვლევის თანახმად, განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა მასწავლებლების დაბალი ხელფასია. შევხედოთ რიცხვებს, საჯარო სკოლებში მასწავლებლების ხელფასი 108 00 დრამს (დაახლოებით 267 აშშ დოლარს) შეადგენს. მასწავლებლების მდგომარების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლები იღებენ სოციალურ დახმარებას, რომლის ოდენობაც 70 000 დრამს (დაახლოებით 173 აშშ დოლარის) შეადგენს.

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სომხეთში 2020 წლიდან მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა მოხალისეობრივი სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, ფინანსურად წაახალისოს მასწავლებელთა პერსონალური განვითარება.

სერტიფიცირების ტესტის ჩაბარების შემდეგ მასწავლებლებს შეუძლიათ მიიღონ 200-300 ათასი დრამის ოდენობის (495-742 აშშ დოლარის ეკვივალენტური) ბონუსი, რომელიც ერთჯერადი ხასიათისაა. აღნიშნული სერტიფიკატის მისაღებად ჩასაბარებელი ტესტის ხანგრძლივობა სამი საათია და მასწავლებელმა კითხვების 70%-ს უნდა გასცეს სწორად პასუხი.

ექსპერტების მოსაზრებით, მასწავლებლების დაბალ ხელფასს განათლების სფეროში დაფინანსების ნაკლებობა იწვევს. განათლების სფეროზე გამოყოფილი ბიუჯეტი მშპ-ს მხოლოდ 2.8%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 3.8%-ს უტოლდება, მოლდოვაში 6.1%-ს, ხოლო ბალტიის ქვეყნებში კი 4.5%-ს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთის შემთხვევაში, განათლების სფეროში ერთ სულ მოსახლეზე დახარჯული თანხა დაახლოებით 50%-ით ნაკლებია ვიდრე საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში. უფრო მეტიც, ექსპერტების განცხადებით, სახელმწიფოს მიერ განათლებაში ჩადებული თანხა მცირეა, რომლის უდიდესი ნაწილი მასწავლებლების ხელფასებზე იხარჯება. სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, სომხეთში მასწავლებლების საშუალო ხელფასი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 58%-ია, სლოვაკეთის შემთხვევაში 182%, პოლონეთის – 197%, თურქეთის შემთხვევაში კი 361%.

ეკონომისტების განცხადებით, 2025 წლისთვის მთავრობა გეგმავს, განათლების სექტორზე გაწეული ხარჯები 252 მილიარდი დრამით გაზარდოს, თუმცა, ხარჯვის მაჩვენებელი მაინც მთლიანი მშპ-ს 2.8% იქნება.

საქართველოსა და სომხეთის მაგალითზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი განათლების დაფინანსების ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებას შორის. რაც ნიშნავს იმას, რომ საჭიროა ეფექტური ინიციატივების გატარება, განათლების სფეროში განხორციელებული ინვესტიციის სწორი გადანაწილება და ეფექტური განათლების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საჭირო უნარების განვითარებას.

 

 

ავტორები: ია შაოშვილი, ნინო თურქია

 

ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.

 

 


გამოყენებული წყაროები:

[1] https://mes.gov.ge/content.php?id=10006&lang=geo

[2] https://edu.aris.ge/news/maswavleblobis-msurvelta-74-ma-sagnis-gamocda-ver-chaabara.html

[3] ახალი განათლება

[4] https://www.etaloni.ge/geo/main/index/38703

[5] https://bm.ge/ka/article/maswavleblebis-da-mandaturebis-xelfasebi-izrdeba—garibashvili/117583

[6] https://edu.aris.ge/news/finansta-ministri-sadjaro-skolis-maswavlebelta-da-mandaturta-xelfasi-125-larit-gaizrdeba.html