სიახლეები

დეკემბერი 28, 2018 EPRC-მ ორი ახალი კვლევა წარადგინა

EPRC-მ ორი ახალი კვლევა წარადგინა

20 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, გაიმართა კვლევების პრეზენტაცია: (1) „ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური შედეგების საერთაშორისო გამოცდილება“ და (2) „საქართველოს ექსპორტის დინამიკის ცალკეული ასპექტები საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის ფონზე“.

აღნიშნული კვლევები მომზადდა „ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო“-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „ასოცირების სამოქმედო გეგმის ეფექტიანობის შეფასება ექსპორტის დივერსიფიცირების მიმართულებით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს EPRC.

კვლევის – „ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური შედეგების საერთაშორისო გამოცდილება“ მიზანი იყო პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის სანდო დაობიექტური ანალიზის მიწოდება იმ გავლენების შესახებ, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკაზე ახდენს და აგრეთვე, იმ ეკონომიკური სარგებლის პროგნოზირება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამ შეუძლია მოუტანოს.

 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

 

ევროკავშირის წევრობა დადებით ზეგავლენას ახდენს ვაჭრობის ზრდაზე:

  • შესწავლილ 12 ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირში 2004-2007 წლებშიგაწევრიანდა, ვაჭრობა (როგორც მშპ-ის პროცენტული წილი) 33%-ზე მეტითგაიზარდა 2000 წლის შემდეგ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორისსაქართველოში, ვაჭრობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა 2000 წლის შემდეგ.

ევროკავშირში ინტეგრაცია ხელს უწყობს ინოვაციებს და სამუშაო ადგილების შექმნას:

  • 2004 წელს ევროკავშირში ინტეგრირების შემდეგ ახალ წევრ ქვეყნებში კვლევასა და განვითარებაზე დანახარჯები 40.1%-ით გაიზარდა, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 16.9%-ით შემცირდა. ევროკავშირის გაანგარიშებით, ყოველწლიურად მშპ-ის 3%-ის ინვესტირებით კვლევასა და განვითარებაში 3.7 მილიონ სამუშაო ადგილი იქმნება.

 

ვროკავშირში ინტეგრაცია ხელს უწყობს წევრ ქვეყნებში უმუშევრობის დონის შემცირებას:

  • ევროკავშირშიინტეგრირებიდან 4 წელიწადში ახალ წევრ ქვეყნებში უმუშევრობისსაერთო დონე, საშუალოდ, 10.1%-დან 6.1%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდშისაქართველოში უმუშევრობა 12.6%-დან 16.5%-მდე გაიზარდა.

ევროკავშირის წევრობა უცხოური ინვესტიციების სტიმულირებას იწვევს:

  •    ევროკავშირში ინტეგრირებიდან 4 წელიწადში ახალ წევრ ქვეყნებში პირდაპირიუცხოური ინვესტიციების შემოდინება მშპ-ის 15.9%-დან 50.1%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პირდაპირი უცხოურიინვესტიციების შემოდინება მშპ-ის 13.3%-დან 10.5%-მდე შემცირდა.

ევროკავშირში გაწევრიანება ხელს უწყობს უფრო მდგრადი „მწვანე“ ეკონომიკის შექმნას:

  • 2004 წელს ევროკავშირში ინტეგრირების შემდეგ ახალ წევრ ქვეყნებში განახლებადი ენერგიის მოხმარება, საშუალოდ, 56.9%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში საქართველოში განახლებადი ენერგიის მოხმარება 47.4%-ით შემცირდა.

კვლევამ – „საქართველოს ექსპორტის დინამიკის ცალკეული ასპექტები საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის ფონზე“ გამოავლინა, რომ:

  • ქვეყანაში ექსპორტი თანდათანობით, ევოლუციურად იზრდება; ხდება ექსპორტის ბაზრების დივერსიფიცირება, თუმცა ყოველწლიურად მთავარი ბაზრები არის ცვლადი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნესისთვის სტაბილური ბაზრის მოძიება ჯერ კიდევ პრობლემაა.
  • ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მყისიერი ზრდა მოხდა, თუმცა შემდეგ ზრდის ტენდენცია დასტაბილურდა და ევროკავშირის ბაზრის წილი საქართველოს საექსპორტო ბაზრებში ბოლო წლებში 27-31%-ს შორის მერყეობს; რადიკალურიცვლილება მოკლევადიან პერიოდში ნაკლებადაა მოსალოდნელი.
  • ევროკავშირთან ვაჭრობის დინამიკისგან განსხვავებით, დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობა ხასიათდება უფრო მაღალი რყევებით, რაც განპირობებულია ბაზრის ნაკლებისტაბილურობით;
  • საქართველოს ექსპორტის ზრდაზე სერიოზული გავლენა აქვს მსოფლიო ბაზრებზე დაფიქსირებულ სავალუტო, მაკროეკონომიკურ, თუ სხვა ტიპის შოკებს.
  • ფართოვდება ექსპორტირებული საქონლის ასორტიმენტი, თუმცა პროცესი ნელია, რადგან საქართველოს კონკურენტული უპირატესობა ჯერჯერობით ნაკლებად ტექნოტევადი პროდუქციის წარმოებაშია, ხოლო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება ხანგრძლივ დროს, ინვესტიციებსა და ეკონომიკის მოწყობის ცვლილებას მოითხოვს;
  • ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებული პროდუქცია უფრო დივერსიფიცირებულია დსთ-ს ბაზართან შედარებით, სადაც ძირითადად ე.წ. ტრადიციული პროდუქციის ექსპორტი ხდება, (უმეტესად ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლების).

***აღნიშნული კვლევითი პუბლიკაციები შექმნილია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორებიდა არა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“. პუბლიკაციის შინაარსის ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციად აღქმა დაუშვებელია.