ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრისა და ფონდი \”ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და \”ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა დღეს, პარლამენტში, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობათა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების წევრები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ წარადგინა.
დღევანდელი საუბრის თემა სასოფლო-სამეურნეო სექტორზე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ზეგავლენა იყო. მომხსენებლის თქმით, კვლევის მიზანია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის შემუშავებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გავლენის შეფასება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობაზე, რაც განპირობებულია ქვეყნისთვის აღნიშნული სფეროს განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობით. კვლევის შედეგად გაანალიზდა, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ექსპორტის ტენდენციები; შესწავლილი იქნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ტენდენციები; წარმოდგენილი იქნა აგროსასურსათო პროდუქტებით ვაჭრობის დამაბრკოლებელი ფაქტორების ანალიზი არსებული ტარიფებისა და არასატარიფო სავაჭრო ბარიერების გათვალისწინებით; მოცემული იქნა ინფორმაცია სავაჭრო პირობების შესახებ DCFTA-ს კონტექსტში. კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის, თუ რა გზებით შეუძლიათ მათ გაზარდონ სარგებელი და შეამცირონ რისკები შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ.
დღევანდელ შეხვედრაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ, მადლობა გადაუხადა არასამთავრობო სექტორს თანამშრომლობისათვის. „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა ერთია, მაგრამ მისი იმპლემენტაცია და სრულყოფა კიდევ უფრო რთული და მნიშვნელოვანი პროცესია. სწორედ ამიტომ, პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეფორმების განხორციელების საკითხს“ – აღნიშნა მან.