„ეკონომიკის სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტი“ (მთავრობის 2013 წლის და 2014 წლის პირველი კვარტლის ფინანსური საქმიანობის შეფასება)
კვლევა მომზადდა პროექტის „ეკონომიკის სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტი“ ფარგლებში; აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის დაფინანსებული.
პროექტის მიზანია საქართველოში დაამკვიდროს კრიზისის მართვის კულტურა და მთავრობას გაუწიოს ექსპერტული დახმარება ეკონომიკის სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტის შექმნაში. დოკუმენტი მიზნად ისახავს, გავაანალიზოთ საქართველოს მთავრობის 2013 წლის და 2014 წლის პირველი კვარტლის ფინანსური საქმიანობა, მოვახდინოთ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკისა და შესაბამისად, მიღებული შედეგების შეფასება.
კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ:
• 2014 წელს იანვარ-მარტში ეკონომიკური ზრდის ტემპი გასულ წელზე მაღალია – წინასწარი მონაცემებით, იანვრის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 8%, თებერვალში 5.4%, ხოლო მარტში 8,3 % შეადგინა; უკეთესი ვითარებაა გადასახადების მობილიზების კუთხითაც. კერძოდ, სამ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული იქნა 1,639.4 მლნ ლარი, რაც აღემატება დაგეგმილ 1618.3 მლნ ლარს;
• თუმცა, მაშინ, როცა ბიუჯეტი დაგეგმილია 8,5 პროცენტიან ზრდაზე, 2014 წლის I კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების განსაზღვრული გეგმა მხოლოდ 4,2%-ით აჭარბებს შარშანდელ მაჩვენებელს, ფაქტიურად მობილიზებული სახსრები კი – მხოლოდ 5,5%-ით; რაც ნიშნავს, რომ პირველი კვარტლის გეგმა ნაწილობრივ შემცირებულია;
• 2014 წლის I კვარტლის გეგმა დანაკლისით შესრულდა გრანტების მუხლით, კერძოდ, განსაზღვრული 51,8 მლნ ლარიდან ჩამორიცხული იქნა მხოლოდ 3,2 მლნ ლარი; სხვა შემოსავლების მუხლით, დაგეგმილი 74,3 მლნ ლარის ნაცვლად, მობილიზებული იქნა 53,1 მლნ ლარი;
• 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განსაზღვრულია 9 080.0 მლნ ლარით. აღნიშნული ოდენობიდან პირველ კვარტალში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1 840.4 მლნ ლარი, რაც გეგმის 20% შეადგენს; 2014 წლის I კვარტალში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯები მთლიანი ხარჯების 8,6%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც 2013 წელს ეს მაჩვენებლი იყო 10,9%, ხოლო 2012 წელს – 12,4%; 2013 წლის მთავარი პრობლემა წლის პირველ სამ კვარტალში ხარჯების დაბალი მაჩვენებელი იყო, რამაც საბოლოოდ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დანაკლისი და ბოლო კვარტალში ლარის კურსზე ზეწოლა გამოწვია; 2014 წლის პირველი კვარტლის ხარჯების მონაცემი ადასტურებს, რომ ეს ტენდენცია და საფრთხეები შენარჩუნებული და მეტიც – გაძლიერებულია;
• 2014 წლის ბიუჯეტში, 2013 წელთან შედარებით, ვალის მაჩვენებელი მნიშვნელოვანდ არის გაზრდილი – წელს მოსაზიდი საკრედიტო რესურსია 1,6 მლრდ ლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2013 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს, – 737,9 მლნ ლარს; 2013 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ:
• 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების ნაწილში წარმოქმნილმა დანაკლისმა 632,3 მლნ ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი დანაკლისი სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადზე მოდის, რომელიც დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით, მხოლოდ 83,7%-ით შესრულდა და მიუღებელმა სახსრებმა 554,5 მლნ ლარი შეადგინა;
• გადასახადების მობილიზებაში შექმნილი დანაკლისი 2013 წლის ბოლოს არ დამდგარა. ის, რეალურად, თავდაპირველად დაგეგმილ მაჩვენებლებთან მიმართებაში მთელი წლის განმავლობაში დანაკლისით სრულდებოდა; ფინანსთა მინისტრის ბრძანებების საფუძველზე, საანგარიშო კვარტლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ხდებოდა კვარტალური გეგმების კორექტირება, რომლის შედეგადაც გეგმიურთან შედარებით, შესრულების პროცენტული მაჩვენებელი 100%-ს სცდებოდა;
• ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის გარღვევის პარალელურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც მნიშვნელოვანი ჩამორჩენით შესრულდა. კერძოდ, 2013 წელს დაგეგმილი 8,7 მლრდ ლარიდან გაწეულმა ხარჯმა 8,1 მლრდ ლარი შეადგინა; ბიუჯეტიდან დაუხარჯავი 644,3 მლნ ლარიდან, 162.0 მლნ ლარი წარმოადგენს დონორების მიერ დაფინანსებული ინვესტიციური პროექტებისათვის გამოყოფილი ასიგნებების აუთვისებელ ნაწილს;
• ფუნქციონალურ ჭრილში პროცენტულად ყველაზე დიდი აუთვისებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროზე მოდის – 174 მლნ ლარი დაუხარჯავი დარჩა;
• 2013 წელს დაახლოებით 524 მლნ ლარი შესაძლებელი იყო დამატებით მიმართულიყო ეკონომიკის ხელშემწყობი პროექტების დაფინანსებაზე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ეკონომიკური პროცესების შენელება;