დეზინფორმაცია ჰიბრიდული იარაღის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ეფექტური ფორმაა, რაც საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება ადამიანებს შორის კონფლიქტისა და დაპირისპირების გასაღვივებლად. ჩვენი დღევანდელი ინტერესის საგანი არის დეზინფორმაცია, რომელიც ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელში კავკასიის ქვეყნების მოქალაქეთა ერთმანეთთან დასაპირისპირებლად ვრცელდება და, ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ ეფექტურადაც კვებავს სიძულვილს ხალხებს შორის.
თემები, რომლებიც ამ დეზინფორმაციას საფუძვლად უდევს, მრავალმხრივია – ტერიტორიული კონფლიქტები, ისტორიული და ეკონომიკური მითები და ა.შ.
ყარაბაღის ომის განახლებამ და შემდგომმა პრობლემებმა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ, მსოფლიო პოლიტიკაში თვისობრივად ახალმა მოცემულობებმა შესაბამისი იმპულსი მისცა დეზინფორმაციას ქართულენოვან მედიაშიც.
მაგალითად, 26 თებერვალს სოციალურ მედიაში ხარკოვში სომეხი ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა. აღწერების მიხედვით, სომხეთის ხელისუფლებას, მართალია, ჯერ არ გადაუწყვეტია, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში რუსეთს მხარს დაუჭერს თუ არა, თუმცა პირველი პრეცენდენტი უკვე დაფიქსირდა და “ხარკოვში სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა.” ცხადია, ეს ძალიან ჰგავდა მცდელობას, სომხეთი კონფლიქტის მხარედ წარმოედგინათ უკრაინის ომში. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ოტოზე გამოსახული მამაკაცი სომხეთის არმიის მოქმედი წევრი, რა თქმა უნდა, არ არის, ის უკრაინაში 2020 წლის ზაფხულიდან იმყოფებოდა, და ბრალი მარადიორობაში ედებოდა. ცხადია, ეს ჩართულობა უარყო სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
მანიპულაციის საგანი გახდა ირანის პოტენციური როლი აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში, რომლის გამწვავების ნიშნები 2022 წელს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. „თავისუფალი არხი“, სხვადასხვა რუსულენოვანი ანგარიშები და ქართული პროფილები აქტიურად აზიარებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანმა სომხეთის საზღვართან განალაგა თავისი საჯარისო შენაერთები. ავრცელებდნენ თითქოსდა მომხდარის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალასაც, რათა ეს ინფორმაცია უფრო დამაჯერებელი გაეხადათ. წერდნენ იმასაც, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში მკაფიოდ განაცხადა, რომ ირან-სომხეთის საზღვარი ისტორიული საგზაო-საკომუნიკაციო საშუალებაა და მის დარღვევას ირანი არ დაუშვებს.
სინამდვილეში, ფაქტჩეკერთა გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო 2020 წელს ირანის არმიის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან მობილიზებას, ხოლო ფოტოები 2019 და 2020 წლებში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებს ასახავს. არც სატელეფონო ზარი შემდგარა, რომელშიც ირანი ზემოთ ნახსენებ გაფრთხილებებს გააკეთებდა.
იყო არაერთი მცდელობაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში საქართველო, როგორც მხარე წარმოჩენილიყო. მაგალითად, 8 ნოემბერს ტვიტერზე სომხური “ArmenianBreakingNews” ანგარიშმა გამოაქვეყნა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათებული თბილისის ანძისა და მშვიდობის ხიდის ფოტოები; აქვე ნათქვამი იყო, რომ ამ ჟესტით საქართველომ აზერბაიჯანს მიულოცა სომხებთან გამარჯვების დღე – 8 ნოემბერი. ფაქტ-ჩეკერების კვლევამ აჩვენა, რომ გამოქვეყნებული ფოტო, რეალურად, არა 2022 წლის 8 ნოემბერს, არამედ 2020 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 102-ე წლისთავზეა გადაღებული. მანიპულაციის ავტორები, ცხადია, გათვლას სომხური საზოგადოების აღშფოთებაზე აკეთებდნენ.
ისტორიულ სენტიმენტებზე „თამაში“ კიდევ ერთი, ფართოდ გავრცელებული ტრენდია დეზინფორმაციებში, რომელიც ქვეყნების ხალხებს შორის გაუცხოების მიღწევას შეიძლება ისახავდეს მიზნად. ამ თვალსაზრისით დეზინფორმაციის მთელი კასკადი საქართველო-აზერბაიჯანის ისტორიულ ურთიერთობებს უკავშირდება.
მაგალითად, 2021 წელს რამდენიმე პოსტი გამოქვეყნდა და აქტიურად გავრცელდა, რომელშიც ავტორები ამბობდნენ, რომ 2021 წლის 15 ნოემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებულ ხელშეკრულებას ისტორიული ჰერეთის „იჯარის წესით გაცემის“ შესახებ ვადა გასდიოდა. (გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ეს ტერიტორია დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ფარგლებშია და ეთნიკური ქართველებით კომპაქტურად არის დასახლებული). პოსტი ასევე შეიცავს მოწოდებას, რომ ამ მიწებზე ხმაა ამოსაღები. სინამდვილეში, ცხადია ხელშეკრულება, რომელიც 1921 წლის 15 ნოემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო და ზაქათალა აზერბაიჯანის ნაწილად ოფიციალურად გამოცხადდა, უვადოა, ანუ ხელშეკრულებაში მოქმედების ვადა მითითებული არ არის. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველომ ეს ტერიტორია დაიბრუნოს, არ არსებობს და მსგავსი განცხადებები, დიდი ალბათობით, მხოლოდ ერთა შორის შუღლის ჩამოგდებას ისახავს მიზნად.
მსგავსი მანიპულაციები მანამდე ე.წ. ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც ვრცელდებოდა (თურქეთთან), რომლის ფარგლებშიც ხდებოდა თურქეთის მხრიდან აჭარის რეგიონის პოტენციური ოკუპაციის შესახებ შიშების დათესვა საზოგადოებაში. ცხადია, ყარსის ხელშეკრულების ე.წ. „ვადა“ ისე გავიდა 2021 წელს, ეს შიშები არ გამართლებულა, თუმცა დეზინფორმაციის კვლავ და კვლავ გავრცელებას, სხვადასხვა ფორმატით, ეს ხელს არ უშლის.
კიდევ უფრო შორს წავიდნენ მანიპულატორები საქართველო-აზერბაიჯანის დაპირისპირების დეზინფორმაციულ მცდელობებში. ულტრა-ნაციონალური ჯგუფების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც თან ერთვის აღწერა: “აზერბაიჯანი საქართველოს მთლიან დაპყრობაზე ოცნებობს და სოც – ქსელში სკანდალურ კლიპს აქვეყნებს.” ვიდეოში გრაფიკულად ნაჩვენებია, თუ როგორ იშლება საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს სახელი და მას აზერბაიჯანი ეწერება. ვიდეოს ბოლოს ეკრანზე ასევე ჩნდება წარწერა “Kazanan AZERBAYCAN”, რაც გამარჯვებულ აზერბაიჯანს ნიშნავს. ვიდეო, რეალურად, კომპიუტერული თამაშის – Age of Civilizations II კადრებით არის აწყობილი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნები საკუთარი გავლენის გაფართოებას ტაქტიკური თამაშებით ცდილობენ – მაგალითად, YouTube-ში იძებნება გეიმერთა ისეთი ვიდეოები ამავე თამაშიდან, რომლებშიც სომხეთი თავის გავლენას მთელ კავკასიაზე ავრცელებს და ვიდეოები, სადაც თვითონ საქართველო სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის დამპყრობელს წარმოადგენს. შესაბამისად, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ამასთან – დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელება, რომელსაც დედანი ვიდეოსგან განსხვავებით, დამატებული აქვს მუსიკა და წარწერა “Kazanan AZERBAYCAN”, აშკარად ქართველების ისტორიულ გრძნობებზე მანიპულირებას და აზერბაიჯანის მიმართ ნეგატიური განწყობების გავრცელებას ისახავდა მიზნად.
ეს და სხვა მაგალითები ცხადყოფს, რომ დეზინფორმაცია აქტიურად გამოიყენება გარკვეული ჯგუფების მიერ, როგორც რეალური იარაღი ხალხების დასაპირისპირებლად. ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს, ამაზეც ერაერთი კვლევა არსებობს და ალბათ უკვე სხვა, დამატებითი კვლევისა და მსჯელობის საგანია.
ავტორი: თამარ ხორბალაძე
ბლოგი მომზადებულია პროექტის პროექტი „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ მონაწილე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „მედიის განვითარების ფონდის“ მონიტორინგის შედეგების და „მითების დეტექტორის“ მიგნებების საფუძველზე. ცხადია, დეზინფორმაციის მასშტაბი გაცილებით დიდია და მისი მთლიანად მოცვა ფაქტობრივად გადაუჭრელი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა თავად შეძლონ ამოიცნონ დეზინფორმაცია და არ ენდონ უკრიტიკოდ მედიაში და, განსაკუთრებით, სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას. ეს დეზინფორმაციის ავტორებს მისიის შესრულებას გაურთულებს და ნაკლებ ადამიანს აქცევს ცრუ ინფორმაციის მსხვერპლად.