ბლოგი

დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები – საქართველოსა და სომხეთისა გამოცდილება

დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები – საქართველოსა და სომხეთისა გამოცდილება

დეზინფორმაცია, არასწორი ინფორმაციისა და ცრუ ნარატივების გავრცელება თანამედროვე სამყაროს  მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიულ განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

მისი მთავარი მიზანი სარეკლამო მოგების მიღება ან პოლიტიკური მიზნების გავრცელებაა. შესაბამისად, დეზინფორმაცია ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაში აზრის ფორმირების ბუნებრივ პროცესზე და ცვლის ადამიანების ქმედებას. შედეგად, ხელს უწყობს სოციუმში არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას, დაბნეულობის გამძაფრებასა და ეჭვების გაღრმავებას, რაც თავის მხრივ, იწვევს პოლარიზაციის ზრდას და განსაზღვრავს დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს[1].

დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები განსაკუთრებულად მოწყვლადი არიან ცრუ ინფორმაციის მიმართ, რისი მიზეზიც რეგიონში არსებული არასტაბილურობა და რეგიონისადმი ისეთი აქტორების ინტერესია, როგორიც რუსეთია. კრემლის მიერ ათწლეულების განმავლობაში წარმოებული ჰიბრიდული ომი, COVID-19-ის პანდემია და მყიფე დემოკრატიული ინსტიტუტები ის მთავარი მიზეზებია, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებებში არასწორი ინფორმაციის მარტივად გავრცელებას, დემოკრატიულ უკუსვლასა და საზოგადოების პოლარიზაციას.

საინტერესოა, რა ინსტრუმენტებს იყენებენ საქართველოსა და სომხეთში დეზინფორმაციასთან გამკლავების  მიზნით.

 

საქართველო

საქართველოში რუსული დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობებისა და პრორუსული ნარატივების გავრცელებას ისახავს მიზნად. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც კრემლი საქართველოში  უკვე ათწლეულებია ახორციელებს.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა გარკვეულწილად ცდილობს, დაიცვას საზოგადოება „ცრუ ნარატივებისგან“ და ხელის შეუწყოს ქვეყანაში სანდო ინფორმაციის გავრცელებას, რასაც კანონმდებლობაში არსებული კანონები მოწმობს, მათ შორის: კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მაუწყებლობისა და რეკლამების შესახებ, თუმცა, ამის მიუხედავად რუსული ნარატივების გავრცელებას სხვადასხვა საზოგადოებრივი და სამთავრობო მაუწყებლები მაინც თავისუფლად ახორციელებენ.

2018 წელს კომუნიკაციების კომისიამ (ელექტრონული და სატელევიზიო კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელმა ორგანომ), რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერების კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე არის პასუხისმგებელი, შექმნა მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგია და სამწლიანი გეგმა, რომელმაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან ნეგატიური შეფასება და კრიტიკა დაიმსახურა. მიზეზი კი იყოს ის, რომ შემუშავებული სტრატეგია არ ითვალისწინებდა არსებული გამოწვევების, მათ შორის რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების აღმოფხვრას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას. უფრო მეტიც, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ ითვალისწინებდა იმ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გათვალისწინებით, მეტწილად ეყრდნობიან უცხოურ (მეტწილად რუსულ) საინფორმაციო წყაროებს [2].

2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, UNICEF-თან თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლების სისტემაში ინტეგრირებას. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, შემუშავდება მედიაწიგნიერების სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ კურსი, რომლის მიხედვითაც მოხდება მასწავლებელთა გადამზადება.

სახელმწიფოს ინიციატივების მიუხედავად, რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ძირითადი ძალა უმეტესწილად არასამთავრობო სექტორზე მოდის. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ ქვეყანაში დეზინფორმაციის გამოვლენასა და მისი გავრცელების პრევენციას. ამისათვის, შეიქმნა არა ერთი ხელსაწყო და გატარდა სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს არასწორი ინფორმაციის, გამავრცელებელი წყაროების გამოვლენას და მოსახლეობაში დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

საქართველოში დეზინფორმაციის შესახებ არაერთი კვლევა ჩატარებულა. ერთ-ერთ მათგანი კი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) მაკკეინის ინსტიტუტის თანამშრომლობით 2019 წელს მომზადებული კვლევაა[3], რომელიც საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გამოვლენას ისახავდა მიზნად. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, Facebook-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ანტი-დასავლური პოსტების 87% საზოგადოებაში პრო-რუსული, ანტი-დასავლური, ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ს დისკრედიტაციისკენ მიმართული მესიჯების გავრცელებისკენ იყო მიმართული, რაც თავისთავად ქვეყანაში ანტი-დასავლური და პრო-რუსული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, საქართველოს დემოკრატიული წინსვლის შეფერხებას და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობდა ხელს.

სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ საქართველოში დეზინფორმაციის გამოვლენას. მაგალითად, 2021 წელს USAID-ის, Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი[4], რომელიც ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავდა კონკურსში მონაწილე ისეთი სტარტაპების გამოვლენას, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ერთ-ერთი ასეთი სტარტაპ იდეა Speech to Text პლატფორმა იყო, რომლის მიზანია, მოახდინოს ათასობით საათის ხანგრძლივობის დეზინფორმაციული ვიდეო და აუდიო მასალების ტრანსკრიფცია, აღნიშნული იდეა კი Wavetech.al-ს ეკუთვნის. კონკურსის გამარჯვებული ასევე გახდა ენის დასამუშავებელი, დეზინფორმაციის გამოვლენისკენ მიმართული ხელსაწყო – NLP (National Language Processing).

სტარტაპების პარალელურად, დეზინფორმაციის გამოაშკარავების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი Factcheck-ის პლატფორმაა[5]. პლატფორმა მიზნად ისახავს, გამოავლინოს სიმართლე, გამოააშკარაოს წყაროები და მოახდინოს ფაქტებისა და მონაცემების ვერიფიკაცია.

ასევე, მნიშვნელოვანი პლატფორმაა მითების დეტექტორი[6], რომლის მიზანია, მოახდინოს ცრუ ინფორმაციის იდენტიფიცირება, ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობის გზით საზოგადოებაში დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გავლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

მართალია, ეს ის ძირითადი ინსტრუმენტებია, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ რუსული დეზინფორმაციის გამოვლენას, თუმცა საქართველოში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, სოციალურ ქსელებში მოახდინონ ტროლებისა თუ ბოტების იდენტიფიცირება და ცრუ ინფორმაციის დადგენა.

 

სომხეთი

 

2018 წლის ხავერდის რევოლუციის, მეორე ყარაბაღის ომისა და კოვიდ პანდემიის შემდეგ ქვეყანა ცდილობს, განახორციელოს დემოკრატიული იდეების ინსტიტუციონალიზაცია, თუმცა, ამ პროცესში დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას და ხელს უშლის სახელმწიფო ინსტიტუტების, მოქალაქეებისა და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის წარმოებას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის დემოკრატიულ განვითარებას[7].

სომხეთში დეზინფორმაციის გავრცელება ხშირად სატელევიზიო არხების მეშვეობით ხდებოდა, თუმცა, სოციალური ქსელების პოპულარიზაციის ზრდასთან ერთად, სომხეთის საზოგადოება კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი გახდა დეზინფორმაციის მიმართ. დღეს, სომხეთი ინტერნალური და ექსტერნალური აქტორების მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომში არის გახვეული, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების მომავლის ჩამოყალიბებაზე.

დეზინფორმაციის მთავარ წყაროს სოციალური მედია და სატელევიზიო არხები წარმოადგენენ. სოციალური ქსელი „ფეისბუკი“ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური დეზინფორმაციის იარაღი გახდა მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გადაწყვიტა რომ „ფეისბუქის“ პოსტები და ლაივ ჩართვები მისი საზოგადოებასთან კომუნიკაციის მთავარი წყარო ყოფილიყო. 2019 წლის UIC-ს კვლევის თანახმად, სომხეთის მოსახლეობა ოფიციალური პოლიტიკოსების „ფეისბუკ“ გვერდებს ინფორმაციის სანდო წყაროდ მიიჩნევდნენ, თუმცა, უფრო მეტად ენდობოდნენ სატელევიზიო არხებსა და რადიოებს[8]. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მარტივად ექცევა დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. ამ ფაქტს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს 2019 წელს ჩატარებული მედია კვლევის შედეგები[9], რომლის თანახმად, სომხეთის მოსახლეობის 72% ინფორმაციას ნაციონალურ არხებიდან იღებდა, მოსახლეობის 57% ინფორმაციის მისაღებად სოციალურ ქსელებს იყენებდა და მხოლოდ 15% მოიხმარდა ონლაინ საინფორმაციო პლატფორმას[10].

2021 წელს მედია ინიციატივების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი წყარო რუსული ვებგვერდები და წინა რეჟიმის იდეოლოგიური ჯგუფები იყო[11]. ამავე კვლევის თანახმად, დეზინფორმაციის გავრცელების პროცესში აქტიურად  იყვნენ ჩართული „ნახევრად-გასართობი“ და „ნახევრად-შემეცნებითი“ ვებგვერდები.

უფრო მეტიც, დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტად პრო-რუსული იყენებდნენ ფაქტების გადამოწმებისთვის შექმნილ ფსევდო საიტებს. ამის ერთ-ერთი მაგალითი Civil Concsciousness NGO-ს მიერ შექმნილი Antifake.am-ია, რომელიც, როგორც თავად ვებგვერდის შემქმნელები იუწყებიან, არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ამჟამინდელი მთავრობის „ტყუილების გამოაშკარავებას“. თუმცა, როგორც ექსპერტები იუწყებიან, ეს წყარო ხშირად არასწორ, არასანდო ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც ხშირად ფიგურირებს „სოროსის აგენტების“ ნარატივი. ადგილობრივმა და საერთაშორისო დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული პლატფორმის უკან წინა ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ჯგუფები – VETO და Adekvad[12] დგანან.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში, სომხური არასამთავრობო სექტორის მთავარი სტრატეგია დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება, მედიის მფლობელებისა და დაფინანსების გამჭირვალობის მიღწევაა. ასევე, ახდენენ მედიის თვითრეგულაციური მექანიზმების დანერგვას, მედიაწიგნიერების გაძლიერებას და ფაქტ-ჩექინგის მექანიზმების შემოღებას.

სწორედ ამ მიზნით, სომხეთში 2007 წლიდან მოქმედებს თვითრეგულაციის ინიციატივა – ერთგვარი ეთიკის კოდი (Media Ethics Observatory), რომელიც Yerevan Press Club-ის ინიციატივით შეიქმნა და მას 69 მედია საშუალება აწერს ხელს[13]. შეთანხმების მიზანია, შექმნან პროფესიული ეთიკის ნორმები, რომლებიც მისაღები იქნება რაც შეიძლება მეტი მედია ორგანიზაციისა და ჟურნალისტისთვის და მოახდენენ მის ყოველდღიურ საქმიანობაში იმპლემენტაციას. აღნიშნული რეგულირების აქტი 2020 წლიდან სავალდებულო გახდა ყველა იმ მედიისთვის, რომელიც აუდიო-ვიზუალურ მასალას იყენებს.

დეზინფორმაციის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შექმნეს ორი მნიშვნელოვანი მედია პლატფორმა, როგორებიც არის მედია ინიციატივების ცენტრის მიერ დაფუძნებული Media.am და ინფორმირებული მოქალაქეების გაერთიანების მიერ შექმნილი Fact Investigation Platform (FUP).

აღსანიშნავია, რომ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლისათვის, სომხეთის მთავრობამ შექმნა პლატფორმა Infocheck.am, რომელიც მიზნად ისახავს, მთავრობის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციის აღმოფხვრას, თუმცა სახელმწიფო ავტორიტეტების მხილების პროცესში შეზღუდული კრიტიკით ხასიათდება[14].

 

შეჯამება

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და სომხეთში სხვადასხვა ინსტრუმენტების არსებობის მიუხედავად, დეზინფორმაციის გავრცელება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, „ცრუ ინფორმაცია“ პოპულიზმის, ქსენოფობიისა და რადიკალური პოლიტიკური შეხედულებების გავრცელების მთავარი ინსტრუმენტია. შესაბამისად, საქართველოსა და სომხეთში გავრცელებული დეზინფორმაცია მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების, უცხოელი დონორების, დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას, მიმართულია საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და დემოკრატიული განვითარების შეფერხებისკენ.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა კი კრიტიკული აზროვნების წახალისებით, ფაქტების გადამოწმებით და მედიაწიგნიერების ხელშეწყობით არის შესაძლებელი.

 

ავტორები: ია შაოშვილი, ნინო თურქია

 

ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.

 


გამოყენებული წყაროები:

[1] Fake News and Democracy

[2] კომუნიკაციების კომისია

[3] Tracking and Refuting Disinformation in Georgia, Social Media Monitoring and Analysis

[4] Winner of the First Counter Disinformation Innovation Competition

[5] Factcheck

[6] https://mythdetector.ge/ka/

[7] Disinformation in Armenia, Freedom house, June 2021

[8] https://uic.am/wp-content/uploads/2019/11/Report_Media_Final_10.10.19_Q.pdf

[9] Media Consumption and Media Coverage of Reforms in Armenia

[10] Media Consumption and Media Coverage of Reforms in Armenia

[11] The Patterns of Disseminating Disinformation in the Armenian Online Media

[12] https://www.youtube.com/watch?v=rwzkqmNSwsk

[13] https://ypc.am/self-regulation/media-self-regulation-initiative/

[14] https://media.am/en/verified/2021/03/29/27066/