საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით საქართველოს 2019-2022 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) პროექტის განხილვა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.
„უკვე ტრადიციაა, რომ მთავრობის მიერ პარლამენტში ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემოტანის შემდეგ, მისი საკომიტეტო ფორმატში განხილვამდე, ხდება დოკუმენტზე მსჯელობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ეს ფორმატი წინა მოწვევი პარლამენტში დავნერგეთ, რაც საშუალებას გვაძლევს შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს გავეცნოთ, რასაც შემდგომ საკომიტეტო განხილვის დროს ვიყენებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს მოგიწოდებთ აქტიურობისთვის იმიტომ, რომ შარშანდელი გამოცდილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თაოსნობით ყველა ის შენიშვნა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნა გამოთქმული, ასახული იყო კომიტეტის დასკვნაში. ამიტომ, თქვენი მონაწილეობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ნინო ევგენიძემ.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს BDD დოკუმენტში იურიდიული საკითხების მიმართულებით განსაზღვრული საშუალოვადიანი პრიორიტეტების და მათი განხორციელების სტრატეგიების შესახებ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის/ევროკავშირის/გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.