ბლოგი

ბავშვთა სიღარიბე კავკასიის რეგიონის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)

ბავშვთა სიღარიბე კავკასიის რეგიონის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)

მსოფლიოში დაახლოებით 356 მილიონი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს (UNICEF, თ. გ.). გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ბავშვი სხვადასხვა სახის სიღარიბეს განიცდის, რაც გულისხმობს ისეთი ელემენტარული და სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების არქონას, როგორიცაა საკვები ან სუფთა წყალი. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, Covid 19-ის გავლენით, დამატებით დაახლოებით 100 მილიონი ბავშვი ჩავარდა სიღარიბეში (UNICEF, n.d.). მაშინ, როცა მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებშიც კი ყოველი მეშვიდე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის საფრთხის წინაშე დგას (UNICEF, თ. გ.), საინტერესოა რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ მონაცემების ფონზე კი, ალბათ სიახლე არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბავშვთა სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება სამივე მათგანისთვის. სურათის სრულად აღქმას ის უშლის ხელს, რომ რეგიონში ბავშვთა სიღარიბის ბოლო კვლევები UNICEF-ის მიერ საქართველოსა და სომხეთში 2016-2017 წლებშია ჩატარებული, შესაბამისად მათში ჯერ კიდევ არ იყო ასახული კოვიდის მძიმე ზეგავლენა.  აზერბაიჯანში კი UNICEF–ის საიტზე განთავსებულ ქვეყნის პროგრამულ დოკუმენტს ვეყრდნობით, რომლის მეთოდოლოგიაც განსხვავებულია სხვა სიღარიბის კვლევების მეთდოლოგიისგან.

საქართველო

გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ბოლოს 2017 წელს ჩაატარა. მიღებული შედეგების მიხედვით, თუ 2009 წლიდან 2015 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები კლებას განიცდიდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი გაუარესდა და 2013 წლის ნიშნულს მცირედით გაასწრო კიდეც (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018). UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 2009 წლიდან 2017 წლამდე ასე გამოიყურება: 2009 წ. – 11.5%; 2011 წ. – 9,4%; 2013 წ. – 6%; 2015 წ. – 2,5%; 2017 წ. – 6,8% (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018); UNICEF-ის მონაცემების მიხედვით, გაუარესებულია ბავშვთა ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელიც, რაც ცხოვრების მინიმალური დონის დასაკმაყოფილებლად საშუალებებისა და რესურსების არ არსებობას გულისხმობს, იმ საზოგადოებაში, სადაც ის ცხოვრობს. მეტიც – 2017 წლის მაჩვენებლებმა ყველა წინა წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 31.6%-ს მიაღწია (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018). რაც შეეხება ბავშვთა ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელს  ეს რიცხვები 2015 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია (2015 წ. – 21.7%; 2017 წ. – 27.6%), (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018).

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები გაუარესებულია, განსხვავებული ვითარება ბავშვებში ხანგრძლივი მოხმარების ნივთების თვალსაზრისით, როგორიცაა მაგალითად: ავეჯი, ტელევიზორი, კომპიუტერი, სარეცხი მანქანა და ა.შ. როგორც UNICEF-ის კვლევა აჩვენებს, ამ მხრივ ბავშვების მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. თუ 2013 წელს იმ ბავშვების პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც 5 ან მეტი ნივთი აკლდათ, იყო 4.7%, 2015 წელს ამ მაჩვენებელმა 2.8%, 2017 წელს 2.4% შეადგინა (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018). შემცირებულია იმ ბავშვების პროცენტული რაოდენობაც, რომლებსაც დაზიანებული სახურავის, იატაკისა თუ კედლების, ჩამსხვრეული მინების მქონე ან ნესტიან საცხოვრებელში, ხმაურში უწევთ ცხოვრება. თუმცა ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ 2017 წლის მონაცემებით, საყოფაცხოვრებო პრობლემების მქონე საცხოვრებელში მცხოვრები ბავშვების 7.1%-ს მიწის იატაკზე უწევს ცხოვრება, 27.6% კი ფართობის სიმცირეს განიცდის, რაც 2013-2015 წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018).

როდესაც ბავშვებში სიღარიბის მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციოთ ბავშვებში სუფთა წყლის მიწოდების თვალსაზრისით ვითარებას. ვინაიდან, სიახლე არ არის, რომ სუფთა წყლის საჭიროება აქვს თითოეულ ადამიანს, თუმცა ეს საჭიროება გაასმაგებულია მცირეწლოვნების შემთხვევაში, რადგან დაბალი ხარისხის წყალი ხელს უწყობს ბავშვებში სხვადასხვა დაავადების გამოწვევას, აფერხებს მათ განვითარებას და ზოგიერთ შემთხვევაში მცირეწლოვნებში გარდაცვალების მიზეზიც ხდება. ამ კუთხით ვითარება კი, 2017 წელს UNICEF-ის მიერ ჩატარებული „საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, ასე გამოიყურება: ქალაქში მცხოვრები ბავშვების 1%-ს არ აქვს სასმელი წყლის გაუმჯობესებული წყარო, სოფლად მცხოვრები ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 4%-ს უტოლდება. (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018). ხოლო რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, ირკვევა, რომ ქალაქში მაცხოვრებელი ბავშვების 9.3%-ში, ხოლო სოფელში მაცხოვრებელი ბავშვების 32.9%-ში ეს პირობები არაშესაბამისია (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018).

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლების განხილვისას, აუცილებელია, არ გამოგვრჩეს განათლების დონის მაჩვენებელი ბავშვებში, რაც მათ განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. როგორც UNICEF-ის კვლევაშია აღნიშნული, 3-5 წლამდე ასაკის ბავშვების საბავშვო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია და 63.7%-ს შეადგენს, თუმცა ამის საპირისპიროდ, აღსანიშნავია, რომ ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება მხოლოდ საჯარო ბაღებში დასწრების თვალსაზრისით, კერძო ბაღების შემთხვევაში კი ეს მონაცემები კლებას განიცდის და თუ 2015 წელს 2.0% იყო, 2017 წელს მხოლოდ 0.7% შეადგინა (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018). კვლევიდან ირკვევა ასევე, რომ იმ ბავშვების პროცენტული რაოდენობა, ვინც საბავშვო ბაღში, რაიონში ბაღის არ არსებობის გამო ვერ დადის, 8.9%-ს შეადგენს, 1.9%-ისთვის კი საბავშვო ბაღი სახლიდან ძალიან შორს არის (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018). რაც შეეხება საშუალო სკოლაში ბავშვების დასწრების მაჩვენებელს, UNICEF-ის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, ქალაქში მცხოვრები 15-18 წლამდე ასაკის ბავშვების 91% დადის საშუალო სკოლაში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სოფელში მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში კი ეს რიცხვი 82.4%-ს შეადგენს. ამასთან ერთად, კვლევაში აღნიშნულია, რომ „ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი 15-18 ასაკობრივი ჯგუფიდან აღარ სწავლობს.“ 18 წლის შემდეგ კი ღარიბი ოჯახებიდან ბავშვები აღარ აგრძელებენ უმაღლესი განათლების მიღებას. ამის სავარაუდო მიზეზად კი ფინანსურად ოჯახების დახმარება არის მიჩნეული (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018).

2013-2015 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ისტორიაში პირველად, ბავშვებისთვის სპეციალური ფულადი დანამატი დაინიშნა, 2019 წელს, 2017 წელს მიღებული შედეგების გაუმჯობესების მიზნით, ეს დანამატი გაიზარდა. (UNICEF, UNICEF, 2020) დღეს მისი ოდენობა 120 001 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების 16 წლამდე ასაკის წევრებისთვის 150 ლარს შეადგენს (სააგენტო, 2022).

სომხეთი

ბავშვთა სიღარიბის მრავალმხრივი ანალიზი სომხეთში გაეროს ბავშვთა ფონდმა 2016 წელს ჩაატარა. ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული პროცენტული სხვაობაა იმ ბავშვებს შორის, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ვინც ზოგად სიღარიბეს განიცდის. პირველ შემთხვევაში ეს რიცხვი 3.3%-ს შეადგენს, ხოლო მეორე შემთხვევაში, ირკვევა, რომ სიღარიბეს სომხეთში მცხოვრები ბავშვების 36% განიცდის (Lucia Ferrone, 2016).

UNICEF-ს კვლევა ბავშვებში ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით აქვს დაყოფილი. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საცხოვრებელი სახლის პრობლემა 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების 32.3%-ს აქვს, ამ მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია  იმ ბავშვების პროცენტული რაოდენობა, ვინც გადატვირთულ საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობს, რაც სახლში საკმარისი ოთახების არარსებობას გულისხმობს და ეს რიცხვი 29.9%-ს შეადგენს. სომხეთში მცხოვრები ბავშვების 41.6%-ს არ აქვს გათბობის საშუალება საცხოვრებელში, 20%-ს კი წყლის პრობლემა აქვს. 0-დან 5 წლამდე ბავშვების თითქმის ნახევარს არ აქვს ინტერნეტთან (49.5%) და კომპიუტერთან (40.2%) ხელმისაწვდომობა. 3-დან 5 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში იმ ბავშვების პროცენტული რაოდენობა, ვისაც არ მიუწვდება ხელი ადრეულ საბავშვო განათლების შესაძლებლობაზე, 23.3%-ს შეადგენს (Lucia Ferrone, 2016). რაც შეეხება აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ისეთი საჭიროებების ნაკლებობას, როგორიცაა: საკვები, ინფორმაცია, კომუნალური საშუალებები, საცხოვრებელი, პროცენტულად ეს მაჩვენებლები ასე გამოიყურება: საკვების ნაკლებობას განიცდის 30.2%, ინფორმაციისას 48.7%, კომუნლური საშუალებებისას 48.3%, ხოლო საცხოვრებლისას 50.9% (Lucia Ferrone, 2016).

როგორც კვლევა აჩვენებს, პროცენტული რაოდენობის მიხედვით, მკვეთრი განსხვავება არ არის 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების საჭიროებების ნაკლებობასა და პრობლემებს შორის. როგორც UNICEF-ის ანგარიშიდან ვიგებთ, 6-14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში საცხოვრებელი სახლის პრობლემა აქვს  30.8%-ს, გადატვირთულ საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობს 24.3%, გათბობა არ აქვს 43.7%-ს, წყლის პრობლემა აქვს 21.1%-ს, ხოლო ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს, შესაბამისად, 41.7%-სა და 37.3%-ს (Lucia Ferrone, 2016). რაც შეეხება სხვადასხვა საჭიროების სიმცირეს, 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების 36.7%-ს აქვს განათლების ხელმისაწვდომობაზე პრობლემა, 41.0%-ს ინფორმაციაზე, 52.0%-ს კომუნალურ საშუალებებზე, ხოლო საცხოვრებლის ნაკლებობას განიცდის 46.0%. თვალშისაცემია 6-14 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის დასვენებისა და სოციალური ურთიერთობების შესაძლებლობების დეფიციტი. კვლევიდან ირკვევა, რომ ყოველი ორი ბავშვიდან ერთი განიცდის ან დასვენების ან სოციალური ურთიერთობების დეფიციტს (Lucia Ferrone, 2016).

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით, წინ ორ ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით, მკვეთრად არის შემცირებული იმ მოზარდების რაოდენობა, ვისაც კომპიუტერსა ან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს. 15-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების პროცენტული რაოდენობა კომპიუტერის შემთხვევაში 27.6%-ია, ინტერნეტის შემთხვევაში კი 27.9%-ს შეადგენს. სხვა მახასიათებლების შემთხვევაში, როგორიცაა საცხოვრებელი სახლის პრობლემა (36.0%), გადატვირთული საცხოვრებელი პირობები (19.9%), გამათბობელი საშუალება (46.8%) და წყლის პრობლემა (23.6%), პროცენტულად მკვეთრი განსხვავება წინა ორ ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით არ არის (Lucia Ferrone, 2016). ხოლო, სხვადასხვა რესურსზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობის შემთხვევაში, წინა ორ ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით, 15-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, დაბალი იმ მოზარდების რაოდენობა, ვისაც განათლების შესაძლებლობასა და ინფორმაციაზე ხელი ნაკლებად მიუწვდება და ეს პროცენტული  მაჩვენებლები ასე გამოიყურება: განათლება – 12%; ინფორმაცია – 29.4%; კომუნალური საშუალებების და საცხოვრებლის დეფიციტს განიცდის შესაბამისად 55.7% და 48.0% (Lucia Ferrone, 2016).

UNICEF-ის საბოლოო დასკვნიდან კი ვიგებთ, რომ საერთო ჯამში, ბავშვების 64% სომხეთში ორ ან მეტი რესურსის სიმცირეს განიცდის. თითქმის ყოველი მესამე ბავშვი განიცდის სიღარიბეს და ამავდროულად, სხვა საჭირო რესურსების ნაკლებობასაც. ბავშვების უმეტესობა მოკლებულია კომუნალურ მომსახურებას, საცხოვრებელსა და დასვენების შესაძლებლობებს. ბავშვები 0-5 წლის ასაკში უმეტესწილად საკვების სიმცირეს ან არ არსებობას განიცდიან, ბავშვები 6-14 და 15-17 წლის ასაკში კი,  ძირითადად დასვენებისა და სოციალური ურთიერთობების სიმცირეს ან არ არსებობას (Lucia Ferrone, 2016). როგორც ვიცით, 2016 წლის შემდეგ სომხეთში ეკონომიკური ზრდა შეინიშნებოდა; ამას პანდემია და, ამის პარალელურად, აზერბაიჯან-სომხეთის ომის განახლებაც მოხდა. შესაბამისად, ცხადია, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში კვლავ მნიშველოვან და დაუძლეველლ პრობლემად რჩება.

აზერბაიჯანი

გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისის ოფიციალურ გვერდზე, აზერბაიჯანში ბავშვთა სიღარიბის დეტალური ანგარიში არ იძებნება. თუმცა წარმოდგენილია ქვეყნის პროგრამული დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 14 დეკემბრით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით, 2.62 მილიონი ბავშვი მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს წარმოადგენს (Council, 2020). დოკუმეტის მიხედვით, 2010-2018 წლებში გაუმჯობესდა ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 38 იყო, 2018 წელს ეს მონაცემი 28-მდე შემცირდა (Council, 2020). როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მონაცემების მეტად შესამცირებლად აუცილებელია ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებზე ზრუნვის გაუმჯობესება. ამასთან ერთად, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 14%-ს აქვს ჭარბი წონის პრობლემა, რაც ჩვილობაში არაჯანსაღი საკვების მიღებით არის გამოწვეული. ამასთან ერთად ანემია არის გავრცელებული 5 წლამდე ასაკის 24.4%-ში, რაც რკინისა და სხვა მიკროელემენტების დეფიციტის მანიშნებელია (Council, 2020).

რაც შეეხება განათლებას, აზერბაიჯანში 2018 წელს საჯარო და კერძო სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა ჩარიცხვის საერთო პროცენტული მაჩვენებელი 28.5% იყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ია. რაც შეეხება დაწყებით სკოლაში ბავშვების ჩარიცხვის მაჩვენებელს, 2018 წელს ეს რიცხვი 92.4% იყო (Council, 2020). 2008-2016 წლებში შემცირდა საცხოვრებელ დაწესებულებებში მყოფი ბავშვების რაოდენობა და 11,322 შეადგინა. ამ ბავშვების უმეტესობა კი ღარიბი ან განქორწინებული ოჯახებიდანაა ან ვერ იღებს ოჯახისგან ადეკვატურ ზრუნვას (Council, 2020).

გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ ფონდი აზერბაიჯანში ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემის გასაძლიერებლად მუშაობს განსაკუთრებით ინტეგრირებული სოციალური სერვისების, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ბავშვთა უფლებების მონიტორინგის სფეროებში (UNICEF, UNICEF, n.d.).

***

პანდემია, ომი და სხვა ფაქტორები, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კავკასიის რეგიონში და კონკრეტულად ამ სამ ქვეყანაში განვითარდა, ცხადია, ბავშვთა სიღარიბის დაძლევისთვის სახარბიელო ფონს არ ქმნის.  დღეს, მსოფლიოში ზოგადი პროგრესის კვალდაკვალ, შესაძლოა ინტერნეტისა და ზოგიერთი სხვა რესურსის ხელმისაწვდომობა გაზრდილიც იყოს, თუმცა, მეორეს მხრივ, კოვიდმა ახალი გამოწვევები, ბავშვთა განათლებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული წინაღობები შექმნა. საბოლოო ჯამში, ბავშვთა სიღარიბე კვლავ გადაუჭრელ და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება.

 

 

ავტორი: გვანცა ბზიავა 

 

ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ- აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.


ბიბლიოგრაფია

 

UNICEF. (n.d.). UNICEF. Retrieved from UNICEF: https://www.unicef.org/social-policy/child-poverty

გაეროს ბავშვთა ფონდი, ა. დ. (2018). https://www.unicef.org/georgia/media/1261/file/WMS%20-%20GEO%20-%202017.pdf. Retrieved from https://www.unicef.org/georgia/ka: https://www.unicef.org/georgia/media/1261/file/WMS%20-%20GEO%20-%202017.pdf

UNICEF. (2020, February 4). UNICEF. Retrieved from UNICEF 

სააგენტო, ს. მ. (2022, ივნისი 1). სოციალური მომსახურების სააგენტო. Retrieved from სოციალური მომსახურების სააგენტო: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35

Lucia Ferrone, Y. C. (2016). Child Poverty In Armenia – National Multiple Overlapping Deprivation Analysis. UNICEF.

Council, E. a. (2020, December 14). UNICEF. Retrieved from UNICEF: https://www.unicef.org/executiveboard/media/3226/file/2021-PL5-Azerbaijan_CPD-EN-ODS.pdf?fbclid=IwAR0dVAYNiu1TVdsjM2ZRu5mJCB91cocCoEHALCjDV0okEscuF44Xt4FWAk8

UNICEF. (n.d.). UNICEF. Retrieved from UNICEF: https://www.unicef.org/azerbaijan/what-we-do/child-protection