ამჟამად, როცა ევროპა ომის აქტიურ ფაზაში იმყოფება, „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა“ და „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ მსგავსი, მშვიდობიან დროზე გათვლილი ინიციატივები ძალადაკარგულია, ხოლო მათი მოქმედება შეჩერებულია. მარტივად რომ ვთქვათ, ახლა ამისთვის რეალურად არავის სცალია.
ევროპის უსაფრთხოება უკვე დარღვეულია და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში (ცხადია, ყირიმის ჩათვლით) რუსეთის ბოლომდე დამარცხება ვერ მოხერხდება, მის მიმართ დღეს არსებული საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ევროპის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორად ისევ რჩება მხოლოდ და მხოლოდ NATO და შემდეგი წლის დასაწყისში ალიანსში მიღწეულ ერთიანობას სერიოზული „გამძლეობის ტესტის“ ჩაბარება მოუწევს – მოახლოებული ზამთრის ცივი თვეების შემდეგ. შესაბამისად, რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება ომის გახანგრძლივებას და ევროპელთა შორის ერთიანობის რღვევის წახალისებას. ამის ნიშნები უკვე სახეზეა: მაგალითად, იგივე გერმანიაში საზოგადოებრივი აზრის მკვეთრად ცვლილება.
საქართველოს რეალობას ართულებს ის გარემოება, რომ ჩვენ, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივისა და მის ფარგლებში არსებული, ე. წ. ასოცირებული ტრიოს მოწინავე ქვეყნიდან, 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, თავი გამოვიჩინეთ, როგორც ცალსახად რუსული ორბიტისკენ ორიენტირებულმა ქვეყანამ; დავიწყეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების უშვერი სიტყვებით ლანძღვა, რიგ შემთხვევაში არ შევუერთდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, გავაკეთეთ სრულიად არაადექვატური განცხადებები „ომის გარდაუვალი ბედისწერის“ შესახებ, რითაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დავაზიანეთ ჩვენი საერთაშორისო იმიჯი და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების თანმიმდევრული დასუსტების ფონზე ვეღარ მივიღეთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. სამაგიეროდ, მივიღეთ ისეთი რეკომენდაციები, რომლებსაც ეს ხელისუფლება ფიზიკურად ვერასდროს ვერ შეასრულებს და, დარწმუნებული ვარ, ევროკომისიაში ეს უკვე ძალიან კარგად ესმით.
თავად ეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ევროკავშირმა ასოცირებულ ტრიოსთან დაკავშირებული ინტეგრაციული პროცესები დააჩქარა, იყო თავდაპირველი პასუხი რუსეთის აგრესიაზე და, სავარაუდოდ, გათვლილი იყო ომის სწრაფად დასრულების, საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის რეალობაზე. დიდი ალბათობით, ერთი წლით (2023 წლის ბოლომდე) გადაიწევს ევროკომისიის მიერ არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინისა და მოლდოვის შეფასებაც. როგორც ჩანს, ომის დასრულების მოლოდინში, ევროკავშირი აღებული ტემპის ოდნავ შენელებას ცდილობს. რაც არ უნდა დიდი სურვილი ქონდეთ ევროპის კავშირის კომისიას, საბჭოსა და პარლამენტსაც, საბოლოო გადაწყვეტილებები მაინც ეროვნულ დონეზე მიიღება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ. ევროპის კავშირის გაფართოების საკითხს სრული კონსენსუსი ჭირდება.
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში არაფორმალურ გადამწყვეტ როლს თავიდანვე საფრანგეთი და გერმანია თამაშობდნენ. საფრანგეთი კურირებდა ევროპის სამხრეთ განზომილებას, ხოლო გერმანია, შესაბამისად, აღმოსავლეთს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო იყო 2014 წელს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და ლორენ ფაბიუსის ერთობლივი ვიზიტები ჯერ სამხრეთ აფრიკასა და შემდგომ სამხრეთ კავკასიაში… აღნიშნული იმის ნათელი მაგალითია, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკას თავად ევროკავშირში სჭირდება სერიოზული გამწევი ძალა. საქართველოს შემთხვევაში, აქამდე ეს დატვირთვა გერმანიას უნდა ჰქონოდა (რაც, რეალურად, არ ყოფილა), მაგრამ საეჭვოა, რომ ახლა გერმანიას საერთოდ რაიმე აღტკინება ექნება საქართველოსთან (მითუმეტეს საქართველო, სომხეთ, აზერბაიჯანთან) მიმართებით.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მომავალზე საუბარისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რამდენად აქტუალურია აღნიშნული პოლიტიკა თავად ევროკავშირის შიგნით დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში. ევროკავშირის რომელი ქვეყნები არიან მზად, იგივე ფორმატით გააგრძელონ „ექვსეულთან“ თანამშრომლობა? სინამდვილეში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, იმ სახით, როგორითაც ის თავიდან იყო ჩაფიქრებული, უკვე აღარ არსებობს. ბელორუსი, ლუკაშენკოს მმართველობის პირობებში, დიდი ხანია რაც ამ გუნდს ჩამოცილებულია და თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება; სომხეთი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას ეგზისტენციალური, გამოწვევის წინაშე დგას და სრულიად განსხვავებული პრობლემების გადაჭრა უწევს; აზერბაიჯანს აღნიშნული „ინიციატივა“ ისედაც არასდროს დიდად გულზე არ ეხატებოდა და მისდამი ბოლო პერიოდში გაზრდილი ენერგეტიკული ინტერესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დიდად კავშირში არ არის; უკრაინას და მოლდოვას უკვე კანდიდატის სტატუსი აქვთ და წელს თუ არა გაისად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან; საქართველო კი, სრულიად მოულოდნელად, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან აღმოჩნდა ერთ კალათაში… ნამდვილად ძნელად წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა“ იგივე ფორმით, როგორითაც ის თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული…;
ცალკე უნდა დაეთმოს ყურადღება აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაში სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობას. სომხეთი 2014 წლამდე, ანუ იქამდე, სანამ რუსეთი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარს ათქმევინებდა, ევროპული რეფორმების თვალსაზრისით საქართველოს არაფრით ჩამორჩებოდა. ერევანს იმედი ქონდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და მისი შემადგენელი ნაწილის, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) გაფორმება რუსეთის გაღიზიანებას არ გამოიწვევდა, პარალელურად კი სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას მისცემდა. ეს ასე არ მოხდა და, ბოლო მომენტში, პუტინის აზერბაიჯანში ჩასვლის შემდეგ, ისინი იძულებულნი გახდნენ ხელმოწერაზე უარი ეთქვათ. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ყოველთვის ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან „განსხვავებული სიჩქარით“ ინტეგრაციის შეთავაზებას და სამი ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც აქტიურად ითხოვდა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორებს“ შორის ევროკავშირის მხრიდან განსხვავებული მიდგომა არ ყოფილიყო. ეს უკვე შეუძლებელი იყო, ვინაიდან ევროკავშირმა აღნიშნული ინიციატივის დასაწყისშივე, ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა მიდგომა „მეტი მეტისთვის“. რაც, ძალიან მოკლედ, ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მეტს ინდომებენ და აკეთებენ ევროინტეგრაციის გზაზე, უფრო მეტს მიიღებენ ევროკავშირისგანაც. უფრო სწორად, უფლება ექნებოდათ მეტი მოეთხოვათ ბრიუსელისგანაც. ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველო გარკვეულ პერიოდამდე ყოველთვის მოწინავე ქვეყანა იყო, რომელიც ასოცირებული ტრიოსთვის ახალი იდეებითა და ინოვაციური მიდგომით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ, ეს პერიოდი დიდი ხნის წინ დასრულდა…
საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში“ საკუთარი თავის მოაზრება ნამდვილად არ წაადგება, მაგრამ, როგორც ჩანს, შექმნილი, სავალალო რეალობის ფონზე, თავად ევროკავშირი მოგვიაზრებს უკვე ამ ფორმატში. ეს საქართველოს სერიოზული „ჩამოლაბორანტებაა“. თავის დროზე ძლივს დავაღწიეთ თავი ამ კონსტალაციას და ახლა, თანმიმდევრული რეგრესის ფონზე, როგორც ჩანს, ისევ უკან ვბრუნდებით.
ვინაიდან, განსაკუთრებული არჩევნის არარსებობის პირობებში, საქართველომ ბრიუსელს საკუთარი ხედვა უნდა შესთავაზოს, ახლა ერთადერთი გამოსავალი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ევროკავშირისგან მაქსიმუმის მოთხოვნა იქნებოდა. თუ ევროკავშირი რეალურად განიხილავს საქართველოში დემოკრატიის და ჩვენი ევროპული მომავლის შენარჩუნებას, ამისათვის მათ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ საკუთარი ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და მაქსიმალურად გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება. ყველაფერი დანარჩენი, ფუჭი დროის კარგვა და დროის გაყვანის მცდელობა დაემსგავსება.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკას მომავალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეალური მზადყოფნისა და მონდომების შემთხვევაში ექნება. უკრაინაში ომის დასრულებამდე, რაშიც რუსეთის სრული დამარცხება იგულისხმება, ევროკავშირისგან ამ მიმართულებით განსაკუთრებული, გამბედავი და ინოვაციური იდეების მოლოდინი ნაკლებად უნდა გვქონდეს; საქართველოს შესაძლო ამოვარდნა ასოცირებული ტრიოდან მნიშვნელოვნად აკნინებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, მაგრამ, ამავე დროს, უფრო ნათელს ხდის სურათს ევროკავშირისთვის, რომელსაც, თავის მხრივ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვნად გაძლიერების მეშვეობით.
ავტორი: გიგი გიგიაძე
ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.